მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს მოსამართლეების სიჩუმე, როცა ექს-მოსამართლე ჰყვება, რომ კაბინეტში გამოკეტეს

13.10.2025 •
რას ნიშნავს მოსამართლეების სიჩუმე, როცა ექს-მოსამართლე ჰყვება, რომ კაბინეტში გამოკეტეს

„ყოფილი მოსამართლის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ არ ყოფილა გამოხმაურება უშუალოდ იმ პირების მიერ, იმ პირთა ჯგუფის მიერ, ვინც იყო ამ პროცესებში ჩართული, მათ არ უარუყვიათ ეს ფაქტობრივი გარემოებები. ერთგვარი დუმილი შეიძლება საზოგადოებამ აღიქვას თანხმობად, ვინაიდან იურიდიულ ლიტერატურაში დუმილი განიხილება, როგორც დადასტურებად, თუ ამის უარყოფა უშუალოდ ამ პირების მხრიდან არ მოხდება,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

მას მოსამართლეების რეაქციაზე ვკითხეთ იმ დროს, როცა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ჰყვება, როგორ გამოკეტეს, მაგალითად, მოსამართლეები კაბინეტში, ვიდრე „ოცნებისთვის“ მისაღებ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის საუბრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი 2025 წლის 2 ოქტომბერს იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაავრცელა. ყოფილი მოსამართლე ჰყვება, რომ მას კონკრეტული საქმეების განხილვის დროს „ქართული ოცნება“ და სასამართლო კლანის წევრები სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, ქრთამი შესთავაზეს, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება აიძულეს და თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

მოსამართლეები, რომლებიც ბესარიონ ალავიძესთან ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა საქმეს უზენაეს სასამართლოში – მათ შორის, ყველაზე გახმაურებული „რუსთავი 2“-ის საქმეა – დღეს დუმილს ამჯობინებენ. სიჩუმეს ამჯობინებენ ყოფილი მოსამართლეებიც. რამდენიმე მოსამართლემ კი უარყო ყოფილი კოლეგის – ბესარიონ ალავიძის მონაყოლი.

რას ნიშნავს მოსამართლეების დუმილი? – „ბათუმელებმა“ იურისტ გიორგი ხიმშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, რას ნიშნავს სამართლებრივად, როცა  უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე საუბრობს კონკრეტულ დანაშაულებზე სასამართლო სისტემაში, მოსამართლეების მიმართ მუქარაზე, ქრთამის შეთავაზებაზე და ასე შემდეგ, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების დიდი ნაწილი კი, დუმილს არჩევს?

ცხადია, ბესარიონ ალავიძის ამ ვიდეოჩანაწერს ვუსმინე ყურადღებით. პირველი, რასაც აჩვენებს ეს ჩანაწერი, არის სასამართლო სისტემაში ერთგვარი კორპორაციული მმართველობის ელემენტების დადასტურება, რაზეც წლებია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება, იურისტები.

რაც შეეხება გარკვეულ საქმეებზე მომხდარ ფაქტებს, ეს, რა თქმა უნდა, გამოძიების საგანი უნდა გახდეს. აქ საუბარია უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მოსამართლეზე, რომელმაც ისაუბრა ფაქტობრივ გარემოებებზე. ამ ფაქტების შემოწმება, ცხადია, უნდა მოხდეს გამოძიების შედეგად.

გამოჩნდა ძალიან რთული სურათი: მმართველობა სასამართლო სისტემაში არ არის დაფუძნებული კანონის უზენაესობაზე, იმ ღირებულებებზე, რასაც უნდა ეფუძნებოდეს სასამართლო სისტემა იმისათვის, რომ მის მიმართ საზოგადოების სანდოობა მაღალი იყოს. სასამართლო სისტემა განსაზღვრავს სახელმწიფოებრივ განვითარებას. მოსამართლე, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მტკიცე თავის პროფესიული მოვალეობის განხორციელების დროს, ის შეიძლება აღმოჩნდეს აბსოლუტურად დაუცველი.

გიორგი ხიმშიაშვილი

მოსამართლემ ისაუბრა წლების წინ მომხდარ ფაქტზე, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ეს ფაქტები არ არის განგრძობითი ხასიათის და ამოიწურა.

სასამართლო უნდა იყოს მოწადინებული, რომ გააქარწყლოს ნებისმიერი ეჭვი, რომელიც ჩნდება ამ სისტემის მიმართ. სამწუხაროდ, ყოფილი მოსამართლის ამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ არ ყოფილა გამოხმაურება უშუალოდ იმ პირების მიერ, იმ პირთა ჯგუფის მიერ, ვინც იყო ამ პროცესებში ჩართული, მათ არ უარუყვიათ ეს ფაქტობრივი გარემოებები.

ერთგვარი დუმილი შეიძლება საზოგადოებამ აღიქვას თანხმობად, ვინაიდან იურიდიულ ლიტერატურაში დუმილი განიხილება, როგორც დადასტურებად, თუ ამის უარყოფა უშუალოდ ამ პირების მხრიდან არ მოხდება. ნებისმიერ პროცესს სჭირდება ადეკვატური პასუხი, რაც ჩვენ, საზოგადოებას, ამ დრომდე არ მოგვისმენია.

  • უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – ნინო გვენეტაძე როცა არ უარყოფს, მაგალითად, ბესარიონ ალავიძის მიერ დასახელებულ ფაქტებს, ან სხვა მოსამართლე, ეს შეიძლება განვიხილოთ ამ ფაქტების ერთგვარ დადასტურებად? 

ის, რომ კომენტარს არ აკეთებს და არ უარყოფს პირი – ობიექტური დამკვირვებლისთვის არ აღიქმება, როგორც ფაქტის უარყოფა. ყოფილი მოსამართლე არაერთ ადამიანს ასახელებს და, შესაბამისად, ამ ადამიანებისგან [მოსამართლეები, ყოფილი მოსამართლეები] უარყოფა მნიშვნელოვანია, ან დადასტურება, იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შეფასების შესაძლებლობა.

შესაბამისად, ინდივიდუალურად ამ მოსამართლეების შეფასების დროს საზოგადოებას, ცხადია, ვერ ექნება მათ მიმართ ნდობა. ბევრი გაუცემელი კითხვა ისევ სასამართლო ინსტიტუციას აყენებს ჩრდილს.

ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია იმ პირისგან, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო პროცესებში, უშუალოდ იყო უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იპოვონ სამართალი, ისინი იგებენ, რომ სამართლის პოვნა არ არის მარტივი პროცესი, რადგან ამ პროცესების მიღმა არის ინტერესები. თუ ადამიანები, სამართლებრივ დაცულობას ვერ იგრძნობენ, მათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ცხადია არასდროს ექნებათ ნდობა.

ამიტომაც, როდესაც ეს ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი, თავად სასამართლოს უნდა ეცადა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა. თუ საჭიროდ ჩათვლიდა, თავად უნდა მიემართა გამოძიებისთვის, რომ ეს ინფორმაცია სხვა ინსტანციების მიერ ყოფილიყო სათანადო დოზით შეფასებული და გამოძიებული.

  • უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – პაატა ქათამაძე, რომელიც ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, უარყოფს იმ ფაქტებს, რაზეც ბესარიონ ალავიძე საუბრობს. ეს არაა საკმარისი?

აქ საუბარია ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებზე. ეს ხომ ინდივიდუალური საუბრები არ იყო მოსამართლეებს შორის? საუბარია ყოფილ, მოქმედ მოსამართლეებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობაში არიან ავტორიტეტები, არიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, ამიტომ მათი მხრიდან საზოგადოების ინფორმირება იქნებოდა მნიშვნელოვანი და ამას ელოდა საზოგადოება. ამას საზოგადოება ისევ ელოდება.

როდესაც ადამიანები ინფორმაციას ვერ იღებენ, ცხადია, ამ საკითხზე კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება. პასუხგაუცემელი კითხვები, პრობლემაა სასამართლოს, როგორც ინსტიტუციური რგოლის მიმართ.

  •  ყოფილი მოსამართლის სკანდალური ვიდეოჩანაწერი 2 ოქტომბერს გასაჯაროვდა. დღეს 13 ოქტომბერია და პროკურატურა ისევ ვერ ამბობს, რომ ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. რას ნიშნავს სამართლებრივად პროკურატურის დუმილი? 

პროკურატურა ვალდებულია საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. გამოძიების არდაწყება შეიძლება განვიხილოთ სამართლებრივ გადაცდომად… ჩვენ გვინახავს არაერთი საქმის გამოძიება მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.

ის, რომ გამოძიება არ დაიწყო, მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა ვერ უპირისპირდება პოლიტიკურ გავლენებს, ვერ იღებს ინსტიტუციურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.

ამ თემაზე:

„მიფიქრია, მანტიით ჩამოვიკიდებ თავს სასამართლოზე-მეთქი“ – რას ჰყვება უზენაესის ექსმოსამართლე ზეწოლაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: