მთავარი,სიახლეები

რივიერა, იახტკლუბი და ჭაჭის კოშკი – ტრამპ თაუერის ნაცვლად სილქ თაუერი (გენგეგმის პრეზენტაცია)

20.09.2018 • 7098
რივიერა, იახტკლუბი და ჭაჭის კოშკი – ტრამპ თაუერის ნაცვლად სილქ თაუერი (გენგეგმის პრეზენტაცია)

„ბათუმი რივიერას“, იახტკლუბისა და „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიებს „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ ერთიანობაში დააგეგმარებს; „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და გაკეთდება ხელოვნური ყურე [ლაგუნა], მოეწყობა კაზინო თუ სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები – ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმში, „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე, პროექტის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

პროექტი, რომელიც „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ბათუმში „სილქ თაუერის“ აშენებას, ასევე იახტკლუბის მოწყობას ითვალისწინებს, „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კი „თანაინვესტირების ფონდია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

საერთო ჯამში, როგორც „სილქ როუდში“ აცხადებენ, მთლიანი ინვესტიცია, წინასწარი გათვლებით, მინიმუმ 350 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. მშენებლობის კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე უცნობია.

„პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი – კომპანია „ბათუმის იახტკლუბია“, რომელიც იახტკლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე იახტკლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტკლუბი“ და “სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ“, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

„მთლიანობაში პროექტი ოთხ ფაზად განხორციელდება. ამჟამად იწყება პირველი ფაზა, რომლის ჯამური ღირებულება 65 მილიონ აშშ დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარი ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარებას“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პარკი [ჭაჭის თაუერის მიმდებარე ტერიტორია] „რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილში შენობა-ნაგებობები არ განთავსდება. პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს“.

„ბათუმი რივიერა“ / გენერალური გეგმა, რომელშიც ცვლილებებიც შევა / გეგმის მიხედვით ხელოვნური ტბის ირგვლივ 6 შენობა აშენდება [საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები], ერთ-ერთი იქნება სილქ თაუერი.

პროექტი „ბათუმი რივიერა“, გენგეგმის მიხედვით, დაახლოებით 9 ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს. აქედან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: