მთავარი,სიახლეები

ქობულეთში დადგამენ კაცის ქანდაკებას, რომელიც ზღვაში ძაღლის გამოსაყვანად შევიდა და დაიღუპა

13.10.2019 • 4918
ქობულეთში დადგამენ კაცის ქანდაკებას, რომელიც ზღვაში ძაღლის გამოსაყვანად შევიდა და დაიღუპა

ქალაქ ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის სკვერში, ავთანდილ ცხვედიანის მემორიალი/ქანდაკება დაიდგმება, ადამიანის, რომელიც 2019 წლის 5 აგვისტოს თავისი ძაღლის გადასარჩენად შევიდა ადიდებულ ზღვაში და დაიღუპა.

ქობულეთის მერიამ კონკურსი უკვე გამოაცხადა  ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის (ქანდაკება) ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 000 ლარია.

ავთანდილ ცხვედიანი 51 წლის იყო. 2019 წლის 5 აგვისტოს ის ზღვაში შტორმის დროს თავისი ძაღლების, ბასტისა და ჯესის გამოსაყვანად ორჯერ შევიდა, ერთის გამოყვანა შეძლო, მეორედ შესვლის შემდეგ კი დაიღუპა. მისი ოთხფეხა მეგობარი გადარჩა, ზღვიდან გამოსვლა შეძლო და რამდენიმე საათში დაბრუნდა სახლში.

ქობულეთის მერიის ცნობით, მემორიალის განთავსებით პატივი მიეგება ჰუმანურ აქტს და მემორიალი გახდება მეგობრობისა და თავგანწირვის სიმბოლო.

საკონკურსო წინადადების თანახმად, ქანდაკების ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, რომელიც არ უნდა იყოს კამერული ხასიათის. ქანდაკების ესკიზი უნდა იყოს თემატური, შთამბეჭდავი, ორიგინალური, მიმზიდველი, კონტაქტური და ადვილად აღქმადი. ქანდაკების ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ
არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა – თავისუფალი. წარმოდგენილ მემორიალის (ქანდაკებას) ესკიზს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ადგილი, სადაც განთავსდება ინფორმაცია ქანდაკების შესახებ.

კონკურსში წინადადებების მიღება 28 ოქტომბერს დასრულდება.

____________

ფოტოზე: ავთანდილ ცხვედიანი. ფოტო: fb

გადაბეჭდვის წესი


ასევე: