განათლება,მთავარი,სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსწავლეების შედეგების გაუარესებაზე საქართველოში 

06.12.2019 • 1866
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსწავლეების შედეგების გაუარესებაზე საქართველოში 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე „ბათუმელებთან“ შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის შედეგზე საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს, თუმცა „როგორც ჩანს,  ამ მოთხოვნების შესაბამისად ვერ ვასწავლით“. კვლევის მიხედვით, 15 წლის მოსწავლეების შეფასება კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუარესებულია ბოლო სამ წელიწადში. თუმცა გორგოძე ამბობს, რომ დაბალი შედეგების მიუხედავად, მათემატიკის ქულები მაინც გაუმჯობესებულია.

  • ქალბატონო სოფიო, თქვენი აზრით რამ განაპირობა ბოლო სამ წელიწადში შეფასების გაუარესება?

რატომ მივიღეთ ასეთი დაბალი შეფასება, ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან საერთაშორისო კვლევაა და დეტალურად ვერ აანალიზებს ერთეული ქვეყნის ინფორმაციას. ჩვენ მოგვცემენ ამ ბაზებს და შევეცდებით მეტი ანალიზი გავაკეთოთ და გამოვცეთ ეროვნული ანგარიში, სადაც უფრო ჩაშლილი იქნება ყველაფერი. ამისთვის გვაქვს სადღაც ორი თვე. შემდეგ გვინდა გავიაროთ ეს საკითხი სამინისტროსთანაც და ფოკუსჯგუფებიც ჩავატაროთ, რომ უფრო მეტად გამოვკვეთოთ მიზეზები.

ამის გარეშე რთულია იმის შეფასება, რამ გამოწვია სამი წლის განმავლობაში დაღმასვლა. გრძელვადიან პერსპექტივას უნდა შევხედოთ.

2016 წლის კვლევაში რადგან უფრო მაღალი იყო შეფასების ქულა, იმ პერიოდში შეიძლება ეს ეფექტი გამოიწვია სოციალურმა პროგრამებმა, მაგალითად, ავტობუსი დაენიშნა ასამდე სკოლას, მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოები დაურიგდათ და ა.შ. სხვა მხრივ, რაიმე არსებითი ცვლილება არ ყოფილა, რომ ვთქვათ, რას შეიძლება მოეხდინა შედეგზე გავლენა.

საერთო დონეზე რომ შეხედო, ამ კვლევის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების შეფასებაც ცოტათი ქვემოთ არის ჩამოსული, ანუ ტენდენცია არის ასეთი, მაგრამ ჩვენ იმ ქვეყნებზე ცუდი შედეგი გვაქვს და ეს არ არის სახარბიელო.

  • ეროვნულ დონეზე არ ხდებოდა კვლევა, რომ მიზეზები უფრო ადრე გამხდარიყო თვალნათელი?

ეროვნულ შეფასებებსაც ვაკეთებთ, მაგალითად, 2018 წელს მათემატიკის შეფასება გაკეთდა და იქაც ჩანს, რომ მდგომარეობა იყო სავალალო. თუმცა მათემატიკის შედეგი 19 ქულით გაუმჯობესებულია ათი წლის წინანდელ შედეგთან შედარებით. კითხვაში კი 6-ქულიანი გაუმჯობესება გვაქვს, თუმცა მაინც ძალიან გვიჭირს.

  • საერთო ჯამური ქულა მაშინ რატომ არის დაბალი?

ალბათ იმიტომ, რომ ქართულ შეფასებაში შესულია ქართული, როგორც მეორე ენის სწავლების დონე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სკოლებში და როგორც ვიცით, აქ არის ძალიან სავალალო მდგომარეობა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, მაგალითად, აზერბაიჯანმა კვლევაში მხოლოდ ბაქო შეიყვანა და ამიტომ გვისწრებს ქულებში. ასე ჩვენც რომ მხოლოდ თბილისი შეგვეყვანა, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით დავდეთ მონაცემი და, რა თქმა უნდა, ეთნიკური უმცირესობების მონაცემებიც აისახა საერთო ქულებზე.

  • ეროვნული და PISA-ს კვლევის შედეგები ემთხვეოდა ერთმანეთს?

კი, ემთხვეოდა, არ იყო დიდი აცდენა, ამიტომ ეს შედეგი არ ყოფილა ჩვენთვის სიურპრიზი. ის, რასაც საერთაშორისო კვლევა ამოწმებს, გათვალისწინებულია „ახალი სკოლის მოდელში“. თუ ეს პროექტი ისე განხორციელდა, როგორც გათვალისწინებულია, შედეგიც უნდა იყოს ბევრად უკეთესი.

  • ანუ რასაც აქამდე ვასწავლიდით, აცდენილია საერთაშორისო მოთხოვნებთან?

მოთხოვნებს თუ შევხედავთ, ჩვენი კურიკულუმი აცდენილი არ არის, ნამდვილად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც PISA იკვლევს – მაღალი სააზროვნო უნარები და ა.შ, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მთლად ვერ მივყვებით ამ სტანდარტს. მდგომარეობის გაუმჯობესებას, წესით, ხელი უნდა შეუწყოს სახელმძღვანელოების გადახალისებამ, მასწავლებლების გადამზადებამ და ახალი კადრების შემოსვლამ სკოლაში, რადგან სწავლა-სწავლების პროცესში ახალი მიდგომები უნდა შემოვიდეს.

  • 15 წლის ბავშვს რომ წაკითხულის გააზრება უჭირს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაწყებით საფეხურზეც ცუდი მდგომარეობა გვაქვს? 

კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევის (PIRS) მიხედვით, რომელიც მე-4 კლასელებში წაკითხულის გააზრებას იკვლევდა, დაბალი, მაგრამ არც თუ ისე საგანგაშო შედეგი გვქონდა, ამიტომ, 15 წლის მოზარდებში რატომ გვაქვს ბევრად დაბალი შედეგი, ზუსტად ვერ გეტყვით.

ეს ალბათ დამოკიდებულია ისევ მასწავლებლებსა და სახელმძღვანელოებზე, იმაზე, რა მოტივაციას ვაძლევთ მოსწავლეებს. უფრო მეტია სამუშაო დასაბუთებაზე, მსჯელობაზე, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნის სწავლებაზე, შეგვიძლია ვისაუბროთ გამოსაშვები გამოცდების ეფექტზეც. კი, ვთანხმდებით იმაზე, რომ იმ ტიპის გამოცდები არ იყო ეფექტური, რაც გვქონდა სკოლებში, მაგრამ ბოლო კლასებში მაინც პრობლემაა ის, რომ ბავშვები ნაკლებად სწავლობენ, თუ რაიმე ტიპის გამოცდა არ აქვთ.

თუმცა ის გამოცდები, რაც გვქონდა, შინაარსობრივად ისე იყო აწყობილი, რომ ბავშვს ნაკლებად სთხოვდა იმ უნარებს, რასაც PISA იკვლევს. ჩვენ კურიკულუმით ბავშვს ვეუბნებით, რომ უნდა შეეძლოს მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, უნდა ჰქონდეს ანალიზის უნარი, მეორე მხრივ, კი მისგან არ ვითხოვდით ამ ყველაფერს. ამიტომ გვქონდა ეს შედეგები.

ყურადღებაა მისაქცევი იმაზე, რომ გაუმჯობესდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლება, ბიჭების მოტივაციაა ასევე ასამაღლებელი, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭები გოგონებს 38 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ათი წლის წინ ეს განსხვავება იყო 60 ქულა. ამიტომ მნიშვნელოვანია არა ხშირი ცვლილებები, არამედ რასაც ვაკეთებთ, იმის ეტაპობრივი ანალიზი, რომ ხარვეზები, გამოვლენის შემთხვევაში, დროულად იყოს აღმოფხვრილი. აუცილებელია სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: