სახალხო დამცველი ეხმიანება ბათუმში მდებარე ფიტნესდარბაზის, „რეფორმერფიტნესის“ განცხადებას, რომლითაც შპს „რეფორმერფიტნესის“ დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართა ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩის საჩივართან დაკავშირებით.
საქმე ეხება ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩის განცხადებას, რომლითაც მას სახალხო დამცველისთვის 19 სექტემბერს მიუმართავს, „რეფორმერფიტნესის“ მომსახურებაზე უარი მითხრეს პოლიტიკური შეხედულების ნიშნითო. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქის უკმაყოფილება გამოიწვია „რეფორმერფიტნესთან“ ხელშეკრულების ფორმამ, რომელშიც მითითებული იყო ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ. მოქალაქემ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას, შესაბამისად, ვერც მომსახურება მიიღო და მან სახალხო დამცველს მიმართა.
სწორედ ამ განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველმა „რეფორმერფიტნესისგან“ მოითხოვა პოზიციის დაფიქსირება და მასალები, რის საპასუხოდაც „რეფორმერფიტნესის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ფუტკარაძემ 10 ოქტომბერს სახალხო დამცველს საჯაროდ, ფეისბუქის საშუალებით უპასუხა:
„ჩვენ, როგორც კერძო ბიზნესი და მესაკუთრე, უფლებამოსილი ვართ ავირჩიოთ სტუმრები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ისევე, როგორც მომხმარებელს აქვს უფლება აირჩიოს პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებელი თავისი გემოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“.
დღეს კი, 13 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:
„სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველი ინსტიტუტი, ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთან, საქმის სრულყოფილად შესწავლის პროცესში აპარატი ახდენს მოპასუხის ინფორმირებას და გამოითხოვს რელევანტურ ინფორმაციას.
დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება ასევე, კერძო დაწესებულებებზე, რომლებიც მომხმარებლებს სერვისს და მომსახურებას სთავაზობს. ანტი-დისკრიმინაციული კანონი ცალსახად განმარტავს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე“ – წერს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის მე–11 მუხლით განმტკიცებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპის საკანონმდებლო იმპლემენტაციის კონსოლიდირებულ მექანიზმს და კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.
„სწორედ სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია შპს „რეფორმერ ფიტნესისგან“, რომელიც უმნიშვნელოვანესია სავარაუდო დისკრიმინაციის შეფასებისთვის და საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის“ – განმარტავს სახალხო დამცველი და აქვე დასძენს:
„კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება კი ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით – საქართველოს ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით.
კიდევ ერთხელ ცალსახად განვმარტავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეისწავლოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ნებისმიერი განცხადება და საკითხის ისე წარმოჩენა, რომ სახალხო დამცველი არ უნდა რეაგირებდეს, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის განცხადებებზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“.
ამავე თემაზე:
„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოვემსახურებით“ – რეფორმერ ფიტნესის პასუხი სახალხო დამცველს






