Batumelebi | აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს უმაღლესი საბჭო ხარჯავს – გამჭვირვალობის კვლევა აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს უმაღლესი საბჭო ხარჯავს – გამჭვირვალობის კვლევა – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს უმაღლესი საბჭო ხარჯავს – გამჭვირვალობის კვლევა

საჯარო უწყებებიდან აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს აჭარის უმაღლესი საბჭო ხარჯავს. 2018 წელს ამ უწყებამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გაწეული აქტივობებისთვის და ამ მიმართულებით 11 დასაქმებულის გასამრჯელოსთვის ჯამში 218 391 დახარჯა. 2017 წელს ამავე უწყებამ პიარში 191 247 ლარი დახარჯა.  დეტალურ ინფორმაციას უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ [TI] აქვეყნებს.

TI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით გაზრდილია ხარჯები პიარის მიმართულებით. 194 საჯარო უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს 4 პროცენტით გაიზარდა პიარის მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა. გასულ წელს ხელისუფლების პიარზე სულ 1037 ადამიანი მუშაობდა. ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები კი 20 მილიონ 047 ათას 896 ლარამდე გაიზარდა. ეს დაახლოებით ორი მილიონით მეტია 2017 წელთან შედარებით.

რაც შეეხება აჭარას – უმაღლესი საბჭოს შემდეგ მეორე ადგილს აჭარის მთავრობის აპარატი იკავებს. ამ უწყებაში 2018 წელს პიარზე 152 280 ლარი დახარჯეს [2017 წელს – 152 700].

აჭარის სამინისტროებს შორის პიარზე ყველაზე მეტს აჭარის განათლების სამინისტრო ხარჯავს – 59 998 ლარი [2017 წელს – 58 285]; ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 28 750 ლარი [2017 წელს – 20 381], ჯანდაცვის სამინისტრო – 16 758 ლარი [15 435], სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 21 060 ლარი [20 891].

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კი, პიარზე 153 558 ლარი დახარჯა [2017 წელს – 115 582].

შენიშვნა: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის თანამშრომლები, გარდა ერთისა, მუშაობენ აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის და არა ტურიზმის დეპარტამენტის, როგორც უწყების პიარზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი