მთავარი,სიახლეები

როგორ ეხმარება პატიმრების ოჯახებს დემოკრატიის ინსტიტუტი 

18.07.2019 • 1348
როგორ ეხმარება პატიმრების ოჯახებს დემოკრატიის ინსტიტუტი 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რაც დასაქმების ხელშეწყობას, სამედიცინო და იურიდიულ მხარდაჭერას, რესოციალიზაციას გულისხმობს, თუმცა არა მხოლოდ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ბავშვები, ხშირად მტკივნეულად განიცდიან მშობლების მდგომარეობას და განსაკუთრებულ, გულისხმიერ დამოკიდებულებას საჭიროებენ რთული პერიოდის გადასალახად. ბევრი ოჯახი, გარდა იმისა, რომ პატიმარი ჰყავთ, ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში.

35 წლის მარიამი (სახელი შეცვლილია) ორ შვილთან ერთად კერძო სახლის პირველ სართულზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შვილებს მარტო ზრდის, მეუღლე პატიმარია, თუმცა პატიმრობის ვადა მალე ეწურება.

მარიამის ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათი ძირითადი შემოსავალი სახელმწიფოს დახმარებაა. ბავშვები მცირეწლოვნები არიან, ამიტომ დედას სტაბილური სამსახური არ აქვს. პერიოდულად დამლაგებლად ან მრეცხავად მუშაობს და ამით გააქვთ თავი.

„ჩემთვის კომუნალურებში ოცი და ოცდაათი ლარის გადახდაც რთულია, ცალკე ბავშვების კვება, ჩაცმა, ათასი ხარჯია და მხოლოდ სოციალური დახმარებით ამდენ ხარჯებს მარტო ვერ ვწვდები. ყველანაირ სამუშაოს ვთანხმდები, ოღონდაც ბავშვები მშივრები არ მყავდეს. ბინებს ვალაგებ ან ორ დღეში ერთხელ სამრეცხაოში ვმუშაობ. სამუშაო დღეებში ბავშვებს ჩემს დას ვუტოვებ, თუ მასაც არ სცალია, მარტო ვტოვებ სახლში, ბავშვებიც მიეჩვიენ, რომ დედამ აუცილებლად უნდა იმუშაოს და კარგად იქცევიან.“

მარიამის ოჯახი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტშია ჩართული და სხვადასხვა სარეაბილიტაციო სერვისით სარგებლობს. ამავე პროექტის სპეციალურ პროგრამებში მარიამის შვილებიც ჩაერთნენ.

რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში ბავშვები პერიოდულადდადიან კინოსა და თეატრში, მაკდონალდში, იღებენ სიურპრიზებს სასწავლო წლის დასაწყისში, ბავშვთა დაცვის დღეს და სხვა მნიშვნელოვან დღესასწაულებზე. პატიმრის მეუღლე მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება და სიმბოლურ დღეებზე მოწყობილი თუნდაც პატარ-პატარა სიურპრიზები ბავშვებისთვის ბევრს ნიშნავს – ისინი გრძნობენ, რომ მარტო არ არიან.

„ისე, კი არავისგან მიგრძნია, რომ პატიმრობა სირცხვილია. ყველა მამხნევებს და მამშვიდებს. ბავშვებმაც იციან, რომ მამა დროებით ცხოვრობს სხვაგან და მალე ისევ მათთან დაბრუნდება“, – ამბობს პატიმრის მეუღლე.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში პატიმრის მეუღლეს უფასო სამედიცინო გამოკვლევებიც ჩაუტარდა. რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პატიმრების ოჯახებისთვის უფასო სამედიცინო აქციები და სხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები სამომავლოდაც იგეგმება.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან – ,,გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „თანაზიართან“ ერთად ახორციელებს.


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: