ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს. მას „საზღვრის კვეთას” ედავებიან. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე.
„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან მიმართებაში, ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ერთობლივად ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.