მთავარი,სიახლეები

გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ოჯახის გარემოსდაცვითი ბიზნესი

12.10.2019 • 2932
გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ოჯახის გარემოსდაცვითი ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელსაც ალვერდ ჩანქსელიანი ხელმძღვანელობს, ითანხმებს კერძო და სახელმწიფო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმას. მისი შვილების – ბესარიონ და დავით ჩანქსელიანების დაფუძნებული შპს-ეები კი სწორედ ამ მომსახურებას უწევენ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს.

საქმე იმაშია, რომ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს კანონი ავალდებულებს გარემოს დაცვისა სამინისტროს ნარჩენების მართვის გეგმა ჩააბარონ. გარდა ამისა, ეტაპობრივად შეავსონ შესაბამისი ფორმები და სპეციალურ მისამართზე ატვირთონ, ანუ სამინისტროს ჩააბარონ ანგარიში.

ბესარიონ და დავით ჩანქსელიანების დაფუძნებული კომპანია „ეკო სერვის ჯორჯია“ არა მხოლოდ ნარჩენების მართვის გეგმებს ამზადებს, არამედ კომპანიებს მათ სამინისტროსთან შეთანხმებასაც ჰპირდება. ეს კომპანია შეკვეთებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებაზე სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც იღებს.

„ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სრული მომსახურების გაწევა, კერძოდ: კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება და შეთანხმება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება და შეთანხმება, კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის მომსახურების გაწევა, სახიფათო ნარჩენების შეგროვება, გადაზიდვა, გადამუშავება, გაუვნებელყოფის მომსახურების გაწევა, ნარჩენების მართვის სწორად დაგეგმვა და სხვა“, – ნათქვამია კომპანიის ფეისბუქის გვერდზე.

ნარჩენების მართვის კოდექსი ძალაში 2014 წელს შევიდა. ამ კოდექსის მიხედვით, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი, 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება, ამ მხრივ ხარვეზების გამოვლენაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური მუშაობს.

კოდექსის მიხედვით, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა ახლდება ყოველ 3 წელიწადში ან წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის შეცვლის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში. მოთხოვნის შემთხვევაში თითოეული ასეთი გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული მუნიციპალიტეტისა და სხვა პირებისთვის.

კერძო კომპანიებმა ნარჩენების მართვის გეგმა რომ მოამზადონ, ამისთვის მათ სპეციფიკური ცოდნა სჭირდებათ. შესაბამისი ცოდნის არქონის შემთხვევაში კი ისინი იძულებულები არიან დაიქირაონ ამ ცოდნის მქონე პირი ან კომპანია. სწორედ ასეთ მომსახურებას სთავაზობს მათ შპს „ეკო სერვის ჯორჯია“, რომელიც ალვერდ ჩანქსელიანის შვილებმა დავით და ბესარიონ ჩანქსელიენებმა 2015 წელს დააფუძნეს.

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს თანამდებობის პირის კომპანიამ 2017-2019 წლებში ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე პირდაპირი დაკვეთები [ტენდერის გარეშე] მიიღეს გზების დეპარტამენტისგან, მუნიციპალური ლაბორატორიისგან, საქართველოს ფოსტისგან და სხვა უწყებებისგან.

ბესარიონ ჩანქსელიანი კიდევ ერთ კომპანიაში შპს „სანიტარი +“-ში ფლობს წილებს, რომელიც ასევე ნარჩენების მართვის მიმართულებით მუშაობს. ის ამ კომპანიის 40 პროცენტის მფლობელი და დირექტორია, კომპანიის 60 პროცენტს კი შპს „სანიტარი“ ფლობს.

შპს „სანიტარი“ გარემოს დაცვით სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი კომპანიაა და მის 33-33 პროცენტს გიორგი კაპანაძე, ბესიკ ჭელიძე და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი იყოფენ.

შპს „სანიტარს“ 2017 წლიდან დღემდე სახელმწიფო სტრუქტურებისგან თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების დაკვეთა აქვს მიღებული.

ალვერდ ჩანქსელიანი შვილების კომპანიის საქმიანობასა და მისი, როგორც თანამდებობის პირის საქმიანობებს შორის ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების მიერ ანგარიშების შეთანხმება პირდაპირ მისი საკურატორო სფეროა.

ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, მისი შვილების კომპანია უფრო სხვა ტიპის გარემოსდაცვით  საქმიანობაზეა ორიენტირებული და არა ანგარიშების მომზადება-შეთანხმებაზე. ის ასევე გვარწმუნებს, რომ „ეკო სერვის ჯორჯიას“ კომპანიების მიერ მომზადებული დოკუმენტები მასთან განსახილველად არასდროს შესულა, თუმცა ასე რომც ყოფილიყო ალვერდ ჩანქსელიანი პრობლემას ვერ ხედავს: „თუ ვინმე კანონის შესაბამისად, სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს მსურველებს, ამაში რა პრობლემა უნდა იყოს. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, თუ ვინ წევს ასეთ მომსახურებას ჩვენ სრულ სიას ვაწვდით კომპანიებს და „ეკო სერვის ჯორჯია“ არანაირად არ არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მათი დოკუმენტები რომც შემოვიდეს სამინისტროში, ისინი მხოლოდ ჩემთან არ განიხილება და სხვადასხვა სპეციალისტები ამოწმებენ მათ, ამიტომ მე პრობლემას ვერ ვხედავ“, – გვითხრა ალვერდ ჩანქსელიანმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: