ნეტგაზეთი • RU
saswrafo

მთავრობა სასწრაფო დახმარების 20 ავტომანქანას და 25 რეანომობილს იყიდის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო ბაზრის კვლევა, ფასებისა და ტენდერის პირობების დაზუსტების მიზნით. შეთავაზებებს სააგენტო 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერ[ებ]ს.

იგეგმება 20 ერთეული სამედიცინო დანიშნულების [სასწრაფო სამედიცინო დახმარების] ავტომანქანისა და 25 ერთეული ე.წ. „რეანომობილის“ შესყიდვა.

სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების საგარანტიო პერიოდი უნდა გავრცელდეს 3 წელზე ან 200 000 კმ. გარბენზე [რომელიც უფრო ადრე დადგება].

„პრეტენდენტმა სატენდერო პროექტით განსაზღვრული თანმდევი საგარანტიო [გეგმიური] მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ ექვს ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი ან ფოთი და ახალციხე, ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში [არაგეგმიური] მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს თბილისში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები განსაზღვრულ ლოკაციებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ბაზრის კვლევის განაცხადში.

სააგენტო პრეტენდენტებისგან ელოდება მოსაზრებებს ავტომანქანების მიწოდების ვადების შესახებაც. ასევე მათ მოსაზრებებს ტენდერების ლოტებად დაყოფის ან/და გაერთიანების შესახებ „მაგალითად, თუ გავაერთიანებთ 25-ვე რეანომობილს, შეუქმნის თუ არა ეს რომელიმე მიმწოდებელს პრობლემას, რომელსაც შეუძლია ცალკე ლოტის პირობების დაკმაყოფილება, მაგრამ გაერთიანების შემთხვევაში ვეღარ შეძლებს და.ა.შ.“

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე – პეტიიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com