მთავარი,სიახლეები

კაცი ცოლს დაემუქრა – მოსამართლემ ქმარი 800 ლარით დააჯარიმა

06.12.2019 • 1606
კაცი ცოლს დაემუქრა – მოსამართლემ ქმარი 800 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 1000 ლარით დააჯარიმა ე.ბ. ცოლზე მუქარისთვის. ბრალდებულმა ბრალი აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, სასამართლოს რომელიმე მოწმის ან დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენება არ მოუსმენია.

საქმეში დევს დაზარალებულად ცნობილი ქალის ანუ ბრალდებულის ცოლის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან მეუღლის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა უცნობი ქალის სასიყვარულო მესიჯები. მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც ჰკითხა: რატომ ანგრევ ოჯახს?

„…ამ საუბრის დროს დედამთილი და უფროსი ქალიშვილი შემოვიდნენ…. ჩემი მეუღლე წამოიწია ჩემკენ და შემაგინა დედის მისამართით, მითხრა: თუ არ გაჩერდები, ეხლავე მოგახრჩობ მაგ მდივანთანო, დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით… მერე მითხრა, გცემ და მოხვალ ჭკუაზეო და კვლავ წამოიწია ჩემკენ… ამ დროს დედამთილი და ჩემი შვილი ჩადგნენ შუაში. მისი გაჩერება შეუძლებელი იყო, არაადეკვატური იყო, ყვიროდა, გაეთრიეთ ყველა სახლიდანო,“ – უთხრა ქალმა გამომძიებლებს.

ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ასევე ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მოსამართლემ სასჯელებს შორის ჯარიმა შეარჩია.

„სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება,“ – აღნიშნავს მოსამართლე განაჩენში.

ე.ბ.-ს მოსამართლემ 1000 ლარი ჯარიმა 200 ლარით შეუმცირა წინასწარ პატიმრობაში ყოფნისთვის, ვიდრე იგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: