მთავარი,სიახლეები

როგორ ემსგავსება ივანიშვილი პუტინს არასამთავრობოების წინააღმდეგ ბრძოლაში

06.12.2019 • 3011
როგორ ემსგავსება ივანიშვილი პუტინს არასამთავრობოების წინააღმდეგ ბრძოლაში

„ასეთი დამოკიდებულება აზარალებს, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებას და მის იმიჯს, როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ საზოგადოებაში,“ – ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მას ვკითხეთ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების პერიოდულ კრიტიკაზე და იმაზე, თუ რამდენად ჰგავს ეს ტაქტიკა პუტინის მეთოდს, რომელმაც რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ გაძევება ან გაჩუმება შეძლო.

სახალხო დამცველს და მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე „თავდასხმა“ აგონებთ რუსეთს, თუმცა ისინი თანხმდებიან, რომ ის, რაც გამოვიდა რუსეთში, ვერ გამოვა საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის რიტორიკამ NGO-ების წინააღმდეგ რუსეთი გაახსენა IRI-ის პრეზიდენტს, დენიელ ტვაინინგს. ის „ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას – „დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“. მან ასეთი რამ თქვა:

„მსგავსი კამპანიები, ძირითადად, კრემლიდანაა წამოსული იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან… როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს, როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება“.

როგორ მოიქცა პუტინი?

IRI – ის პრეზიდენტის ეს შეფასება არაა პირველი, როცა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ან ანალიტიკოსებს უთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მესამე სექტორთან ბრძოლის სტრატეგიით რუსეთს ემსგავსება. თუმცა, რუსეთში ბოლო წლებია ვლადიმერ პუტინი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აკრიტიკებს – იქ არასასურველი არასამთავრობოები გააჩუმეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა პუტინმა 2012 წელს დაიწყო. მაშინ მიიღეს კანონი „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ. სამოქალაქო სექტორის შეზღუდვისთვის დაწყებული კამპანია 2015 წელს მოიყვანა კრემლმა სისრულეში, როცა კიდევ ერთი კანონს მოაწერა ხელი პუტინმა – „უცხო ქვეყნის ფონდებიდან მიღებული დაფინანსების შესახებ.“ იმ დროისთვის რუსეთში მოქმედი 150 ორგანიზაცია უკვე 87-მდე იყო შემცირებული. 2015 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სამოქალაქო ორგანიზაციებს აეკრძალათ საქმიანობა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში კი, რუსეთის პროკურატურას უფლება მიეცა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეაჩეროს.

იმ პერიოდში კრემლისთვის „არასასურველი” ორგანიზაციების სიაში მოხვდა “ჯორჯ სოროსის საქველმოქმედო ფონდი”, “National Endowment for Democracy” (NED), “Freedom House”, „მაკარტურის ფონდი” და „აღმოსავლეთ ევროპული დემოკრატიული ცენტრი”. ასევე სამი უკრაინული და ორი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია.

ვიდრე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ პუტინი ბრძოლას დაასრულებდა, ისიც ივანიშვილის მსგავსად ხშირად ახსენებდა მესამე სექტორს და მუდმივად უცხოურ დაფინანსებიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრობდა. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც მისი 2014 წელს ნათქვამი აღმოჩნდა: „დასავლეთი შესაძლოა იყენებდეს არასამთავრობოებს რუსეთში არეულობის მოსაწყობად“.

საკანონმდებლო ცვლილებების დროს გამოცემა „როიტერი“ პუტინის ამ ციტატით იწყებდა სტატიას:

„რუსეთის კანონმდებლობა გვაძლევს პირობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ თავისუფლად და გამჭვირვალედ, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით არასდროს თანახმა, რომ მათ ჰქონდეთ დესტრუქციული მიზნები“.

რუსეთის პუტინი იღებს კანონს არასასურველი არასამთავრობოების წინააღმდეგ“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია BBC-მ 2015 წელს.

2013 წელს ვეტერანი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა წერდა:

„…მას შემდეგ, რაც დაიმორჩილა ბიზნესი, სასამართლო ხელისუფლება და საკანონმდებლო ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც არჩევნების ჩატარების ტექნოლოგია აითვისა ისე, რომ მისი შედეგები წინასწარ იყოს ცნობილი, ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის იმ ბოლო ყლორტებისთვისაც მოიცალა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს – კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მით უფრო, რომ იგი ბოლო ხანს მეტისმეტად გააქტიურდა, რაც ხელისუფლებას ძალიან აწუხებს“.

Open Democracy -ს 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „პუტინი არასამთავრობოების წინააღმდეგ“, წერია:

„რამდენად შორს წავა კრემლი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბრძოლაში, დიდი კითხვაა. ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის შედარება არა მხოლოდ ბელორუსთან, არამედ ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან.“

Amnesty International -ი,  2016 წლის ნოემბერი:

„…სავსებით ნათელია, რომ რუსეთის ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო კრიტიკულად ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ზრდის შეფერხება და მისი შეცვლა სამთავრობო პოლიტიკის მიზანმიმართულ, დამოკიდებულ მომხრეებად.“

რას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი? 

პუტინის მსგავსად, ივანიშვილიც ირჩევს პუტინის სტრატეგიას – არასამთავრობოებზე თავდასხმას. თუმცა პუტინისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები არასამთავრობოებს ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს აბრალებენ.

2016 წლის სექტემბერი, „ნეტგაზეთი“, ბიძინა ივანიშვილი:

რომელი მესამე სექტორი? ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ, ბოდიში და, გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და იბრალებს… ისეთ ნიშაში შევიდნენ, რომ ასეთი აგრესიულები ნაციონალური მოძრაობის წევრებიც არ არიან ძალიან ხშირად. რომელმა თქვა, კონკრეტულად მითხარი და გამოჩნდება [ახალგაზრდა იურისტები, საერთაშორისო გამჭვირვალობა]. გიგაური იქნებოდა, ალბათ. პაგონებიანმა გიგაურმა, ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო პაგონები. მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც…“

2015 წლის იანვარი: „აი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, უფრო სწორად, პიროვნებები – ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური. ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. თვითონ მათთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ამის უფლება გვაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან”.

ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობოების კრიტიკაში სხვებიც აყვნენ, მაგალითად, ირაკლი კობახიძე:

“არის ასეთი ტერმინი გონგო (GONNGO), რაც ნიშნავს სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციას Governmental NGO. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება არსებობდეს მთავრობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე პირდაპირ იყო დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან და მას შემდეგ, რაც მათ არჩევნები წააგეს, ეს გონგოები გახდნენ ოპონგოები, ანუ ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2019 წლის მარტში, როცა იგი პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილმაც 2018 წლის ოქტომბერში, მაშინ იგი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო:

„ალბათ, საჭიროა, როცა არასამთავრობოები ეხმაურებიან კამპანიას, ჯერ ერთი, როცა სიძულვილის სიტყვებია ქალზე ნათქვამი, რომ ის, ვინც იცავს ქალთა უფლებებს, ამაზე რეაქცია გააკეთოს და ეს რეაქცია არ გამიგია. მეორე მხრივ, მგონი, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და არის გაკეთებული, ეს კრიტიკა არ არის, ეს არის პირდაპირ ცილისწამება, როცა ამას არ აქვს საფუძველი,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ე.ი. რაღაცას სწორად არ აკეთებთ, მეგობრებო,“ – უთხრა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს 2018 წლის ოქტომბერში, როცა იგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.

„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, პრაქტიკულად, პოლიტიკურ პარტიად არის ქცეული და „ნაციონალებთან“ თუ „ევროსაქებთან“ ერთად მათი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს,“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 2019 წლის აპრილში „პირველი არხისთვის“ მიცემულ კომენტარში.

„ნაციონალების ლობირებაში“ დაადანაშაულა მესამე სექტორი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. გასაღების კანონპროექტის განხილვის დროს. მაშინ და ახლაც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო, რომ ფარულ მოსმენაზე „გასაღები“ სუს-ს, ან სუს-ზე დაქვემდებარებულ ორგანიზაციას არ ჰქონოდა. კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობოებს მაშინ პრემიერმა „ქვეყნის იმიჯის შელახვაშიც“ დასდო ბრალი.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კრიტიკული შეფასებები ერთგვარად ახალისებს ულტრანაციონალისტურ ძალებს, რომლებიც უკვე ღიად გამოდიან არასამთავრობოების დახურვის, გაძევების თუ უცხოეთიდან „ფულის შემოსვლის აკრძალვის“ ინიციატივით. ამ მხრივ ყველაზე აქტიური კი მაინც „ქართული მარშია“.

არასამთავრობოები: როცა ხელისუფლება ასე იქცევა, ჩვენ გვახსენდება რუსეთი, ჩინეთი

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ასე უყურებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც, ზოგადად, შორდებიან დემოკრატიას,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. მას ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები აგონებს რუსეთს, ჩინეთს, ბელორუსს და იმ ქვეყნებს, სადაც პოლიტიკური კრიზისის დროს „არასამთავრობოებს თავს ესხმიან“.

„არა მგონია, ასე ეფიქრათ, რომ მოდი, რუსეთში ასე ქნეს და ჩვენც ასე ვქნათ. ეს ხდება ბუნებრივად, როცა სახელმწიფო ხელისუფლებები, ვისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე დემოკრატია. ამ პროცესში ისინი უყურებენ, ვინ შეიძლება იყოს საფრთხის მომტანი: პოლიტიკოსი, მედია, არასამთავრობო. ბუნებრივად გადის ხელისუფლება ამ პროცესს, რომ გაანეიტრალოს საფრთხეები,“ – ასე ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციებზე პერიოდულ თავდასხმის მოტივაციას გიორგი მშვენიერაძე.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ანა ნაცვლიშვილი, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელია და ახლა მოძრაობა „ლელოს“ სპიკერი. ანა ყურადღებას ამახვილებს ისტორიულ მოცემულობაზე: „რუსეთს არ სურს ძლიერი დემოკრატია მეზობელ ქვეყანაში“, – ამბობს ის.

„ნათელია, რომ რუსეთს სურს, არ შედგეს საქართველო, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ეს ინტერესი მიემართება ყველაფერს, მათ შორის, ინსტიტუციებს. მათ არ სურთ საქართველოში არც ძლიერი მესამე სექტორი, არც ჯარი ან მართლმსაჯულება. პრობლემა არის ივანიშვილი, რომელიც მენტალურად ისევ იქ არის, რუსეთში. თვითონ სადაც უნდა იქ იყოს, მაგრამ სურს, რომ ჩვენც იქ დაგვაბრუნოს,“ – გვიყვება ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელია ის განცხადება, რაც IRI-ის პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა, თქვა ივანიშვილზე:.

„შემაშფოთებელია, რადგან ასეთი მკაფიო შეფასება ჩვენ არ მოგვისმენია საქართველოს საგარეო კურსზე. რეალურად კი გვეუბნება ხელისუფლება, რომ ევროპულია, მაგრამ შეუძლებელია შიდა პოლიტიკისგან გამიჯნული იყოს საგარეო კურსი. შეუძლებელია ამბობდე, რომ ხარ ევროპელი და არ იცავდე ადამიანის უფლებებს, არ გინდოდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა… IRI არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და მის აზრს ითვალისწინებენ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. მან თქვა პრაქტიკულად, რომ ასეთი მიდგომების ხელისუფლება არ არის დემოკრატიულ ქვეყნებში და ასეთი ქვეყნის ადგილი არის რუსეთის და ჩინეთის გვერდით“.

გია ვოლსკი არასამთავრობოებზე: „ეს არის მბრძანებლური ტონი“

„თვითონ ეს მიდგომაა ისეთი, ესე იგი, თუკი ვინმე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს შეეხო ან გააკრიტიკა, ისეთი რეაქცია აქვთ, გეგონება, რომ ესაა საბოლოო ინსტანცია და თუ არ გაითვალისწინებ, რაღაც დამნაშავე ხარ და შენი პოლიტიკა და რიტორიკა რუსულია. მე მგონი, პირიქით, ეს არის ცოტა არ იყოს მბრძანებლური და დემაგოგური ტონი, რომელიც აირჩია არასამთავრობო სექტორმა. მათ ნამდვილად არ ემუქრებათ დახურვა და საერთოდ მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა ჩვენს ქვეყანაში,“ – გვითხრა გია ვოლსკიმ. პარლამენტარი მმართველი პარტიიდან ვერ ხედავს მსგავსებას პუტინის მიდგომებთან, რომელიც არასამთავრობოებს ჯერ აკრიტიკებდა, შემდეგ კი, მათი აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო.

ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების პათოსს გია ვოლსკიც იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას იმეორებს. პარლამენტის წევრმა ვერ დაგვისაბუთა, რატომ არ შეიძლება ემთხვეოდეს რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციის პოზიცია პოლიტიკური პარტიის შეხედულებას, ან პირიქით.

„გაღიზიანებული ნუ მელაპარაკებით, ტენდენციური ხართ უკვე, ტონზე გეტყობათ… მე შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანო, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარბებენ თავის ფუნქცია-მოვალეობებს, იჭრებიან პოლიტიკაში და რაც მთავარია, არ არიან ობიექტურები… ჩემი შეხედულება ასეთია. მაგალითად, როცა „გამჭვირვალობა საქართველო“ რაღაც დასკვნას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველობასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდი. მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკის გამეორება სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, საკმაოდ სიტყვა-სიტყვით ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას და ეს გამოიხატება არაობიექტურობაში…“ – აღნიშნავს გია ვოლსკი.

პარლამენტის წევრი ფიქრობს, რომ რუსეთთან პარალელის გავლება არასწორია, რადგან საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ მოსაზრებას გამოხატავს სამოქალაქო სექტორზე და არავის სურს სამოქალაქო სექტორის დასუსტება.

„შეზღუდვა კი არა, როცა თქვენი მსგავსი, აქტიური დამცველები ჰყავს არასამთავრობო სექტორს, თუნდაც პოლიტიზებულს… საჭიროა არასამთავრობო სექტორი. გადახედეთ, რეალურად რა ხდება ევროპაში, შეერთებულ შტატებში, იქაც არ ეთანხმებიან ყველაფერში მედიასაშუალებებს და მესამე სექტორს. ჩვენ იმიტომ ვართ თავისუფლები, რომ ჩვენ-ჩვენი პოზიციები გვაქვს. მე, შესაძლოა, თქვენს სარედაქციო პოლიტიკას არ ვეთანხმები, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა დამირეკოთ და არ ეცადოთ, რაღაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენოთ თქვენი კითხვებით. მით უმეტეს, რომ ვერ ჩამაყენებთ,“ – გვიპასუხა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის წევრს „საქართველოს კონსტიტუციაში“ ჩახედვისკენ მოუწოდებს „ლელოს“ სპიკერი და საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი.

„შემთხვევით არ წერია იქ ადამიანის უფლებებზე… როცა რაღაც სიმართლეა და ამ სიმართლეს სხვა აქტორი გაიმეორებს, ეს ვერ გადაკეთდება ტყუილად იმის გამო, რომ შენ ეს არ მოგწონს. ეს ადამიანები მუდმივად დაკავებული არიან ეჭვიანობით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ. ჩვენ გვახსოვს 2015 წელს როგორ დააანონსა ივანიშვილმა ფილმი არასამთავრობოების წინააღმდეგ… არ სჯერათ, რომ შესაძლოა, მართლაც ვიღაც გულწრფელად იდგეს ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე“.

„ეს არის არასწორი მოლოდინის გაჩენა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომ თითქოს არასამთავრობოები მოწყვეტილი უნდა იყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებას, მშვიდად იყვნენ, წყნარად და წერონ ანგარიშები…“ – ამბობს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი.

როგორ აისახება ხელისუფლების კრიტიკა არასამთავრობოებზე? 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ხელისუფლებისგან პერიოდული შეტევა არასამთავრობო სექტორზე შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან ურთიერთობაზე, რაც მესამე სექტორს კონკრეტული მიზნების მისაღწევად სჭირდება.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში გვაქვს საკმაოდ ძლიერი და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი, რომელიც მუშაობს ბევრი მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის, ანტიკორფუციული მიმართულებებით. ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები მათ ვერ დაასუსტებს, თუმცა იმოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ურთიერთობაზე. მათ აქვთ არაერთი პროექტი, რომლითაც ისინი ეხმარებიან სხვადასხვა ინსტიტუციას და აძლევენ ექსპერტულ დახმარებას. როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს ესმით ასეთი კრიტიკა არასამთავრობოების მიმართ, ეს აისახება ამ თანამშრომლობაზე,“ – გვითხრა ნინო ლომჯარიამ.

„ივანიშვილის და სხვების განცხადებების მიზანია, რომ მათი მხარდამჭერები წაეკიდონ სამოქალაქო ორგანიზაციებს, დაპირისპირების კერები გააჩინონ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რეალურად იბრძვიან დემოკრატიისთვის. ხელისუფლების ეს ტაქტიკა დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ, ზოგადად, დემოკრატიულ პროცესს ქვეყანაში,“ – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

რამდენად  შეიძლება საქართველოში მოხდეს იგივე, რაც მოხდა რუსეთში?

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი: „ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად განსხვავდება რუსეთისგან. შესაბამისად, ნაკლებად ველოდები, რომ ხელისუფლება შეძლებს, რაც უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს, იმ მეთოდებით ოპერირებას, რითაც მოქმედებდა რუსეთის ხელისუფლება… ეს ვერ გამოვა, რადგან არ ვართ რუსეთი და ჩვენთან გაცილებით ძლიერი დემოკრატიაა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“.

გიორგი მშვენიერაძეც ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთი არ არის და ქვეყანაში გაცილებით ძლიერია სამოქალაქო სექტორი. იგი იხსენებს წარსულსაც და მიანიშნებს ხელისუფლებას, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ 140 წლის წინ ჩამოყალიბდა პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მეფის რუსეთმაც ვერ მოუგო.

„არა მგონია, ხელისუფლებას წარმატების იმედი ჰქონდეს ამ ბრძოლაში… ხელისუფლება ვერ იჯერებს, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან…. მათი გაჩერება შესაძლებელი იქნება, თუ მოკლავენ ან ციხეში ჩასვამენ. ეს ძალიან გაუჭირდება ივანიშვილს.

ჩვენთან ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 140 წლის წინ, ჭავჭავაძის, გოგებაშვილის და ყიფიანის დროს, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არსებობდა, მათ დასავლური ღირებულებები შემოჰქონდათ საზოგადოებაში. ამიტომაც, ამ ბრძოლას ხელისუფლებისთვის ეფექტი არც მეფის რუსეთში ჰქონდა,“ – დასძინა გიორგი მშვენიერაძემ.

_____

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/412038/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: