მთავარი,სიახლეები

„საქმეში მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს“ – ადვოკატი ბათუმელი მედროშის საქმეზე

10.10.2025
„საქმეში მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს“ – ადვოკატი ბათუმელი მედროშის საქმეზე

„არცერთი მტკიცებულება არ არის, ხალხო, აი, საერთოდ არ არსებობს მტკიცებულება, რა ძალადობა?!“ – ამბობს ადვოკატი ნინო ლომინაძე, რომელიც ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის ინტერესებს იცავს.

ადვოკატ ნინო ლომინაძეს „ბათუმელები“ დაუკავშირდა და ჰკითხა: რა მტკიცებულებები წარმოადგინა პროკურატურამ ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში?

დღეს, 10 ოქტომბერს ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში ორი მუხლია და მხოლოდ ერთი ვიდეო კადრი – კადრში ჩანს, როგორ გადაადგილდება ზურაბ ჭავჭანიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში.

ადვოკატი განმარტავს, რომ ეს კადრი მიემართება „სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის“ მუხლს [19 – 222-ე]. ეს მუხლი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია და შესაფასებელია: ამ კადრის მიხედვით, რამდენად ცდილობდა ბათუმელი მედროშე პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებას.

მძიმე კატეგორიის დანაშაული კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაა [225-ე მუხლი]. ამ მუხლის მიხედვით ელოდება ბათუმელ მედროშეს მკაცრი სასჯელი 4-დან 6 წლამდე. ამ ნაწილში პროკურატურას ზურაბ ჭავჭანიძის წინააღმდეგ ერთი მტკიცებულებაც კი არ აქვს წარმოდგენილი.

„იცით, როგორი ფაქტია?! რომ ვიღაც ადგეს და ძალადობაზე წარმიდგინოს ბრალი ისე, რომ ადგილზეც არ ვყოფილიყავი. მოსამართლეს ვუთხარი, რომ ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება სახიფათოა და სასამართლოა ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია აღკვეთოს მსგავსი თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

რაც შეეხება შენობის ბლოკირების ნაწილს, ეს სამართლებრივი დავის საგანია უკვე შემდგომ ეტაპებზე შეიძლება შეფასდეს. ნაკლებად სახიფათო იყო ჩემთვის ეგ ნაწილი,“ – ამბობს ადვოკატი ნინო ლომინაძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა სწორედ ჯგუფური ძალადობის მუხლის ნაწილში, რადგან ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასამართლო ძირითადად აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს იყენებს.

ადვოკატი საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს და ამბობს, აღარ მეგონა, კიდევ რამე თუ გამაკვირვებდაო:

„რვაპირიანი საქმე რომ იყო, ირაკლი მიმინოშვილის და თორნიკე გოშაძის ბრალდებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მონტაჟი იყო ის ვიდეოები.

დღეს კი წარმოგვიდგინა საქმე, სადაც საერთოდ არა გვაქვს ძალადობა. აქედან გამომდინარე, ეს არის უკვე პროკურატურის თვითნებურ ქმედება და მიანიშნებს დისკრეციის ბოროტად გამოყენების ნიშნებისკენ, თუმცაღა ამ ეტაპზე მაინც ასეთი მკაცრი შეფასება მაინც ვერ მექნება, ვინაიდან არ ვიცი სამომავლოდ რას წარმოადგენს პროკურატურა.

პროკურატურამ შეიძლება მოითხოვოს პატიმრობის გამოყენება, მაგრამ არ უნდა დააკმაყოფილოს სასამართლომ… ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა და ცუდის მიმანიშნებელი, “ – ამბობს ნინო ლომინაძე.

მხარეებს მტკიცებულებებს წინასასამართლო სხდომაზე წარმოადგენენ, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართება.

„მე ვაპირებ ამოვიღო იმ ტელეკომპანიის ჩანაწერი, სადაც პირდაპირ ეთერში ისმის ბატონი ზურაბის ხმა, ის მოუწოდებს სხვებს, არ ესროლათ ქვა, არ ეძალადათ, ეს მოწოდებები ჰქონდა მას… პროკურატურასაც შეუძლია მოიპოვოს მტკიცებულება, მაგრამ რაც არაა ბუნებაში, რას მოიპოვებს?!“ – კითხვას სვამს ადვოკატი.

ამ თემაზე:

ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: