მთავარი,სიახლეები

შსს-ს პოზიცია ქობულეთის შემოვლით გზაზე ადამიანების დაღუპვის შემდეგ

11.10.2019 • 3759
შსს-ს პოზიცია ქობულეთის შემოვლით გზაზე ადამიანების დაღუპვის შემდეგ

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე სულ 28 ნომრის ამომცნობი კამერა არის განთავსებული. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე 16 სიჩქარის კონტროლის სექცია ფუნქციონირებს, ნებადართული საშუალო სიჩქარე 90 კმ-ია საათში,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ უწყებას მას შემდეგ მივმართეთ, რაც 9 ოქტომბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემოვლით გზაზე ბოლო 15 თვის განმავლობაში, ავარიის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი, დაშავდა – 23.

გეგმავს თუ არა რაიმეს შეცვლას შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაძლებელია თუ არა ქუთაისის მსგავსად ქობულეთის შემოვლითი გზაც ცალმხრივი გახდეს? – ამ კითხვებით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საიდანაც წერილობითი პასუხი მივიღეთ. როგორც ჩანს, სამინისტრო ამ ეტაპზე არაფრის შეცვლას აპირებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად აღრიცხავს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ ინფორმაციას და ყოველთვიურად ხდება ავარიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიებზე ქვეყნის მასშტაბით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ პერიოდულად, კვარტალში ერთხელ ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის და საჭიროების შემთხვევაში ისახება შესაბამისი ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება არსებული მონაცემების ანალიზის წარმოება და შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების გატარება, მათ შორისაა, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გაუმჯობესება და ინსტალაცია კონკრეტულ პრობლემურ მონაკვეთებზე,

ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწყობილია ყველა შესაბამისი საგზაო ნიშნები და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებები,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

ამ თემაზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: