მთავარი,სიახლეები

ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელსა და ნივთებს ბავშვებისა და უფროსებისთვის

11.10.2019 • 2459
ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელსა და ნივთებს ბავშვებისა და უფროსებისთვის

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და “ბათუმელების” ორგანიზებით გრძელდება ნივთების შეგროვება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ეს საჭიროება განსაკუთრებით იკვეთება, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გამო ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება, დროულად შეიძინოს თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად სკოლაში, ბაღში დადიან და განსაკუთრებით ესაჭიროებათ გამძლე და ხარისხიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

წინა აქციის ფარგლებში მივიღეთ უამრავი შეტყობინება, სადაც ადამიანები გვწერენ, რომ ბავშვები ხდებიან ბულინგის ობიექტები ძველი და დახეული ტანსაცმლის ტარების გამო, ამიტომაც ისინი თავს არიდებენ ბაღსა და სკოლაში სიარულს.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ?

ბევრი ჩვენგანის სახლში გარდერობებს საკმაოდ დიდი სივრცე უკავია. ხშირად ვყიდულობთ ლამაზ კაბებს, ფეხსაცმელს, პიჯაკებს, რომლებსაც მხოლოდ ერთხელ ვიცვამთ. კი, ძალიან გვიყვარს, მაგრამ მაინც უსაქმოდ ჰკიდია კარადაში და კაცმა არ იცის, როდის გამოვიყენებთ.

ბავშვები კი სწრაფად იზრდებიან და ზოგიერთი ტანსაცმლის ჩაცმასაც ვერ ასწრებენ, ისე უპატარავდებათ.

მეორე მხარეს არიან ამ ყველაფერს მოკლებული ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა ელემენტარული პირობების შესაქმნელად.

უმეტეს მათგანს არ აქვს საშუალება, ფული ტანსაცმლის საყიდლად დახარჯოს. ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ მათ ჩვენი საყვარელი ნივთები, იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები თუ სხვა საყოფაცხოვრებო, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნივთები.

ვფიქრობთ, რომ არავის აქვს გარანტირებული სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გაზიარებითა და ზრუნვით გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს.

ნივთები, რომლებსაც შეაგროვებთ ქველმოქმედებისთვის, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #48-ში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და „ბათუმელების“ ოფისში.

მოგვწერეთ „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე  ან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ფეისბუქგვერდზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: