პენსიონერს მოპარული მანქანა გამოძიებამ 3 წელი არ დაუბრუნა – ის პროკურატურას უჩივის


ქობულეთში მცხოვრები გურამ სვანიძე პროკურატურას სასამართლოში უჩივის და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. გურამ სვანიძე პენსიონერია და ამბობს, რომ უმუშევარი არ დარჩებოდა, პროკურატურას სამი წელი რომ არ გაეჩერებინა მისი ავტომანქანა პოლიციის ეზოში.

შემთხვევა 2015 წლის სექტემბერში მოხდა – გურამ სვანიძეს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანა მოჰპარეს. იმავე დღეს პოლიციელებმა ავტომანქანა იპოვეს და ამ საქმეზე ლ.გ.-ც დააკავეს. პროკურატურამ გურამ სვანიძე დაზარალებულად ცნო, თუმცა ნივთმტკიცებად ამოღებული ავტომანქანა „ფორდ მონდეო“ თითქმის სამი წლის შემდეგ – 2018 წლის მაისში დაუბრუნა.

„გახსოვთ, ალბათ, როგორი ყინვა და თოვლი იყო იმ წლებში… ჩემი ავტომანქანა პოლიციის ეზოში, ღია ცის ქვეშ იყო გაჩერებული ტყუილუბრალოდ,“ – გვიყვება გურამ სვანიძე. – „მანქანა როცა დამიბრუნეს, აღარაფრად ვარგოდა, ოთხივე საბურავი გამოვუცვალე, სარემონტოა ახლაც, შესაღები… პროკურორი ადილარ წირღვავა იყო. ვკითხულობდი, რა თქმა უნდა, რატომ არ მაძლევთ ჩემს მანქანას, როდის მიბრუნებთ-მეთქი, მაგრამ ზოგადად ამბობდნენ, გამოძიებას ასე სჭირდებაო. საბოლოოდ, დაკავებული ვინც იყო, გაათავისუფლეს, გაამართლეს, რა მოხდა, არ ვიცი…“ – ამბობს გურამ სვანიძე.

ავტომანქანის ქურდობაზე სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2018 წლის დეკემბერში დასრულდა. განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვით ადრე – მაისში დაუბრუნეს დაზარალებულს საკუთარი ავტომანქანა.

თუკი ავტომანქანას გამოძიება გურამ სვანიძეს დროულად დაუბრუნებდა, ის მინიმუმ კიდევ 15 თვე იმუშავებდა ერთ-ერთ კომპანიაში მძღოლად, სადაც მას შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 15 თვე იყო დარჩენილი. მოქალაქე ახლა პროკურატურას 9 375 ლარს სთხოვს. ეს ის თანხაა, რასაც გურამ სვანიძე ხელფასის სახით აიღებდა ავტომანქანის მოპარვიდან 15 თვეში. თვეში მისი ხელფასი 625 ლარი იყო.

„სასამართლოში წარმოდგენილია ამ კომპანიის პოზიცია, სადაც ვმუშაობდი, რომ ხელშეკრულება შემიწყვიტეს, რადგან მანქანა აღარ მქონდა. ხელშეკრულება რომ ამოიწურებოდა, მერე არ ვიცით, რა მოხდებოდაო… შესაბამისად, მე ვითხოვ არა სამი წლის შრომის ანაზღაურებას, არამედ 15 თვის,“ – დასძენს გურამ სვანიძე.

მოქალაქეს სარჩელი„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოუმზადა. იურისტი ილონა დიასამიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია პროკურატურის კონკრეტული დასაბუთება – რა საგამოძიებო მოქმედება ტარდებოდა სამი წელი ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ავტომანქანაზე.

პროკურატურამ სასამართლოში უკვე გააგზავნა შესაგებელი, სადაც წერია, რომ მოქალაქის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი ხანდაზმულია. პროკურატურა ხაზს უსვამს იმას, რომ მოქალაქემ იცოდა, ავტომანქანა პროკურატურამ სამი წლის წინ რომ წაიყვანა. შესაგებელში არ არის ახსნილი, რატომ არ დაუბრუნა დაზარალებულს გამოძიებამ ავტომანქანა.

„სარჩელი ხანდაზმული არ არის,“ – მიიჩნევს ილონა დიასამიძე, საია-ს იურისტი. მისი განმარტებით, მოსარჩელე ელოდება განაჩენს და თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა, დაზარალებული მსჯავრდებულს მოსთხოვდა ზიანის ანაზღაურებას, მაგრამ საქმეზე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი მიიღო.

„გარდა ამისა, მოსარჩელემ იცოდა, რომ პროკურატურას სჭირდებოდა ეს ავტომანქანა ნივთმტკიცებად თავისივე საქმისთვის, მაგრამ არ არის დაცული გონივრული ვადა. პროკურატურა უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საკუთარ ვალდებულებას,“ – შენიშნავს იურისტი. იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში ავტომანქანა არ იყო სადავო და მოკლე დროში შეიძლებოდა ნივთმტკიცების საექსპერტო შეფასება.

„მე ადვოკატი აქამდე არ მყოლია… პროკურატურაში მეუბნებოდნენ, დაზარალებული ხარ და ჩვენ გიცავთო,“ – გვითხრა მოქალაქე გურამ სვანიძემ.

„ბათუმელებმა“ სცადა საქმის პროკურორთან დაკავშირება, თუმცა ადილარ წირღვავამ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. კითხვა დავუსვით პროკურატურის პრესცენტრსაც – ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.

პროკურატურის წინააღმდეგ საქმის განხილვას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე რამდენიმე დღეში დაიწყებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი