მთავარი,სიახლეები

ფრიდონ ხალვაშის და ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები განსახლებას ითხოვენ

11.10.2019 • 2704
ფრიდონ ხალვაშის და ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები განსახლებას ითხოვენ

დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს ფრიდონ ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა 14-მა ოჯახმა. ისინი ბათუმის შემოვლითი გზის (ავტობანის) მიმდებარედ ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, მათი საცხოვრებელი გარემო გაუარესდა და მოსახლეობა ჩიხში მოექცა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარიკო მორთულაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალი გზა ფაქტობრივად საცხოვრებელი სახლების ზემოდან გადის, რაც მათ საფრთხეს უქმნის.

„ავტობანი არის ძალიან ახლოს, გზა ჩაიხერგა და ცენტრალურ მაგისტრალზე რომ გავიდეთ, შემოვლითი გზით უნდა ვიაროთ. სახლები მოექცა ჩიხში. ჩვენ თავიდანვე ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ გავესახლებინეთ ამ ტერიტორიიდან, მაგრამ კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს. დგება წყალი, დაჭაობდა ტერიტორია და ცხოვრება შეუძლებელი იქნება“ – გვეუბნება ის.

აქციის სხვა მონაწილეების თქმით, მათ თავის დროზე განსახლებას და კომპენსაციას დაპირდნენ, თუმცა დღეს ხელისუფლების პოზიცია მათთვის გაუგებარია.

ბათუმის შემოვლითი მშენებარე გზა და დასახლებული პუნქტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრები ოჯახები განსახლებას არ ექვემდებარებიან.

„გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი განსახლების სამოქმედო გეგმაზე და მოიგო კომპეტენტურმა კომპანიამ, რომელმაც შეადგინა განსახლების სამოქმედო გეგმა და მასში ასახულია ის მიწის ნაკვეთები, რომელიც არის უშუალოდ პროექტის შემოქმედების ქვეშ, ანუ გზის განთავსების ზოლში.

შესაბამისად, ეს მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული სახლები ამ ეტაპზე არ არიან განსახლების გეგმაში ასახული, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი სამომავლოდ რაიმე სახის ზემოქმედებას ექნება ადგილი, არ იქნება შესაბამისი ღონისძიება გატარებული. ჩვენ გვქონდა ამ მოსახლეობასთან კომუნიკაცია რამდენჯერმე, ავუხსენით ვითარება, რომ ამ ეტაპზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას განსახლების საკითხი დავძრათ, რადგან არც აქტიური სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს და არც არანაირი ზემოქმედება არ არის“ – გვეუბნება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, მიშა უჯმაჯურიძე.

მისი თქმით, ზედამხედველმა კომპანიამ, რისკის ქვეშ მყოფ თითოეულ სახლთან განათავსა შესაბამისი ნიშნულები და მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი სახლებზე. „ჯერჯერობით, ბზარიც კი არ დაფიქსირებულა“ – ამბობს უჯმაჯურიძე.

რაც შეეხება სახლების იზოლაციას და დატბორვას, უჯმაჯურიძე ამბობს, რომ კომპანიამ საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზა გააკეთა.

„როგორც ვიცი მოსახლეობას მოუგვარდა წყალგაყვანილობის და შუქის პრობლემა და  ტერიტორია რომ არ დაიტბოროს, იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება. აქ არის ორი საამქრო, ხის და ბეტონის, საიდანაც მტვერი უქმნის პრობლემას მოსახლეობას და ჩვენი მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედებას ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს“ – გვეუბნება მიშა უჯმაჯურიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: