მთავარი,სიახლეები

მოსამართლე შეისწავლის, რამდენად შეეძლო ლაშა კომახიძეს ერთპიროვნული თანხმობა გაეცა – ერმაკოვის საქმე

11.10.2019 • 2457
მოსამართლე შეისწავლის, რამდენად შეეძლო ლაშა კომახიძეს ერთპიროვნული თანხმობა გაეცა – ერმაკოვის საქმე

„რამდენად იყო უფლებამოსილი თვითმმართველი ქალაქის მერი, ერთპიროვნულად გაეცა ასეთი თანხმობა?“ – იკითხა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და იქვე თქვა, რომ ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება.

დღეს, 11 ოქტომბერს გართულ სხდომაზე ბრალდებულებმა ბათუმის მოქმედ მერთან, ლაშა კომახიძესთან მიღწეული წერილობითი თანხმობა წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები 400 ათას ლარს გადაიხდიან, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში.

მოსამართლე დავით მამისეიშვილს სხვა კითხვებიც აქვს: ეს თანხმობა მართლაც წარმოშობს თუ არა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას და რამდენად შესაძლოა იგი ახალ გარემოებად ჩაითვალოს.

„მე არ ვარ სამოქალაქო საქმეების განმხილველი მოსამართლე და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება,“ – დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი მომავალი კვირის სამშაბათს, 15 ოქტომბერს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე აპირებს გადაწყვიტოს: ათავისუფლებს თუ არა პატიმრობიდან ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს და მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს – არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომიძეს.

სხდომის დასაწყისში ადვოკატებმა მოსამართლე დავით მამისეიშვილს წინა პროცესზე ნათქვამი სიტყვები გაახსენეს, როცა „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ 4 ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გია ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომიძე კი პატიმრობაში დატოვეს.

“წინა პროცესზე თქვენ თქვით, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოება იქნება შეთანხმება მერიასთან. ჩვენ მივაღწიეთ ამ შეთანხმებას ზიანის ანაზღაურებაზე…,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ფული, რაზეც ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე ისაუბრეს, უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი.

“ეს არ არის ჩვენს მიერ შეძენილი ქონება. ეს არის ჩვენი ბაბუების და მშობლების მიერ შეძენილი ქონება,” – თქვა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გია ერმაკოვმა, როცა ადვოკატებმა სიტყვებით გამოსვლა დაასრულეს.

ადვოკატებს მიმართა პროკურორმა რამაზ შავაძემ:

“თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის თეთრსაყელოიანი დანაშაული, დანაშაული დანაშაულია… მე ეს მასალები გადმომეცა 15 წუთის წინ და შემდეგ პროცესზე ვიტყვი ჩემს პოზიციას,” – აღნიშნა პროკურორმა.

“ეს არის ჩასაკითხი მაქსიმუმ 20 წუთში… წარმოდგენილია ოფიციალური დოკუმენტები, აქ ფილოსოფიაზე არაა საუბარი,” – უპასუხა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

მოსამართლეს ადვოკატმა ლევან მახარაშვილმაც გაახსენა წინა პროცესზე გაჟღებული “ზიანის ანაზღაურება” მერიასთან.

“მე არ შევიქმნი უხერხულობას ჩემი სიტყვების გამო…” – შეაწყვეტინა ერმაკოვის ადვოკატს მოსამართლემ. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლას შესაბამისი სამართლებრივი მსჯელობა სჭირდება და ამას დღევანდელ პროცესზე ვერ მოასწრებს.

“გია ერმაკოვი ვერ იქნება გამონაკლისი,” – დასძინა მოსამართლემ.

დავის საგანი “იაფი სახლის” პროექტია. პროკურატურის ვერსიით, გაიფლანგა 1 მილიონ 370 ათასი ლარი. ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ბათუმის მერიას აქვს.

დაზარალებული, ანუ ბათუმის მერია ბათუმის ყოფილი მერის და კიდევ ორი მაღაჩინოსნის გირაოთი გათავისუფლებას 7 ოქტომბერს დასთანხმდა.

ლაშა კომახიძემ წერილი მოსამართლეს წინა სხდომაზეც მისწერა. მაშინ ზიანის ანაზღაურებაზე მზადყოფნას არავინ გამოხატავდა, თუმცა მერი თანახმა იყო შვიდივე ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაეშვათ.

დღევანდელ პროცესზე შპს “აჭარკავშირის” ხელმძღვანელს – გია კახიანს მოუსმინეს. ამ კომპანიამ მოამზადა “იაფი სახლის” პროექტის ხარჯთააღრიცხვა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: