მთავარი,სიახლეები

თუ ახალი პოლიტიკური ძალები ვერ გამოჩნდება მალე, ეს შეიძლება დიდხანს ვეღარ მოხერხდეს – ინტერვიუ

14.10.2025 •
თუ ახალი პოლიტიკური ძალები ვერ გამოჩნდება მალე, ეს შეიძლება დიდხანს ვეღარ მოხერხდეს – ინტერვიუ

„ოპოზიცია, როგორც ალტერნატივა, დღევანდელი რეჟიმისთვის, არის არა უბრალოდ სუსტი, არამედ უუნარო ცვლილებებისთვის. ეს არ მომხდარა ერთ დღესა და არც ერთ წელში. სამწუხაროდ, ივანიშვილის მზაკვრული გეგმა, რომ ოპოზიცია გაეხლიჩა, დაესუსტებინა და გაეხადა უუნარო, ასე თუ ისე, აღსრულდა,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი. მას ოპოზიციაზე ვესაუბრეთ: დაპირისპირების პარალელურად არსებობს რესურსი, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ეროვნულ წინააღმდეგობაში პოლიტიკური ორგანიზების ფუნქცია შეასრულონ?

არმაზ ახვლედიანის დაკვირვებით, ამისთვის ერთი წლის წინ გაცილებით მეტი შანსი არსებობდა, ახლა კი, გაცილებით მძიმე ვითარებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

„არსად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ავადსახსენებელი კრემლის და ლუკაშენკოს რეჟიმის ჩათვლითაც კი, ასეთი მზაკვრული მეთოდები არ გამოიყენება მტრებად შერაცხილი ოპონენტების, ასევე საქართველოს ძირძველი, მთავარი პარტნიორ-მეგობრების წინააღმდეგ. არც პუტინი, არც ლუკაშენკო ამ სიტყვებით არ მოიხსენებენ დასავლეთს,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

„ბათუმელებმა“ არმაზ ახვლედიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო არმაზ, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები აჩვენებს, რომ ერთობა, თუნდაც ფუნდამენტურ საკითხებზე, კიდევ უფრო მიუღწეველი გახდა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად არსებობს რესურსი, რომ ოპოზიციამ თავისი ფუნქციის შესრულება შეძლოს?

გეტყვით მარტივად და, შეიძლება, ხისტად: დღეს არსებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, ოპოზიციურმა კლასმა, თავი ამოწურა. რა თქმა უნდა, აქა-იქ ოპოზიციურ ველზე ვხედავთ ღირსეულ პოლიტიკოსებსაც, მაგრამ ისინი ამინდს ვეღარ ქმნიან. ოპოზიცია, როგორც ალტერნატივა, დღევანდელი რეჟიმისთვის, არის არა უბრალოდ სუსტი, არამედ უუნარო ცვლილებებისთვის.

ეს არ მომხდარა ერთ დღესა და არც ერთ წელში. სამწუხაროდ, ივანიშვილის მზაკვრული გეგმა, რომ ოპოზიცია გაეხლიჩა, დაესუსტებინა და გაეხადა უუნარო, ასე თუ ისე, აღსრულდა. ივანიშვილის და რეჟიმის დანაშაულის წილი ამაში უმთავრესია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიციურ ფრონტზეც ცუდად იყო საქმე. ცვლილებების მოლოდინი, რაც ასე სჭირდება საქართველოს, შესაძლებელია მხოლოდ სრულიად ახალი ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბების შემთხვევაში. სხვა გზას ვერ ვხედავ.

  • რა გზებით მოახერხა ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის დასუსტება: შანტაჟი, მოსყიდვა თუ ყველაფერი ერთად?

ყველაზე სწორი პასუხია – ყველაფერი ერთად!

რა იყო მეტი და რა – ნაკლები, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი, რომ 2013 წლის მიწურულიდან დაიწყო ამ მზაკვრული გეგმის ფორმირება და შემდეგ უკვე ეტაპობრივად განხორციელება, რომ მოსუფთავებულიყო ოპოზიციური, საერთოდ, კრიტიკული ველი და „ქართული ოცნების“ ირგვლივ დარჩენილიყვნენ სატელიტები პირდაპირი ან ირიბი მნიშვნელობით.

რამ შეუწყო ამას ხელი? – რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, იმან, რომ ოპოზიციურ ველზე ვერ აღმოჩნდნენ ისეთი ლიდერები, რომლებიც შეძლებდნენ, ამ წნეხისთვის გაეძლოთ; შეძლებდნენ, საკუთარი ჯანსაღი ავტორიტეტით, სწორი ხედვით, სწორი პოზიციონირებით და გამბედაობით მოეხერხებინათ საზოგადოებაში შესაბამისი მუხტის შექმნა, ალტერნატივის ჩვენება.

ამის მიზეზი იყო ისიც, რომ ივანიშვილი ყოველთვის და განსაკუთრებით ბოლო წლებში უკონტროლოდ იყენებს შავი ფულის დიდ მასას. ცხადია, მას არ უჭირს, რომ ოპოზიციაში შეიტანოს ასეთი დისონანსი, მაგრამ ვაღიარებ, რომ თუ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები იდგებოდნენ მტკიცედ და პოლიტიკურ საფუძვლად ექნებოდათ არა ქვიშა, არამედ კლდე, იბრძოლებდნენ ბოლომდე, როგორც ამას დღეს აკეთებენ ისინი, ვინც გაუტეხლად დგას საპროტესტო მოძრაობაში, ისე როგორც ამ პროტესტის სიმბოლოდ ქცეული მზია ამაღლობელია სხვებთან ერთად. სწორედ ეს ვერ შეძლო ოპოზიციურმა სპექტრმა: ვიღაც გაიყიდა, ვიღაც დათანხმდა სატელიტობას, სხვა შეშინდა და გაიქცა… ამ ქაოსში იხეირა მხოლოდ კრემლმა და მისმა ადგილობრივმა ფილიალმა.

  • ამოწურულია, თქვენი აზრით, იმის რესურსი, რომ ოპოზიციურმა ძალებმა გამონახონ საერთო ენა?

ვერ ვხედავ ამ შესაძლებლობას.

აქვე ვიტყვი, არც ისეა საქმე, რომ საზოგადოებასაც არ მიუძღოდეს გარკვეული ბრალი ამაში. საზოგადოება ჩვენ ვართ, მეც. საქმე ისაა, რომ თავის დროზე წაყრუებამ და არასათანადო რეაგირებამ გაათამამა და გაათავხედა ივანიშვილი. საზოგადოების მხოლოდ მცირე ჯგუფი აპროტესტებდა ამ უსამართლობას. მხოლოდ „გავრილოვის ღამის“ და რუსული კანონის შემოღებას მოჰყვა პროტესტი, არადა, მანამდეც ბევრი იყო გასაპროტესტებელი.

რაღაც ეტაპზე არც დასავლეთი იყო ადეკვატური თავის შეფასებებში, თუმცა პრობლემის თავი მაინც ჩვენშია. გამიჭირდება დაგისახელოთ სამი ოპოზიციონერი, რომელიც სწორად აფასებდა მოვლენებს და, შესაბამისად, საზოგადოებას სწორ ალტერნატივას სთავაზობდა.

ამან, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა ის კოშმარი, რაც დღეს საქართველოშია, თუმცა ამ კოშმარში ვხედავ დიდ გამოსავალს – საზოგადოება, იმედგაცრუებასთან ერთად, საბოლოოდ რწმუნდება იმაში, რომ ერთადერთი გამოსავალი თვისობრივად ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცეების შექმნაშია. მოუსყიდველობა, უანგარობა, თავდადება იდეისა და არა პიროვნების ერთგულება, გააზრებული არჩევანი სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიულობის, ევროპული გზის სასარგებლოდ გახდებოდა საწყისი იმ მძლავრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შესაქმნელად, რომელიც რამდენიმე დღეში ჩამოშლიდა ივანიშვილის ხუხულას.

  • რამდენად შეიძლება წინააღმდეგობას ჰქონდეს წარმატება პოლიტიკური პარტიების აქტიური ჩართულობის გარეშე?

დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, როგორც წესი, ხელს უშლის ამ ჯანსაღი პროცესის დაწყებას და ამისთვის ყველა რესურსს იყენებს. ოპოზიცია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსულ სპეცოპერაციად წოდებულ არჩევნებში, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციურ ველზე არ გაჭაჭანდეს არაფერი ახალი, ჯანსაღი და ნორმალური, რაც იქნებოდა ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების რეალური ალტერნატივა.

მეორე მხრივ, ნათქვამი, რომ 4 ოქტომბერს, თუ რომელიღაც სხვა დღეს უნდა მოხდეს გადატრიალება ან რევოლუცია, საზოგადოების დიდ ნაწილში მკვეთრ უკურეაქციას იწვევს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რეალურად არაფრის თავი აქვთ, მეორე მხრივ, სრულად აქვთ დაკარგული ნდობა.

  • ავტორიტარიზმის პირობებში რამდენად შეიძლება გამოჩნდნენ ან განვითარდნენ ახალი პოლიტიკური ძალები?

როგორც არასდროს, დღეს რთულია ეს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი წლის წინ გაცილებით მეტი იყო შანსი, რაც ახლა მინიმუმზეა დასული, რადგან ივანიშვილ-კობახიძის რეპრესიული მანქანა უპრეცედენტოა თანამედროვე მსოფლიოში. არსად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ავადსახსენებელი კრემლის და ლუკაშენკოს რეჟიმის ჩათვლითაც კი, ასეთი მზაკვრული მეთოდები არ გამოიყენება მტრებად შერაცხილი ოპონენტების, ასევე საქართველოს ძირძველი, მთავარი პარტნიორ-მეგობრების წინააღმდეგ. არც პუტინი, არც ლუკაშენკო ამ სიტყვებით არ მოიხსენებენ დასავლეთს, ამათ რა სჭირთ? ეს იმის მანიშნებელია, რომ დღეს საქართველოში გაცილებით ტრაგიკული და მძიმე ვითარებაა, ვიდრე ეს შეიძლება, ერთი შეხედვით, ვინმემ წარმოიდგინოს ამ ქვეყანაში ან თუნდაც დასავლეთში.

ამიტომაც, თითქოს შეუძლებელია ახლა რამე ჯანსაღის და ახლის შექმნა, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც ვხვდები, რომ არსებობს მცირე, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს საზოგადოებაში, გააზრებული არჩევანით და მას შეუძლია გაერთიანება. ეს გაერთიანება, სწორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღის წესრიგით შეძლებდა ივანიშვილის რუსული კრიმინალური რეჟიმის სამართლებრივი, ნორმალური გზით დემონტაჟის დაწყებას. საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასეთი სიახლის მოლოდინშია, მხოლოდ ასეთის!

თუ ეს ვერ მოხერხდება მალე, მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ეს შეიძლება ვეღარ მოხერხდეს დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, ივანიშვილი მზაკვრული გეგმის სრული სვლით განხორციელებაშია, ეს უნდა ვაღიაროთ.

  • რა შეიძლება გააკეთო ამ დროს, თქვენი აზრით, წინააღმდეგობაში ჩართულმა ადამიანებმა, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება?

პირველი და უმთავრესი: პოლიტიკოსებად არ ვიბადებით, პოლიტიკოსობას დიპლომი არ სჭირდება, პოლიტიკოსობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი, წესიერი მოქალაქე, აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, გახდეს რეჟიმის ალტერნატივის ერთ-ერთი შემოქმედი! თუკი მოიძებნება საქართველოში 10 ასეთი მოქალაქე, მათი სწორად ორგანიზების, სწორი გეგმის, სტრატეგიისა და ტაქტიკის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რა შედეგიც დადგებოდა უახლოესი თვეების განმავლობაში.

ასევე ვეტყოდი საზოგადოებას, რომ არ უნდა მოვტყუვდეთ, არ შევცდეთ. ზოგჯერ ცხვრის ტყავში გამოჩნდებიან არა მგლები, არამედ ტურები.

უნდა ვიცოდეთ, რომ ივანიშვილი არ არის გულხელდაკრეფილი, ის ყოველთვის ეძებდა და ახლაც აქტიურად ეძებს თავის გადამრჩენელ რგოლებს სატელიტების სახით, რა რა და, ეს ზუსტად ვიცი.

შესაბამისად, არ მოვტყუვდეთ, არ დავუჯეროთ, ვინც გვეტყვის, რომ დადგა ახლის დრო და ამას ისე შეფუთავენ, რომ შეიძლება, ერთი შეხედვით, თვალწარმტაცადაც კი მოგვეჩვენოს ასეთი გაერთიანება. ეს იქნება წინაზე უარესი. ამიტომაც, გულწრფელი, უანგარო, პატიოსანი, მზიასნაირი, ანდრო ჭიჭინაძისნაირი, ზვიად რატიანისნაირი ადამიანების გაერთიანების დრო დგება! ყველამ უნდა დაივიწყოს, რომ პოლიტიკოსობა არ სურს, ან არ შეუძლია: ან ახლა, ან არასდროს!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: