მთავარი,სიახლეები

რა თქვეს ომბუდსმენმა და გიორგი კოხრეიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ

05.12.2019 • 1254
რა თქვეს ომბუდსმენმა და გიორგი კოხრეიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ

„მე მას ვუთხარი, რომ ეს არის არაჯანსაღი და აუცილებლად აისახება ტელევიზიის სამომავლო საქმიანობაზე,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი. იგი დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს შეხვდა.

„ფაქტია, რომ არსებობს კონფლიქტური სიტუაცია უფროსსა და იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ქმნიან ნიუსს. მე მას ვუთხარი, რომ რთული იქნება ამ პირობებში მუშაობა ჟურნალისტებისთვის და ასევე, თავად დირექტორისთვის. ჩემი რჩევა იყო, მაქსიმალურად თავი შეიკავოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩართვისგან, თუ როგორი სიუჟეტები უნდა გაკეთდეს და ძირითადი აქცენტი გაკეთდეს საორგანიზაციო და მენეჯმენტის მიმართულებით.

ჩემი რჩევა იყო, თუ ეს ეხება ფინანსურ საკითხებს, მაქსიმალურად ჩართული იყოს აუდიტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური, რომ არა ერთპიროვნულად, არამედ ექსპერტული შეფასება მოხდეს, თუკი ამ მიმართულებით დირექტორს აქვს გარკვეული გეგმები,“ – ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, ტელევიზიის დირექტორს აქვს გარკვეული კითხვები ფინანსურ ხელშეკრულებებთან და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებითაც. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ნდობა უნდა აღდგეს დირექტორსა და ჟურნალისტებს შორის და ამ პროცესში ომბუდსმენის მანდატის გათვალისწინებით, თვითონაც ჩაერთვება.

ნინო ლომჯარია და გიორგი კოხრეიძე

„უნდა დაიწყოს ნდობის აღდგენა და გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას დიალოგისკენ, ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აისახება გაშუქების ხარისხსა და ეფექტურობაზე… მე ასევე მოვისმინე, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აპირებს ჩართვას. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებსა და დირექტორს შორის დაიწყოს კომუნიკაცია, ამ პროცესში კარგი იქნება ჩართულიყო მედიაექსპერტული ორგანიზაციები. სახალხო დამცველი მზად არის, რომ თავისი მანდატის ფარგლებში, შეასრულოს პოზიტიური როლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ავუხსენი მას, რომ აისახება მედიადამოუკიდებლობის ხარისხზე საქართველოში,“ – გვითხრა ნინო ლომჯარიამ.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიორგი კოხრეიძემაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა. მან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენლებთან გუშინდელ შეხვედრას გაუსვა ხაზი და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ჟურნალისტებს „უაზრო შიში“ აქვთ.

„ქარტიის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავეთ გარკვეული გეგმა, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ, არ ვიცი, საიდან წარმოშობილია უაზრო შიში, არავინ გაკარებიათ, არავინ არაფერს ემუქრებათ…

მე თუ რამე წინადადება მექნება შინაარსთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მივმართავ ქარტიას და მოხდება სამუშაო განხილვა, თუ დადასტურდება პრობლემა, ქარტია გასცემს რეკომენდაციას,“ – თქვა გიორგი კოხრეიძემ.

„როგორ აპირებთ ჟურნალისტების ნდობის მოპოვებას?“ – ჰკითხეს ჟურნალისტებმა ტელევიზიის ახალ დირექტორს.

„ერთი დღე გავა, ორი დღე გავა და ადამიანები შემოვლენ კომუნიკაციაში. თუ მათ არ აქვთ დღის წესრიგი, რომ აქ მშვიდობა არ უნდა იყოს, მაშინ ნებისმიერ ადამიანთან მოვახერხებ კომუნიკაციას…. მე, საერთოდ, ვარ ჰუმანური, დამთმობი ადამიანი, ვცდილობ, ადამიანებს შევუწყო ხელი,“ – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ „მიმდინარეობს მოკვლევა“ არქივის მასალების გაცემაზე, რომლის ნაწილიც გიორგი კოხრეიძის აზრით, ნათია ზოიძის დირექტორობის დროს გააჩუქეს. ნათია ზოიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი კოხრეიძე მას ესაუბრა ამ კადრებზე და დევნით დაემუქრა, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება შეიძლება დაიწყოს.

გიორგი კოხრეიძემ დღეს ისევ გაიმეორა, რომ არა მხოლოდ ნათია ზოიძის, არამედ „სხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი გასწორებაც“ მოხდება. გიორგი კოხრეიძემ რამდენიმე დღის წინაც იგივე თქვა, როცა ამტკიცებდა, რომ ნათია ზოიძე უკანონოდ ერევა სარედაქციო დამოუკიდებლობაში. იურისტების შეფასებით კი, ნათია ზოიძე ასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობას და ეს მაუწყებლის კოდექსთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების გარდა, კიდევ ვისთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მიიჩნევს გიორგი კოხრეიძე უკანონოდ? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ახალარჩეულ დირექტორს.

„რამდენიმეა ასეთი… მე ვარ მოწოდებული გამოსწორებისკენ. მე არ ვარ მოწოდებული ვინმეს დასჯისკენ. ამიტომ არ გვინდა ახლა ეს ზედმეტი კითხვა,“  – გვიპასუხა გიორგი კოხრეიძემ.

_____

ამავე თემაზე:

„არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით“ – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეზე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: