ბათუმში მეორე დღეა ზღვაში მაშველები კაცს ეძებენ

დღეს, 15 ოქტომბერს, უკვე მეორე დღეა, რაც ბათუმის სანაპიროზე მაშველები ზღვაში ეძებენ კაცს, რომელიც გუშინ ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კაცი ზღვაში 14 ოქტომბერს გაუჩინარდა. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

_______________________

მოამზადა ლიზი გათენაძემ.

„მზია ნამდვილი ევროპელია, როგორც ბევრი ქართველი, რომელიც ქუჩიდან იბრძვის” – ხატია ჯინჯიხაძე

14 ოქტომბერს ევროპარლამენტში გაიმართა დისკუსია სახელწოდებით – „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“. დისკუსიას 5-მა ევროპარლამენტარმა უმასპინძლა: რასა იუკნევიჩიენეპეტრას აუსტრევიჩუსინაჩო სანჩეს ამორისერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა, ხატია ჯინჯიხაძემ ევროპარლამენტში ისაუბრა  საქართველოში მედიის მდგომარეობისა და მზია ამაღლობელის შესახებ:

„მზია ამაღლობელს ვიცნობ ბევრი წელია, მაგრამ დღეს მე მინდა ვისაუბრო მასზე, არა როგორც პიროვნებაზე, ან პროფესიონალზე, არამედ მინდა გაჩვენოთ, როგორ ჯდება მზიას ისტორია საქართველოში მედიის თავისუფლების, სამოქალაქო წინააღმდეგობისა და პროევროპული პროტესტის ზოგად კონტექსტში, რომელიც ახლაც მიმდინარეობს საქართველოში.

მზია უკვე 275 დღეა ციხეშია, მაგრამ დაპატიმრებამდეც ის და ჩვენ ყველა ვუყურებდით უპრეცედენტო მოვლენებს საქართველოში.

მე ვსაუბრობ ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე, რომლებიც იყო გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში. ეს არიან ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ პროევროპულ აქციებს. მათ ბრუტალურად, ფიზიკურად დაესხნენ თავს, სცემეს, დააკავეს სპეცრაზმელებმა. ჩვენ ვნახეთ ძალიან შემაშფოთებელი, შოკის მომგვრელი კადრები იმისა, თუ როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში.

ეს იყო დრო, როცა ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს მოეხსნათ პრესის ნიშნები, არათუ ეტარებინათ რაიმე, რაც მათ, როგორც ჟურნალისტებს, აიდენტიფიცირებდა. იმიტომ, რომ პრესის ნიშნები, ჟილეტები, რომელზეც მათ შესაბამისი წარწერები ჰქონდათ, საერთოდ არ იცავდა მათ. ამან ისინი სამიზნეებად აქცია, იმიტომ, რომ ისინი დევნიდნენ ჟურნალისტებს, დევნიდნენ მათ, ვინც იღებდა ვიდეოს, სურათებს, აჩვენებდა იმას, რაც ხდებოდა.

ჩნდება კითხვა, ვინ დაისაჯა ამ ძალადობისთვის? პასუხია – არავინ.

არც ერთი დამნაშავე არ დასჯილა და არც კი გამოკითხულა.

მზია ამაღლობელი დააკავეს 12 იანვარს და ამის შემდეგ ის ციხიდან ადევნებდა თვალს ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიმდინარე მოვლენებს და  ციხეში გახდა მედიის წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმის შემსწრე. თუმცა ეს მომდინარეობდა არა პოლიციელებისგან, არამედ კანონმდებლებისგან.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო დრაკონული კანონების პაკეტი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. დღეს ქართულ მედიაზე უარყოფით გავლენას ახდენს მინიმუმ ოთხი საკანონმდებლო აქტი და ეს მათ მუშაობას შეუძლებელს ხდის.

ამ კანონებს გავლენა აქვს როგორც ონლაინმედიაზე, ისე მაუწყებლებზე და ის საშინელ ეფექტს ახდენს დამოუკიდებელ რეპორტაჟებზე. ის ფაქტობრივად ჭრის დონორებისგან დაფინანსების მიღების ყველა შესაძლებლობას, რომელზეც ძალიანაა დამოკიდებული ონლაინმედია, და აუქმებს სიტყვის თავისუფლების ყველა დამცავ მექანიზმს ამ ქვეყანაში.

ამ პირობებში მუშაობს ქართული მედია, ან უფრო ზუსტად, ცდილობს, რომ იმუშაოს. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მზიას დაფუძნებულ მედიასაშუალებებზე – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“. ისინი კვლავ ცდილობენ გააგრძელონ მუშაობა, მაგრამ, შესაძლოა, მალე მათ ეს ვეღარ შეძლონ. გასაოცარია, რომ ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ, ისევ გვიყვებიან ამბებს კორუფციის, სახელმწიფოს მიტაცების, პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ. როგორც მათი ბევრი კოლეგა, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები ისევ არიან სასამართლოში და გვიყვებიან ამბებს სასამართლოდან, რომელიც დახურულია – აკრძალულია გაშუქება შიგნიდან.

ისინი არიან სოლიდარობის წყარო, რომელიც დღეს ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებაში. ისინი ამტკიცებენ სოლიდარობის გრძნობას, როდესაც გვიყვებიან სტუდენტებზე, უნივერსიტეტის პროფესორებზე, დასავლელ დიპლომატებზე, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები მოიხსენიებენ როგორც აგენტებს, მოღალატეებს და ა.შ. მინდა იცოდეთ, რომ ეს მედიასაშუალებები, რომლებიც ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, ანტიდასავლური პროპაგანდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფარები არიან. იმიტომ, რომ ამბები, რომლებსაც ისინი გვიყვებიან, სიმართლეს ემსახურება. ეს სიმართლე არის ძლიერი იარაღი იმ ყოვლისმომცველი პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში.

ვფიქრობ, ძალიან გულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ყველა ვაფასებთ იმ ჯილდოებს და აღიარებას, რაც მზიამ საერთაშორისო მასშტაბით მიიღო. ერთ-ერთი პრაღიდანაც მივიღეთ რამდენიმე დღის წინ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჟურნალისტური საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის, რომელიც ხედავს მზიას აღიარებას ევროპული გზის გაგრძელების დაუღალავი ძალისხმევისთვის. იმ გზის, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი ხნის წინ დაადგა. თუმცა ეს არ არის მარტივი გზა და ჩვენ ვერ გადავრჩებით ამ გზაზე მარტო.

ჩვენ მადლობელი ვართ ყველა გამოხმაურების, განცხადების, რეზოლუციის და ანგარიშის, რომელიც შესაფერისად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას, თუმცა რეაგირება ჯერ კიდევ ნელია. ჩვენ გვჭირდება მკვეთრი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება ეფექტური, შესაძლოა, არატრადიციული მექანიზმებიც კი, რომლებიც დაეხმარება ქართველ ხალხს შემობრუნებასა და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში.

საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც შეიძლება გაეწიოს ქართულ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს. საუბარია მათ შორის კანონიერ მექანიზმებზე. თუ ადგილობრივი ძალისხმევა წარუმატებელი იქნება, არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, არსებობს თანამშრომლობის გზები, რომლებსაც აქვს ბერკეტი „ქართული ოცნების“ წარმოებულ პოლიტიკაზე.

და ბოლოს, მზიას არ აქვს დასავლური განათლება. ის დაიბადა საქართველოს შორეულ რეგიონში, მაგრამ დამიჯერეთ, მისი გაგება დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, თანასწორობის შესახებ ბევრად უკეთესია, ვიდრე იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც თავიანთი აკადემიური ხარისხები ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში მიიღეს, ან კარიერა საერთაშორისო ორგანიზაციებში შეიქმნეს. იმიტომ, რომ ის ნამდვილი ევროპელია. მზია არის ის, ვინც ევროპულ ღირებულებებს ატარებს, ისევე როგორც ბევრი, ბევრი ქართველი, რომლებიც ქუჩაში დგანან ამ ხნის განმავლობაში.

და სანამ დავასრულებ, მინდა ვახსენო ცვლილებების პაკეტი, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ახლა იღებს. ისინი მუშაობენ ამაზე, სანამ ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს არის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლებიც, ფაქტობრივად, კლავს შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას ჩემს ქვეყანაში. ამის სამიზნე არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური გაერთიანებები, არამედ ინდივიდებიც არიან, რომლებსაც შეიძლება პატიმრობა დაემუქროთ, თუ ისინი ქუჩაში გავლენ და გააპროტესტებენ ნებისმიერ რამეს.

აქ მოსვლამდე ვფიქრობდი, რას გეტყოდათ მზია, აქ რომ ყოფილიყო. ბრძოლის შესახებ მისი ცნობილი ფრაზის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, გეტყოდათ, რომ საქართველო აგრძელებს ბრძოლას და დაგვეხმარეთ, სანამ გვიან არ არის.

მადლობა“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 126 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 259 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 347 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 33 671 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 520 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 227 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 70 021 ერთეული [+389]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 859 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 64 329 ერთეული [+141]
  • სპეცტექნიკა – 3 977 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 90 281 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 632 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 518 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 600 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 478 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 44 011 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ დგას მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი საბავშვო ბაღის ეზოში? – რას ამბობენ მერიაში

ბათუმში, 37-ე ბაღის ეზოში, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი დგას. ელექტროხაზები პირდაპირ ბავშვების სათამაშო მოედანზე გადადის.

ელექტრობოძს სანახევროდ აქვს შემოხვეული დამცავი ბადე, უკანა ნაწილი კი ღიაა და წყლით სავსე.

საბავშვო ბაღში 280 აღსაზრდელია.

მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი ბათუმში, 37-ე ბაღის ეზოში დგას. ამ ეზოში ბავშვები თამაშობენ

საბავშვო ბაღი 2024 წლის ოქტომბერში გახსნეს. საქართველოში მოქმედი სტანდარტის მიხედვით, შენობა-ნაგებობა, ასევე საცხოვრებელი სახლი, სადენიდან მინიმუმ 20 მეტრის დაშორებით მაინც უნდა იყოს განთავსებული, საბავშვო ბაღის შემთხვევაში კი, მაღალი გამავლობის სადენების ბოძი პირდაპირ ბაღის ეზოშია განთავსებული.

ბაღის ეზოში განთავსებული ერთ-ერთი ატრაქციონი უშუალოდ მაღალი გადამცემი ბოძის გვერდით დგას, მეორე ოდნავ მოშორებით
მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი სანახევროდ არის შემოღობილი, საძირკველში კი წყალი დგას.

„ბათუმელები“ ესაუბრა საბავშვო ბაღის გამგეს, რომელიც ამბობს, რომ უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ბაღების გაერთიანებაა პასუხისმგებელი და მას ამ საფრთხეებზე ინფორმაცია არ აქვს.

დავუკავშირდით საბავშვო ბაღების გაერთიანებას და ვკითხეთ, არის თუ არა ოფიციალურად ჩაბარებული საბავშვო ბაღის შენობა, რა დასკვნა არსებობს უსაფრთხოებაზე და რამდენად დასაშვებია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძის განთავსება საბავშვო ბაღის ეზოში?

ბაღების გაერთიანების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „სტანდარტები დაცულია“.

„ეს ანძა არის სრული დაცვით დაშორებული და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. უსაფრთხოა მოსახლეობისთვის და ასევე ბაღისთვის და რაიმე დოკუმენტი თუ გაინტერესებთ, მაშინ წერილობით უნდა მოგვმართოთ“, – გვითხრეს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების პრესსამსახურში.

საბავშვო ბაღის ეზო

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო პრო-ჯორჯიასაც“, სადაც ვიკითხეთ, ბაღის მშენებლობამდე თუ ჰკითხეს კომპანიას უსაფრთხოების წესებზე და თუ არა, ამის შემდეგ რა შეიძლება გაკეთდეს ბავშვების უსაფრთხოებისთვის?

„აღნიშნულ ელექტროგადამცემ ბოძზე გადის ორჯაჭვა ხაზი – შენობისკენ განაპირა ხაზი წარმოადგენს 6 კვ [კილოვოლტი] ძაბვის ხაზს (საშუალო ძაბვა), ხოლო მეორე, უფრო შორეული ხაზი – 35 კვ [კილოვოლტი] ძაბვის ხაზს, რომელიც მიეკუთვნება მაღალი ძაბვის პირველ საფეხურს.

შენობასთან მიმართებით დაცვის ზონები დაცულია და ბოძი განთავსებულია მოქმედი ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად“, – მოგვწერეს კომპანიიდან.

ენერგოკომპანიას დამატებით ვკითხეთ, შენობასთან მიმართებით შესაძლოა დაცულია ტექნიკური ნორმები, მაგრამ ეს ნორმები ვრცელდება თუ არა, მაგალითად, საბავშვო ბაღის ეზოზე, სადაც ატრაქციონები, სკამები და გასართობი მოედანია და 280-მდე ბავშვი მოძრაობს ყოველდღე? – კომპანიას ამ კითხვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ბათუმის 37-ე საბავშვო ბაღის ეზო

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N340 დადგენილებით, ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზების დაცვის ზონად დგინდება: საჰაერო ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც დაშორებული არიან ხაზის ორივე მხარეს განაპირა სადენებიდან 15 მეტრის მანძილით 35 კვ გადამცემი ხაზის შემთხვევაში [ბაღის ეზოში სწორედ ასეთი ხაზი გადის].

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით კი, აკრძალულია „ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სათამაშო სპორტული მოედნების, ბაზრობების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, საველე კარვების განლაგება, ყველა სახის მანქანა-მექანიზმების და საქონლის სადგომების მოწყობა, ნებისმიერი სახის ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრასთან, თუ ისინი არ ასრულებენ ნებადართულ სამუშაოებს“.

შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ბავშვთა გასართობი მოედანი ან სკვერი არ უნდა იყოს. ასევე, საბავშვო ბაღიც.

ბაღს ეზოში კანალიზაცია ამოდის.

რაც შეეხება საკანალიზაციო ჭას, საიდანაც დაბინძურებული წყალი ამოედინება საბავშვო ბაღის ეზოში და გადმოდის შესასვლელშიც, ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ეს ახალგახსნილ საბავშვო ბაღში ტექნიკური პრობლემებით არის გამოწვეული.

„დაზიანდა საქაჩის სატუმბი, რომელიც არის შესაცვლელი და სამშენებლო კომპანიას გააჩნია მოწოდების ვალდებულება და ვფიქრობთ, ეს საკითხიც მოგვარდება”.

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 4,4 მილიონ ლარზე იყო ხელშეკრულება გაფორმებული.

ვიდეო:

________________

მთავარი ფოტო: ბათუმის 37-ე ბაღის ეზოში მაღალი ძაბვის გადამცემი დგას.

ციხე გზის გადაკეტისთვის – ვის შეეხება “ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება

„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონმდებლობას, რომელიც მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას უზღუდავს.

იურისტების შეფასებით, მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ კი გეგმავს ეს უფლება შეუზღუდოს საქართველოს მოქალაქეებს.

დაგეგმილი ცვლილებებით პროტესტის გამოხატვისას გზის გადაკეტვა ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

„ქართული ოცნება“ ცვლილებებს პროევროპული პროტესტის ჩასახშობად იღებს, თუმცა კანონად ქცევის შემთხვევაში, ის გავრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ხელისუფლებას მისცემს ბერკეტს, დააპატიმროს ყველა, ვინც კი პროტესტს გამოხატავს და გზას გადაკეტავს.

როგორ შეეხება ეს რიგით ადამიანებს?

„ბათუმელებმა“ აჭარაში გასულ წლებში გამართულ საპროტესტო აქციებს გადაავლო თვალი და საარქივო მასალებზე დაყრდნობით გაჩვენებთ, რას ვეღარ გააპროტესტებთ, თუკი „ქართული ოცნება“ კანონს შეცვლის.

2025 წლის 25 სექტემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ სოფელ ბობოყვათში მცხოვრებლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. საპროტესტო აქციაზე გამოსულთა ნაწილი ტროტუარზე იდგა, ნაწილი კი ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე. ცნობისათვის, ბობოყვათის მოსახლეობა აჭარის მთავრობისგან ითხოვს დაუბრუნოს ე.წ. „მამაპაპისეული მიწები“ ან მისცეს კომპენსაცია. ეს მიწა თავის დროზე ინვესტორებს გადასცეს.

ბობოყვათში მცხოვრებლები წლებია მიწების გასხვისებას აპროტესტებენ. მათ არაერთი აქცია აქვთ დღემდე გამართული.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, თუ ბობოყვათში მცხოვრებლები აქციას ისევ გამართავენ და გზას გადაკეტავენ, მათ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ.

ბობოყვათელების საპროტესტო აქცია ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ. ფოტო: IPN

2021 წლის 21 მარტს ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს, ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი მაგისტრალი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვდნენ იმ კრიტერიუმების დადგენას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა თუ ვინ მიიღებდა ბინას „ოცნების ქალაქში“ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში.

მოსახლეობას გზა დაახლოებით 2 საათი ჰქონდა გადაკეტილი.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ფროდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს / 21.03.2021

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ახლაც გრძელდება. თუ მოსახლეობა ისევ გადაწყვეტს, რომ აქცია გამართოს და გზა გადაკეტოს, აქციის მონაწილეებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებით მინიმუმ 15 დღით დააპატიმრებენ.

2018 წელს ბათუმში იპოთეკით დაზარალებულმა მოქალაქეებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ამ ფორმით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობას დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების დაპირება შეახსენეს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, მოქალაქეებს მსგავს საპროტესტო აქციის გამართვისთვის 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ელით.

იპოთეკით დაზარალებულებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს
18/04/2018

2018 წლის 8 ივნისს ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის.

თუ რომელიმე სოფლის მოსახლეობა მათი პრობლემებისათვის ყურადღების მისაქცევად გზის გადაკეტვას ეცდება, საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ელით.

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა
  • რას ითვალისწინებს “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

მისი თქმით, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ:

  • შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
  • იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას.
  • სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანევე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.

თუ ახალი პოლიტიკური ძალები ვერ გამოჩნდება მალე, ეს შეიძლება დიდხანს ვეღარ მოხერხდეს – ინტერვიუ

„ოპოზიცია, როგორც ალტერნატივა, დღევანდელი რეჟიმისთვის, არის არა უბრალოდ სუსტი, არამედ უუნარო ცვლილებებისთვის. ეს არ მომხდარა ერთ დღესა და არც ერთ წელში. სამწუხაროდ, ივანიშვილის მზაკვრული გეგმა, რომ ოპოზიცია გაეხლიჩა, დაესუსტებინა და გაეხადა უუნარო, ასე თუ ისე, აღსრულდა,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი. მას ოპოზიციაზე ვესაუბრეთ: დაპირისპირების პარალელურად არსებობს რესურსი, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ეროვნულ წინააღმდეგობაში პოლიტიკური ორგანიზების ფუნქცია შეასრულონ?

არმაზ ახვლედიანის დაკვირვებით, ამისთვის ერთი წლის წინ გაცილებით მეტი შანსი არსებობდა, ახლა კი, გაცილებით მძიმე ვითარებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

„არსად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ავადსახსენებელი კრემლის და ლუკაშენკოს რეჟიმის ჩათვლითაც კი, ასეთი მზაკვრული მეთოდები არ გამოიყენება მტრებად შერაცხილი ოპონენტების, ასევე საქართველოს ძირძველი, მთავარი პარტნიორ-მეგობრების წინააღმდეგ. არც პუტინი, არც ლუკაშენკო ამ სიტყვებით არ მოიხსენებენ დასავლეთს,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

„ბათუმელებმა“ არმაზ ახვლედიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო არმაზ, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები აჩვენებს, რომ ერთობა, თუნდაც ფუნდამენტურ საკითხებზე, კიდევ უფრო მიუღწეველი გახდა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად არსებობს რესურსი, რომ ოპოზიციამ თავისი ფუნქციის შესრულება შეძლოს?

გეტყვით მარტივად და, შეიძლება, ხისტად: დღეს არსებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, ოპოზიციურმა კლასმა, თავი ამოწურა. რა თქმა უნდა, აქა-იქ ოპოზიციურ ველზე ვხედავთ ღირსეულ პოლიტიკოსებსაც, მაგრამ ისინი ამინდს ვეღარ ქმნიან. ოპოზიცია, როგორც ალტერნატივა, დღევანდელი რეჟიმისთვის, არის არა უბრალოდ სუსტი, არამედ უუნარო ცვლილებებისთვის.

ეს არ მომხდარა ერთ დღესა და არც ერთ წელში. სამწუხაროდ, ივანიშვილის მზაკვრული გეგმა, რომ ოპოზიცია გაეხლიჩა, დაესუსტებინა და გაეხადა უუნარო, ასე თუ ისე, აღსრულდა. ივანიშვილის და რეჟიმის დანაშაულის წილი ამაში უმთავრესია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიციურ ფრონტზეც ცუდად იყო საქმე. ცვლილებების მოლოდინი, რაც ასე სჭირდება საქართველოს, შესაძლებელია მხოლოდ სრულიად ახალი ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბების შემთხვევაში. სხვა გზას ვერ ვხედავ.

  • რა გზებით მოახერხა ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის დასუსტება: შანტაჟი, მოსყიდვა თუ ყველაფერი ერთად?

ყველაზე სწორი პასუხია – ყველაფერი ერთად!

რა იყო მეტი და რა – ნაკლები, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი, რომ 2013 წლის მიწურულიდან დაიწყო ამ მზაკვრული გეგმის ფორმირება და შემდეგ უკვე ეტაპობრივად განხორციელება, რომ მოსუფთავებულიყო ოპოზიციური, საერთოდ, კრიტიკული ველი და „ქართული ოცნების“ ირგვლივ დარჩენილიყვნენ სატელიტები პირდაპირი ან ირიბი მნიშვნელობით.

რამ შეუწყო ამას ხელი? – რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, იმან, რომ ოპოზიციურ ველზე ვერ აღმოჩნდნენ ისეთი ლიდერები, რომლებიც შეძლებდნენ, ამ წნეხისთვის გაეძლოთ; შეძლებდნენ, საკუთარი ჯანსაღი ავტორიტეტით, სწორი ხედვით, სწორი პოზიციონირებით და გამბედაობით მოეხერხებინათ საზოგადოებაში შესაბამისი მუხტის შექმნა, ალტერნატივის ჩვენება.

ამის მიზეზი იყო ისიც, რომ ივანიშვილი ყოველთვის და განსაკუთრებით ბოლო წლებში უკონტროლოდ იყენებს შავი ფულის დიდ მასას. ცხადია, მას არ უჭირს, რომ ოპოზიციაში შეიტანოს ასეთი დისონანსი, მაგრამ ვაღიარებ, რომ თუ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები იდგებოდნენ მტკიცედ და პოლიტიკურ საფუძვლად ექნებოდათ არა ქვიშა, არამედ კლდე, იბრძოლებდნენ ბოლომდე, როგორც ამას დღეს აკეთებენ ისინი, ვინც გაუტეხლად დგას საპროტესტო მოძრაობაში, ისე როგორც ამ პროტესტის სიმბოლოდ ქცეული მზია ამაღლობელია სხვებთან ერთად. სწორედ ეს ვერ შეძლო ოპოზიციურმა სპექტრმა: ვიღაც გაიყიდა, ვიღაც დათანხმდა სატელიტობას, სხვა შეშინდა და გაიქცა… ამ ქაოსში იხეირა მხოლოდ კრემლმა და მისმა ადგილობრივმა ფილიალმა.

  • ამოწურულია, თქვენი აზრით, იმის რესურსი, რომ ოპოზიციურმა ძალებმა გამონახონ საერთო ენა?

ვერ ვხედავ ამ შესაძლებლობას.

აქვე ვიტყვი, არც ისეა საქმე, რომ საზოგადოებასაც არ მიუძღოდეს გარკვეული ბრალი ამაში. საზოგადოება ჩვენ ვართ, მეც. საქმე ისაა, რომ თავის დროზე წაყრუებამ და არასათანადო რეაგირებამ გაათამამა და გაათავხედა ივანიშვილი. საზოგადოების მხოლოდ მცირე ჯგუფი აპროტესტებდა ამ უსამართლობას. მხოლოდ „გავრილოვის ღამის“ და რუსული კანონის შემოღებას მოჰყვა პროტესტი, არადა, მანამდეც ბევრი იყო გასაპროტესტებელი.

რაღაც ეტაპზე არც დასავლეთი იყო ადეკვატური თავის შეფასებებში, თუმცა პრობლემის თავი მაინც ჩვენშია. გამიჭირდება დაგისახელოთ სამი ოპოზიციონერი, რომელიც სწორად აფასებდა მოვლენებს და, შესაბამისად, საზოგადოებას სწორ ალტერნატივას სთავაზობდა.

ამან, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა ის კოშმარი, რაც დღეს საქართველოშია, თუმცა ამ კოშმარში ვხედავ დიდ გამოსავალს – საზოგადოება, იმედგაცრუებასთან ერთად, საბოლოოდ რწმუნდება იმაში, რომ ერთადერთი გამოსავალი თვისობრივად ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცეების შექმნაშია. მოუსყიდველობა, უანგარობა, თავდადება იდეისა და არა პიროვნების ერთგულება, გააზრებული არჩევანი სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიულობის, ევროპული გზის სასარგებლოდ გახდებოდა საწყისი იმ მძლავრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შესაქმნელად, რომელიც რამდენიმე დღეში ჩამოშლიდა ივანიშვილის ხუხულას.

  • რამდენად შეიძლება წინააღმდეგობას ჰქონდეს წარმატება პოლიტიკური პარტიების აქტიური ჩართულობის გარეშე?

დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, როგორც წესი, ხელს უშლის ამ ჯანსაღი პროცესის დაწყებას და ამისთვის ყველა რესურსს იყენებს. ოპოზიცია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსულ სპეცოპერაციად წოდებულ არჩევნებში, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციურ ველზე არ გაჭაჭანდეს არაფერი ახალი, ჯანსაღი და ნორმალური, რაც იქნებოდა ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების რეალური ალტერნატივა.

მეორე მხრივ, ნათქვამი, რომ 4 ოქტომბერს, თუ რომელიღაც სხვა დღეს უნდა მოხდეს გადატრიალება ან რევოლუცია, საზოგადოების დიდ ნაწილში მკვეთრ უკურეაქციას იწვევს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რეალურად არაფრის თავი აქვთ, მეორე მხრივ, სრულად აქვთ დაკარგული ნდობა.

  • ავტორიტარიზმის პირობებში რამდენად შეიძლება გამოჩნდნენ ან განვითარდნენ ახალი პოლიტიკური ძალები?

როგორც არასდროს, დღეს რთულია ეს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი წლის წინ გაცილებით მეტი იყო შანსი, რაც ახლა მინიმუმზეა დასული, რადგან ივანიშვილ-კობახიძის რეპრესიული მანქანა უპრეცედენტოა თანამედროვე მსოფლიოში. არსად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ავადსახსენებელი კრემლის და ლუკაშენკოს რეჟიმის ჩათვლითაც კი, ასეთი მზაკვრული მეთოდები არ გამოიყენება მტრებად შერაცხილი ოპონენტების, ასევე საქართველოს ძირძველი, მთავარი პარტნიორ-მეგობრების წინააღმდეგ. არც პუტინი, არც ლუკაშენკო ამ სიტყვებით არ მოიხსენებენ დასავლეთს, ამათ რა სჭირთ? ეს იმის მანიშნებელია, რომ დღეს საქართველოში გაცილებით ტრაგიკული და მძიმე ვითარებაა, ვიდრე ეს შეიძლება, ერთი შეხედვით, ვინმემ წარმოიდგინოს ამ ქვეყანაში ან თუნდაც დასავლეთში.

ამიტომაც, თითქოს შეუძლებელია ახლა რამე ჯანსაღის და ახლის შექმნა, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც ვხვდები, რომ არსებობს მცირე, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს საზოგადოებაში, გააზრებული არჩევანით და მას შეუძლია გაერთიანება. ეს გაერთიანება, სწორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღის წესრიგით შეძლებდა ივანიშვილის რუსული კრიმინალური რეჟიმის სამართლებრივი, ნორმალური გზით დემონტაჟის დაწყებას. საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასეთი სიახლის მოლოდინშია, მხოლოდ ასეთის!

თუ ეს ვერ მოხერხდება მალე, მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ეს შეიძლება ვეღარ მოხერხდეს დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, ივანიშვილი მზაკვრული გეგმის სრული სვლით განხორციელებაშია, ეს უნდა ვაღიაროთ.

  • რა შეიძლება გააკეთო ამ დროს, თქვენი აზრით, წინააღმდეგობაში ჩართულმა ადამიანებმა, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება?

პირველი და უმთავრესი: პოლიტიკოსებად არ ვიბადებით, პოლიტიკოსობას დიპლომი არ სჭირდება, პოლიტიკოსობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი, წესიერი მოქალაქე, აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, გახდეს რეჟიმის ალტერნატივის ერთ-ერთი შემოქმედი! თუკი მოიძებნება საქართველოში 10 ასეთი მოქალაქე, მათი სწორად ორგანიზების, სწორი გეგმის, სტრატეგიისა და ტაქტიკის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რა შედეგიც დადგებოდა უახლოესი თვეების განმავლობაში.

ასევე ვეტყოდი საზოგადოებას, რომ არ უნდა მოვტყუვდეთ, არ შევცდეთ. ზოგჯერ ცხვრის ტყავში გამოჩნდებიან არა მგლები, არამედ ტურები.

უნდა ვიცოდეთ, რომ ივანიშვილი არ არის გულხელდაკრეფილი, ის ყოველთვის ეძებდა და ახლაც აქტიურად ეძებს თავის გადამრჩენელ რგოლებს სატელიტების სახით, რა რა და, ეს ზუსტად ვიცი.

შესაბამისად, არ მოვტყუვდეთ, არ დავუჯეროთ, ვინც გვეტყვის, რომ დადგა ახლის დრო და ამას ისე შეფუთავენ, რომ შეიძლება, ერთი შეხედვით, თვალწარმტაცადაც კი მოგვეჩვენოს ასეთი გაერთიანება. ეს იქნება წინაზე უარესი. ამიტომაც, გულწრფელი, უანგარო, პატიოსანი, მზიასნაირი, ანდრო ჭიჭინაძისნაირი, ზვიად რატიანისნაირი ადამიანების გაერთიანების დრო დგება! ყველამ უნდა დაივიწყოს, რომ პოლიტიკოსობა არ სურს, ან არ შეუძლია: ან ახლა, ან არასდროს!

რას აშენებენ ბათუმის იახტკლუბთან – პროექტი, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა

ლაუნჯი, ყავის ბარი, საქმიანი ზონა, დამხმარე ბლოკი, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები – სწორედ ამას მოიცავს ნაგებობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ნავმისადგომთან მიმდინარეობს. მშენებლობა იახტკლუბის განვითარების პროექტის შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი კი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

ბათუმი, იახტკლუბის მშენებლობა / ფოტო: 14.10.2025

აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 20-წლიანი იჯარით და გარკვეული პირობებით გადასცა. მათ შორის, კომპანია ვალდებული იყო 2021 წლამდე ეტაპობრივად განეხორციელებინა 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

ამ პირობების შესრულებას, ანუ იახტკლუბისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას „სილქ როუდი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით გეგმავდა.

ამ თემაზე: როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „რივიერას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები რამდენჯერმე შეიცვალა. შეიცვალა იახტკლუბის განვითარების პროექტის სამუშაო ვერსიაც. საბოლოოდ კი მშენებლობაზე ნებართვა 2025 წლის მარტში გაიცა.

იახტკლუბის შენობის რენდერი: თავდაპირველი [ზემოთ] და საბოლოო [ქვემოთ] ვერსია, რომელსაც უკვე აშენებენ
„იახტკლუბის მშენებლობის [III კლასის შენობა] მიზნით შეთანხმდეს არქიტექტურული პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2028 წლის 30 მარტამდე“ – აღნიშნულია ბათუმის მერის 2025 წლის 27 მარტის ბრძანებაში.

განმარტებითი ბარათის მიხედვით: „პროექტით გათვალისწინებულია იახტკლუბის მშენებლობა. შენობა შედგება ორი ბლოკისგან, ძირითადი ბლოკი, სადაც განთავსებულია ლაუნჯი, ყავის ბარი, რეცეფცია და საქმიანი ზონა [შეხვედრების და სამუშაო ოთახების სახით] და დამხმარე ბლოკი, სადაც განთავსებულია სველი წერტილები, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები.

ძირითადი ბლოკი შედგება 0.00 და +2.60 ნიშნულებზე განთავსებული ორი მიწის დონის ზედა სართულისგან, ხოლო დამხმარე ნაგებობა ერთსართულიანი ობიექტია. საპროექტო შენობის ფასადები მოპირკეთდება ხით და ქვით. დასაგეგმარებელი შენობის ყველა ნაწილი მისაწვდომია შშმ პირთათვის“.

ბათუმი, იახტკლუბის მშენებლობა / ფოტო: 14.10.2025

შპს „რივიერამ“ 1 ლარად 20 წლით სარგებლობაში მიღებული ქონება განსაკარგავად სხვას – შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა. იახტკლუბის ტერიტორია „რივიერამ“ 19-წლიანი იჯარით გასცა. ეს კომპანია, ქონების იჯარით აღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს თბილისში.

ბათუმის იახტკლუბი – ფოტომონტაჟი პროექტიდან

თავდაპირველი გეგმით ახალ შენობაში „იახტების და სხვა მცურავი საშუალებების აქსესუარების მაღაზია და შოურუმიც“ უნდა განთავსებულიყო, თუმცა, მშენებარე ობიექტის პროექტში ეს გათვალისწინებული აღარ არის.

ბათუმის იახტკლუბი – ფოტომონტაჟი პროექტიდან

კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტრამდე ფართობის სარგებლობაში გადაცემას ითხოვს 2037 წლამდე. კომპანიაში თავის დროზე განაცხადეს, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ.

ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი მიწის ნაკვეთად სახელმწიფომ სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაირეგისტრირა 2019 წელს:

ვრცლად ამ თემაზე: სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

ბათუმი, იახტკლუბის მშენებლობა / ფოტო: 14.10.2025
ბათუმი, იახტკლუბის მშენებლობა / ფოტო: 14.10.2025

იახტკლუბის განვითარების პროექტი მიბმულია იმ პროექტს, რომელიც „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ბათუმში „სილქ თაუერის“ აშენებას ითვალისწინებს. „სილქ თაუერის“ პროექტს „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს, ფინანსური მხარდამჭერი კი „თანაინვესტირების ფონდია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

ამ თემაზე: ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 თაუერი აშენდება – ყველაზე მაღალი 240 მეტრი იქნება

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“, რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით გადასცა, მომგებიანი კომპანია იყო.

„მომგებიანი კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებით ამ კომპანიამ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. აღნიშნული გარიგებით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, – აცხადებდა აუდიტი.

საქმე იმაშია, რომ „რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებული ტერიტორიით [იახტკლუბი] 2038 წლამდე ისარგებლებს. ის შემოსავლები კი, რაც ადრე „იახტკლუბიდან“ აჭარის ბიუჯეტში შედიოდა, „რივიერას“ რჩება. იახტკლუბის ნავსაყუდელში დგომისთვის იახტების, თუ პატარა სასეირნო გემების მფლობელები ფულს იხდიან, სწორედ ამ თანხაზეა საუბარი.

ამ თემაზე:

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

„ნუ დახვალთ ლუარსაბის და დარეჯანის ყოველდღიურობაზე“ – ისტორიის პედაგოგი კოლეგებს

„მირჩევნია, ილიასავით მომკლან სადმე ან დამიჭირონ, ასე მაინც ვიქნები მართალი ჩემ სინდისთან, ვიდრე ჩამომიყალიბდეს მონური მენტალობა“ – ამბობს შალვა მინდაძე, ისტორიის მასწავლებელი.

„ბათუმელებთან“ ის ეხმაურება „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სრული შეზღუდვის მცდელობას.

„ამ ქვეყანაში ფაქტობრივად, გვიკრძალავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ეს მარტო პოლიტიკას კი არა, ზოგადად, ხალხის ღირსებას ეხება.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა აღარ არის თავისუფალი.

შეკრების უფლება მთავარი საძირკველია დემოკრატიისთვის და ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ქუჩაში გამოხვიდე. ეს ნიშნავს, მოქალაქეს შეეძლოს თქმა: „არ ვეთანხმები“, „არ მომწონს“, „არ მინდა“, „მე ასე არ ვფიქრობ“, „ეს არ არის სწორი პოზიცია“ და ასე შემდეგ. როცა ეს უფლება იკარგება, იკარგება თანაბრად ყველასთვის – ოპოზიციისთვის, მასწავლებლისთვის, სტუდენტისთვის და მაშინ რაღა აზრი აქვს რაიმეს სწავლებას?

თეორეტიკოსებად უნდა ვიქცეთ, რომლებსაც რაღაცა ამბის გადაცემის ფუნქცია გვექნება? სხვა არანაირი ფუნქცია აღარ გვექნება ამ კანონებით.

შიშის ატმოსფეროს ქმნიან, რომ ადამიანმა აღარ იფიქროს პროტესტზე, კრიტიკაზე, საჯარო გამოსვლაზე. დღეს ადამიანებს არგუმენტებით კი არ აჩერებენ, არამედ დაშინებით და როცა გეუბნებიან, – „ციხეში გაგიშვებ“, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ საუბრობს მოქალაქესთან, არამედ აშინებს და ზუსტად ეს არის დიქტატურის პირველი სახე.

ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ხალხის ეშინია და ზუსტად ამიტომ იღებს დემოკრატიის შემზღუდველ კანონებს. მაგრამ თუ მოქალაქეს ეშინია გამოთქვას საკუთარი აზრი საჯაროდ, ეს აღარ არის დემოკრატია. ჩემი აზრით, დემოკრატიის აჩრდილიც აღარ არის ასეთ ქვეყანაში.

ამიტომ უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, ნამდვილი დემოკრატია, რომელიც ადამიანების მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც მოიაზრებს, თუ ქვეშევრდომული და მონური ყოფა.

მე მგონი, უფრო მეორე პოზიციისკენ ვიხრებით დღეს“, – ამბობს შალვა მინდაძე.

მისი თქმით, დემოკრატიის წართმევა ხალხისთვის, რესპუბლიკური იდეის გაუქმებასაც ნიშნავს.

„რესპუბლიკა ნიშნავს სახელმწიფოს, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და როცა მოქალაქეს წაართმევ სიტყვას, პროტესტს, შეკრების უფლებას, მაშინ ეს ხალხი აღარ არის სუბიექტი, არამედ ობიექტია. ეს ნიშნავს, რომ რესპუბლიკის იდეა ქრება ფაქტობრივად. ფორმა რჩება, მაგრამ შინაარსი აღარ არსებობს.

შეკრების აკრძალვა ზუსტად ამას გულისხმობს. ასეთ ქვეყანაში აღარ მოქმედებს პრინციპი – „ხალხის მიერ“, „ხალხისთვის“, ხალხის დემოკრატია. რჩება მხოლოდ ხელისუფლების ნება, ანუ პარტიული ხაზი და ეს აღარ არის რესპუბლიკა, რომლის იდეა ეფუძნება ნდობას მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.

ეს არის ავტოკრატიულად გარდაქმნილი სახელმწიფო და სახეზეა ღირებულებითი ცვლილება. მაშინ აღიარონ, ცხადად თქვან, რომ ეს არის ღირებულებების ცვლილება.

რესპუბლიკური იდეა გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებას რაღაცაზე აქვს პროტესტი, კრიტიკული აზრი და თუ ეს აღარ იქნება და ამას კრძალავენ ფაქტობრივად, მაშინ უნდა თქვან, რომ აღარ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვართ დიქტატურა.

მაგრამ, თავისუფლება არ არის რაღაც პოლიტიკური კატეგორია მხოლოდ, არამედ შინაგანი მდგომარეობა და ყველამ ამ თავის შინაგან ხმას უნდა მოუსმინოს.

თუ შინაგანად ნამდვილად თავისუფლები არიან ადამიანები და არ გაჩუმდებიან, მაშინ უნდა იბრძოლონ. სიჩუმის ნაცვლად, გვჭირდება სოლიდარობა. ხმა უნდა ავიმაღლოთ და არა პირიქით და აქ ხაზგასმით მინდა ვთქვა ჩემს კოლეგებზე, რომ  მასწავლებლების ბრალი იქნება ის, რაც ამ ქვეყანაში უახლოეს 10 თვეში დაემართება, რადგან ამ ქვეყანაში 67 000 მასწავლებელია, რომლებსაც მხოლოდ 2000-ლარიანი ხელფასი აკმაყოფილებთ.

ძალიან არ მინდა მათზე უხეშად ვისაუბრო, მაგრამ მაინც ვეტყვი მათ, ნუ დახვალთ „ლუარსაბ-დარეჯანობამდე. ძალიან გთხოვთ, ნუ დადგებით პოზიციაზე, „ხვალ რა ვჭამო“, ზეგ რა ვჭამო.

ილია დღესაც ცოცხალია, ამიტომ გახსენებთ მის სიტყვებს, რომ ნუ დახვალთ ლუარსაბის და დარეჯანის ყოველდღიურობაზე და ერთად ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ქვეყანა ამ უბედურებისგან – დიქტატორული რეჟიმისგან“, – ამბობს შალვა მინდაძე.

მისი თქმით, დღეს რეჟიმი სულ უფრო მეტად უჭერს მარწუხს დემოკრატიას, მაგრამ რაც უფრო მეტად მოუჭერს, სადღაც აუცილებლად გაწყდება.

„სადღაც უნდა ამოხეთქოს და იმედი მაქვს, ეს პროტესტი ამოხეთქავს მასწავლებლებში, სტუდენტებში, იმ ახალგაზრდებში, ვინც ამ ქვეყანაში დარჩა და ბოლომდე არ თმობს თავისუფლებას.

თავისუფალ სამყაროში დაიბადნენ, თავისუფალ სამყაროში დავიბადე მეც, გავიარე აგვისტოს ომი, ვიგრძენი რა არის ომი და ვიცი რა არის რუსული პროპაგანდა, რუსული აგრესია და ნამდვილად ვიცი, რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ გაჩუმდე.

ჩემმა ახლობლებმაც მითხრეს, „არ გინდა, გაჩუმდი“, „რაღაცას შეგამთხვევენ“ – რამდენი ხნით შეიძლება გამიშვან ციხეში?…

მაშინ სად მინდა ყოფნა, რა მინდა, რისთვის ვარ აქ, თუ არ ვიბრძოლე თავისუფლებისთვის. მაშინ მეც ლუარსაბ-დარეჯანის დონეზე ჩავდივარ და ნამდვილად არ მინდა ასეთი ვიყო.

მირჩევნია, ილიასავით მომკლან სადმე ან დამიჭირონ, ასე მაინც ვიქნები მართალი ჩემ სინდისთან, ვიდრე ჩამომიყალიბდეს მონური მენტალობა.

„ოცნების“ წარმომადგენლებს ან მათ ამომრჩევლებს შეიძლება არ ჰქონდეთ სამშობლოს დაკარგვის განცდა, მაგრამ სამშობლოს განცდას თავისუფლება ქმნის. მაგრამ თუ თვლიან, რომ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრებაა მათთვის „თავისუფლება“, თუ თვლიან, რომ  საკუთარ რეგიონს რომ ვერ სცდებიან ვერასდროს და გლობალურ სამყაროში არაფერი უნახავთ, ეგ არის თავისუფლება, მაშინ დაე იცხოვრონ ასეთ „თავისუფლებაში“ და მიირთვან თავიანთი წვნიანი.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ რასაც ისტორიის ახსნისას ვუყვებოდი ბავშვებს, თუ რა გაიარა ქართველმა ერმა, ამის ნახვა რეალობაში მომიწევდა. სინდისს, ნამუსს და ღირსებას ბოლომდე რომ გითელავს რუსეთის იმპერია 1801 წლიდან, მაგას ვიგრძნობდი ახლა. ეს მაგრძნობინეს და ვინაიდან ეს მაგრძნობინეს, ამ ისტორიის მასწავლებლებს ვეტყვი, რომ აღარ ახსნან, აღარ გაბედონ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზე ლაპარაკი, თუ არ აპირებენ ამ ქვეყნის თავისუფლების დაცვას.

საერთოდ გადაახტით ამ თემებს გირჩევნიათ, თუმცა აღარც ეს იქნება პრობლემა, მალე სახელმძღვანელოებსაც შეგვიცვლიან, რადგან კანონები უკვე შეგვიცვალეს და აღარაფერი დარჩება იქამდე, რომ წიგნებიც გადაგვიწერონ.

მაშინ მართლა შეგიძლიათ იყოთ ლუარსაბ-დარეჯანები, მიიკერეთ ეგ იარლიყი, რადგან თუ დღეს ხმას არ იღებთ ამ ქვეყნის დასაცავად, ხვალ ნამდვილად ამის ღირსები იქნებით“, – ამბობს შალვა მინდაძე.

ბათუმის სანაპიროზე მაშველები ზღვაში კაცს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბათუმში, ზღვაში მაშველები ეძებენ კაცს, რომელიც ზღვაში შევიდა და არ გამოსულა.

შემთხვევა დღეს, 14 ოქტომბერს მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავებიც.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

„მზია საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია“ – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

დღეს, 14 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროპარლამენტში მიმდინარეობს კონფერენცია – „თავისუფლება ციხის კედლებს მიღმა: სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერ მოძრაობას“.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ვიდეომიმართვით:

„დღეს მსურს გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები მზია ამაღლობელზე – ქალზე, რომელიც იმ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელიც დღეს საქართველოში დიქტატურის, რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

მზია ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა, რადგან ის ერთ-ერთი და არა ერთადერთია, მათ შორის, ვინც სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფალ მედიას წარმოადგენს, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე 30 წელზე მეტია იცავს სამოქალაქო თავისუფლებებს, უმცირესობების უფლებებს და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას.

აჭარაში, მის რეგიონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისში, როცა ქვეყანაში არსებობდა რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სიტყვას ზღუდავდა, მზია მუდამ დემოკრატიის დაცვის წინა ხაზზე იდგა.

და მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ევროპული კურსიდან გადაეხვია, დაერღვია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს ყველა ინსტიტუციას იმუშაოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და დაიწყო ჩვენი ბრძოლის ეს ეტაპი, სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ მაშინ გახდა ეს პატარა ქალი, მზია, მშვიდობიანი პროტესტის მოძრაობის დროშა.

თავად ვესწრებოდი მის ბოლო სასამართლო პროცესს, რომელიც 11 საათი გრძელდებოდა და მთელი ამ 11 საათის განმავლობაში მზია ფეხზე იდგა, რადგან დამნაშავეთა სკამზე ჯდომა მისთვის მიუღებელი იყო. ეს არასდროს დამავიწყდება!

ის იყო და არის უდანაშაულო! ხელისუფლების მხრიდან თითქოსდა ფსევდორევოლუციების შესახებ მცდარი სცენარების შექმნის მიუხედავად, მზია საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია. მზია იმ მშვიდობიანი ბრძოლის სახეა, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად, სამოქალაქო თავისუფლებებისა და პრესის თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს.

და თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა. მედიის თავისუფლება პირდაპირ დარტყმის ქვეშაა: პირველ რიგში, რეგიონული მედიასაშუალებები, რომლებიც ყველაზე მარტივად ხდებიან თავდასხმის ობიექტები, რადგან ყველაზე პატარები და რესურსების გარეშე არიან, შემდეგ უკვე, ძირითადი ოპოზიციური, ან უფრო ზუსტად, დამოუკიდებელი არხები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის სამიზნეები გახდნენ.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, დამოკიდებული ვართ თავისუფალ ინფორმაციაზე, რათა განვაგრძოთ ჩვენი ბრძოლა საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად და რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 316 დღეა მშვიდობიანი პროტესტის სახით მიმდინარეობს და რომელიც ორ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოში არ დაბრუნდება თავისუფალი მედია, თავისუფლება და დამოუკიდებლობა — თავის ევროპულ გზაზე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„შვილის წამლებისა და კვლევებისთვის დახმარება მჭირდება“ – 9 წლის გიორგის დედა

ჩოხატაურში მცხოვრები, სამი შვილის დედა, ეთო ბარამიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს შვილისთვის წამლების შესაძენად.

მან გვითხრა, რომ მისმა შვილმა, 9 წლის გიორგი ბერიშვილმა კეთილთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ ამჟამად ნევროლოგიური პრობლემების სამკურნალოდ მედიკამენტები და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვა ესაჭიროება.

ეთო ბარამიძემ გიორგის სამედიცინო დოკუმენტაციაც წარმოგვიდგინა, რომელიც ქუთაისის კლინიკა „ბომონდშია“ გაცემული. გიორგის ფორმა 100-ში ვკითხულობთ, რომ ბავშვს აღენიშნება ქცევითი დარღვევები, მეტყველების გაძნელება და ა.შ.

„გიორგი სკოლაში დადის, სპეციალური მასწავლებელი ჰყავს, მაგრამ მკურნალობა და ექიმთან განმეორებითი ვიზიტი სჭირდება, რისი საშუალებაც არ გვაქვს. 3 შვილი მყავს და ვერ ვმუშაობ, უმცროსსაც თვალის პრობლემა აქვს, ახლა ვერც მეუღლე მუშაობს, ჩოხატაურში ნაქირავებში ვცხოვრობთ“ – გვითხრა ეთო ბარამიძემ. მან ასევე გვიამბო, რომ აქამდე რაჭაში ცხოვრობდნენ, მოკლე ხნის წინ გადმოვიდნენ ჩოხატაურში საცხოვრებლად, სადაც ეთოს მშობლები ცხოვრობენ, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან.

კითხვაზე, მიმართა თუ არა მუნიციპალიტეტს დახმარების თხოვნით, ეთო ამბობს, რომ მათ ოჯახს დაჰპირდნენ ბინის ქირის საფასურის გადახდაში შეშველებას და იმედი აქვთ, რომ ამ დახმარებას მიიღებენ, თუმცა წამლების შეძენა მათ თავად უნდა შეძლონ, რისი საშუალებაც არ აქვთ.

„წამლების თანხა, ამას ემატება ექიმის განმეორებითი კონსულტაციისთვის ფული, ახალი კვლევები და წამლები იქნება საჭირო, რისი საშუალებაც არ გვაქვს“ – გვითხრა ეთო ბარამიძე.

გიორგის და მისი ოჯახის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე: 

TBC ბანკი: GE66TB7842845061100138 

საქართველოს ბანკი: GE66BG0000000610025929

მიმღები: გიორგი ბერიშვილი

„ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე“ – „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს

„ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 14 ოქტომბერს, მედიასთან კომენტარი გააკეთა დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლის თანახმადაც „ოცნება“ იმ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს.

„სრულ სიას იხილავთ იმ დღეს, როცა ოფიციალურად შევა სარჩელი. რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს – პრინციპი არის შემდეგი: პირველი, ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი, დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

14 ოქტომბერს „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათივე საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს.  მისი თქმით, სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

მისი თქმით,  კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება.

ამ თემაზე: 

„ოცნება“ კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აკრძალვებს უწესებს

ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ტერორი საქართველოში უკვე ახალ სიმაღლეებს აღწევს.

„მმართველმა პარტიამ წარმოადგინა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, მათ წევრებს კი სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასაც უკრძალავს. ქუჩის დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ზომები კი სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდება“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობას ისევ ამკაცრებს. გამკაცრებული ცვლილებები „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს წარადგინა ბრიფინგზე.

მაგალითად:

შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ამავე თემაზე:

15 დღემდე პატიმრობა აქციაზე სახის ნიღბის ტარებისთვის – „ოცნება“ ახალ რეპრესიულ კანონებს აანონსებს

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ოქტომბრის 21 საათიდან 15 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 8- 13 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 16-17 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 125 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 256 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 345 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 33 628 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 520 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 225 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 69 632 ერთეული [+390]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 859 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 64 188 ერთეული [+145]
  • სპეცტექნიკა – 3 977 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 90 139 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 498 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 600 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 446 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 43 922 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას ნიშნავს მოსამართლეების სიჩუმე, როცა ექს-მოსამართლე ჰყვება, რომ კაბინეტში გამოკეტეს

„ყოფილი მოსამართლის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ არ ყოფილა გამოხმაურება უშუალოდ იმ პირების მიერ, იმ პირთა ჯგუფის მიერ, ვინც იყო ამ პროცესებში ჩართული, მათ არ უარუყვიათ ეს ფაქტობრივი გარემოებები. ერთგვარი დუმილი შეიძლება საზოგადოებამ აღიქვას თანხმობად, ვინაიდან იურიდიულ ლიტერატურაში დუმილი განიხილება, როგორც დადასტურებად, თუ ამის უარყოფა უშუალოდ ამ პირების მხრიდან არ მოხდება,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

მას მოსამართლეების რეაქციაზე ვკითხეთ იმ დროს, როცა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ჰყვება, როგორ გამოკეტეს, მაგალითად, მოსამართლეები კაბინეტში, ვიდრე „ოცნებისთვის“ მისაღებ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის საუბრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი 2025 წლის 2 ოქტომბერს იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაავრცელა. ყოფილი მოსამართლე ჰყვება, რომ მას კონკრეტული საქმეების განხილვის დროს „ქართული ოცნება“ და სასამართლო კლანის წევრები სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, ქრთამი შესთავაზეს, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება აიძულეს და თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

მოსამართლეები, რომლებიც ბესარიონ ალავიძესთან ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა საქმეს უზენაეს სასამართლოში – მათ შორის, ყველაზე გახმაურებული „რუსთავი 2“-ის საქმეა – დღეს დუმილს ამჯობინებენ. სიჩუმეს ამჯობინებენ ყოფილი მოსამართლეებიც. რამდენიმე მოსამართლემ კი უარყო ყოფილი კოლეგის – ბესარიონ ალავიძის მონაყოლი.

რას ნიშნავს მოსამართლეების დუმილი? – „ბათუმელებმა“ იურისტ გიორგი ხიმშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, რას ნიშნავს სამართლებრივად, როცა  უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე საუბრობს კონკრეტულ დანაშაულებზე სასამართლო სისტემაში, მოსამართლეების მიმართ მუქარაზე, ქრთამის შეთავაზებაზე და ასე შემდეგ, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების დიდი ნაწილი კი, დუმილს არჩევს?

ცხადია, ბესარიონ ალავიძის ამ ვიდეოჩანაწერს ვუსმინე ყურადღებით. პირველი, რასაც აჩვენებს ეს ჩანაწერი, არის სასამართლო სისტემაში ერთგვარი კორპორაციული მმართველობის ელემენტების დადასტურება, რაზეც წლებია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება, იურისტები.

რაც შეეხება გარკვეულ საქმეებზე მომხდარ ფაქტებს, ეს, რა თქმა უნდა, გამოძიების საგანი უნდა გახდეს. აქ საუბარია უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მოსამართლეზე, რომელმაც ისაუბრა ფაქტობრივ გარემოებებზე. ამ ფაქტების შემოწმება, ცხადია, უნდა მოხდეს გამოძიების შედეგად.

გამოჩნდა ძალიან რთული სურათი: მმართველობა სასამართლო სისტემაში არ არის დაფუძნებული კანონის უზენაესობაზე, იმ ღირებულებებზე, რასაც უნდა ეფუძნებოდეს სასამართლო სისტემა იმისათვის, რომ მის მიმართ საზოგადოების სანდოობა მაღალი იყოს. სასამართლო სისტემა განსაზღვრავს სახელმწიფოებრივ განვითარებას. მოსამართლე, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მტკიცე თავის პროფესიული მოვალეობის განხორციელების დროს, ის შეიძლება აღმოჩნდეს აბსოლუტურად დაუცველი.

გიორგი ხიმშიაშვილი

მოსამართლემ ისაუბრა წლების წინ მომხდარ ფაქტზე, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ეს ფაქტები არ არის განგრძობითი ხასიათის და ამოიწურა.

სასამართლო უნდა იყოს მოწადინებული, რომ გააქარწყლოს ნებისმიერი ეჭვი, რომელიც ჩნდება ამ სისტემის მიმართ. სამწუხაროდ, ყოფილი მოსამართლის ამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ არ ყოფილა გამოხმაურება უშუალოდ იმ პირების მიერ, იმ პირთა ჯგუფის მიერ, ვინც იყო ამ პროცესებში ჩართული, მათ არ უარუყვიათ ეს ფაქტობრივი გარემოებები.

ერთგვარი დუმილი შეიძლება საზოგადოებამ აღიქვას თანხმობად, ვინაიდან იურიდიულ ლიტერატურაში დუმილი განიხილება, როგორც დადასტურებად, თუ ამის უარყოფა უშუალოდ ამ პირების მხრიდან არ მოხდება. ნებისმიერ პროცესს სჭირდება ადეკვატური პასუხი, რაც ჩვენ, საზოგადოებას, ამ დრომდე არ მოგვისმენია.

  • უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – ნინო გვენეტაძე როცა არ უარყოფს, მაგალითად, ბესარიონ ალავიძის მიერ დასახელებულ ფაქტებს, ან სხვა მოსამართლე, ეს შეიძლება განვიხილოთ ამ ფაქტების ერთგვარ დადასტურებად? 

ის, რომ კომენტარს არ აკეთებს და არ უარყოფს პირი – ობიექტური დამკვირვებლისთვის არ აღიქმება, როგორც ფაქტის უარყოფა. ყოფილი მოსამართლე არაერთ ადამიანს ასახელებს და, შესაბამისად, ამ ადამიანებისგან [მოსამართლეები, ყოფილი მოსამართლეები] უარყოფა მნიშვნელოვანია, ან დადასტურება, იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შეფასების შესაძლებლობა.

შესაბამისად, ინდივიდუალურად ამ მოსამართლეების შეფასების დროს საზოგადოებას, ცხადია, ვერ ექნება მათ მიმართ ნდობა. ბევრი გაუცემელი კითხვა ისევ სასამართლო ინსტიტუციას აყენებს ჩრდილს.

ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია იმ პირისგან, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო პროცესებში, უშუალოდ იყო უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იპოვონ სამართალი, ისინი იგებენ, რომ სამართლის პოვნა არ არის მარტივი პროცესი, რადგან ამ პროცესების მიღმა არის ინტერესები. თუ ადამიანები, სამართლებრივ დაცულობას ვერ იგრძნობენ, მათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ცხადია არასდროს ექნებათ ნდობა.

ამიტომაც, როდესაც ეს ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი, თავად სასამართლოს უნდა ეცადა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა. თუ საჭიროდ ჩათვლიდა, თავად უნდა მიემართა გამოძიებისთვის, რომ ეს ინფორმაცია სხვა ინსტანციების მიერ ყოფილიყო სათანადო დოზით შეფასებული და გამოძიებული.

  • უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – პაატა ქათამაძე, რომელიც ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, უარყოფს იმ ფაქტებს, რაზეც ბესარიონ ალავიძე საუბრობს. ეს არაა საკმარისი?

აქ საუბარია ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებზე. ეს ხომ ინდივიდუალური საუბრები არ იყო მოსამართლეებს შორის? საუბარია ყოფილ, მოქმედ მოსამართლეებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობაში არიან ავტორიტეტები, არიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, ამიტომ მათი მხრიდან საზოგადოების ინფორმირება იქნებოდა მნიშვნელოვანი და ამას ელოდა საზოგადოება. ამას საზოგადოება ისევ ელოდება.

როდესაც ადამიანები ინფორმაციას ვერ იღებენ, ცხადია, ამ საკითხზე კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება. პასუხგაუცემელი კითხვები, პრობლემაა სასამართლოს, როგორც ინსტიტუციური რგოლის მიმართ.

  •  ყოფილი მოსამართლის სკანდალური ვიდეოჩანაწერი 2 ოქტომბერს გასაჯაროვდა. დღეს 13 ოქტომბერია და პროკურატურა ისევ ვერ ამბობს, რომ ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. რას ნიშნავს სამართლებრივად პროკურატურის დუმილი? 

პროკურატურა ვალდებულია საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. გამოძიების არდაწყება შეიძლება განვიხილოთ სამართლებრივ გადაცდომად… ჩვენ გვინახავს არაერთი საქმის გამოძიება მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.

ის, რომ გამოძიება არ დაიწყო, მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა ვერ უპირისპირდება პოლიტიკურ გავლენებს, ვერ იღებს ინსტიტუციურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.

ამ თემაზე:

„მიფიქრია, მანტიით ჩამოვიკიდებ თავს სასამართლოზე-მეთქი“ – რას ჰყვება უზენაესის ექსმოსამართლე ზეწოლაზე

15 დღემდე პატიმრობა აქციაზე სახის ნიღბის ტარებისთვის – „ოცნება“ ახალ რეპრესიულ კანონებს აანონსებს

უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობას ისევ ამკაცრებს.

გამკაცრებული ცვლილებები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დღეს, 14 ოქტომბერს, წარადგინა ბრიფინგზე.

მისი თქმით, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.

კერძოდ:

შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ასევე, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.

________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, 2024 წლის 3 დეკემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

„სპეკულირებს ოკუპაციით“ – სახალხო დამცველი „რეფორმერ ფიტნესის“ განცხადებაზე

სახალხო დამცველი ეხმიანება ბათუმში მდებარე ფიტნესდარბაზის, „რეფორმერფიტნესის“ განცხადებას, რომლითაც შპს „რეფორმერფიტნესის“ დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართა ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩის საჩივართან დაკავშირებით.

საქმე ეხება ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩის განცხადებას, რომლითაც მას სახალხო დამცველისთვის 19 სექტემბერს მიუმართავს, „რეფორმერფიტნესის“ მომსახურებაზე უარი მითხრეს პოლიტიკური შეხედულების ნიშნითო. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქის უკმაყოფილება გამოიწვია „რეფორმერფიტნესთან“ ხელშეკრულების ფორმამ, რომელშიც მითითებული იყო ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ. მოქალაქემ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას, შესაბამისად, ვერც მომსახურება მიიღო და მან სახალხო დამცველს მიმართა.

სწორედ ამ განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველმა „რეფორმერფიტნესისგან“ მოითხოვა პოზიციის დაფიქსირება და მასალები, რის საპასუხოდაც „რეფორმერფიტნესის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ფუტკარაძემ 10 ოქტომბერს სახალხო დამცველს საჯაროდ, ფეისბუქის საშუალებით უპასუხა:

„ჩვენ, როგორც კერძო ბიზნესი და მესაკუთრე, უფლებამოსილი ვართ ავირჩიოთ სტუმრები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ისევე, როგორც მომხმარებელს აქვს უფლება აირჩიოს პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებელი თავისი გემოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“.

დღეს კი, 13 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

„სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველი ინსტიტუტი, ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთან, საქმის სრულყოფილად შესწავლის პროცესში აპარატი ახდენს მოპასუხის ინფორმირებას და გამოითხოვს რელევანტურ ინფორმაციას.

დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება ასევე, კერძო დაწესებულებებზე, რომლებიც მომხმარებლებს სერვისს და მომსახურებას სთავაზობს. ანტი-დისკრიმინაციული კანონი ცალსახად განმარტავს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე“ – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის მე–11 მუხლით განმტკიცებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპის საკანონმდებლო იმპლემენტაციის კონსოლიდირებულ მექანიზმს და კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.

„სწორედ სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია შპს „რეფორმერ ფიტნესისგან“, რომელიც უმნიშვნელოვანესია სავარაუდო დისკრიმინაციის შეფასებისთვის და საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის“ – განმარტავს სახალხო დამცველი და აქვე დასძენს:

„კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება კი ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით – საქართველოს ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით.

კიდევ ერთხელ ცალსახად განვმარტავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეისწავლოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ნებისმიერი განცხადება და საკითხის ისე წარმოჩენა, რომ სახალხო დამცველი არ უნდა რეაგირებდეს, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის განცხადებებზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“.

ამავე თემაზე: 

„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოვემსახურებით“ – რეფორმერ ფიტნესის პასუხი სახალხო დამცველს

ბათუმელი მედროშისთვის ფულს აგროვებენ – მას ციხეში ტანსაცმელი უკვე შეუგზავნეს

„4 ოქტომბრის“ საქმეზე დაკავებულ ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს და ციხეში საკვები, ასევე ტანსაცმელი შეუგზავნეს.

ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეები ამჯერად ზურაბ ჭავჭანიძისთვის ჰიგიენური საშუალებების შესაძენად აგროვებენ ფულს.

ბათუმელ მედროშეს შეგიძლიათ დაეხმაროთ მითითებულ ანგარიშებზე:

„თიბისი“ ბანკი: GE47TB7002743365100007 

„საქართველოს ბანკი“: GE13BG0000000162543573

მიმღები მალხაზ ჭკადუაა, რომელიც სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრია. მალხაზ ჭკადუას თქმით, ზურაბ ჭავჭანიძეს მალე ბარათს დაუმზადებენ და ბათუმელი მედროშე ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაშიც შეძლებს გარკვეული პროდუქტების შეძენას.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში ორი მუხლია და მხოლოდ ერთი ვიდეოკადრი – კადრში ჩანს, როგორ გადაადგილდება ზურაბ ჭავჭანიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში.

ამავე თემაზე:

ზურაბ ჭავჭანიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება – რა ბრალი წარუდგინეს დაკავებულებს

ხელფასებში ცესკომ სამ წელში 113,3 მილიონი ლარი დახარჯა

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო [ასევე საუბნო] კომისიების ხარჯებმა ჯამში 9,1 მილიონი ლარი შეადგინა. სწორედ ეს თანხაა მითითებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] 10 ოქტომბრის დადგენილებაში. აღნიშნული ხარჯები ცესკოს მიერ თავიდან განსაზღვრულზე 1,4 მილიონით მეტია.

„2025 წლის ოქტომბერში გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ცესკომ დადგენილება თავდაპირველად 2025 წლის 11 მარტს მიიღო. მარტის დადგენილებით 73 ოლქისთვის ხარჯი ჯამში 7 763 585 ლარი იყო განსაზღვრული.

ცესკომ აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანა, ბოლო ცვლილება არჩევნების შემდეგ – 10 ოქტომბერს შევიდა, რომლითაც საოლქო და საუბნო კომისიების ხარჯებისთვის ჯამში 9 173 299 ლარია გაწერილი [ანუ 1 409 714 ლარით მეტი, ვიდრე მარტში იყო განსაზღვრული]. აქედან, აჭარის 6 საოლქო კომისიისთვის ჯამში – 890 ათას 953 ლარი.

ეს არის მხოლოდ საოლქო კომისიების, ასევე საუბნო კომისიებისა და დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები.

საქართველოს ბიუჯეტის კანონის მიხედვით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2023 წელს 91,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2024 [საარჩევნო] წელს – 171,2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2025 [ასევე საარჩევნო] წელს კი – 129,1 მილიონი ლარია გაწერილი.

აქედან უშუალოდ ხელფასებისთვის კი დაიხარჯა: 2023 წელს – 19,7 მილიონი ლარი, 2024 წელს – 42,7 მილიონი ლარი, ხოლო 2025 წელს – 50,9 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, ბოლო სამ წელში, წლევანდელი წლის ჩათვლით, ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით ხელფასებში [ცესკოსა და საარჩევნო კომისიების ჩათვლით] 113,3 მილიონი ლარი დაიხარჯა ქვეყნის ბიუჯეტიდან. 

ხელფასები შემდეგი საქმიანობებისთვის არის გაცემული: საარჩევნო გარემოს განვითარება – 47,2 მილიონი ლარი; საარჩევნო ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა – 3,3 მილიონი ლარი; ხოლო უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები – 62,7 მილიონი ლარი.

სახელმწიფო ფულს ხარჯავს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიაც [უსკო]. აჭარის ბიუჯეტის კანონის მიხედვით უსკოს ხარჯებია:

2023 წელს – 1,5 მილიონი ლარი, 2024 წელს – 4 მილიონი ლარი [უმაღლესი საბჭოს არჩევნების წელი] და 2025 წელს – 1,6 მილიონი ლარი.

უსკოში ხელფასებისთვის კი აღნიშნულ წლებში ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისად: 928,5 ათასი ლარი, 3,2 მილიონი ლარი და 1,28 მილიონი ლარი.

2025 წლის 10 ოქტომბერს ცესკომ კიდევ ერთი დადგენილება მიიღო, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ყოველწლიური სერტიფიცირება გააუქმა. 

აქამდე სერტიფიცირება ტარდებოდა წელიწადში ერთხელ მაინც. ახალი დადგენილებით კი, „არასაარჩევნო წელს, როგორც წესი, სერტიფიცირება არ ტარდება, ხოლო საერთო არჩევნების წელს სერტიფიცირება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. ჩატარების ვადები და ადგილი/ადგილები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.“

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოების ნაწილმა. ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყანაში 319-ე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიების უმრავლეობამ. არჩევნებს არ აკვირდებოდა არცერთი კომპეტენტური ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია. მოსახლეობის აქტივობის კუთხითაც 4 ოქტომბერს [ცესკოს მონაცემებით] ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, „ოცნების“ ხელისუფლებამ კი პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები განაახლა. „4 ოქტომბრის საქმეზე“ პოლიციამ 11 ოქტომბრის მონაცემებით სულ 46 პირი დააკავა.

ფოტოზე: 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

ქობულეთის შემოვლითი გზის ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერია დაზიანებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე სპეციალური რკინის კონსტრუქცია [სადეფორმაციო ნაკერი], რომელიც ესტაკადაზეა, მინიმუმ ორი თვეა რაც დაზიანებულია. დაზიანებული კონსტრუქცია კი, ავტომობილების მოძრაობისთვის უსაფრთხო არ არის.

სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს.

დაზიანებული კონსტრუქცია ქობულეთის შემოვლით გზაზე / ფოტო: 11.10.2025

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის შესახებ ინფორმირებული არიან და ის მთლიანად უნდა შეიცვალოს, მანამდე კი გზის მოვლითი სამუშაოები ტარდება, ამასთან, ეს ადგილიც ზედამხედველობის ქვეშაა.

მოვლას რაც შეეხება, „ბათუმელების“ ინფორმაციით, რკინის კონსტრუქციის დაზიანებულ ნაწილებს პერიოდულად ერთმანეთთან ადუღებენ, ამ დროს კი ორზოლიან მაგისტრალზე საცობიც იქმნება:

ქობულეთის შემოვლითი გზა / ფოტო: 6 სექტემბერი, 2025 წელი

„აღნიშნული ლითონის კონსტრუქცია უახლოეს პერიოდში მთლიანად შეიცვლება“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში 7 ოქტომბერს.

დაზიანებული კონსტრუქცია ქობულეთის შემოვლით გზაზე / ფოტო: 11.10.2025

ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად უსაფრთხო ისედაც არ არის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქობულეთის შემოვლით გზაზე 105 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა სულ ცოტა 221 ადამიანი [მხოლოდ 2025 წლის ზაფხულში ამ გზაზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც].

ქობულეთის შემოვლით გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი მონაცემები არ გვაქვს.

ქობულეთის შემოვლითი, 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის დაფინანსების, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა და სხვა დეტალები ამ დრომდე კვლავ უცნობია.

ვრცლად ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

სუსის ცნობით, აჭარაში 3 პირი დააკავეს ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუს-ი] დღეს, 13 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ აჭარაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

სუს-ის ინფორმაციით, აჭარაში ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას სპეციალური ღონისძიება ჩატარდა და „გამოვლენილია გარკვეული ტერორისტული აქტივობები“.

სუს-ის ვერსია ასეთია:

„ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ე.წ. თეგბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება“.

სუს-ი აცხადებს, რომ „ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ“, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე ბრიფინგზე არ თქმულა.

სუს-ის ინფორმაციით:

„საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფებების წევრები გეგმავდნენ ისლამური სახელმწიფოს გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, ….რითაც მოახერხებდნენ ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.

დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი; სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტა“.

სუს-ის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 328-ე მუხლებით – ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში. 

დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

__________

ფოტოზე: კადრი სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.

ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – დაიწვა რამდენიმე ბარაკი

ხანძარი იყო დღეს, 13 ოქტომბერს ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ .

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიწვა 4 საცხოვრებელი ბარაკი.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ხანძარი უკვე ჩამქრალია: „დაიწვა რამდენიმე ბარაკი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 123 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 251 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 345 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 33 599 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 520 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 225 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 69 242 ერთეული [+232]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 859 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 64 043 ერთეული [+109]
  • სპეცტექნიკა – 3 977 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 89 944 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 483 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 600 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 416 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 43 839 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვიდეო მზია ამაღლობელის შესახებ – ჩვენება პრაღაში, „ფორუმი 2000“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე

ვიდეო მზია ამაღლობელის შესახებ - ჩვენება პრაღაში, ფორუმი 2000-ის დაჯილდოების ცერემონიალზე

დღეს, 12 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მზია ამაღლობელსა და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას საერთაშორისო ჯილდო გადასცეს.

 

დღეს პრაღაში პასუხისმგებლობისა და სიმამაცისთვის მზია ამაღლობელს საერთაშორისო ჯილდო გადასცეს – ფორუმი 2000

დღეს, 12 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მზია ამაღლობელსა და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას საერთაშორისო ჯილდო გადასცეს.

„წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – აცხადებს მასპინძელი „ფორუმ 2000“.

საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის სახელით „ფორუმი 2000“-ს საბა ბრაჭველი ესწრება.

„ფორუმი 2000“-ის მონაწილეებს მზია ამაღლობელის გზავნილები გაუზიარა თამარ რუხაძემ – ,,ნეტგაზეთისა” და ,,ბათუმელების” წარმომადგენელმა:

„სიმამაცე და პასუხისმგებლობა – ეს ორი სიტყვა ალბათ ყველაზე უკეთ აღწერს მზიას, ვიდრე სხვა ნებისმიერი.

სწორედ მისი გამბედაობა უზარმაზარი უსამართლობის წინაშე იყო ის, რამაც მას დღეს ეს ჯილდო მოაპოვებინა.  

და მისი ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობა იყო ის, რაც თან მიჰყვებოდა მისი პროფესიული კარიერის 25 წლის მანძილზე.  

ორივე მათგანს ერთი წყარო აქვს: ესაა მისი გულწრფელი სიყვარული თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისადმი. მას მთელი თავისი არსებით სჯერა, რომ პრესის თავისუფლების დაცვა ნიშნავს ხმის მიცემას ყველაზე დაუცველებისთვის და ამ გზით ძალაუფლების მიცემას მათთვის, ვისაც ეს ძალაუფლება ერთი შეხედვით ყველაზე ნაკლები აქვთ.

სწორედ მისი სიმამაცე დაეხმარა, გადაეტანა დაპატიმრება, არაადამიანური მოპყრობა, დაშინება და 38-დღიანი შიმშილობა… 

 

თამარ რუხაძე დაჯილდოების ცერემონიალზე

მზია რომ აქ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა, რომ ის ამ ჯილდოს იღებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის გუნდის და თავისი კოლეგების სახელით. საქართველოს იმ მამაცი ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დღევანდელი წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრში არიან. 

ისინი იმსახურებენ თქვენს ყურადღებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას. ამიტომ გთხოვთ – ხმა აიმაღლეთ მათ დასაცავად.

საქართველოს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტპატიმრებისა და იმ მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც რუსული გავლენის წინაშე არ ნებდებიან.

რადგან ეს ბრძოლა არ ეხება მხოლოდ ძალაუფლების მყოფ ერთ პარტიას – ეს ეხება რუსეთის მცდელობას, ჩვენი მთავრობის დახმარებით, საქართველო საკუთარ ორბიტაში დააბრუნოს.

და საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო ამ ბრძოლაში, რადგან ევროპისა და დემოკრატიის უსაფრთხოება სწორედ ასეთი რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლით იწყება. 

და ჩვენ დღეს გვჭირდება მხარდაჭერა – არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებით.

მოქმედებებით, რომლებიც რეალურ შედეგებს მოუტანს მათ, ვინც ებრძვის დემოკრატიას, ანადგურებს მედიას და არღვევს ადამიანის უფლებებს.

სანქციები მათთვის, ვინც იტაცებს სასამართლოს, ახშობს განსხვავებულ აზრს და შიგნიდან შლის ინსტიტუტებს.

ახლახან ქართველმა ემიგრანტებმა შექმნეს მოძრაობა მზია და მზიას სია – ეს არის სია, რომელშიც დოკუმენტირებულია ის ხალხი, ვინც პასუხი უნდა აგოს თავისუფლებაზე თავდასხმისთვის: ვინც აყალბებს მტკიცებულებებს, გამოსცემს უსამართლო განაჩენებს, ავრცელებს ანტიევროპულ პროპაგანდას და თავს ესხმის ჟურნალისტებს, აქტივისტებს, მოქალაქეებს.

ჩვენ ვთხოვთ ყველას, ვისაც აქვს ამის ძალაუფლება – გამოიყენეთ ეს სია. დააკისრეთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანებს.  

დღეს საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს იმ იდეის მხარდაჭერას, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა განუყოფელია, და რომ ძალაუფლება ეკუთვნის მათ, ვისაც ჰყოფნის გამბედაობა, თქვას სიმართლე, მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება ძალიან საშიშია. 

დაჯილდოების ცერემონიალი

და სწორედ ეს დაგვანახვა მზიამ:

მათ შეიძლება გამოგკეტონ ციხეში, მათ შეიძლება წაგართვან სინათლე, მაგრამ ვერსადროს გაგტეხენ, როდესაც სიმართლე შენთანაა.

სიმართლეა დღეს ჩვენი იარაღი და ჩვენ ამ იარაღით ვიბრძვით. ვიბრძვით თავისუფლებისთვის – რადგან მის ნამდვილ ფასს მხოლოდ მაშინ ხვდები, როდესაც ხედავ, რას ნიშნავს მისი დაკარგვა. და ჩვენ ეს ცხადად დავინახეთ.

ამიტომაც ვერც ციხის კედლები, ვერც ჯარიმები და ვერც მუქარა ვერ ჩაახშობს თავისფულების წყურვილს.

ამიტომაც ვიბრძვით – ბოლომდე, ვიდრე გვიანი არ არის“.

___

ამავე თემაზე:

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადასცემენ

აჭარის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,  გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის  პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე რ.დ.-მ, შს სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის  გადამოწმების და მოქალაქე რ.კ.-სთვის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ჯამში 1000 აშშ დოლარი აიღო.

დაკავებისას  რ.დ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების დანახვაზე, მისი ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც მოახდინა შეჯახება. შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა მიმალვას, რად დროსაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას თანხის ნაწილი – 500 აშშ დოლარი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში თაღლითობის მუხლით ორი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ  მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის – 1986 წელს დაბადებული  ე.ჯ. -ს კუთვნილ ორ ავტომობილს.

კერძოდ, ბრალდებული  დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მისგან შეძენილი ავტომობილების  საფასურს  ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ე.ჯ.-ს  30 167 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა კიდევ ერთი მოქალაქის თანხას.

რაც შეეხება თაღლითობის  ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს  ბ.ხ. – ს,  გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი საწარმოს  50 000 ლარამდე  ღირებულების ხორცპროდუქტს.

თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული  9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის 21 საათიდან 13 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 7 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს – 14 და 15 ოქტომბერს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 122 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 248 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 345 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 33 578 ერთეული [+10]
  • MLRS – 1 518 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 225 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 69 010 ერთეული [+244]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 859 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 63 934 ერთეული [+87]
  • სპეცტექნიკა – 3 976 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 89 600 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 472 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 598 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 381 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 43 755 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოვემსახურებით“ – რეფორმერ ფიტნესის პასუხი სახალხო დამცველს

„არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს, როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით. თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს. როგორც ჩანს, თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემოგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერებს. გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე.“ – წერს შპს „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორი გიორგი ფუტკარაძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.

შპს „რეფორმერ ფიტნესისის“ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით კომპანიის დირექტორს, გიორგი ფუტკარაძეს სახალხო დამცველმა ოფიციალური წერილით 2025 წლის 25 სექტემბერს მიმართა: „ ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩის საჩივართან დაკავშირებით.“

იმავე წერილის მიხედვით  ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით 2025 წლის 19 სექტემბერს (N8485/2025) მიმართა, სადაც განმარტა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს შპს „რეფორმერ ფიტნესს“ მომსახურების შესაძენად ეწვია, თუმცა მას უარი უთხრეს.

„მომსახურების მიღებისთვის ადმინისტრატორმა მას ხელმოსაწერად დოკუმენტი გადასცა, რომელშიც მითითებული იყო ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. განმცხადებელმა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის გამოც მომსახურების მიღება ვერ შეძლო. იგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლია.“ – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორს ამ საჩივართან დაკავშირებით სთხოვს, პოზიცია 10 დღის ვადაში წარუდგინოს და თან დაურთოს მასალები:

  • დეტალური ინფორმაცია იმ დოკუმენტის სამართლებრივი ფორმისა და შინაარსის შესახებ, რომელიც განმცხადებელს ხელმოსაწერად გადაეცა.
  • დოკუმენტის ნიმუშის ასლი.

სახალხო დამცველს ასევე აინტერესებს: „არის თუ არა აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის მოთხოვნა სტანდარტული/დადგენილი პრაქტიკა მომსახურების მიმღებ ყველა მომხმარებელთან მიმართებით, თუ მასზე ხელმოწერის ვალდებულება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება.“

შპს „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორი ორგანიზაციის ფეისბუქის გვერზე წერს, რომ გადაწყვიტა სახალხო დამცველს სახალხოდ, ანუ საჯაროდ უპასუხოს:

„ვინაიდან და რადგანაც კანონის ენით “საქართველოს სახალხო დამცველი” გქვიათ, გადავწყვიტეთ, თქვენს #25/7686 წერილზე პასუხი გაცნობოთ სახალხოდ და არა შეტყობინებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
შეგიძლიათ აცნობოთ საჩივრის ავტორსაც.

ჩვენ, როგორც კერძო ბიზნესი და მესაკუთრე, უფლებამოსილი ვართ ავირჩიოთ სტუმრები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ისევე, როგორც მომხმარებელს აქვს უფლება, აირჩიოს პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებელი თავისი გემოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას, არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. “

გიორგი ფუტკარაძე სახალხო დამცველს ასევე პასუხობს, რომ ორგანიზაცია არ ემსახურება პოლიციის თანამშრომლებს და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც ფეისბუქსის გვერდზე აქვს გამოქვეყნებული:

 

ავთანდილ სურმანიძეს, რამაზ მამულაძესა და ხვიჩა გოგოხიას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დააკმაყოფილა ქეთევან სონაძის შუამდგომლობა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ია დარახველიძეს საპატიმრო გირაო შეუფარდა 10 000 ლარის ოდენობით. ავთანდილ სურმანიძეს, რამაზ მამულაძესა და ხვიჩა გოგოხიას კი — პატიმრობა.

ია დარახველიძეს გირაოს შეტანის ვადად 30 დღე განესაზღვრა.

სხდომის დასაწყისში პროკურატურა ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. კრეატიული დირექტორისა და მუსიკოსის, ია დარახველიძის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ სასამართლოს წარუდგინა იას ჯანმრთელობის მდგომარეობის, ეპილეფსიის და მისი მართვის გაიდლაინის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, დაასაბუთა რამდენად საფრთხისშემცველია ია დარახველიძისთვის პატიმრობაში ყოფნა, რომელსაც გასულ ღამეს, იზოლატორშიც ჰქონდა შეტევა.

პროკურორმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია იყო სიახლე, საჭირო იყო გადამოწმება და შესვენება ითხოვა. შესვენების შემდეგ, განაცხადა, რომ პროკურატურამ შეცვალა მიდგომა ია დარახველიძის მისამართით და მისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო მოითხოვა, 10 000 ლარის ოდენობით. სამომავლოდ არ გამორიცხა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა სხვა პატიმრებისთვისაც, მათი მდგომარეობების გათვალისწინებით.

მანამდე მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დააკმაყოფილა პროკურორ ნუკრი ჭიტაძის შუამდგომლობა და პატიმრობა შეუფარდა ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად გაიმართა ორი სხდომა, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორიგი 8 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. ეს ამ დროისთვის დაკავებული 46 ადამიანიდან ბოლო რვა იყო.

დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა ორი სხდომა, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორიგი 8 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ.

ბათუმელი აქტივისტის და კიდევ 7 დაკავებულის აღკვეთის შეფარდების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს

დღეს, 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა ორი სხდომა, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორიგი 8 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.  ეს ამ დროისთვის დაკავებული 46 პირიდან ბოლო რვა ადამიანია.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს სხდომა, რომელსაც მოსამართლე მზია გარშაულიშვილი თავმჯდომარეობს. სხდომაზე ავთანდილ სურმანიძის, ია დარახველიძის, რამაზ მამულაძისა და ხვიჩა გოგოხიას საკითხი განიხილება.

ავთანდილ სურმანიძე ხულოდან არის. ბოლო სამი წელია, ავთანდილ სურმანიძე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში იბრძვის. არაერთხელ არის დაჭრილი და მიღებული აქვს კონტუზია. თბილისში საკომისიო შემოწმებაზე გასვლისთვის იყო ჩამოსული, რომ შშმ პირის სტატუსი მიეღო და ხარისხი განსაზღვრულიყო.

„არავის მოწოდებას არ მივყოლივარ, ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს არ ვიცნობ. უკრაინაში ვაპირებდი წასვლას, 3 წელზე მეტია, მე აქ არ ვარ და ვიბრძვი ჩვენი საერთო მომავლისთვის. პირველ აგვისტოს საქართველოში ვიყავი, მაგრამ აქციაზე არ ვყოფილვარ მანამდე, შევუერთდი 4-ში, რადგან იყო მშვიდობიანი აქცია. ვიყავი გზად, ვაპირებდი ლაგოდეხში წასვლას და უკრაინაში წასასვლელად რაღაცების ყიდვას. არაფრის მეშინია, ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ ასობით კილომეტრი უნდა იარონ ჩემს სანახავად ოჯახის წევრებმა“, — თქვა სასამართლოში ავთანდილ სურმანიძემ.

პროკურატურა იას და ავთანდილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დანარჩენებს, ამასთან ერთად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასაც.

ია დარახველიძის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ სასამართლოში იას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და მისი დიაგნოზის მართვის გაიდლაინი წარმოადგინა.

პროკურორი ქეთევან სონიძე ყველასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ია დარახველიძე, რომელიც კრეატიული დირექტორი/მუსიკოსია და ბერლინში ივენთზე დასასწრებად და დასაორგანიზებლად მიდიოდა, სინამდვილეში მართლმსაჯულებას გაურბოდა.

ცნობილი პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი პატიმრობიდან წუხელ, შუაღამისას გაათავისუფლეს გირაოს გადახდის შემდეგ.

ჩახუნაშვილი პოლიციამ 9 ოქტომბრის საღამოს დააკავა 4 ოქტომბრის საქმეზე. მის დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოყვა – არაერთმა ექიმმა დაუჭირა მას მხარი საჯაროდ.

10 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ აღკვეთ ღონისძიებად არა წინასწარ პატირობას, არამედ გირაოს მოითხოვდა, რის შემდეგაც სასამართლომ გუშინ მას 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოქალაქეებმა გუშინ საღამოსვე შეაგროვეს გირაოს თანხა, რის გადახდის შემდეგაც ჩახუნაშვილი გაათავისუფლეს.

დაშავდა ორი ადამიანი – ავარია ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმში  ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთასთან ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, დაშავდა ორი ადამიანი.

შემთხვევა 10 ოქტომბერს ღამის საათებში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 121 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 247 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 345 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 33 568 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 518 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 225 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 68 766 ერთეული [+219]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 859 ერთეული [+18]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 63 847 ერთეული [+72]
  • სპეცტექნიკა – 3 973 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 89 528 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 460 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 598 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 364 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 43 694 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – ინტერვიუ გენერალთან 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version