განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ არის წარმატებული ესტონური მოდელი – ინტერვიუ „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერთან

04.12.2019 • 5563
რატომ არის წარმატებული ესტონური მოდელი – ინტერვიუ „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერთან

შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით გაუარესდა. კვლევაში მონაწილე 15 წლის მოსწავლეებთან კითხვის მაჩვენებელი 401 ქულიდან 380 ქულამდეა დასული. გაუარესებულია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შედეგებიც.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სინგაპურს, ჩინეთსა და ესტონეთს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი იყენებენ ესტონური განათლების გამოცდილებას. რა განაპირობებს ესტონელი მოსწავლეების წარმატებას და რატომ არ ჩანს ქართული რეფორმების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტი რესურსი იხარჯება განათლებასა და პედაგოგების გადამზადებაზე?

ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ პროგრამა  „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ 2016 წლის გამარჯვებული პედაგოგი მზია სალაძე საუბრობს. ის თხილნარის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერიც. მზია სალაძე ესტონეთშიც იმყოფებოდა, სადაც გაეცნო მათ განათლების სისტემას.

  • ქალბატონო მზია, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ესტონელი მოსწავლეების წარმატებას, რაზე დგას მათი განათლების რეფორმა?

ჩვენი და ესპონეთის განათლების სისტემა იმაში ჰგავს ერთმანეთს, რომ მათაც ისევე აქვთ განათლების კულტი, როგორც ჩვენ. რომ ყველამ უნდა მიიღოს კარგი და ხარისხიანი განათლება. თუმცა მათ აქვთ განსხვავებული მიდგომები. პირველ რიგში, განსხვავებაა ის, რომ იქ ბავშვს სკოლისთვის საბავშვო ბაღიდანვე ამზადებენ და ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ საქმეს. სკოლაში წასვლამდე ბავშვი სპეციალურ მოსამზადებელ კურსს გადის, კვირაში ორჯერ 2-3 საათნახევრის განმავლობაში სწავლობს მათემატიკას, ესტონურ ენას, მუსიკას, ხელოვნებას და ადამიანთმცოდნეობასაც კი, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი გარემოსა და საგნების შესახებ სწავლებას.

ჩვენგან განსხვავებით, სკოლაში 7 წლის ასაკში მიდის ბავშვი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან  გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჩემი ორი შვილი შვიდი წლის ასაკში შევიყვანე სკოლაში და შედეგიც უკეთესი მქონდა. კლასშიც მყავს შვიდწლიანები და ისინი საკმაოდ განსხვავდებიან იმ ბავშვებისგან, რომლებიც უფრო პატარა ასაკისანი არიან. ფიზიოლოგიურადაც უფრო ჩამოყალიბებულები არიან და მზაობაც უფრო მეტი აქვთ სწავლისთვის. 5-6 წლის ასაკის ბავშვი კი ჯერ კიდევ არ არის მზად და გაკვეთილზე ეძინება.

  • რას სთავაზობს ესტონური სკოლა ბავშვებს?

ესტონეთის სკოლების უმეტესობა არის მუნიციპალური და ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე. სრულიად ციფრული ქვეყანაა, წარმოიდგინეთ, Skype ესტონელმა ახალგაზრდებმა გამოიგონეს და აქედანაც ჩანს მათი წვდომა ტექნოლოგებთან. ესტონელები ამბობენ, რომ Wifi არის არა ფუფუნება, არამედ უფლება. მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები, მოსწავლეები – მთლიანად ჩართულნი არიან ერთიან სისტემაში, რომლითაც შესაძლებელია საშინაო დავალებების, ნიშნების შემოწმება, საკონტროლო წერების და ა.შ. გარდა იმისა, რომ სკოლა ციფრულია, ესტონური განათლების მოდელში სწავლა დაფუძნებულია პრაქტიკაზე, ბავშვები სწავლობენ კეთებით. მხოლოდ თეორიით არ არის დატვირთული ბავშვი გაკვეთილზე. რასაც თეორიაში სწავლობენ, აუცილებლად აკეთებენ პრაქტიკაშიც, ანუ პრაქტიკისა და თეორიის ბალანსი არსებობს. სკოლა ციფრულია, თუმცა დაწყებით კლასებში ხაზებიან რვეულებსაც იყენებენ წერაში.

  • შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითები მოიყვანოთ?

ვთქვათ, ბავშვმა ისწავლა მართკუთხედის ფართობი თეორიულად, მაგრამ რამდენი ხანი შეიძლება ახსოვდეს მას ეს წესი? თუ მასწავლებელი იქვე, პრაქტიკულად გააკეთებინებს და გამოათვლევინებს  ოთახში მართხკუთხედის ფართობს, ბავშვისთვის უკვე თვალნათელი გახდება, რომ მართხკუთხედის ფართობი არის სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და ა.შ. მეშვიდეკლასელი მოსწავლე ფართობის გამოთვლას როდესაც სწავლობს სიღრმისეულად, იხსენებს, რომ მე-3 კლასში მან პრაქტიკულად ეს დავალება შეასრულა.

  • ჩვენ რატომ ვერ ვიყენებთ ამ მეთოდს, რა გვიშლის ხელს?

ჩვენთან ახლა ინერგება „ახალი სკოლის მოდელი“, სადაც მეც ვარ კურიკულუმის ექსპერტი პროექტის ფარგლებში და სწორედ ესტონური მოდელის კარგი მაგალითებია აღებული. ეს არის სრულიად ქართული პროექტი, მაგრამ რაღაც პარალელის გავლება შეიძლება ესტონურთანაც.

მოსწავლე აკეთებს კომპლექსურ დავალებას, იმას, რაც თეორიულად ისწავლა და აკეთებს პრაქტიკულად დამოუკიდებლად ან წყვილებში. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეს დავალება წარადგინოს და ისაუბროს როგორ გააკეთა, რა ცოდნა გამოიყენა, რა დასჭირდა ამისთვის.

  • თქვენ ამბობთ, რომ ესტონური სკოლა არის ციფრული და ორიენტირებული ბავშვზე. ჩვენი სკოლებიც არის ინტერნეტში ჩართული, თუმცა ვერც მოსწავლეები და ვერც მასწავლებლები გაკვეთილზე ამ რესურს ვერ იყენებენ.

სწორედ ამაზე მიდის მუშაობა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, სადაც უკვე ასი სკოლაა ჩართული. სკოლა უნდა იყოს აღჭურვილი ვაიფაით, უნდა ჰქონდეს ფინანსური და მეთოდური მხარდაჭერა და ტრენერები ვეხმარებით მასწავლებლებს იმაში, რომ პრაქტიკაში განახორციელონ ყველაფერი.

არ მინდა ტრენინგებზე ცუდი ვთქვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან არც იმის მონიტორინგი კეთდება, ახორციელებს თუ არა პედაგოგი პრაქტიკაში იმ ცოდნას, რასაც ტრენინგებზე იღებს. ვფიქრობ, ეს საკითხი სახელმწიფოს დონეზე უნდა იყოს აყვანილი, ახლა კი მასწავლებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული გამოიყენებს ამ ცოდნას პრაქტიკაში თუ არა. თუ პედაგოგი მონდომებული არ არის, რამდენ ხანს შეიძლება გამოიყენოს ტრენინგზე მიღებული ცოდნა? სისტემურად თუ მოხდება შედეგებზე ორიენტირება, მაშინ ექნება შედეგი. რეფორმა საკლასო ოთახიდან უნდა დაიწყოს. ახალი სკოლის კონცეფციაში სწორედ ეს ნიუანსია ჩადებული. ამაში აქვს ესტონეთს ძალიან კარგი გამოცდილება და ეს გამოცდილება გვინდა გამოვიყენოთ.

ესტონური მოდელიდან იყო აღებული ირმის ნახტომი, რომელიც სკოლების კომპიუტერიზაციას ითვალისწინებდა და კიდევ ბევრი გამოცდილების გაზიარებაა შესაძლებელი.

  • თქვენ თქვით, რომ ბავშვები კითხვას სკოლაში წასვლამდე სწავლობენ. ჩვენთან ეს სისტემა ფაქტობრივად არ არის გამართული. გამოდის, თუ პირველი რგოლი არ იქნება ერთიან სისტემაში ჩართული, ეს პრობლემა გაგვყვება ბოლომდე?

საბავშვო ბაღის რგოლი უნდა იყოს ამ ერთიანი ჯაჭვის ნაწილი. ჩვენსა და ესტონეთს შორის სწორედ ეს განსხვავებაა – როცა ბავშვი სკოლაში მიდის, მან უკვე იცის კითხვა და შეუძლია წაკითხულის გააზრება. ეს ყველაფერი იწყება საბავშვო ბაღიდან. ესტონეთში მოსწავლე კლასში არ რჩება, სკოლა ეხმარება ბავშვს შედეგის მიღწევაში.

  • საშინაო დავალებებთან დაკავშირებით მომისმენია ბევრი მშობლის პრეტენზია, რომ დავალებები არის არაადეკვატურად ბევრი, ესტონური მოდელი რას ითვალისწინებს?

როგორც ვთქვი, იქ სწავლა არის პრაქტიკაზე დამყარებული და ბავშვი არ აკეთებს იმას, რაც არ უსწავლია თეორიაში. სწავლა არის სახალისო და საინტერესო. სახლში კი მოსწავლე იმ დავალებას აკეთებს, რაც მას შეუძლია. მე ყველაზე მეტად იმ მოსწავლეს ვსაყვედურობ, რომელიც მეუბნება, რომ დედას არ ეცალა და დავალება ვერ გააკეთა.

დავალება მოსწავლემ უნდა დაწეროს და არა მშობელმა. მოსწავლეს უნდა შეეძლოს დავალების დაწერა საკუთარი ძალებით. მშობელი არ უნდა უწერდეს. დაწყებითის მოსწავლე არც კერძო მასწავლებელთან უნდა დადიოდეს. კი, მშობელი უნდა იყოს მხარდამჭერი, თუმცა დავალება უნდა იყოს ბავშვის შესაძლებლობებზე ორიენტირებული.

  • კლასის მოწყობა როგორია ესტონურ სკოლაში, რამდენი ბავშვი ზის კლასში?   

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბევრი ბავშვი არ ზის. მიდგომაა კომპლექსური. ბავშვები საღამომდე სკოლაში არიან, არ იღლებიან, რადგან აქვთ დასვენების საათი, სამჯერადი უფასო კვება, მენტალიტეტიც სხვანაირია, ბუნებრივია, მაგრამ მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს ყველაფერი ჩვენთანაც იქნება.

  • კვლევის მიხედვით, კრიტიკული აზროვნების უნარი ძალიან დაბალია საქართველოში ბავშვებში. ეს რისი ბრალია?

ალბათ მასწავლებლის, რადგან ყველა მოსწავლე  ემსგავსება თავის მასწავლებელს და ეს არის დილემა. თუ მასწავლებელი არის აქტიური, კრიტიკული, მოაზროვნე, მისი მოსწავლეც ასეთია. როგორც მშობელს და ოჯახს ემსგავსება ბავშვი, ისეა სკოლაშიც. ყველაფერი მაინც მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და სახელმწიფო მიდგომაზეა დამოკიდებული.

ყველაზე მეტად რაც მომეწონა და დამამახსოვრდა არის სწორედ ეს – სახელმწიფოს დამოკიდებულება განათლების მიმართ და ეს არ არის მარტო საუბარი. ოჯახიც უფრო მეტად არის ჩართული პროცესში. მშობლები სკოლას მიიჩნევენ როგორც პარტნიორს ბავშვის განათლებაში და ყველა ეს რგოლი – სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო, ერთად არის ჩართული პროცესში.

სახელმწიფომ ფინანსური რესურსი, პირველ რიგში, უნდა დახარჯოს მოსწავლესა და სკოლის ინფრასტრუქტურაზე, რომ მასწავლებელს ხელში ჰქონდეს ყველა რესურსი, კომპლექსურად მიუდგეს ამ ყველაფერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: