მთავარი,სიახლეები

შსს-ს მიწა ბათუმში სანაპიროსთან, რომელიც წლებია უსარგებლოდაა

11.10.2019
შსს-ს მიწა ბათუმში სანაპიროსთან, რომელიც წლებია უსარგებლოდაა

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და ფიროსმანის ქუჩას შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში უკანონო ნაგავსაყარს წარმოადგენდა, ბოლო 6 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია. 7023 კვ.მ მიწის ნაკვეთით, საჯარო რეესტრის მონაცემებით არაერთი კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ნაკვეთის მესაკუთრე სახელმწიფოა. 

„ბათუმელები“ დაინტერესდა, სარგებლობს თუ არა შსს ამ ნაკვეთს [რომელიც 2013 წელს გადასცეს სარგებლობაში], რისთვის ან რას გეგმავს აქ სამომავლოდ. ინფორმაცია სამინისტროდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, ქ. ბათუმში, სამინისტროს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყენების თაობაზე მიმდინარეობს კონსულტაციები“, – მოგვწერეს  შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

სამინისტროს კიდევ ერთ ნაკვეთზე ვეკითხებოდით, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ გვერდით მდებარეობს. 2 552 კვ.მეტრი მიწა სამინისტროს 2019 წლის 9 იანვარს გადასცეს.

შსს-ში „ბათუმელებს“ მაშინ უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავდა ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას. რა ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა საუბარი, სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს. სამინისტრო არც ახლა აკონკრეტებს, რას გეგმავს ამ ნაკვეთზე.

„მაკდონალდსის“ გვერდით მდებარე ნაკვეთზე ამ დრომდე „ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის“ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ამ თემაზე: რისთვის გადასცეს შსს-ს მიწის ნაკვეთი „მაკდონალდსთან“ და რა სამუშაოები მიმდინარეობს

იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოწყობილ უკანონო ნაგავსაყარზე „ბათუმელები“ წინა წლებშიც წერდა. აქ დაყრილი ნაგვი კი, ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებას“ გაჰქონდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: