განათლება,მთავარი,სიახლეები

2020 წლიდან მოსწავლეები ტესტირებას გაივლიან – ახალი პროექტი

05.12.2019
2020 წლიდან მოსწავლეები ტესტირებას გაივლიან – ახალი პროექტი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლიდან მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყება, რომელიც ტესტირებას გულისხმობს.

ტესტირება ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).

როგორც გამოცდების ცენტრში განმარტავენ, სპეციალურად ამ პროექტისთვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დროს მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

„პლატფორმა დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე, ზოგადად, სკოლის დონეზე“, – ამბობენ გამოცდების ცენტრში.

ახალი პლატფორმის პილოტირება დაიწყება მომავალი წლის გაზაფხულზე.

„პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალ წელსვე იგეგმება მეათეკლასელების ჩართვაც.“

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ახალი პროექტი მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს.

ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს, დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე.

მშობლებსაც ექნებათ შესაძლებლობა დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართული იყვნენ სასწავლო პროცესში“.

პროექტი საშუალებას მისცემს სკოლებს, შეფასებებისა და მონაცემთა საფუძველზე გააკეთონ ანალიზი, დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: