მთავარი,სიახლეები

„დარღვევა გამოვლინდა ყველგან“ – 16 წლის ლუკას დაღუპვაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს

02.09.2019 • 4189
„დარღვევა გამოვლინდა ყველგან“ – 16 წლის ლუკას დაღუპვაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს

„დარღვევა გამოვლინდა ყველგან, სადაც ბავშვი მოხვდა,“ – ამბობს ზაალ კაპანაძე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მას 16 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე ვკითხეთ. სააგენტოს უფროსი აქცენტს აკეთებს სამედიცინო დაწესებულებების ჯარიმებზე, ასევე ექიმების პასუხისმგებლობაზე. სააგენტოს უფროსი არ თვლის, რომ პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც მთლიანად სისტემაზეა პასუხისმგებელი, ვინც ლიცენზია გასცა და ასევე რეანომობილი არ გადასცა ამბროლაურს, სადაც დასასვენებლად ასული 16 წლის ლუკა ფოფხაძე 20 ივლისის ღამით ცუდად გახდა.

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ლუკა ფოფხაძე თავდაპირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამროლაურის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, მოზარდი თბილისში წაიყვანეს ლენტეხიდან ჩამოსული რეანომობილით, თუმცა ლუკა გზაში ცუდად გახდა. ის ტყიბულში მდებარე „ევექსის“ კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს – ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. ლუკა ფოფხაძე დღეს, 2 სექტემბერს გარდაიცვალა.

„ყველა ეტაპზე გამოვლინდა დარღვევა. სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ჩვენ შევადგინეთ სამართალდარღვევის ოქმები, რასაც სასამართლო განიხილავს. კლინიკები, სავარაუდოდ, 10 ათას ლარამდე დაჯარიმდებიან…. გამოიკვეთა ორი ექიმის მხრიდან უკანონო საექიმო საქმიანობის შემთხვევაც. ისინი ატარებდნენ იმ სამედიცინო მანიპულაციებს, რისი უფლებამოსილებაც არ ჰქონდათ. ისინი არ ატარებდნენ შესაბამის ზომებს, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი პროტოკოლებით. მათ საკითხს უახლოეს პერიოდში პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს,“ – გვითხრა ზაალ კაპანაძემ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ რეანომობილი ამბროლაურში არ იყო, ლენტეხიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩამოსულს კი ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა, რაც თავად სააგენტომ დაადასტურა?

„სააგენტო მსგავსი ტიპის გამოძიებას არ ატარებს, რომ ეს დაადგინოს, სააგენტო საგამოძიებო ფუნქციით არაა აღჭურვილი… სამინისტრომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები არ მოხდეს. სამინისტრო და სააგენტო მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს, გაამკაცრებს აუცილებლად სანებართვო, სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად ეცდება, რომ შეამოწმოს ყველა კლინიკა,“ – უთხრა ზაალ კაპანაძემ „ბათუმელებს“.

რატომ ჰქონდა რეანომობილს ტექნიკური პრობლემა, თუკი მას ლიცენზიას ფლობდა?

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსმა გვიპასუხა, რომ საქმე საკანონმდებლო ხარვეზთან გვაქვს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა კონკრეტულ მანქანაზე გაიცეს ლიცენზია, შემდეგ კი ამ ლიცენზიით სხვა რეანომობილებმაც ისარგებლონ.

„ეს საკითხი მუშავდება. სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ აღმოიფხვრას ხარვეზი…“ – დასძინა ზაალ კაპანაძემ.

რატომ არ გრძნობს პასუხისმგებლობას ხელისუფლება? – ესეც ვკითხეთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს.

„საქართველოში არის 2800 სამედიცინო დაწესებულება. გადამოწმება ხდება პერმანენტულად სალიცენზიო-სანებართვო პირობებზე, თუმცა მთლიანად ამის მოცვა, არ ვიცი. სამედიცინო დაწესებულებებიც სცოდავენ… ის მწუხარებას გამოხატავს… ეს იყო გადაცდომა სერვისის მიწოდების პროცესში და ყველა ამ პირის მიმართ გატარდება მკაცრი ღონისძიება,“ – გვითხრა ზაალ კაპანაძემ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: