მთავარი,სიახლეები

„კარფურში“ შეძენილი სულგუნი რძის ფხვნილისგან იყო დამზადებული – momxmarebeli.ge

11.10.2019 • 1722
„კარფურში“ შეძენილი სულგუნი რძის ფხვნილისგან იყო დამზადებული – momxmarebeli.ge

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ვებგვერდის, momxmarebeli.ge-ის ცნობით, ორგანიზაციამ მოქალაქის მიმართვის საფუძველზე „კარფურში“ შეძენილი სულგუნი ლაბორატორიულად გადაამოწმა.

„2019 წლის 25 სექტემბერს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომელშიც ეჭვს გამოთქვამდა, რომ თბილისში, ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისაგან იყო დამზადებული.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შევიძინეთ ი.მ. „ნოდარ ლაზარეშვილის“ მიერ დამზადებული „სულგუნი“ (გამოშვების თარიღი 23.09.19, ვარგისიანობის ვადა 08.10.19) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისაგან დასაშვებია. გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული.

გარდა ამისა, ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი,“ – აღნიშნულია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი