მთავარი,სიახლეები

რატომ დგას მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი საბავშვო ბაღის ეზოში? – რას ამბობენ მერიაში

14.10.2025 •
რატომ დგას მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი საბავშვო ბაღის ეზოში? – რას ამბობენ მერიაში

ბათუმში, 37-ე ბაღის ეზოში, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი დგას. ელექტროხაზები პირდაპირ ბავშვების სათამაშო მოედანზე გადადის.

ელექტრობოძს სანახევროდ აქვს შემოხვეული დამცავი ბადე, უკანა ნაწილი კი ღიაა და წყლით სავსე.

საბავშვო ბაღში 280 აღსაზრდელია.

მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი ბათუმში, 37-ე ბაღის ეზოში დგას. ამ ეზოში ბავშვები თამაშობენ

საბავშვო ბაღი 2024 წლის ოქტომბერში გახსნეს. საქართველოში მოქმედი სტანდარტის მიხედვით, შენობა-ნაგებობა, ასევე საცხოვრებელი სახლი, სადენიდან მინიმუმ 20 მეტრის დაშორებით მაინც უნდა იყოს განთავსებული, საბავშვო ბაღის შემთხვევაში კი, მაღალი გამავლობის სადენების ბოძი პირდაპირ ბაღის ეზოშია განთავსებული.

ბაღის ეზოში განთავსებული ერთ-ერთი ატრაქციონი უშუალოდ მაღალი გადამცემი ბოძის გვერდით დგას, მეორე ოდნავ მოშორებით

მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი სანახევროდ არის შემოღობილი, საძირკველში კი წყალი დგას.

„ბათუმელები“ ესაუბრა საბავშვო ბაღის გამგეს, რომელიც ამბობს, რომ უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ბაღების გაერთიანებაა პასუხისმგებელი და მას ამ საფრთხეებზე ინფორმაცია არ აქვს.

დავუკავშირდით საბავშვო ბაღების გაერთიანებას და ვკითხეთ, არის თუ არა ოფიციალურად ჩაბარებული საბავშვო ბაღის შენობა, რა დასკვნა არსებობს უსაფრთხოებაზე და რამდენად დასაშვებია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძის განთავსება საბავშვო ბაღის ეზოში?

ბაღების გაერთიანების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „სტანდარტები დაცულია“.

„ეს ანძა არის სრული დაცვით დაშორებული და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. უსაფრთხოა მოსახლეობისთვის და ასევე ბაღისთვის და რაიმე დოკუმენტი თუ გაინტერესებთ, მაშინ წერილობით უნდა მოგვმართოთ“, – გვითხრეს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების პრესსამსახურში.

საბავშვო ბაღის ეზო

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო პრო-ჯორჯიასაც“, სადაც ვიკითხეთ, ბაღის მშენებლობამდე თუ ჰკითხეს კომპანიას უსაფრთხოების წესებზე და თუ არა, ამის შემდეგ რა შეიძლება გაკეთდეს ბავშვების უსაფრთხოებისთვის?

„აღნიშნულ ელექტროგადამცემ ბოძზე გადის ორჯაჭვა ხაზი – შენობისკენ განაპირა ხაზი წარმოადგენს 6 კვ [კილოვოლტი] ძაბვის ხაზს (საშუალო ძაბვა), ხოლო მეორე, უფრო შორეული ხაზი – 35 კვ [კილოვოლტი] ძაბვის ხაზს, რომელიც მიეკუთვნება მაღალი ძაბვის პირველ საფეხურს.

შენობასთან მიმართებით დაცვის ზონები დაცულია და ბოძი განთავსებულია მოქმედი ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად“, – მოგვწერეს კომპანიიდან.

ენერგოკომპანიას დამატებით ვკითხეთ, შენობასთან მიმართებით შესაძლოა დაცულია ტექნიკური ნორმები, მაგრამ ეს ნორმები ვრცელდება თუ არა, მაგალითად, საბავშვო ბაღის ეზოზე, სადაც ატრაქციონები, სკამები და გასართობი მოედანია და 280-მდე ბავშვი მოძრაობს ყოველდღე? – კომპანიას ამ კითხვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ბათუმის 37-ე საბავშვო ბაღის ეზო

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N340 დადგენილებით, ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზების დაცვის ზონად დგინდება: საჰაერო ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც დაშორებული არიან ხაზის ორივე მხარეს განაპირა სადენებიდან 15 მეტრის მანძილით 35 კვ გადამცემი ხაზის შემთხვევაში [ბაღის ეზოში სწორედ ასეთი ხაზი გადის].

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით კი, აკრძალულია „ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სათამაშო სპორტული მოედნების, ბაზრობების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, საველე კარვების განლაგება, ყველა სახის მანქანა-მექანიზმების და საქონლის სადგომების მოწყობა, ნებისმიერი სახის ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრასთან, თუ ისინი არ ასრულებენ ნებადართულ სამუშაოებს“.

შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ბავშვთა გასართობი მოედანი ან სკვერი არ უნდა იყოს. ასევე, საბავშვო ბაღიც.

ბაღს ეზოში კანალიზაცია ამოდის.

რაც შეეხება საკანალიზაციო ჭას, საიდანაც დაბინძურებული წყალი ამოედინება საბავშვო ბაღის ეზოში და გადმოდის შესასვლელშიც, ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ეს ახალგახსნილ საბავშვო ბაღში ტექნიკური პრობლემებით არის გამოწვეული.

„დაზიანდა საქაჩის სატუმბი, რომელიც არის შესაცვლელი და სამშენებლო კომპანიას გააჩნია მოწოდების ვალდებულება და ვფიქრობთ, ეს საკითხიც მოგვარდება”.

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 4,4 მილიონ ლარზე იყო ხელშეკრულება გაფორმებული.

ვიდეო:

________________

მთავარი ფოტო: ბათუმის 37-ე ბაღის ეზოში მაღალი ძაბვის გადამცემი დგას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: