განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ ვისწავლოთ ქიმია, მათემატიკა, ისტორია და სხვა საგნები youtube-ით ქართულ ენაზე

05.12.2019 • 8883
როგორ ვისწავლოთ ქიმია, მათემატიკა, ისტორია და სხვა საგნები youtube-ით ქართულ ენაზე

თუ მოსწავლე ხართ, ან აბიტურიენტი, ან სულაც, სკოლაში დიდი ხნის წინ ნასწავლი საგნების ხელახლა შესწავლა გსურთ, იუთუბზე უკვე საკმაოდ ბევრი არხი გთავაზობთ გაკვეთილებს ქართულ ენაზე.

ონლაინგაკვეთილების ხიბლი მისი მოქნილობაა – შეგიძლიათ ცოდნა მიიღოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში და თავად დაგეგმოთ, რა სისწრაფით წახვალთ სწავლების პროცესში წინ – მთავარია იყოთ იქ, სადაც ინტერნეტი ვიდეოკურსების გასახსნელად საკმარისად სწრაფი იქნება.

ვიდეოგაკვეთილების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ამჯერად გთავაზობთ 7 არხს გადაავლოთ თვალი, რომელთა დახმარებითაც ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის, საქართველოს იტორიის, ალგებრის, გეომეტრიისა და ბიოლოგიის საკითხების შესწავლას შეძლებთ.

  • ქიმია

თუ ქიმიის ძირითადი საკითხების შესახებ გსურთ მოისმინოთ, შეგიძლიათ დავით რიჟინაშვილის გაკვეთილებს მოუსმინოთ, რომელიც 24 გაკვეთილისგან შედგება და თითო ვიდეო საშუალოდ 12-წუთიანია.

 

  • მათემატიკა

მათემატიკის საკმაოდ ვრცელი და ყოვლისმომცველი კურსი youtube-ზე შეგიძლიათ „ცვანციკას ონლაინგაკვეთილებზე“ მოისმინოთ. კურსი 200 გაკვეთილისგან შედგება და თითოეული გაკვეთილი საშუალოდ 10-12-წუთიანია.

 

  • ფიზიკა

ფიზიკის საშუალოდ 10-15-წუთიან გაკვეთილებს ფიზიკის მასწავლებლები: ნათია ჯანდაგაშვილი, გიორგი კობახიძე და გელა პატაშური გთავაზობთ. 34-გაკვეთილიანი კურსი ფიზიკის ძირითად საკითხებს შეეხება.

 

  • საქართველოს ისტორია

მასწავლებლები – თეა ტყეშელაშვილი, აპოლონ თაბუაშვილი, გიორგი ენუქიძე და სხვები ისტორიის გაკვეთილებს  youtube-ის სპეციალურ არხზე გვთავაზობენ, სახელწოდებით – „საშინაო სკოლა“. საქართველოს ისტორიის 200 ვიდეოგაკვეთილისგან შემდგარი კურსი მოიცავს ქვეყნის ისტორიის თითქმის ყველა პერიოდს და მიჰყვება სასკოლო პროგრამას მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

 

  • ალგებრა

ალგებრის ონლაინგაკვეთილები 30 ვიდეოსგან შედგება და მას მასწავლებელი თამარ ღუღუნიშვილი გთავაზობთ. კურსი ყველაზე მარტივი ალგებრული საკითხით – ნატურალური და მთელი რიცხვების თემით იწყება და რადიანული ზომის, ტრიგონომეტრიული ფუნქციის შესახებ გაკვეთილით მთავრდება.

 

  • გეომეტრია

გეომეტრიის კურსი 25 ვიდეოსგან შედგება და ამ გაკვეთილებსაც მასწავლებელი, თამარ ღუღუნიშვილი წარმოგიდგენთ. გასათვალისწინებელია, რომ ალგებრისა და გეომეტრიის გაკვეთილები მხოლოდ მოსმენით ბევრს ვერაფერს მოგვცემს და სასურველია ყველაფერი, რასაც მასწავლებლები დაფაზე წერენ, ჩავინიშნოთ, დავიმახსოვროთ, შემდეგ კი მსგავს თემებზე ცალკე მოვძებნოთ ამოცანები თეორიულად მიღებული ცოდნის გასამყარებლად.

 

  • ბიოლოგია

ბიოლოგიის ონლაინგაკვეთილები 200 ვიდეოს მოიცავს, იწყება უჯრედის შემადგენლობის თემით და მთავრდება გენეტიკისა და გენური ინჟინერიის საკითხებით. ვრცელ კურსს რამდენიმე მასწავლებელი წარმოგიდგენთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: