მთავარი,სიახლეები

შსს: ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ფაქტზე დაკავებული არიან მშობლები და პედაგოგი

05.12.2019 • 1587
შსს: ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ფაქტზე დაკავებული არიან მშობლები და პედაგოგი

შს სამინისტრომ ბავშვთა ტრეფიკინგის და პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით კიდევ 11 პირი დააკავა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებულებს შორის არასრულწლოვანთა მშობლები და ერთი პედაგოგია, რომელიც უწყების განცხადებით, აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით“ – აცხადებენ შსს-ში.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის თქმით, დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებისთვის თბილისში 11 პირი დააკავეს, მათ შორის, ბავშვების მშობლები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: