„მირჩევნია, ილიასავით მომკლან სადმე ან დამიჭირონ, ასე მაინც ვიქნები მართალი ჩემ სინდისთან, ვიდრე ჩამომიყალიბდეს მონური მენტალობა“ – ამბობს შალვა მინდაძე, ისტორიის მასწავლებელი.
„ბათუმელებთან“ ის ეხმაურება „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სრული შეზღუდვის მცდელობას.
„ამ ქვეყანაში ფაქტობრივად, გვიკრძალავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ეს მარტო პოლიტიკას კი არა, ზოგადად, ხალხის ღირსებას ეხება.
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა აღარ არის თავისუფალი.
შეკრების უფლება მთავარი საძირკველია დემოკრატიისთვის და ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ქუჩაში გამოხვიდე. ეს ნიშნავს, მოქალაქეს შეეძლოს თქმა: „არ ვეთანხმები“, „არ მომწონს“, „არ მინდა“, „მე ასე არ ვფიქრობ“, „ეს არ არის სწორი პოზიცია“ და ასე შემდეგ. როცა ეს უფლება იკარგება, იკარგება თანაბრად ყველასთვის – ოპოზიციისთვის, მასწავლებლისთვის, სტუდენტისთვის და მაშინ რაღა აზრი აქვს რაიმეს სწავლებას?
თეორეტიკოსებად უნდა ვიქცეთ, რომლებსაც რაღაცა ამბის გადაცემის ფუნქცია გვექნება? სხვა არანაირი ფუნქცია აღარ გვექნება ამ კანონებით.
შიშის ატმოსფეროს ქმნიან, რომ ადამიანმა აღარ იფიქროს პროტესტზე, კრიტიკაზე, საჯარო გამოსვლაზე. დღეს ადამიანებს არგუმენტებით კი არ აჩერებენ, არამედ დაშინებით და როცა გეუბნებიან, – „ციხეში გაგიშვებ“, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ საუბრობს მოქალაქესთან, არამედ აშინებს და ზუსტად ეს არის დიქტატურის პირველი სახე.
ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ხალხის ეშინია და ზუსტად ამიტომ იღებს დემოკრატიის შემზღუდველ კანონებს. მაგრამ თუ მოქალაქეს ეშინია გამოთქვას საკუთარი აზრი საჯაროდ, ეს აღარ არის დემოკრატია. ჩემი აზრით, დემოკრატიის აჩრდილიც აღარ არის ასეთ ქვეყანაში.
ამიტომ უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, ნამდვილი დემოკრატია, რომელიც ადამიანების მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც მოიაზრებს, თუ ქვეშევრდომული და მონური ყოფა.
მე მგონი, უფრო მეორე პოზიციისკენ ვიხრებით დღეს“, – ამბობს შალვა მინდაძე.
მისი თქმით, დემოკრატიის წართმევა ხალხისთვის, რესპუბლიკური იდეის გაუქმებასაც ნიშნავს.
„რესპუბლიკა ნიშნავს სახელმწიფოს, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და როცა მოქალაქეს წაართმევ სიტყვას, პროტესტს, შეკრების უფლებას, მაშინ ეს ხალხი აღარ არის სუბიექტი, არამედ ობიექტია. ეს ნიშნავს, რომ რესპუბლიკის იდეა ქრება ფაქტობრივად. ფორმა რჩება, მაგრამ შინაარსი აღარ არსებობს.
შეკრების აკრძალვა ზუსტად ამას გულისხმობს. ასეთ ქვეყანაში აღარ მოქმედებს პრინციპი – „ხალხის მიერ“, „ხალხისთვის“, ხალხის დემოკრატია. რჩება მხოლოდ ხელისუფლების ნება, ანუ პარტიული ხაზი და ეს აღარ არის რესპუბლიკა, რომლის იდეა ეფუძნება ნდობას მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.
ეს არის ავტოკრატიულად გარდაქმნილი სახელმწიფო და სახეზეა ღირებულებითი ცვლილება. მაშინ აღიარონ, ცხადად თქვან, რომ ეს არის ღირებულებების ცვლილება.
რესპუბლიკური იდეა გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებას რაღაცაზე აქვს პროტესტი, კრიტიკული აზრი და თუ ეს აღარ იქნება და ამას კრძალავენ ფაქტობრივად, მაშინ უნდა თქვან, რომ აღარ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვართ დიქტატურა.
მაგრამ, თავისუფლება არ არის რაღაც პოლიტიკური კატეგორია მხოლოდ, არამედ შინაგანი მდგომარეობა და ყველამ ამ თავის შინაგან ხმას უნდა მოუსმინოს.
თუ შინაგანად ნამდვილად თავისუფლები არიან ადამიანები და არ გაჩუმდებიან, მაშინ უნდა იბრძოლონ. სიჩუმის ნაცვლად, გვჭირდება სოლიდარობა. ხმა უნდა ავიმაღლოთ და არა პირიქით და აქ ხაზგასმით მინდა ვთქვა ჩემს კოლეგებზე, რომ მასწავლებლების ბრალი იქნება ის, რაც ამ ქვეყანაში უახლოეს 10 თვეში დაემართება, რადგან ამ ქვეყანაში 67 000 მასწავლებელია, რომლებსაც მხოლოდ 2000-ლარიანი ხელფასი აკმაყოფილებთ.
ძალიან არ მინდა მათზე უხეშად ვისაუბრო, მაგრამ მაინც ვეტყვი მათ, ნუ დახვალთ „ლუარსაბ-დარეჯანობამდე. ძალიან გთხოვთ, ნუ დადგებით პოზიციაზე, „ხვალ რა ვჭამო“, ზეგ რა ვჭამო.
ილია დღესაც ცოცხალია, ამიტომ გახსენებთ მის სიტყვებს, რომ ნუ დახვალთ ლუარსაბის და დარეჯანის ყოველდღიურობაზე და ერთად ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ქვეყანა ამ უბედურებისგან – დიქტატორული რეჟიმისგან“, – ამბობს შალვა მინდაძე.
მისი თქმით, დღეს რეჟიმი სულ უფრო მეტად უჭერს მარწუხს დემოკრატიას, მაგრამ რაც უფრო მეტად მოუჭერს, სადღაც აუცილებლად გაწყდება.
„სადღაც უნდა ამოხეთქოს და იმედი მაქვს, ეს პროტესტი ამოხეთქავს მასწავლებლებში, სტუდენტებში, იმ ახალგაზრდებში, ვინც ამ ქვეყანაში დარჩა და ბოლომდე არ თმობს თავისუფლებას.
თავისუფალ სამყაროში დაიბადნენ, თავისუფალ სამყაროში დავიბადე მეც, გავიარე აგვისტოს ომი, ვიგრძენი რა არის ომი და ვიცი რა არის რუსული პროპაგანდა, რუსული აგრესია და ნამდვილად ვიცი, რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ გაჩუმდე.
ჩემმა ახლობლებმაც მითხრეს, „არ გინდა, გაჩუმდი“, „რაღაცას შეგამთხვევენ“ – რამდენი ხნით შეიძლება გამიშვან ციხეში?…
მაშინ სად მინდა ყოფნა, რა მინდა, რისთვის ვარ აქ, თუ არ ვიბრძოლე თავისუფლებისთვის. მაშინ მეც ლუარსაბ-დარეჯანის დონეზე ჩავდივარ და ნამდვილად არ მინდა ასეთი ვიყო.
მირჩევნია, ილიასავით მომკლან სადმე ან დამიჭირონ, ასე მაინც ვიქნები მართალი ჩემ სინდისთან, ვიდრე ჩამომიყალიბდეს მონური მენტალობა.
„ოცნების“ წარმომადგენლებს ან მათ ამომრჩევლებს შეიძლება არ ჰქონდეთ სამშობლოს დაკარგვის განცდა, მაგრამ სამშობლოს განცდას თავისუფლება ქმნის. მაგრამ თუ თვლიან, რომ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრებაა მათთვის „თავისუფლება“, თუ თვლიან, რომ საკუთარ რეგიონს რომ ვერ სცდებიან ვერასდროს და გლობალურ სამყაროში არაფერი უნახავთ, ეგ არის თავისუფლება, მაშინ დაე იცხოვრონ ასეთ „თავისუფლებაში“ და მიირთვან თავიანთი წვნიანი.
ვერ წარმოვიდგენდი, რომ რასაც ისტორიის ახსნისას ვუყვებოდი ბავშვებს, თუ რა გაიარა ქართველმა ერმა, ამის ნახვა რეალობაში მომიწევდა. სინდისს, ნამუსს და ღირსებას ბოლომდე რომ გითელავს რუსეთის იმპერია 1801 წლიდან, მაგას ვიგრძნობდი ახლა. ეს მაგრძნობინეს და ვინაიდან ეს მაგრძნობინეს, ამ ისტორიის მასწავლებლებს ვეტყვი, რომ აღარ ახსნან, აღარ გაბედონ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზე ლაპარაკი, თუ არ აპირებენ ამ ქვეყნის თავისუფლების დაცვას.
საერთოდ გადაახტით ამ თემებს გირჩევნიათ, თუმცა აღარც ეს იქნება პრობლემა, მალე სახელმძღვანელოებსაც შეგვიცვლიან, რადგან კანონები უკვე შეგვიცვალეს და აღარაფერი დარჩება იქამდე, რომ წიგნებიც გადაგვიწერონ.
მაშინ მართლა შეგიძლიათ იყოთ ლუარსაბ-დარეჯანები, მიიკერეთ ეგ იარლიყი, რადგან თუ დღეს ხმას არ იღებთ ამ ქვეყნის დასაცავად, ხვალ ნამდვილად ამის ღირსები იქნებით“, – ამბობს შალვა მინდაძე.






