მთავარი,სიახლეები

ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს – იურისტების განმარტება

04.12.2019 • 1877
ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს – იურისტების განმარტება

„ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება შეესაბამება კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ – ასეთია იურისტების შეფასება ხელშეკრულებაზე, რომელსაც ამ დრომდე უკანონოდ მიიჩნევს აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორი – გიორგი კოხრეიძე. მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ ნათია ზოიძის სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობა გზავნილია არსებული დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი პოლიტიკის შესაცვლელად.

აჭარის მაუწყებლის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის მტკიცებით, ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომელიც მის მოადგილეს – ნათია ზოიძეს „სარედაქციო პოლიტიკის მართვას“ავალდებულებს მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე, ეწინააღმდეგება კანონს „მაუწყებლობის შესახებ“. „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, გიორგი კოხრეიძემ ვერ დაგვისახელა კონკრეტული მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება ტელევიზიის დირექტორის მხრიდან „სარედაქციო პოლიტიკის მართვის“ უფლებას.

გიორგი კოხრეიძე აქცენტს აკეთებს კანონის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, „მაუწყებელი ვალდებულია სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოს“ და გამოირიცხოს „სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა“. კანონში საერთოდ არაა ნახსენები „სარედაქციო პოლიტიკის მართვა“, რომლის ვალდებულებაც ნათია ზოიძეს აჭარის ტელევიზიის წინა დირექტორმა – ნათია კაპანაძემ განუსაზღვრა. იურისტების შეფასება ხელშეკრულების ამ ჩანაწერზე ცალსახა და მკაფიოა: „სარედაქციო პოლიტიკის მართვა არის მექანიზმი იმისთვის, რომ მაუწყებელმა სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოს,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სარედაქციო პოლიტიკის მართვაზე, ეს არსებითად განსხვავდება ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობისგან. ხელშეკრულებაში საუბარია სარედაქციო პოლიტიკის მართვასთან დაკავშირებით და არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ეს ხელშეკრულება არ არღვევს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონს.

კანონით განსაზღვრულია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ყოველგვარი ზეგავლენისგან თავისუფალი, სწორედ ეს არის არხის სარედაქციო პოლიტიკაც, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეს სარედაქციო დამოუკიდებლობა. როცა, მაგალითად, გიორგი კოხრეიძე ეუბნება კონკრეტულ ჟურნალისტს, როგორ არ უნდა დასვას კითხვა, ან როგორ არ უნდა მოექცეს რესპონდენტს, ეს აღიქმება, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

„სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ ნიშნავს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას,“ – მიიჩნევს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაუწყებელს აქვს კანონის წინაშე აღებული ვალდებულებები, რომელთა შესასრულებლად მას სჭირდება შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკა.

იურისტი აქცენტს აკეთებს არსებით სხვაობაზე – სარედაქციო დამოუკიდებლობა და სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ არის ერთი და იგივე.

„სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა არის კანონსაწინააღმდეგო, სარედაქციო პოლიტიკის მართვა – ვალდებულება. მაუწყებელი ვალდებულია, ჰქონდეს კანონის შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკა. კონკრეტულად ნათია ზოიძის ხელშეკრულების ეს ჩანაწერი ნიშნავს მითითებას, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა უნდა იმართებოდეს კანონის შესაბამისად… კანონში არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი, რა უნდა შეასრულოს მაუწყებელმა. რა თქმა უნდა, ჟურნალისტის დამოუკიდებლობაში ჩარევა არის კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ მაუწყებლის დირექტორს და მის მოადგილესაც აქვთ უფლება კანონის შესაბამისად მართონ სარედაქციო პოლიტიკა. ეს არ ნიშნავს რომელიმე ჟურნალისტის ან  გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას,“ – გვითხრა ედუარდ მარიკაშვილმა.

ხომ არ უნდა იყოს კანონში დაკონკრეტებული რას შეიძლება მოიცავდეს „სარედაქციო პოლიტიკის მართვა“ და როდის შეიძლება ის ეწინააღმდეგებოდეს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპს? – იურისტი ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ კანონი ყველაფერს ვერ განსაზღვრავს და ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოს, თუკი მიიჩნევენ, რომ „სარედაქციო პოლიტიკის მართვას“ ამოეფარა რომელიმე დირექტორი, ან მისი მოადგილე და რეალურად სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერევიან.

„განსაზღვრული რომ იყოს დეფინიცია, შესაძლოა, ამან უფრო მეტი საფრთხე გააჩინოს, რადგან თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს,“ – დასძენს ედუარდ მარიკაშვილი.

კანონში „სარედაქციო პოლიტიკის მართვის“ განსაზღვრის მომხრე არც მარიამ გოგოსაშვილია, საია-ს იურისტი. იგი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით მკაფიოა.

„კანონში წერია, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. ამ კრიტერიუმების შესასრულებლად უნდა არსებობდეს სარედაქციო პოლიტიკა… გარდა ამისა, არსებობს ქცევის კოდექსი, რომლის მიხედვითაც ყველა ჟურნალისტი სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებით და მას აქვს უფლება გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომელიც მიზანშეწონილად მიაჩნია და რასაც ეთიკური სტანდარტები ითვალისწინებს,“ – გვითხრა მარიამ გოგოსაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: