ძმებ წულუკიძეებს ამჯერად ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან – მოწმეები დაკითხეს, გამოსაკვლევია ჩანაწერები

მოწმეების დაკითხვის ეტაპი უკვე დასრულდა „ძმები წულუკიძეების საქმეზე“. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა ამჯერად „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება, მაგრამ ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მალე წულუკიძეების ჩვენებას მოისმენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, ვიდრე იგი საქმეზე განაჩენს მიიღებს.

„საქმეში არაა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებს იმას, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები… გამოსაკვლევი დარჩა სატელეფონო ჩანაწერები, რაც საკმაოდ ბევრია,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე. „ბათუმელები“ მას ამ საქმის დეტალებზე ესაუბრა.

საუბარია 2026 წლის 17 მარტს ბათუმსა და ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის შედეგადაც 72 პირი დააკავეს. ამ საქმეში ბრალდებული 30 პირის საქმე, სადაც „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე ფიგურირებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. ძმები წულუკიძეები და მათთან დაკავშირებული კიდევ 25 პირის საქმის განხილვა კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

რეზო და ფირუზ წულუკიძეები 2024 წლის 23 ნოემბერს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ძმები წულუკიძეები 2021 წელს დააკავეს. პროკურატურა მათ რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობაში სდებდა ბრალს. ამ საქმეზე ჯამში 7 პირი იყო დაკავებული. ბრალდებულები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.

რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები უკანონოდ დააპატიმრეს? – „ბათუმელების“ მიერ 2021 წელს მომზადებული სტატია ნახეთ აქ.

ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში. მან 2020 წლის 15 ივნისს თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა მას პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერ-ჯგუფის შექმნა შესთავაზა. ამ დროს ფირუზ წულუკიძის ძმა, რეზო წულუკიძე და მისი მეგობარი, ელდარ ანთაძე სხვა საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.

2024 წელს ციხიდან გამოსული ძმები წულუკიძეები „ოცნების“ მთავრობამ 2026 წელს ციხეში შეაბრუნა. ამჯერად მათ უფრო მძიმე სასჯელი ელით – „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფირუზ და რეზო წულუკიძეები

საქმის მასალების მიხედვით, ძმები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და ფინანსური დავებს განიხილავდნენ.

ამ საქმეშიც მთავარი მტკიცებულება ფარული მიყურადების სატელეფონო ჩანაწერებია, თუმცა ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ ერთი ჩანაწერიც კი არ არსებობს, რითაც დადასტურდება, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ წევრები არიან, ან ფინანსური დავებში ჩართულობის სანაცვლოდ, ვინმესგან ფულს იღებენ.

„ეს ადამიანები მიჩნეული ჰყავთ ავტორიტეტებად – მე გავმიჯნავდი იმას, რომ ეს ავტორიტეტი არ არის კრიმინალური,“ – გვიყვება ადვოკატი თამარ აბესაძე. – „ამ ადამიანებს აქვთ საზოგადოებაში ნდობა, სახელი… რეზო წულუკიძემ თქვა კიდეც ერთ-ერთ პროცესზე, რომ სასამართლოში და პოლიციაში არ მიდიან ადამიანები, რადგან ეს არ არის ეფექტური.

ყველა ეს ადამიანი, ვინც მიმართა ფირუზს, ან რეზოს დასახმარებლად, არიან მათი ოჯახის ახლობლები, მათ სოფელში მცხოვრები ადამიანები.

ძმები წულუკიძეები საუბრობდნენ ხელისუფლების ბევრ პრობლემაზე… ისინი დააკავეს იმის გამო, რომ წინააღმდეგობაში არიან მთავრობასთან,“ – ამბობს თამარ აბესაძე.

ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები სასამართლო სხდომაზე

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონი ადგენს კონკრეტულ ჩამონათვალს, რა შემთხვევაში გვაქვს საქმე „ქურდულ სამყაროსთან“: უნდა დასტურდებოდეს გამოძალვა, შანტაჟი, მუქარა, დუმილის იძულება…

„ვერცერთი მოწმე მსგავს ვერაფერს ვერ ასახელებს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ვიღაცას ჰქონდა ვალი ასაღები და დახმარება სთხოვა რეზოს, ან ფირუზ წულუკიძეს,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

პროკურატურამ ამ ცნობილი სპეცოპერაციით დაკავებული პირების შემთხვევაში აქტიურად სცადა საპროცესო შეთანხმების მიღწევა. თუმცა, მაგალითად, ბათუმში საპროცესოზე ამ ეტაპამდე მხოლოდ ერთი ბრალდებული წავიდა.

„ძმები წულუკიძეების საქმეში“ კი, დაახლოებით 20 პირი უკვე გაუთავისუფლებიათ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პირობითი მსჯავრით. ბრალდებულებს, რომლებსაც პროკურატურა საპროცესო გაუფორმა, აღიარებითი ჩვენება მისცეს სასამართლოს და თქვეს, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები მართლაც „ქურდული სამყაროს“ წევრები არიან.

ამ ბრალდებულებს შედარებით მსუბუქი მუხლებით ედავებოდა გამოძიება: „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა… ძმები წულუკიძეებს და მათთან ერთად დაპატიმრებულ კიდევ 5 პირს კი, პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ცრუ ჩვენებები მისცეს სასამართლოს იმ ბრალდებულებმა, რომლებსაც საპროცესო გაუფორმეს.

„როდესაც პირი ამბობს, რომ ესენი არიან ქურდული სამყაროს წევრები, კრიმინალური ავტორიტეტები, რეზო წულუკიძემ დაუსვა შეკითხვა: „შენ ქურდულ გარჩევაზე ხარ ნამყოფი?“ პასუხი იყო, არაო. შემდეგ ჰკითხა: „რა არის ქურდული გარჩევა?“ – არც ამაზე ჰქონდათ პასუხი. მათ ეს არ იციან, მაგარამ ამ დროს ამბობენ, რომ თითქოს რეზო წულუკიძე აწყობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებს…

რაიმე კრიმინალი ჩაუდენიათ-მეთქი, ვეკითხები ბრალდებულებს: ვინმე უცემიათ, დაემუქრნენ, გაიტაცეს, ვინმეს ოჯახში შეუვარდნენ და ხელში იარაღი ეჭირათ? – არა, ამას როგორ ვიტყვით, 25 წელია ერთმანეთს ვიცნობთო. აბა, როცა ამბობთ, რომ არის კრიმინალური ავტორიტეტი, რა კრიმინალური ქმედება განახორციელეს რეზომ, ან ფირუზმა, რომ ამით ავტორიტეტი მოიპოვეს? – ამ კითხვებზე მათ პასუხი არ აქვთ, ვერაფერს ამბობენ.

რაც მთავარია: ყველა მოწმე ადასტურებს, რომ არანაირი ფინანსური მოთხოვნა არ ყოფილა,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეში რომელიმე ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი არ ფიგურირებს. პროკურატურის ვერსიით, ძმები წულუკიძეები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, როგორც ე.წ. ავტორიტეტები.

რატომ ერთვებოდნენ ფინანსური დავებში ძმები წულუკიძეები? – ვკითხეთ ადვოკატს.

„რეზოს ედავებიან 8 ეპიზოდს, ფირუზს – 4 ეპიზოდს. ყველა შემთხვევაში, ვინც მიმართა წულუკიძეებს, მათი ახლობლები არიან…

ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, ვიღაც ურეკავს ფირუზს და ეუბნება, რომ მისი ახლობელი სცემეს, არ მინდა შევარჩინო და შენი რჩევა მაინტერესებსო. ფირუზი პასუხობს, როგორც ვიცი, ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადა და რატომ უნდა სცემოო. ეს ჩათვლილი აქვთ, მაგალითად, როგორც „ქურდული გარჩევა“.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, მე ვუთხარი ძმებს, რომ შესაძლებელია დადგეს მკაცრი განაჩენი და ეს იყოს რვა-ნახევარი, ან 9 წელი. რეზო წულუკიძემ აქეთ დამამშვიდა, ნუ ინერვიულებ, გავაგრძელებთ ჩვენ დავას და სიმართლეს მაინც ვიპოვითო… ვინმეს თუ ჰგონია, რომ დაგვაპატიმრა და თავისუფლება წაგვართვა, ასე არაა – მე ყველგან თავისუფალი ვარო.

მზად არიან დაუმსახურებელი სასჯელისთვისაც, თუმცა სადღაც რაღაცა გამოკრთება ცოტაოდენი იმედი, რომ იქნებ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან რთულია ამ ქმედებებს, რაც აღვწერე, სასამართლომ დაარქვას კრიმინალი,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე „ბათუმელებთან“.

რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში

ბათუმის გენგეგმა, რომლის შემუშავებაც ქალაქის მერიამ 2021 წელს დაიწყო და ახლა დამტკიცებულიც უნდა ყოფილიყო, მორიგ ეტაპს გადის. ამ პერიოდში კი ქალაქში დაიწყო ან დაანონსეს ისეთი პროექტები, რომლებიც გენგეგმის კონცეფციაში ასახული არ იყო.

ამ პროექტებიდან ზოგი ამჯერადაც არ არის ასახული გენგეგმის პროექტში. მაგალითად „მსხვილი არაბული ინვესტიცია“ გონის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ადგილზე. საუბარია 258,8 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფომ კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ უზუფრუქტით უკვე გადასცა.

ვრცლად: გაასაიდუმლოეს გონიოში 258,8 ჰექტარი მიწის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც

გარემოსდაცვით პორტალზე ამ დღეებში გამოქვეყნდა გენგეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტი, რომელსაც გენგეგმის პროექტიც ახლავს. ამ პროექტში კი „არაბული ინვესტიციის“ შესახებ – თუ რა გავლენას მოახდენს ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე და ა.შ. დეტალურად არაფერია გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, რომელიც არაბულ-ქართულ კომპანიას გადასცეს, მთლიანად მოქცეულია ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ საიტის საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს.

ვრცლად: რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

რატომ არ მოხვდა მასშტაბური „არაბული ინვესტიცია“ ქალაქის გენგეგმაში, რა ბედი ელის „ზურმუხტის ქსელს“ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე? – „ბათუმელები“ ამ შეკითხვით გენგეგმის პროექტის კოორდინატორს, ანდრო ქორთუას დაუკავშირდა.

„მთავარი აქ არის დროის საკითხი. ანუ, როდესაც ჩვენ იმ ეტაპზე გადავედით, როდესაც უკვე სგშ უნდა გაგვეკეთებინა, მაშინ „არაბული პროექტი“ ჯერ დაძრული არ იყო. ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო. ახლა ჩვენ რაც ჩავაბარეთ [თუ არ ვცდები შარშან შემოდგომაზე] დამკვეთს, ანუ ბათუმის მერიას, სგშ-ს ბაზაზე მომზადდა. ეს იყო პირველადი ვერსია გენგეგმის პროექტის.

იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე კონცეფციიდან გადავედით პროექტირების ეტაპზე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მივწერეთ ორ საკითხზე ოფიციალურად წერილი.

პირველი, ეს იყო კუნძულის ტერიტორიასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მაგ დროს უკვე ახალდამტკიცებული იყო ეს პროექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია არ გვქონდა.

მეორე იყო გონიოს პოლიგონი, რახან უკვე დაძრული იყო საკითხი „არაბულ ინვესტიციაზე“ და გამოვითხოვეთ ამ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც.

კუნძულთან დაკავშირებით მოგვივიდა ოფიციალური ინფორმაცია, რაც შეთანხმებული, დამტკიცებული არის და ეს ერთი-ერთში პირდაპირ ასახულია გენგეგმის დოკუმენტაციაში.

გონიოს პოლიგონთან დაკავშირებით კი, ჩვენ გვაქვს ზემოთ აღნიშნული უწყებიდან პოზიცია, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი ოფიციალურად არ დაწყებულა, ასე ვთქვათ, დოკუმენტაციის შეკვრა. რაღაცა კვლევები მიმდინარეობდა მაგ პერიოდში, მაგრამ ისე, რომ რაიმე ტიპის ან კონცეფცია, ან ხედვა დოკუმენტურად და ოფიციალურად შემუშავებული ყოფილიყო, არ იყო.

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასთან დაკავშირებით რატომაც ესე ზოგადად წერია გენგეგმის პროექტში, არის აქედან გამომდინარე“ – გვითხრა ანდრო ქორთუამ.

  • რა წერია გენგეგმის პროექტში ყოფილი პოლიგონის განვითარებაზე

ბათუმის გენგეგმის პროექტის ერთ-ერთ ბოლო ვერსიაში წერია რომ „სახელმწიფო დონის ინტერესის ქვეშაა ასევე მოქცეული გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მისი მიმდებარე ტერიტორიების განვითარებაც, რომლის საერთო ფართობიც დაახლოებით 300 ჰექტარია. დაგეგმილი სივრცითი ტრანსფორმაცია გულისხმობს საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და მრავალფეროვანი ფუნქციების განვითარებას“.

ამ კონტექსტში კი, როგორც პროექტშია აღნიშნული, განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ჭოროხის მიმდებარე არეალებზე, რომლებიც დაცულია ბერნის კონვენციით, და, ასევე, ლანდშაფტურ ტერიტორიებზე, რომელთა კონსერვაცია აუცილებელია.

„აქ ერთდროულად იკვეთება ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ეკოლოგიური სენსიტიურობის გამოწვევები, რაც საჭიროებს დაგეგმვის დაბალანსებულ მიდგომას“ – წერია გენგეგმის პროექტში.

ბათუმის გენგეგმის პროექტიდან

ანდრო ქორთუას თქმით, ყოფილ პოლიგონთან  დაკავშირებით, ასეთი ზოგადადი ჩანაწერი გაკეთდა იქედან გამომდინარე, რომ როცა გენგეგმაზე დაიწყეს მუშაობა 2021 წელს, ამ ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მაშინაც არსებობდა გარკვეული მოსაზრებები.

„მერიის სურვილი იყო, რომ გარკვეული ხედვები წარგვედგინა ჩვენ ამ ტერიტორიის განვითარების. იქიდან გამომდინარე, რომ ადრე დამუშავებული იყო ერთგვარი განვითარების კონცეფცია [რომელიც კონცეფციის დონეზე დარჩა, ის არც დამტკიცებულა].

მაგრამ, რახან ეს ტენდენციურობა შეიმჩნეოდა, მაშინ ჩვენ ვთვლიდით, რომ თუ მსგავსი საკითხები და მსგავსი აქტუალობა იქნებოდა, ამ ტერიტორიას დავუდგინეთ გდგ-ს [განაშენიანების დეტალური გეგმის] განვითარების პირობა, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ჭოროხის დელტის, ასე ვთქვათ, ბუნებრივი ლანდშაფტის ღირებული ტერიტორია, არის ზურმუხტის ქსელის ნაწილი და სხვა.

გაცემული გვქონდა რეკომენდაცია, რომ თუ ინტერესი იქნება ამ ტერიტორიის განვითარების, გარკვეული სამშენებლო რესურსის გამოყენების, პირობა იყო შეთავაზებული ჯგუფის მხრიდან, რომ ეს ბუნებრივი ფასეულობები იყოს დაცული. მის მიღმა, თუ რამე იქნებოდა შესაძლებელი რომ განვითარდეს, კი ბატონო, განვითარდეს. მაგ პერიოდში ასეთი მდგომარეობა იყო.

სიმართლე გითხრათ, ამჟამად რაიმე ოფიციალური სტადიები თუ აქვს გავლილი ამ დოკუმენტაციას [„არაბულ პროექტს“ – ავტ.], მე არ ვიცი. უბრალოდ, შეიძლება ინიცირების ეტაპი იყოს ახლა და ამის არც რაიმე ხედვის დოკუმენტაცია, ან კონცეფციის დოკუმენტაცია არ მგონია წარდგენილი იყოს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში“ – გვითხრა ანდრო ქორთუამ,

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბათუმის გენგეგმის პროექტზე მუშაობის პარალელურად ქალაქის განაშენიანების კუთხით ბევრი რამ შეიცვალა და იცვლება დღესაც. ამას ხაზს უსვამს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფიც.

პროექტში აღნიშნულია, რომ:

  • „განახლებული კონცეფციის წარდგენის შემდგომ, დამუშავებული და შეთანხმებული განაშენიანების დეტალური გეგმები გარკვეულ ტერიტორიებზე ქმნის განსხვავებულ რეჟიმებს, ვიდრე ეს შეთავაზებული კონცეფციით იყო გათვალისწინებული.
  • აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ სივრცით დაგეგმარების პროცესში ცალკეული პროექტების ინტერესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალაქის საერთო სტრუქტურასა და პრიორიტეტებზე. შედეგად, აუცილებელია არსებული დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ქალაქის განვითარების ფრაგმენტაცია.“

გეგმის შემუშავების პროცესში… ბათუმში განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც შესამჩნევად ცვლის ქალაქის სივრცით გარემოს. ეს ცვლილებები მოითხოვს მათ სისტემურ ანალიზს, რათა განისაზღვროს, თუ როგორ უნდა აისახოს ისინი სივრცით დაგეგმარების დოკუმენტში და რა გავლენას იქონიებს მომავალში ქალაქის მდგრად განვითარებაზე…

ზემოაღნიშნული პროცესები ერთდროულად ცხადყოფს როგორც ბათუმის განვითარების ინტენსიურ ტემპს, ისე სივრცით დაგეგმარების დოკუმენტისა და მიმდინარე პროექტების სინქრონიზაციის აუცილებლობას.

გასათვალისწინებელი მხოლოდ პროცესების პარალელურობის შენარჩუნება არ არის. გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ უკვე დაწყებულმა ან დამტკიცებულმა ინიციატივებმა შეიძლება არსებითად განსაზღვროს ქალაქის სივრცითი სტრუქტურა ისე, რომ ისინი არ იყოს თანხვედრაში სივრიცითი გეგმის მიზნებთან.

ამიტომ, ბათუმის სივრცითი დაგეგმარების გეგმის მომზადებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებას. ეს აუცილებელია, რათა დოკუმენტი არ დარჩეს დეკლარაციული ხასიათის, არამედ იქცეს რეალურ სახელმძღვანელოდ, რომელიც მოიცავს ქალაქში უკვე დაწყებულ პროექტებს, ასახავს მათ შესაძლო გავლენას და სთავაზობს სისტემურ ჩარჩოს მათი მართვისთვის.

სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ბათუმის განვითარების მიმართულებები არ იყოს ფრაგმენტული, არამედ ჩამოყალიბდეს ერთიანი, თანმიმდევრული და მდგრადი ურბანული სტრატეგია“- წერია გენგეგმის პროექტში.

რაც შეეხება ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღს:

სააგენტოს განცხადება საჯარო განხილვის შესახებ გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით აიღეს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სააგენტოს, სადაც განაცხადეს, რომ თარიღი მერიისგან დადასტურებული არ ყოფილა და ამჯერად პასუხს ელოდებიან.

„თარიღი ბათუმის მერიასთან დაზუსტდება და საჯარო განხილვის შესახებ განცხადებაც უახლოეს დღეებში დაიდება. დოკუმენტაცია ჯერ განხილვის ეტაპზეა“, – განგვიცხადეს სააგენტოში.

ამავე სააგენტოში ბათუმის მერის მიერ 2026 წლის 29 ივლისს გაგზავნილ წერილში კი აღნიშნულია, რომ „საჯარო განხილვის სავარაუდო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 18 სექტემბერი“.

ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვა ალბათ ჩაინიშნება, თუმცა სგშ კონკრეტულად ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით დეტალურად არ პასუხობს იმ შენიშვნებსა და წინადადებებს, რომელთა გათვალისწინებაც თავად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა ბათუმის მერიისგან.

მაგალითად, ქვემოთ ჩამოთვლილია საკითხები, რომლებზეც სგშ-ში დეტალური ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ:

„სგშ-ის ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს განხილული ზურმუხტის ქსელის ჭოროხის დელტის საიტზე [GE0000054] და მის მიმდებარედ დაგეგმილი ღონისძიებები/აქტივობები. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, აღნიშნული ტერიტორიის დაცვა-შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

დოკუმენტაციაში უნდა აისახოს ინფორმაცია აღნიშნული ტერიტორიის ღირებულებების, შესაძლო ზემოქმედებით მოსალოდნელი ზიანის სხვადასხვა ასპექტისა და ფაქტების/ფაქტორების შესახებ. ანგარიშში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტის შესახებ…

სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია განაშენიანების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების/ხედვების განხორციელებით სენსიტიურ ჰაბიტატებზე, ზურმუხტის ტერიტორიაზე და სხვა დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედების შესახებ. ასევე, სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია ზემოქმედების თავიდან აცილებისა და საჭიროების შემთხვევაში, შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ.

სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ითვალისწინებს თუ არა სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული ღონისძიებები დოკუმენტაციაში აღნიშნული ლანდშაფტური პარკის მოწყობას ზურმუხტის საიტის ტერიტორიაზე. ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნული პარკის მოწყობის პირობები.

სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ზურმუხტის ქსელის საიტის საზღვრებთან გათვალისწინებული „ბუფერული ზონის“ შესახებ. მითითებული იყოს აღნიშნული ზონის დანიშნულება, შეზღუდვისა და ნებადართული ღონისძიებების პირობები. წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მდინარე ჭოროხზე 2.5 კმ სიგრძის საფეხმავლო ხიდის მოწყობის პირობების და შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

გეგმარებით არეალი კვეთს ფრინველთა სამიგრაციოდ მნიშვნელოვან მარშრუტს. შესაბამისად, საჭიროა ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, ზურმუხტის ტერიტორიაზე და ბიომრავალფეროვნებისათვის მნიშვნელოვან სხვა ტერიტორიებზე ზემოქმედებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, დეტალური და სრულფასოვანი ინფორმაციის [მათ შორის მოძველებული მონაცემების განახლება, ტერმინოლოგიურად და შინაარსობრივად გამართვა და ა.შ.] სგშ-ის ანგარიშში ასახვა და სხვა“.

ბათუმის მერიას გენგეგმის შესამუშავებლად „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ ხელშეკრულება 2021 წელს 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული და აქედან უკვე გადახდილი აქვს 1 796 904 ლარი.

ამავე თემაზე:

სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია

რკინიგზის სახიფათო გადასასვლელები ბათუმში – რა გამოსავალს გვთავაზობს ქალაქის გენგეგმის პროექტი

კობა ფარტენაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

კობა ფარტენაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

კობა ფარტენაძე გუშინ, 17 აგვისტოს, დააკავეს ადმინისტრაციული წესით ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლების შესაბამისად. გუშინვე კობა ფარტენაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს.

კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას 2026 წლის 16 აგვისტოს თავს დაესხნენ. დაწყებულია გამოძიება, თუმცა უწყებაში ამ დრომდე ვერ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

კობა ფარტენაძეს მანამდე, ბათუმში, 10 აგვისტოს ქუჩაში დაემუქრნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს.

კობა ფარტენაძემ მაშინ თქვა, რომ ამ შემთხვევამდე მასზე სხვა ლოკაციაზეც იძალადეს და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მას თავს ესხმიან. ამ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ბრალდებულ ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა. ამ პირების მიმართ პროკურატურამ გამოკვეთა „სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივი“.

აჭარაში ადვოკატი დააკავეს დაზარალებულზე ზემოქმედების ბრალდებით

აჭარის პროკურატურამ ადვოკატი დააკავა დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ბრალდებით.

გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და  სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა.

„დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.

ბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 18 აგვისტოს, ადრე დილით მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბულვარში ორი კაცი დაუპირისპირდა ერთმანეთს – ერთმა მოწინააღმდეგე  სავარაუდოდ მინის ნამსხვრევით დაჭრა, მეორემ კი – დანა გამოიყენა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 120-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა, ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

შსს-ს პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ მხილებულია ინციდენტში მონაწილე პირები.

„არა მგონია მე გამოვიტანო“ – ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ახალი წერილის ციხიდან გამოტანაზე

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ თვითონ არ გამოიტანს საპყრობილედან ირაკლი ღარიბაშვილის წერილს. ამის შესახებ მან „ტვ პირველს“ უთხრა.

„ალბათ დღის მეორე ნახევარში შევალ [ციხეში]. არა არა, არ ვიცი, არა მგონია მე გამოვიტანო, სხვა ადვოკატებიც არიან…

რომელ საათზე იქნება და როგორ იქნება, ეგ არ ვიცი. შეიძლება ჩემს დროს შევიდნენ, შეიძლება ჩემამდე შევიდნენ“ – უთხრა მიხეილ შაყულაშვილმა მედიას.

მიხეილ შაყულაშვილმა გუშინ, 17 აგვისტოს დაადასტურა ირაკლი ღარიბაშვილის წერილის ავთენტურობა. მან ასევე აღნიშნა, რომ წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა ფეისბუქზე განცხადებას დაურთო, მას არ მიუტანია ირაკლი ღარიბაშვილისთვის.

  • რა ხდება?

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო ახალი წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ.

ამის შესახებ 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება და ნაწყვეტი წერილიდან, რომელზეც ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო.

„ქართული ოცნების“ ყოფილ, ორგზის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, 2025 წლის 24 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით  მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. იგი პატიმრობაშია.

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ

10 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად

დღეს, 18 აგვისტოს, დილით, რუსეთმა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში მდებარე პეჩენეგი დაბომბა, არის მსხვერპლი.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ მედიაში წერს, რომ დილის 10:47 საათის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

ადგილზე სამედიცინო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

პირველადი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად 10 კერძო სახლია განადგურებული.

_________

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

დააკავეს პირი, რომელიც ათობით ადამიანს სახლის აშენებას ჰპირდებოდა მისაღებ ფასად – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს პირი, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ედება ბრალი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა და აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად,  ათობით მოქალაქესთან  მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.

„ჯგუფის წევრები, დაზარალებულებს ჰპირდებოდნენ, რომ მათთვის მისაღებ ფასად აუშენებდნენ საცხოვრებელ სახლებსა და კოტეჯებს, ასევე უზრუნველყოფდნენ საჭირო ნებართვებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას.

აღნიშნული საბაბით ბრალდებულებმა, პირადი და იურიდიული პირის ანგარიშებზე, დაზარალებულებს პირველ ეტაპზე  355 000 ლარი ჩაარიცხინეს. თუმცა შეთანხმება არ შეასრულეს, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მათთან კომუნიკაცია შეწყვიტეს“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე მუხლის მე-2  და  მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 469 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 274 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 162 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 48 155 ერთეული [+55]
  • MLRS – 2 040 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 577 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 467 459 ერთეული [+1 962]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 292 ერთეული [+19]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 135 891 ერთეული [+443]
  • სპეცტექნიკა – 4 547 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 010 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოდესაში სამოქალაქე გემს დაესხნენ თავს – დაშავდა ეკიპაჟის 4 წევრი

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ეკლესიას გარდაბანში 2,5 ჰექტარ მიწა 99 წლით გადასცეს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ მთავრობა გარდაბანში მდებარე 2,5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას, 99 წლით უსასყიდლოდ, მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემს.

„მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება“, – წერია 2026 წლის 11 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

ეკლესიისთვის გადასაცემი მიწა, რომელიც გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარეობს, სამ საკადასტრო ერთეულადაა დარეგისტრირებული და მათი საერთო ფართობი 25 000 კვადრატული მეტრია.

მონიშნულია მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფომ ეკლესიას 99 წლით უნდა გადასცეს / გარდაბანი, სოფელი მარტყოფი

საჯარო რეესტრის მონაცემებით ჩანს, რომ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შემაღლებულ ადგილზეა, ეკლესიაა უკვე აშენებული. ასევე მოწყობილია ეკლესიამდე მისასვლელი საცალფეხო გზაც [ასასვლელი კიბე].

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სოფელ მარტყოფში გადასაცემ სახელმწიფო მიწის ერთ ნაკვეთზე ეკლესიის შენობა უკვე დგას.

ზემოთ აღნიშნული განკარგულებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა განახორციელოს ქონების ეკლესიისთვის გადასაცემად საჭირო შესაბამისი  ღონისძიებები.

რა ხდება ბათუმის ძველ ბულვარში და სანაპიროზე – ფოტო|ვიდეო

წვიმის შემდეგ ბათუმის ძველ ბულვარში შედარებით ხალხმრავალ ადგილად შეიძლება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია მივიჩინოთ. აქ  ტურისტები ჯგუფებად მოდიან, ძირითადად, ალი და ნინოს სანახავად.

აქვეა ეშმაკის ბორბალი და ზღვაზე გადამდგარი პირსიც, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ინტერესს მაინც უფრო ალისა და ნინოს მოძრავი სკულპტურა იპყრობს.

ტურისტები „ალი და ნინოსთან“
ბათუმი, ეშმაკის ბორბალი

ამ ტერიტორიაზე ათობით ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდებით და ამდენივე ენაზე წარმოთქმულ ფრაზებსაც მოისმენთ.

ყველაზე შემაწუხებელი აქ იახტკლუბიდან მომავალი ხმაა, რაც იახტების გაქირავების, გემით გასეირნების შეთავაზებას უკავშირდება. გარდა ამისა, ყველა იახტაზე ძალიან ხმამაღლა აქვთ მუსიკა ჩართული.

იახტკლუბი

გემით 15-წუთიანი გასეირნების ფასი ერთი ტურისტისთვის 30 ლარია.

რამდენადაც ხალხმრავალია, იმდენად ნაკლებად სუფთაა პრომენადი ალი და ნინოს მიმდებარედ. აქა-იქ ჭუჭყიან გუბესაც შეხვდებით, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა და კანონდარღვევაც, რასაც ამ ტეროტირიაზე ნახავთ, მაინც ავტომანქანით მოძრაობაა.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ხშირად შეხვდებით ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელს სპეციალური მანქანით, ან დაცვის თანამშრომელს, როგორც ჩანს, გარემოს ისე ვერ აკონტროლებენ, როგორც ევალებათ.

გუბე ეშმაკის ბორბლის წინ

ავტომანქანა ძველ ბულვარში „ბათუმელებმა“ დღეს, 17 აგვისტოსაც დააფიქსირა.

ამ ტერიტორიაზე სასმელი წყლის ონკანები რიგ შემთხვევებში არ მუშაობს, ურნები გადავსებულია ან გადავსებული არ არის, მაგრამ მძაფრი სუნი აქვს. როგორც ჩანს, ურნები ინტენსიურად არ ირეცხება.

ეს ონკანი არ მუშაობს

მართალია, ვერტმფრენით დაფრენა კორპუსის თავზე უკვე შესაძლებელია, თუმცა „ამბასადორის“ სასტუმრო ჯერ კიდევ მშენებარეა.

მშენებარე სასტუმრო

ძველი ბულვარის შესასვლელში, სადაც ადრე ქორწინების სახლი იყო, უკვე დაუსრულებიათ ახალი შადრევნის მოწყობა. რაც შეეხება სკვერს კაფე „ტყუპების“ ადგილზე, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

 

იმ ადგილზე, სადაც ქორწინების სახლი იყო, ახალი შადრევანია
სანაპირო დღეს – 17 აგვისტო
აქ ახალი სკამები დაუდგამთ

ბათუმის სანაპირო დღეს

 

ემიგრანტი: „ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი ისევ დაუსრულებელია და აღარავინ მპასუხობს“

„19 წელია ემიგრაციაში ვარ. ემიგრაციაში ყოფნის დროს ვიყიდე ბინა ბათუმში 2021 წელს, ერთიანად გადავიხადე თანხა. ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი დღესაც დაუსრულებელია… ბოლოს მითხრეს, გასაღები წაიღეთო. ახლა კი, საერთოდ აღარავინ არ გვპასუხობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო მუმლაძე. იგი აშშ-ში ცხოვრობს შვილთან ერთად.

ემიგრაციაში მყოფ დედა-შვილს ცალ-ცალკე უყიდია ბინები ბათუმში, მშენებარე კორპუსში. ბინა ახალ ბულვართან ახლოსაა. გრიგოლ ელიავას 53-ში კორპუსი კომპანია „ციტრონ გრუპს“ უნდა აეშენებინა.

„2022 წლის მაისში ჩამოვედი ამერიკიდან საქართველოში და მივედი ბინის სანახავად,“ – გვიყვება ემიგრანტი ნინო მუმლაძე, – „ბინა უკვე იყო ბოლომდე აშენებული, ანუ ჩონჩხი, მაგრამ გამოტიხვრა, კარ-ფანჯრები, შიდა კომუნიკაცია და სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მაშინ სამშენებლო კომპანიაში მითხრეს, რომ დროებით რაღაც პატარა შეფერხება ჰქონდათ და მალე გაკეთდებოდა ყველაფერი… “ – ამბობს ნინო.

მას და მის შვილსაც ბინა რეესტრში 2022 წლიდან დარეგისტრირებული აქვთ.

ემიგრანტის თქმით, დაპირების შესრულების ნაცვლად, კომპანიის მენეჯმენტი ნელ-ნელა გაქრა, შემდეგ ოფისიც გამოკეტეს, ხოლო ვისგანაც პასუხი მიიღო, მან სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად, ხან რა დაუსახელა და ხან – რა.

კომპანია „ციტრონ გრუპის“ კორპუსი ბათუმში, ელიავას ქუჩაზე – 2026 წლის 17 აგვისტოს ფოტო
კორპუსს დღესაც სამშენებლო ღობე აქვს გარშემორტყმული, მაგრამ აქ ვერ იპოვით საინფორმაციო დაფას. ღობის მიღმა, მოუწესრიგებელ სადარბაზოში შევნიშნეთ სამშენებლო კომპანიის ლოგო.

„თავდაპირველად მითხრეს, რომ პროექტი შეიცვალა და თავზე აუზი უნდა მოეწყოსო. ადამიანები ვართ, შევედით მდგომარეობაში და კარგი-მეთქი.

გავიდა დრო და კომპანიამ სურათები გამომიგზავნა სოციალურ ქსელში: ნახეთ, როგორ გაკეთდა ბინაო და ტყუილი აღმოჩნდა. ჩემი ახლობელი მივიდა, ვიდეოთვალი რომ ჩამირთო და მაჩვენა, რა მდგომარეობაში იყო ბინა, ცუდად გავხდი… სურო იყო ამოსული ჩემს ბინაში და წყალი იდგა.

მერე, როგორც იქნა, დამაკავშირეს ვინმე სალომესთან, რომელმაც მომწერა, შეგიძლიათ რემონტი დაიწყოთ, ჩაიბაროთ გასაღებიო. დამაინტერესა და თბილისში მცხოვრები ჩემი შვილი გავუშვი ბინის სანახავად უკვე წელს. ჩემი შვილი კორპუსში არ შეუშვა დაცვამ, მაგრამ ნახა, რომ კორპუსი დასრულებული არ არის და არც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შიგნით არ არის ისე, როგორიც უნდა ყოფილიყო, კიბეები არ არის მოწესრიგებული, ლიფტი არ არის ჩართული.

ეს რომ მივწერე იგივე სალომეს, მომწერა, რომ გზებია გადათხრილი და ტექნიკა ვერ შედის ადგილზეო. მერე თქვა, ახალი კომპანია უნდა შემოვიდეს, მეპატრონე დაიღუპაო. ვერ გაიგებ მოკლედ სიმართლეს. ამდენი წელია მუდმივად ტყუილებს ვისმენ, ძალიან დავიღალე,“ – გვითხრა ნინო მუმლაძემ.

მშენებარე კორპუსი
დაუსრულებელი კორპუსი ბათუმში, ელიავას ქუჩაზე

მისამართზე მისულ „ბათუმელებს“ კორპუსის მეზობლად, კერძო სახლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უთხრეს, რომ კორპუსში რემონტი მხოლოდ ერთმა ოჯახმა წამოიწყო, რადგან ნაქირავებში ცხოვრობს, მაგრამ იმის გამო, რომ კორპუსში გამართულად ჯერ კიდევ არაა კომუნიკაციები, მან აქ საცხოვრებლად გადმოსვლა ვერ შეძლო.

ადგილზე „ბათუმელებს“ არავინ დახვდა. სამუშაოები აქ შეჩერებულია. დაუსრულებელი კორპუსი სამშენებლო ღობითაა გარშემორტყმული და ჩაკეტილია კარით. კორპუსის ეზო და შესასვლელი სავსეა სამშენებლო ნივთებითა და ნარჩენებით. „ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა მდგომარეობაა კონკრეტულად კორპუსის შიგნით.

კომპანია „ციტრონ გრუპი“ ნუგზარ ბაკურიძეს ეკუთვნის. მასთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს „ბათუმელები“.

ამ კომპანიის ფეისბუქგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე გვიპასუხეს, რომ ეს სრულიად სხვა კომპანიის ტელეფონის ნომერია, ეს კომპანია კი მუშაობს კონკრეტული პროექტის გაყიდვებზე.

კომპანიაში, რომელიც „ციტრონ გრუპის“ ერთ-ერთი პროექტის გაყიდვებზე მუშაობს, „ციტრონ გრუპთან“ დაკავშირებაზე უარი გვითხრეს და აღნიშნეს, რომ „ციტრონ გრუპიდან“ სურვილის შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდებიან.

ემიგრანტებმა მოგვაწოდეს რამდენიმე პირის საკონტაქტო მონაცემები, ვისთანაც სხვადასხვა დროს მათ ჰქონიათ კომუნიკაცია. ემიგრანტებმა იციან ამ პირების მხოლოდ სახელი და არა ზუსტი სტატუსი. ტელეფონის ზოგიერთ ნომერზე „ბათუმელებს“ საერთოდ არ უპასუხეს.

გამონაკლისი იყო ორი ზარი, სადაც ერთმა პირმა, რომელიც აჩიკოდ გაგვეცნო, თქვა, რომ ამ პროექტზე აღარ მუშაობს და კითხვებს ვერ უპასუხებს, ხოლო კიდევ ერთმა საკონტაქტო პირმა, სახელად სულხანმა, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „მშენებლობა აუცილებლად დასრულდება“:

„მე არ ვარ ხელმძღვანელი… მშენებლობაზე ვმუშაობდი მხოლოდ, მეტ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, შეხვედრაზე ვარ“ – გვითხრა მან.

კომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეებს აქვთ პრობლემა სამშენებლო კომპანიასთან. „ბათუმელები“ წერდა სხვა ემიგრანტი ქალის შესახებ, რომელმაც ასევე ემიგრაციაში ყოფნის დროს ბათუმში ბინა იყიდა, ბათუმში ჩამოსულმა კი აღმოაჩინა, რომ ბინა უკვე სხვისი საკუთრება იყო.

ამავე თემაზე:

 

ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა

 

 

 

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი Sudan I და Sudan IV აღმოჩნდა.

„შპს „ნთკ 2016“-ში წარმოებულ სვანურ მარილში, რომელიც 2026 წლის 2 თებერვალს არის დამზადებული, აკრძალული საღებავები აღმოჩნდა.

გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა“ – წერს სააგენტო.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელებს, რომ თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენონ.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებიდან 50 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.

„2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.

სურსათში საღებავების [Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B] გამოყენება აკრძალულია.

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატს.“ – წერს სააგენტო.

ბათუმში ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება – რა თქვეს მოწმეებმა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 აგვისტოს, განახლდა საქმის განხილვა, რომელიც მკვლელობის მცდელობას შეეხება.

„მითხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა, რა ვალი ჰქონდა, არ ვიცი… ამბობდა, მირეკავენ და მაწუხებენო,“ – უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა – მალხაზ ალტეიბამ. ის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხეს.

ეს მოწმე მდინარე ჭოროხში სავარაუდოდ გადაგდებულ კაცთან მეგობრობდა – მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ. მალხაზ ალტეიბა აფხაზეთიდანაა და ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს ბათუმში. მან რუსულ ენაზე მისცა ჩვენება სასამართლოს თარჯიმნის დახმარებით.

საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა, შურისძიების მიზნით, დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს.

2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე სტანისლავ სუხარევი, რომელიც 40 წლისაა და გამოძიებამ დაზარალებულად მიიჩნია, არავის უნახავს. არც მისი ცხედარი უპოვია გამოძიებას. პროკურატურის მტკიცებით, კაცი ბრალდებულმა მამა-შვილმა მოკლა.

გაუჩინარებული კაცის, სტანსილავ სუხარევის ყოფილ მეუღლეს – ინგა უზუნოვას პროკურატურის ვერსიის სჯერა. მან 2026 წლის 27 ივლისის სასამართლო სხდომის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი ყოფილი ქმარი, ვისთანაც საერთო 12 წლის შვილი ჰყავს, „520 ლარის გამო მდინარეში გადააგდეს, როგორც ქვა“. მისთვის უცნობია, რის გამო ჩაურიცხეს სტანისლავს ფული. 

მოწმის თქმით, მან ამ ინციდენტამდე სტანისლან სუხარევს საკუთარი მობილური ტელეფონი ათხოვა: თავისი გაუფუჭდა და ვიცოდი, მუსიკის მოსმენა რომ უყვარდაო.

„რადგან სტანისლავი ქართულად კარგად საუბრობს, ახლობლის პროცესზე უნდა მოსულიყო 10 დეკემბერს აქ, სასამართლოში, რომ დაგვხმარებოდა,“ – ეს ის დღეა, როცა პროკურატურის ვერსიით, სტანსილავი სავარაუდოდ ჭოროხში გადააგდეს გონიოს გაუქმებული ხიდიდან, – „დაპირების მიუხედავად, სტანილსავი სასამართლოში არ მოვიდა. დავუწყე ტელეფონზე რეკვა, არ პასუხობდა… ვიფიქრე, თავისით გამოჩნდება-მეთქი.

მერე დამირეკა სტანისლავის ბინის მესაკუთრემ – სვეტლანამ, რომ მას ეძებდნენ, ცემეს და ისე წაიყვანეს სადღაც.

ესენი პირველად პოლიციის განყოფილებაში ვნახე,“ – ბრალდებული მამა-შვილისკენ მიუთითა მოსამართლეს მოწმემ.

„ის რამე ნივთიერებაზე დამოკიდებული იყო?“ – ჰკითხა მოწმეს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„მას უყვარდა ალკოჰოლის დალევა… კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარება მე არ დამინახავს,“ – აღნიშნა მოწმემ.

ერთ-ერთი ვერსიით, თანხა სტანისლავ სუხარევს თანხა ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენად ჩაურიცხეს. ამ ვერსიაზე ჯერჯერობით პროკურატურა მოწმეების დაკითხვის დასრულებამდე არ საუბრობს.

„თქვენ უკვე 14 დეკემბერს იცოდით, რომ, ასე ვთქვათ, ცემა-ცემა წაიყვანეს თურმე სტანისლავი ბინიდან ვინმე ბადრიმ და როლანდიმ. ეს არ იყო შემაშფოთებელი?“ – მიმართა მოწმეს ამჯერად ბრალდებულების ადვოკატმა, მიხეილ მიქანაძემ.

„ვფიქრობდით, ალბათ სადმე დალია და გამოჩნდება-მეთქი,“ – მოკლედ თქვა მოწმემ.

დაცვის მხარის ვერსიით, გაუჩინარებული კაცის ახლობლებმა კონფლიქტი ბადრი და როლან უ-ებს, ანუ ბრალდებულებს მას შემდეგ დაუკავშირეს, როცა პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა. ამიტომაც გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა ამ დეტალზე: თუკი ოჯახისთვის და მეგობრისთვის ცნობილი იყო, რომ სტანისლავ სუხარევი „ცემა-ცემით წაიყვანეს სახლიდან“, მაშინ რატომ არ დაურეკეს მაშინვე პოლიციას და დაელოდნენ, სტანისლავი თავისით როდის გამოჩნდებოდა?

„ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდით,“ – დასძინა მოწმემ.

მისივე თქმით, სტანისლავის დედამ პოლიციის განყოფილებაში თქვა, რომ განყოფილებაში ნანახი მამა-შვილი „შესაძლებელია ჰგავდეს“ იმ პირებს, რომლებმაც 10 დეკემბრის დილით ბინიდან სტანისლავი გაიყვანეს.

„წამლის ბარიგა“ – წამოიძახა უცებ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ხანდაზმულმა კაცმა. მანამდე მას პროკურორი გაუწყრა, რას იშვერ ხელსო და მოსამართლემ შენიშვნა მისცა.

„შემთხვევის ადგილზე იყო ხელის მოსაკიდებელი, რომ ადამიანი ჩასჭიდებოდა?“ – ჰკითხა მოწმე ომარ სურმანიძეს ადვოკატმა პაატა ცეცხლაძემ. ომარ სურმანიძე მაშველია და 21 დეკემბერს გონიოს გაუქმებული ხიდის მიმდებარე ტერიტორია სხვებთან ერთად ნავით დაათვალიერა.

„მე ნავს ვმართავდი, მყვინთავები ჩავიდნენ წყალში,“ – აღნიშნა მოწმემ, ხოლო ადვოკატს უპასუხა, რომ მდინარის ორივე მხარეს იყო „ზოგან ხე, ზოგან – ბუჩქებიც“.

„შეთხელებული წყალი სადაც იყო, კუნძულთან, იქ გადასვლა შესაძლებელი იყო?“ – ჰკითხა მაშველს ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

„მე გადავიდოდი“, – ადვოკატებს ნახევრად ღიმილით გამოხედა მოწმემ.

ამ კითხვა-პასუხით ადვოკატები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ გაუქმებული ხიდიდან მდინარე ჭოროხში კაცი რომც გადაეგდო ვინმეს, ის თავის გადარჩენას შეძლებდა – დადგენილია, რომ გაუჩინარებულმა კაცმა ცურვა კარგად იცოდა.

„გონიოს ძველ ხიდთან ჩავუშვით ნავი – ზღვის შესართავამდე ჩავატარეთ სამძებრო სამუშაოები, საეჭვო არაფერი შემხვედრია,“ – დაასრულა მოწმემ.

მკვლელობის მცდელობის არსებითი განხილვა გრძელდება.

ამ თემაზე:

„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში

ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

დღეს, 17 აგვისტოს, „ლელომ“ სარჩელი საკონსტიტუციო სამარულოში შეიტანა.

სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე  „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ემიგრანტებს მოუწოდა ამ საჩივარს შეუერთდნენ:

„ათასობით ჩვენს თანამემამულეს პრაქტიკულად წაართვეს საარჩევნო ხმის უფლება, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. განსაკუთრებით ცინიკური იყო მათი პასუხი და გზავნილი ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომ ჩვენ არ ვართმევთ მათ საარჩევნო უფლებას, არჩევნების დღეს ყველას შეუძლია ჩამოვიდესო.

რამდენად არარეალურია ეს ყველაფერი საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რადგან ადრე პრობლემა იყო სწორედ არასაკმარისი, არასათანადო რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში, რომ მეტი ადამიანი ყოფილიყო საზღვარგარეთ ჩართული პოლიტიკურ პროცესში.

ის ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ უზარმაზარი წვლილი ეკონომიკურ ცხოვრებაში, ყოფილიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და პოლიტიკური ნების ფორმირებაში ჩართულები, ამიტომაც, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად წაართვა მათ საარჩევნო უფლება. მე მინდა, ჩვენი კოალიციის სახელით, მივმართო ემიგრანტებს, შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა.

ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი კოალიციის კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა სიორიძემ.

„ლელოს“ შეფასებით „2025 წელს ქართველ ემიგრანტებს „ოცნებამ“ საარჩევნო უფლება პრაქტიკულად წაართვა და ცინიკურად განუცხადა, რომ მათ შეუძლიათ არჩევნების დღეს საქართველოში დაბრუნდნენ და ამგვარად მონაწილეობა არჩევნებში.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც რეჟიმს არ ჰქონდა მანიპულაციებისა და ზეწოლის შესაძლებლობა და არჩევნები შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდა და მხოლოდ 13% მიიღო.

ამის პასუხად, რეჟიმმა ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, პრაქტიკულად, წაართვა საარჩევნო უფლება. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და „ძლიერი საქართველო-ლელო“ ახალი რეგულაციების კონსტიტუციორობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში იდავებს.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ თვეების განმავლობაში მუშაობდა კონსტიტუციურ სარჩელზე და მზადაა ყველა ქართველ ემიგრანტს გაუწიოს წარმომადგენლობა და სამართლებრივად იბრძოლოს მათთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად.“


„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა.

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში,  ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.ემიგრანტები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა შესძლებოდათ.

ვინაიდან, როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნებოდა.

ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირდათ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ემიგრანტებმა კამპანიებიც წამოიწყეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უცხოეთში საარჩევნო უბნები დაემატებინა.

თუმცა  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს  „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ მხოლოდ 67 საარჩევნო უბანი გახსნა, წინა არჩევნებთან შედარებით 15 უბნით მეტი.

ახალი გადაწყვეტილებით კი, „ქართული ოცნება“  ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს და ამტკიცებს, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, მას საქართველოში ჩამოსვლაც შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა)  საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე  „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საგრძნობლად მცირდება  და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.

საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შედეგები წლების მიხედვით:

  • 2016 წელს –  39,6%  (ეროვნულ დონეზე 48,68%)
  • 2020 წელს – 29,03% (ეროვნულ დონეზე  48,22%)
  • 2024 წელს – 13,49% (ეროვნულ დონეზე 53.93%).

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

განათლება გამარჯვებაა და  საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2026) ამის კიდევ ერთი დასტურია. თიბისიტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ახალგაზრდა ტექტალანტების მხარდაჭერას და მათთვის საერთაშორისო წარმატების მისაღწევად შესაძლებლობების შექმნას.

ტაშკენტში, მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტებს შორის, ქართველმა მოსწავლეებმა საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება მოუტანეს. ვერცხლის მედალი მოიპოვა ანდრია ვასაძემ, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ვლადიმერ ფრანგიშვილმა, საპატიო სიგელები კი ნიკოლოზ მელიქიშვილს და მათე რეხვიაშვილს გადაეცათ. ნაკრების ოთხივე წევრი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ მოსწავლეა.

IOI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტექნოლოგიური და სამეცნიერო ოლიმპიადაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უფროსკლასელები ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაში საკუთარ ცოდნასა და უნარებს ურთულესი ამოცანების გადაჭრით ამოწმებენ.

ნაკრებმა, თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორობით, „ტექ ოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში, სპეციალური ინტენსიური პროგრამა გაიარა. მოსამზადებელი ეტაპები თბილისში, ბაკურიანსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. მოსწავლეები ოლიმპიადის ფორმატზე მორგებულ ალგორითმულ ამოცანებსა და პრაქტიკულ ქეისებზე მუშაობდნენ. მათ მენტორობას პროფესორი გიორგი მანდარია, ბაქარ გამეზარდაშვილი და თარაშ დოლაბერიძე უწევდნენ.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI ერთ-ერთი ოლიმპიადაა, იმ ხუთ ოლიმპიადას შორის, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულადაა აღიარებული. აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველო გუნდებს წარადგენს 1996 წლიდან. ნაკრები გუნდი ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე შეირჩევა. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. ბრენდი აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს, აძლიერებს მათ პრაქტიკულ უნარებს და საერთაშორისო წარმატებისთვის ამზადებს.

Garibashvili Says He Was Offered Deal to Take Responsibility for New Corruption Case, Holds Ivanishvili Responsible for His and His Family’s Safety

Former Prime Minister Irakli Garibashvili, who is currently in prison, says that he received a letter in prison, allegedly sent on the instructions of Bidzina Ivanishvili, offering him a deal to take responsibility for a new corruption case.

Garibashvili considers the demand a humiliating and degrading act and appears to be preparing to reject it.

This letter was sent to me on the instructions of Bidzina Ivanishvili. I tried everything and did everything I could to avoid taking this step, but unfortunately, they left me no choice but to stand up to this disgraceful evil! To this ruthless cruelty, oppression/injustice, and the dirty plan to destroy me and my family!

Tomorrow I will release a lengthy letter and tell the public my truth!

From this day forward, Bidzina Ivanishvili and the entire government bear full responsibility for the safety of me and my family,” Irakli Garibashvili writes.

Garibashvili, who served twice as prime minister under Ivanishvili, has been in prison since January of this year.

The Prosecutor’s Office of Georgia reached a plea agreement with Garibashvili, under which the former prime minister was sentenced to five years in prison. He was also fined GEL 1 million as an additional penalty. Cash obtained as a result of criminal activity, as well as money seized during a search of his home, will also be confiscated in favor of the state.

Irakli Garibashvili, a two-time prime minister under Georgian Dream who also served at different times as interior minister and defense minister, was charged on October 24, 2025, with the legalization of illicit income (money laundering), accompanied by the receipt of income in an especially large amount (Article 194, Paragraph 3(c) of the Criminal Code). The offense carries a prison sentence of nine to 12 years, but under the plea agreement he was sentenced to five years in prison.

According to a statement released by Garibashvili today, August 17, he is being offered a deal to take responsibility for a new case, with assurances that this would not increase the length of his prison sentence.

“The ‘supporters’ like Dito Chubinidze and Irma Inashvili, as well as the campaigns organized on social media, have raised very serious suspicions and caused us serious damage. Very intensive work is underway on several cases, the likely outcome of which will be corruption charges. Therefore, we have two options for how to proceed:

  1. Fight the cases seriously and see them through to the end.

  2. (The second option was offered to us by them as a compromise solution) — admit to one of the cases (take responsibility for it ourselves), with everything to be settled through an agreement, including the admission of guilt, witnesses corroborating the charges, and so on. In this case, they are offering us a plea agreement for the same five-year term. In other words, as they explain it to me, the sentences would be absorbed into one another, leaving the five-year sentence unchanged. After being released, you must stay out of politics, and if you ‘decide to betray them,’ the corruption charge that you will have admitted to will serve as an insurance mechanism to make sure you do not even think about returning to politics,” the letter says. Garibashvili says he received the letter on Ivanishvili’s instructions.

Irma Inashvili, a former Georgian MP and leader of the Alliance of Patriots of Georgia, also commented on the statement in a Facebook post:

I have never hidden the fact that Irakli Garibashvili was my comrade-in-arms and friend, and I do not turn my back on my friends — so I still consider him my friend today. I have never abandoned any of my friends, and I will not abandon him either. But let me state this clearly: I have never planned or organized any campaigns on social media, nor have I ever carried them out. I do not need such campaigns; I already express my views publicly, in my own name!

I expose and fight against Kobakhidze, and I reiterate that he is a false informant, a slanderer, the author of Soviet-style ‘denunciation’ laws, and someone who is damaging Georgian politics in every possible way. He has sown enormous hatred and aggression both inside the country and beyond its borders. I expose Kobakhidze not because I want to harm anyone or undermine any process! Kobakhidze must go so that peace can be restored in the country!

As for Garibashvili’s statement, let us wait until tomorrow. I will comment on all the issues!” Inashvili wrote.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ

ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო ახალი წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ.

ამის შესახებ დღეს, 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ღარიბაშვილის მიმართვა:

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს!

დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას” – წერს ღარიბაშვილი და მიმართვას თან ურთავს წერილს:

წერილი, რომელიც ღარიბაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა

„ქართული ოცნების“ ყოფილ, ორგზის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, 2025 წლის 24 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით  მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. იგი პატიმრობაშია.

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა კვლავ შემცირდა

2026 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.4 პროცენტით შემცირდა და 820.8 ათასი სული შეადგინა.

ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებშია აღნიშნული.

საქსტატის ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 6.2 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 171.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 5.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ამავე დროს, წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.8 პროცენტით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა.

იკლო რძის, ხორცის და კვერცხის წარმოებამაც.

2026 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით ნაკლებია.

ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 178.2 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.

ამავე თემაზე: 

აჭარაში პირუტყვის რაოდენობა 1/3-ით შემცირდა, მიზეზი – თურქეთში მუშაობა

 

ოდესაში სამოქალაქე გემს დაესხნენ თავს – დაშავდა ეკიპაჟის 4 წევრი

უკრაინის ცნობით, რუსეთი ოდესის რეგიონში სამოქალაქო გემს დაესხა თავს.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი – მძიმედ და გემზე ხანძარი გაჩნდა.

რუსეთი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ოდესის რეგიონში პორტებზე დარტყმების შესახებ. დღეს, 17 აგვისტოს, რუსეთმა ოდესის გარეუბანში მდებარე „ნოვა პოშტას“ ლოჯისტიკურ ცენტრზე დარტყმის შესახებ განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა უარყო თურქეთის წინადადება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ამავე თემაზე:

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმს ითხოვს

 

შსს ამბობს, რომ კობა ფარტენაძე პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს

შსს-ს ამბობს, რომ კობა ფარტენაძე პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

„კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ასევე, აღნიშული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში.

ასკ-ის 166 მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 173-ე მუხლი პოლიციელების მიმართ წინაღმდეგობის გაწევას.

ადვოკატ თემურ ქავშბაიას თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულს არ მისცეს უფლება, დაკავშირებოდა ოჯახის წევრს, ასევე ადვოკატს. ადვოკატი თემურ ქავშბაია ამბობს, რომ იგი კობა ფარტენაძის ინტერესებს დაიცვას, თუმცა მას ამ დრომდე არ უსაუბრია დაკავებულთან.

კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას 16 აგვისტოს თავს დაესხნენ. დაწყებულია გამოძიება, თუმცა უწყებაში ამ დრომდე ვერ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

კობა ფარტენაძეს მანამდე, 10 აგვისტოს ქუჩაში დაემუქრნენ და ფიზიკურად იძალადეს. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. კობა ფარტენაძემ მაშინ თქვა, რომ ამ შემთხვევამდე მასზე სხვა ლოკაციაზეც იძალადეს  და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მას თავს ესხმიან. ამ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებულ ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა.

ამ თემაზე:

კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელებს გირაო შეუფარდეს

თუ Piel -ი გიყვარს — ის უკვე ბათუმშია და Grand Mall-ში გელოდება

ერთი წასმით სიყვარული — შეიძლება სწორედ ასე დაიწყოს…

ერთი პროდუქტის მოსინჯვით, ერთი სასიამოვნო შეგრძნებით,  ზაფხულის ერთი დღით… და შემდეგ უკვე Piel – ი შენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

ამ ზაფხულს კი პიელის სიყვარული ბათუმშიც გაგრძელდება. რადგან  ზაფხული, მზე, ზღვა, დასვენება და რუჯი — ეს ყველაფერი ერთ პატარა დეტალთან  – Piel Naturals-თან  ერთად ხდება სრულყოფილი …

მაინც საიდან დაიწყო ერთი წასმით სიყვარული , ანუ  Piel Naturals -ის ნამდვილი ამბავი

თათუკა ლომაძე, პიელ ნატურალსის დამფუძნებელი : „დაივიწყოთ იმით, რომ თუ პიელი გიყვარს, ზაფხულიც სხვანაირია. იმიტომ, რომ კანის მოვლა მხოლოდ ყოველდღიური რუტინა არ არის — ეს ის პატარა რიტუალია, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვას გვახსენებს. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მზე და ზღვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და კანს ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება.

ჩვენი  Piel Naturals-ის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ბათუმის Grand Mall-ში, რაც ნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონზე საყვარელი პროდუქტების მოძებნა და არჩევა კიდევ უფრო მარტივია. ზღვის შემდეგ, მზეზე გასვლის წინ თუ კანის  ყოველდღიური მოვლისთვის — Piel უკვე იქ არის, სადაც ზაფხული ყველაზე მეტად იგრძნობა.

ყველაფერი კი ჩემი დიდი ბებიის — კუკლასგან დაიწყო.

ის სახლში ამზადებდა სამკურნალო საცხებსა და მალამოებს მხოლოდ ბუნებრივი მცენარეებით, ზეთებითა და ექსტრაქტებით. ბავშვობიდან სწორედ მისგან ვისწავლე, რომ ბუნებას ადამიანის ჯანმრთელობისა და კანისთვის უდიდესი შესაძლებლობები აქვს. ეს ცოდნა, გამოცდილება და ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მოგვიანებით Piel Naturals-ის ფილოსოფიის საფუძვლად იქცა.

დღეს მომხმარებელი ხედავს თანამედროვე პროდუქტს, მის ეფექტს და ხარისხიან შეფუთვას, თუმცა ამის უკან წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, მუდმივი კვლევა, ევროპელი ტექნოლოგების მონაწილეობა, ხარისხის მკაცრი კონტროლი და დიდი გუნდის ყოველდღიური შრომა დგას.

ჩვენი საწარმო, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს საერთაშორისო GMP-ისა და ISO-ს ხარისხის სტანდარტების შესაბამისად მუშაობს . Piel Naturals-ის პროდუქციამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საერთაშორისო გამოფენებზე, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც ყურადღება სწორედ პროდუქციის ხარისხმა და ბუნებრივმა ფორმულებმა მიიპყრო.

ჩვენ ვიყენებთ ევროპულ, უმაღლესი ხარისხის აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებსაც მსოფლიოს არაერთი პრემიუმ კოსმეტიკური ბრენდი იყენებს. ჩვენი მიზანი ყოველთვის ერთია — მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტი.

თუმცა ჩემთვის Piel-ის ყველაზე დიდი წარმატება მხოლოდ ხარისხი, ან ბიზნესის ზრდა არ არის.

ეს არის ნდობა.

ნდობა, რომელიც ადამიანებმა წლების განმავლობაში ბრენდს გამოუცხადეს. როდესაც მომხმარებელი ერთხელ მოსინჯავს პროდუქტს და შემდეგ ისევ გიბრუნდება, სწორედ მაშინ ხვდები, რომ შექმენი არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ ურთიერთობა.

Piel Naturals მუდმივად ვითარდება, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება — ჩვენი ღირებულებები: ბუნებრივი ინგრედიენტები, მეცნიერება, ხარისხი, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე.

ახალი პროდუქტის შექმნისას ჩვენთვის მთავარი ყოველთვის ნედლეულის ხარისხი და მისი ეფექტურობაა. ვაკვირდებით მსოფლიო ტენდენციებს, ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არასოდეს ვკარგავთ იმ მთავარ იდეას, საიდანაც ყველაფერი დაიწყო !

და ალბათ სწორედ ამიტომ არის Piel – ი ისეთი, როგორიც არის.“

www. Piel.ge

https://www.facebook.com/pielnaturals1

Grand Mall , ბათუმი , შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 29

„დაკავებულია კობა ფარტენაძე… ვარკვევთ, რა საფუძვლით დააკავეს“ – ადვოკატი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს.

„ბათუმელები“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას.

„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში… ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული… ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში,“ – წერს ადვოკატი თემურ ქავშბაია.

კობა ფარტენაძე 16 აგვისტოს თავს დაესხნენ. დაწყებულია გამოძიება.

კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. კობა ფარტენაძემ მაშინ თქვა, რომ ამ შემთხვევამდე მასზე სხვა ლოკაციაზეც იძალადეს  და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მას თავს ესხმიან. ამ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებულ ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა.

ამ თემაზე:

კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელებს გირაო შეუფარდეს

ხულოში ტყის მცველი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს.

„აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ოპერატორმა ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით-კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს“- წერს საგამოძიებო.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 468 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 272 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 155 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 48 100 ერთეული [+93]
  • MLRS – 2 037 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 572 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 465 497 ერთეული [+2 093]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 273 ერთეული [+16]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 135 448 ერთეული [+597]
  • სპეცტექნიკა – 4 540 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 010 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოდესაში სამოქალაქე გემს დაესხნენ თავს – დაშავდა ეკიპაჟის 4 წევრი

კრივოი როგზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

16 აგვისტოს ღამით დრონების შეტევა იყო მოსკოვის ოლქზე. გუბერნატორის თქმით, ხანძარი გაჩნდა მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ კოლედინოში Wildberries-ის საწყობში:

მედვედევმა იდიოტები უწოდა ახალგაზრდა რუსებს, რომლებიც „დრამატულ პერიოდში“ ქვეყანას მხარს არ უჭერენ

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ჩაქვში სატვირთო მატარებელი კაცს დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

ჩაქვში სატვირთო მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს, 16 აგვისტოს, ნაშუადღევს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ბოლო რამდენიმე დღეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მატარებელი მოქალაქეს ეჯახება.

3 აგვისტოს, ასევე ჩაქვში, მატარებელი 35 წლამდე კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

13 აგვისტოს კი მწვანე კონცხზე, სარკინიგზო გადასასვლელზე თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა

ვის ამღერებენ ხულოში, ზორტიყელის მთაზე – 46 ათასი ლარი ჰონორარებში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს, რომ „შუამთობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში“ ხულოს მუნიციპალიტეტში, ზორტიყელის მთაში დაგეგმილია ღონისძიება, რისთვისაც მუსიკალური პროგრამა უნდა შეისყიდოს.

მუსიკოსებს კი ჰონორარებში [ყველა ხარჯის გათვალისწინებით] ჯამში 46 ათას ლარს გადაუხდის.

ღონისძიება ზორტიყელში 2026 წლის 18 აგვისტოს არის დაგეგმილი. „თარიღის ცვლილება ეცნობება შემსრულებლებს“ – წერს დეპარტამენტი.

ხელშეკრულებები გამარტივებული წესით შემდეგ მუსიკოს-შემსრულებლებთან გაფორმდება:

ჯგუფი „გორდელა“ – მუსიკალური შესრულება / 1 საათი – 15 000 ლარი
ჯგუფი „ბანი“ – მუსიკალური შესრულება / 1 საათი – 15 000 ლარი
ჯგუფი La Fiesta [„ლა-ფიესტა“] – მუსიკალური შესრულება / 1 საათი – 7 000 ლარი
დიჯეი ნუგო – ნუგზარ ხიმშიაშვილი – DJ მუსიკალური მომსახურება / 1 საათი – 3 000 ლარი
დიჯეი ბენე – გიორგი ცინცაძე – DJ მუსიკალური მომსახურება / 1 საათი – 3 000 ლარი
დიჯეი ჩიკი – არჩილ დავითაძე – DJ მუსიკალური მომსახურება / 1 საათი – 3 000 ლარი

„ცნობილია, რომ შუამთობის ღონისძიებები ჩატარდა კურორტ ბეშუმში და ჩირუხის მთაში. ღონისძიებების მიზანია აჭარაში სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სტუმრებისთვის ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა და ზოგადად, აჭარის მაღალმთიანი რაიონების პოპულარიზაცია.

შიდა ტურიზმის სტიმულირებისათვის, მთებში, რიგი პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების ფარგლებში მოხდება მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, კიდევ უფრო მეტი ადამიანისათვის გაცნობა და მთებში მოგზაურობის წახალისება.

აღნიშნული ღონისძიების სრულყოფილად ორგანიზების მიზნით, საჭიროა მუსიკალური პროგრამის სწორად დაგეგმვა და შემსრულებლების მოწვევა მათი შემოქმედების, რეპერტუარის, მაღალი რეიტინგისა და ცნობადობის გათვალისწინებით.“ – წერს დეპარტამენტი.

რაც შეეხება ზორტიყელში დაგეგმილ ღონისძიებას, ტურიზმის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ „წარმოდგენილი მუსიკალური შემსრულებლები შერჩეული იქნენ მათი ცნობადობის, მუსიკალური რეპერტუარის და რეიტინგის გათვალისწინებით. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მთაში ღონისძიებას ესწრება ყველა ასაკის ადამიანი და მუსიკალური პროგრამის შერჩევა და მორგება უნდა მოხდეს სხვადასხვა სეგმენტის, ასაკისა და მუსიკალური გემოვნების აუდიტორიისთვის.

მუსიკალური პროგრამა მორგებულია მაღალმთიან აჭარაში ჩასატარებელი ღონისძიების სპეციფიკაზე. ეს კონკრეტული რეპერტუარი ჩამოყალიბებულია ერთიან პროგრამად. შესაბამისად, ვთვლით, რომ მიზანშეწონილი ალტერნატივით ჩანაცვლება შეუძლებელია.“

კურორტ ბეშუმში და მთა ჩირუხში ჩატარებულ „შუამთობაზე“ კი, მუსიკოს-შემსრულებლებისთვის ჯამში 107 800 ლარი იყო გათვალისწინებული.

ამავე თემაზე:

რომელ მუსიკოსს რამდენს გადაუხდიან შუამთობაზე – ბიუჯეტიდან დაიხარჯება 107 800 ლარი

 

ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში ეკლესიას ბიუჯეტის ფულით ააშენებენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი 

„ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში მდებარე შუა საუკუნეების ნაეკლესიარის აღდგენა/რეაბილიტაციის სამუშაოებზე“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1,9 მილიონი ლარით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით კი ჩანს, რომ ნაეკლესიარზე [სადაც ძველი ტაძრის ნაშთებია] ახალი ეკლესიის აშენებაა დაგეგმილი.

ტენდერს თან ახლავს პროექტი და სხვადასხვა დოკუმენტაცია. ერთ-ერთ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია „ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში შუა საუკუნეების ნაეკლესიარის ადგილზე ახალი, ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა, ნაეკლასიარის შემორჩენილი სამი კედლის ნაწილორივი აღდგენით და კონსერვაციით.“

კმდს-ს სატენდერო კომისიის 2026 წლის 7 აგვისტოს ოქმში ვკითხულობთ:

  • „კომისიის წევრმა – სოფიო ლაზიშვილმა განაცხადა, რომ ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობისა და ძეგლის მდებარეობის გათვალისწინებით სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია 2026-2027 წლებში. შესაბამისად შესყიდვა განხორციელდება მრავალწლიანი შესყიდვის სახით
  • კომისიის წევრმა – გოჩა კახიძემ განაცხადა, რომ 2025 წელს სააგენტოს მიერ ჩატარდა აღნიშნულ ძეგლზე არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი, ხოლო 2026 წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ მომზადებული იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქვედა სამებაში მდებარე შუა საუკუნეების ნაეკლესიარის აღდგენა-რეაბილიტაციისა და ახალი ეკლესიის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია.
  • სატენდერო კომისიის აპარატის წევრმა – ლელა კუნჭულიამ განაცხადა, რომ შესასყიდი სამუშაოების ღირებულება [1 988 075 ლარი] განისაზღვრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე“.

სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა ასევე, რომ ქვედა სამებაში ეკლესიის ასაშენებლად მრავალწლიან შესყიდვასთან დაკავშირებით კმდს-ს დირექტორს, ლაშა მიქელაძეს ზემდგომისთვის, აჭარაში „ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძისთვის წერილით 2026 წლის 27 ივლისს მიუმართავს.

მიქელაძეს კი ელისო ბოლქვაძემ 30 ივლისს უპასუხა და მისი კოლეგის, ფინანსთა მინისტრ ედნარ ნატარიძის წერილი გადაუგზავნა.

ამ წერილის მიხედვით ედნარ ნატარიძე მრავალწლიანი შესყიდვის წინააღმდეგი არაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, „თუ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტირებისას“.

ელისო ბოლქვაძის და ედნარ ნატარიძის წერილები / წყარო: შესყიდვების პორტალი

„ქვედა სამება მდებარეობს კინტრიშის ხეობის მარცხენა მხარეს, ქალაქ ქობულეთიდან 6 კმ-ის დაშორებით. ნაეკლესიარიდან შემორჩენილია ტაძრის სამი კედელი, რომლებიც სხვადასხვაა ზომისაა…

ახალი ტაძარი იქნება ჯვარ-გუმბათოვანი, სამი მხრიდან შემოსაზღვრული სტოათი, რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში განთავსდება ასევე მცირე ტაძრები.
კონკრეტულად, სტოას სამხრეთ ნაწილში მოექცევა არსებული ნაეკლესიარის კედლები, რომლებიც კონსტრუქციულად იზოლირებული იქნება ახალი ტაძრის კარკასისგან.

ნაეკლესიარის კედლების ნაწილობრივი აღდგენა განხორციელდება ადგილზე ნაპოვნი და ნაეკლესიარის ჩამოშლილი ქვებით, რათა ძველსა და ახალ ნაგებობას შორის ვიზუალური კონტრასტი არ იქნეს დარღვეული“. – წერია განმარტებით ბარათში.

ქობულეთის სოფელ ქვედა სამების ნაეკლესიარი და ახალი ეკლესიის რენდერი / ფოტოები ტენდერიდან

„ეკლესიის ისტორიის შესახებ საარქივო მასალები და ბიბლიოგრაფიული წყაროები არ მოიძებნა, თუმცა არქეოლოგიური გათხრების მიხედვით… ეკლესია XIII საუკუნემდე უნდა აგებულიყო, რომლის დანგრევის შემდეგ, შედარებით გვიან, არაუადრეს XIX საუკუნის მეორე ნახევრისა ძველი ნაეკლესიარი აღუდგენიათ…

ახალი ტაძრის შელესილ/შეღებილი ფასადებისგან განსხვავებული, ქვის წყობით ამოყვანილი სივრცე გამოკვეთს ნატაძრალის მდებარეობას და ვიზუალუარად განასხვავებს ერთმანეთისაგან ძველსა და ახალს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნატაძრალის გადახურვა დაიცავს მის ფრაგმენტებს ატმოსფერული მოვლენების
ზემოქედებისაგან და შემდგომი დაზიანებისაგან.

ტაძრის მშენებლობის გადაწყვეტილების შემთხვევაში მნიშვნელოვანია – სამშენებლო სამუშაოებმა და მიწისქვეშა ბიძგებმა არ დააზიანოს ისტორიული ტაძრის ნაშთები“ – წერია სახელოვნებათმცოდნეო კვლევაში.

ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 988 075 ლარია [დღგ-ს გარეშე], წინადადებების მიღება 2026 წლის 26 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულს კი სამუშაოების შესასრულებლად ვადა 2027 წლის 1-ელ დეკემბრამდე ექნება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის კმდს ეკლესიის ნაშთზე, ანუ ძეგლზე, ახალ ეკლესიას აშენებს. ასე მოიქცა სააგენტო ქობულეთში, ხინოწმინდაში, სადაც VIII-IX საუკუნეებით დათარიღებულ ნაეკლესიარს ახალი შენობა დააშენეს. ამ შემთხვევაში ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ხინოწმინდაში ძეგლზე ეკლესიას ააშენებენ, აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯება

 

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
    ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 18  – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორი დღეს, 18 და 19 აგვისტოს აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

 

 

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

ბათუმში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით „სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 50 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.“

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კობა ფარტენაძეს თავს ისევ დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება

კობა ფარტენაძე ამბობს, რომ მას ბათუმში, ევროპის მოედანზე 16 აგვისტოს ისევ დაესხნენ თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. კობა ფარტენაძემ მაშინ თქვა, რომ ამ შემთხვევამდე მასზე სხვა ლოკაციაზეც იძალადეს  და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მას თავს ესხმიან. ამ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებულ ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ვრცლად ამ თემაზე:

კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელებს გირაო შეუფარდეს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 467 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 270 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 151 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 48 007 ერთეული [+75]
  • MLRS – 2 034 ერთეული [+8]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 570 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 463 404 ერთეული [+1 920]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 257 ერთეული [+16]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 134 851 ერთეული [+476]
  • სპეცტექნიკა – 4 535 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კრივოი როგზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

16 აგვისტოს ღამით დრონების შეტევა იყო მოსკოვის ოლქზე. გუბერნატორის თქმით, ხანძარი გაჩნდა მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ კოლედინოში Wildberries-ის საწყობში:

მედვედევმა იდიოტები უწოდა ახალგაზრდა რუსებს, რომლებიც „დრამატულ პერიოდში“ ქვეყანას მხარს არ უჭერენ

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება

„მოსამართლის მანტია პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული… მოსამართლე ემსახურება სისტემას რუსული, რეპრესიული მანქანის ჩამოყალიბებაში“, – ამბობს მოქალაქე და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი – თორნიკე თოშხუა „ბათუმელებთან“. ის რამდენიმე დღის წინ, ამჯერად მხოლოდ პლაკატის ხელში დაჭერის გამო დააპატიმრეს. პლაკატზე ეწერა: „ბიძინა ყ არაა, არის?“

როცა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების სარგებლობისთვის მოქალაქე დაცვის ნაცვლად დააპატიმრა, კიდევ უფრო ცხადი გახდა, როგორ უწყობენ მოსამართლეები ხელს „ოცნებას“ დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„პატიმრობა ყ-ს გამოყენებისთვის“ „ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება“, „პატიმრობა ფეისბუქსტატუსის გამო“, „ჯარიმა ზებრა გადასასვლელით სარგებლობის გამო“, „პატიმრობა გადაკეტილ გზაზე დგომისთვის“, – რამდენიმე აბსურდულ საქმეზე დასჯილ პირებს ვესაუბრეთ თემაზე: რა როლი შეასრულეს მოსამართლეებმა ამ საქმეებში? რა ჩაწერეს გადაწყვეტილებებში?

„ნოტარიუსია, მოსამართლე კი არა“, „ცირკი იყო, ცირკი“ – ერთი და იგივე ფრაზებს ახსენებენ „დასჯილები“ მოსამართლეებზე საუბრის დროს.

  • საქმე პირველი: „შემოდის მოსამართლე და გიცხადებს, მეო ძალიან ბევრი ვიფიქრეო…“ 

„ბიძინა ყ არაა? არის?“ – ამ წარწერიანი პლაკატის ხელში დაჭერის გამო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს ამბავი 2026 წლის 2 აგვისტოს მოხდა.

„ძირითადად მოსმენის რეჟიმში იყო მოსამართლე, თითქოს ყველაფერს ინტერესით ისმენდა, თუმცა შეკითხვები არ დაუსვამს,“ – პატიმრობიდან გამოსული თორნიკე თოშხუა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული პროცესის დეტალებს იხსენებს „ბათუმელებთან“:

„მოსამართლემ შეკითხვა თუ არ დასვი და მტკიცებულებები არ გამოიკვლიე, ისე როგორ უნდა მოჰფინო ბუნდოვან გარემოებას ნათელი? მოსამართლე იცავს პროტოკოლს და გითმობს დროს, რომ ისაუბრო, მაგრამ უარს გეუბნება, დაიბარონ პოლიციელები პროცესზე.

გადის მოსამართლე, მერე შემოდის უკან, რამდენიმე წუთში და გიცხადებს, მეო ბევრი ვიფიქრეო, რომ შენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმა ცალკე აღებული არ მიმაჩნია კანონდარღვევად, მაგრამ აი, მთლიან კონტექსტში – წინა დღეებში გამოხატული პროტესტი ერთმანეთს რომ დავადაროთ, უკვე ნათელია, რომ შენ, ფაქტობრივად, იგივე შეურაცხმყოფელი სიტყვა გაქვს გამოყენებული, რაც პირველ შემთხვევაშიო.

ვუთხარი მოსამართლეს, რომ ამ „ყ“-ში შეიძლება „ყოჩაღი“ ვიგულისხმე?

საინტერესო ისაა, რომ პირველ ბანერსა [პირველ ბანერზე თორნიკე თოშხუას ბანერზე ეწერა: „ბიძინა ყ…? კი/ არა]  და მესამე ბანერს შორის რაღაც არეული ამინდები დაემთხვა და პლაკატზე დავწერე: „ეს რა ყ… ამინდებია“. სასამართლოში მთავარი არგუმენტი ხომ ის ჰქონდათ, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვა გამოვიყენე და არაფერ შუაში არ იყო თითქოს ბიძინა, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიციელები მოვიდნენ, გადაიღეს ჩემი პლაკატი, ჩააგდეს თავიანთ ჩატებში და შსს-ს ვერიფიკაცია გავიარე.

შემდეგ დღეს კი, პლაკატზე გაჩნდა „ბიძინა“, ეს იყო მთავარი,“ – გვიყვება თორნიკე თოშხუა.

ამ პლაკატის გამო დააპატიმრა თორნიკე თოშხუა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ

„მოსამართლეს ძირითადად აქვს მხოლოდ ნოტარიუსის როლი…“ – მიიჩნევს თორნიკე თოშხუა და ხაზს უსვამს იმას, რომ მოსამართლეებს რეალურად არ გაურკვევიათ, როგორ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს კონკრეტული შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენება?

„წვრილმანი ხულიგნობა ასე მარტივად გამოსაყენებელი მუხლი არ არის. ამას შედეგად უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. მტკიცების ტვირთი არის ბრალდების მხარეს და მან უნდა დაამტკიცოს, რომ ამ ჩემმა ქმედებამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა… არანაირი მტკიცებულება არ იყო, მხოლოდ იყო ჩემი დაკავების კადრი.

საქმეში არ დაფიქსირებულა ის, რომ ვინმე შეწუხებულიყო ჩემი პლაკატით… ფაქტობრივად, წამების აწეული მქონდა პლაკატი ხელში, როცა ავტომატურ რეჟიმში მიიღეს ბრძანება და დამაკავეს. მტკიცებულება, რომ ვინმეს დისკომფორტი შეექმნა ამ ჩემი ბანერის გამო, საქმეში არ არსებობდა.

არ ჩათვალა მოსამართლემ საჭიროდ მოწმეების გამოკითხვა, არადა პოლიციელმა უნდა შეაფასოს სიტუაცია ან საფრთხე, რომელიც ჩემგან მომდინარეობდა. რატომ ჩათვალა საჭიროდ პოლიციელმა, რომ ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი გარემოება შენიშნა ჩემს ქმედებაში?

კანონი განმარტავს, რომ  ბანერზე მოცემულმა ინფორმაციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა უნდა გამოიწვიოს. მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვის დატანა არ არის საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის გამომწვევი. პირველ შემთხვევაში ზვიად ცეკვავამ მარტივად დაიჭირა შინაგან საქმეთა წარმომადგენლის მხარე და ადმინისტრაციული სახდელი დამაკისრა – ჯარიმა 3 ათასი ლარი, მეორე შემთხვევაში უკვე არც ეს შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მქონდა ბანერზე დატანილი,“ – გვითხრა თორნიკე თოშხუამ.

თორნიკე კაპანაძე

რა როლს ასრულებენ მოსამართლეები, როცა ივანიშვილი ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს?

„მოსამართლე დღეს ნეიტრალური არ არის, იგი არ ასრულებს ნეიტრალური არბიტრის როლს და არის მხარე. მოსამართლე რეალურად მხოლოდ ჭანჭიკია, რომელიც ემსახურება რუსული, რეპრესიული მანქანის ჩამოყალიბების ინტერესს. სისტემა ცდილობს, რომ გაგაჩეროს, მოსამართლე არის დამხმარე ამ სისტემის, აღმასრულებელი მისი ნების.

გაშიშვლდა საერთოდ სისტემა. ამ კონკრეტული მოქმედებით კიდევ უფრო აღქმადი გახდა აი, რა დონეზე არის ეს სისტემა მიმართული ამ ერთი ადამიანის ინტერესების დასაცავად.

მაგრამ ვერანაირი უსამართლობა ამ პროტესტს ვერ გააჩერებს. ეს პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე ის ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა,“ – ამბობს თორნიკე თოშხუა.

  • გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რა სტანდარტი დაამკვიდრა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ „თორნიკე თოშხუას საქმით“? 

„მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო ვარაუდის საფუძველზე. აბსოლუტურად უკანონოა ეს გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ვარაუდზე დაფუძნებული, პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არ ჰქონდა მოსამართლეს და არ შეეძლო მინიმალური სამართლებრივი სტანდარტებითაც კი, ეცნო თორნიკე თოშხუა სამართალდარღვევად,“ – გვითხრა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა. იგი სასამართლოში თორნიკე თოშხუას ინტერესებს იცავდა:

„ყველანაირ კანონმდებლობას მოსამართლემ გადაუსვა ხაზი და გაითვალისწინა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. დაარღვია როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს გაუკეთა იგნორი, ისე მიიღო გადაწყვეტილება.

მოსამართლის ეს ქმედება მიემართება იმას, რომ ქვეყანაში შეიზღუდოს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება… ეს იყო პროტესტის ჩახშობის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომ აღარავის ჰქონდეს უფლება, ამოიღოს ხმა, თქვას ზედმეტი სიტყვა და დაემორჩილოს მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ პირების მითითებებს,“ – გვითხრა ეკა ქობესაშვილმა.

  • საქმე მეორე: პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – „ნუ, ცირკი იყო, რა გითხრათ? მოსამართლე სავარძელში ჩაწვა და ბოლომდე მიგვიშვა…“ 

„კანონი ხომ არ შეიძლება იყოს ასეთი, ტროტუარზე დგომას გიკრძალავდეს? და როცა კანონია ასეთი, ხომ გახსოვთ, როგორ მოიქცა მოსამართლე ხუჭუა? მან თქვა, რომ ანტიკონსტიტუციური კანონებით ვერ გაასამართლებს ვინმეს…

ნიურნბერგის პროცესის დროს ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც მოსამართლეები გაასამართლეს, იყო ის, რომ ეს მოსამართლეები იცავდნენ ამორალურ, უსამართლო კანონს… ხუჭუას გადაწყვეტილება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მართალია, სააპელაციომ გააუქმა, მაგრამ თუ მოსამართლე ხარ, უნდა მოიქცე ისე, როგორც უნდა მოიქცეს მოსამართლე,“ – გვესაუბრება მიხეილ ზაქარეიშვილი. იგი პროფესიით ადვოკატია და დააპატიმრეს – ტროტუარზე დგომის გამო.

2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად სცნეს. მათგან ხუთს პატიმრობა შეუფარდეს. მიხეილ ზაქარეიშვილი 5 დღით დააპატიმრეს.

მიხეილ ზაქარეიშვილი

მიხეილ ზაქარეიშვილი თავის დაკვირვებას გვიზიარებს მოსამართლეების უცნაურ ქცევაზე, როცა მათ სამუშაო მაგიდაზე „ტროტუარების საქმეები“ გაჩნდა.

„ცხადია, მოსამართლეები დირექტივას იღებენ კლანისგან, კლანია პოლიტიკური ხელისუფლების ქვემოთ. მოსამართლე ცეკვავას არანაირი შეხება არ ექნება „ოცნებასთან“, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, რაღაც წინააღმდეგობა იყო: ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები ციხეში როგორ გავუშვათო. დარწმუნებული ვარ, მითითება ექნებოდათ მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიეღოთ. ამიტომაც, თითოეული მოსამართლე, რომელიც იმ პერიოდში ტროტუარების საქმეების განიხილავდა, სხვადასხვა ფორმით ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას.

მოსამართლე ცეკვავამ, მაგალითად, მთელი საათ-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ორი-სამი წინადადება თქვა, პროცესუალური უფლებები გაგვაცნო და ამის მერე სავარძელში ჩაწვა, ხმა აღარ ამოუღია, აი, მართლა მიგვიშვა ერთმანეთთან ბოლომდე…

ზვიად ცეკვავა

სხვა დროს თუ მოსამართლეები გეუბნებიან, რომ სულ 5 წუთი გაქვს დრო და შეზღუდული ხარ, აქ მოსამართლეს ხელი არ შეუშლია. მე, ზოგადად, ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ესეც იცოდა მოსამართლე ცეკვავამ. გაწელა და გაწელა პროცესი. მერე უცებ ამბობს, ამოიწურა უკვე სხდომის დრო და გადავდოთო. შევთავაზე, იქნებ ბარემ დავამთავროთ-მეთქი და არა, სხვა პროცესი იწყებაო.

იმ სხდომაზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შემდეგ სხდომაზეც არ მიიღებდა გადაწყვეტილებას: უკვე მორჩენილი ვიყავით კითხვა-პასუხის ეტაპს, მაგრამ მოსამართლემ გვითხრა, იქნებ ახალი კითხვები გაგიჩნდეთ, შემდეგ სხდომას კითხვა-პასუხის ეტაპიდან განვაგრძობთო.

მართლაც, შემდეგ სხდომაზეც არ გამოცხადდა გადაწყვეტილება.

ამ დროს მოსამართლე მანუჩარ ცაცუას სტრატეგია იგივე ტროტუარის საქმეებზე სხვა იყო: ყველა მტკიცებულებას უწუნებდა შსს-ს და ამის გამო გადადო რამდენიმე სხდომა. სხვა დროს, რომ დაუჩოქო და ეხვეწო, მტკიცებულება მოატანინეთ პოლიციასო, გიპასუხებენ, რომ ამ მტკიცებულებას მნიშვნელობა არ აქვს.

ნუ, ცირკი იყო, რა გითხრათ… ტროტუარის საქმეებზე სასამართლო დაახლოებით ერთი თვე მაქსიმალურად თავს იკავებდა. როგორც ჩანს, რაღაც ვაჭრობა მიდიოდა. არ ვიცი, რა გამოივაჭრეს, მაგრამ ვაჭრობდნენ… საბოლოოდ, როგორც ჩანს, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტროტუარების საქმე არ იყიდება კარგად: გზის გადაკეტვა კიდევ გასაგებია, რომ აი, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, მაგრამ ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება? ამიტომაც, წელს ოქმები ტროტუარზე დგომისთვის აღარ შეუდგენიათ…“ – გვიყვება მიხეილ ზაქარეიშვილი.

„ოცნებამ“ ტროტუარზე დგომის გამოც დააპატიმრა ადამიანები

შსს ლოგიკა ამ საქმეებში იყო ის, რომ მცირერიცხოვან აქციებზე მონაწილეები ტროტუარზე ისე დგებოდნენ, რომ განზრახ უშლიდნენ ხელს სხვების გადაადგილებას, თუმცა ამ პოზიციის დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც კი, შსს-ს მოსამართლესთან არ მიუტანია.

„ჩემს შემთხვევაში შსს ამტკიცებდა, რომ 9 აპრილის მემორიალთან, ორსაფეხურიანი კიბეზე, ზემოთ რომ მდგარიყავი, არ დაგიჭერდითო. მე მივიტანე მერიის ურბანული განვითარების სააგენტოს ოფიციალური რუკები, რომ ორივე საფეხურს ნამდვილად ერთი და იგივე სტატუსი აქვს.

ტროტუარის საქმეებში შსს-ს თავდაპირველად მოჰქონდა მტკიცებულებად ვიდეო, სადაც ე.წ. ზედხედით იყო დაფიქსირებული მოცემულობა. შემდეგ შეწყვიტეს ამ ვიდეოს მოტანა – ვიდეოში ნათლად ჩანდა, რომ ტროტუარი ნახევარზე მეტი ცარიელი იყო და არანაირი პრობლემა არ ექმნებოდა ვინმეს გადასაადგილებლად.

ჰქონდათ მოტანილი ასევე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 10 მეტრის სიგანის გზაზე ვდგავარ და ტროტუარი თავისუფალია. იქ არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელიც საერთოდ მოძრაობს, ანუ ცდილობს გასვლას. ვეკითხებოდი შსს-ს, რომ აი, ვის შევუქმენი დაბრკოლება, სად არის ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც დაბრკოლება შევუქმენი? მიპასუხეს, რომ თუკი „თავისუფლების მეტროდან “ამოვიდა ვინმე და იცის, რომ შენ დგახარ იქ, შეიძლება იფიქროს, რომ დაბრკოლება შეექმნება და სხვა გზით წავიდესო,“ – გვიყვება მიხეილ ზაქარეიშვილი.

რა მიზანს აღწევს სასამართლო ხელისუფლების ჩართულობით ივანიშვილი? – ვეკითხებით საუბრის ბოლოს ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრებულ ადამიანს.

„სასამართლო მთავარი განმსაზღვრელია, ვართ თუ არა ავტოკრატიაში, დიქტატურაში თუ დემოკრატიაში. დამოუკიდებელი სასამართლო სპობს ყველანაირ საშუალებას, რომ იყოს დიქტატურა… დაჩაგრულ მოქალაქეს თუ შეგიძლია, რომ მიხვიდე დამოუკიდებელ სასამართლოში, ეს უკვე დიდი ძალაა.

სასამართლო არის წამყვანი ინსტიტუცია ამ რეპრესიებში, იმაში, სადაც არის ქვეყანა ახლა.

სასამართლო რომ ხელში არ ეჭიროს „ოცნებას“, შეუძლებელია, ის წარმატებას აღწევდეს. სიგიჟეების გამო გვიზიან ადამიანები ციხეში. ადამიანს დღეს ეშინია იმიტომ, რომ იცის, სამართალს ვერ მიაღწევს. როცა სასამართლო გაქვს, იტყვი, რომც დამაჯარიმონ, წავალ და ვიპოვი სამართალს.

დღეს რკინის ქალამნებიც რომ ჩაიცვა, სამართალს ვერ იპოვი,“ – ასრულებს მიხეილ ზაქარეიშვილი.

  • საქმე მესამე: ბათუმში ზებრა გადასასვლელზე მოძრაობისთვის აქტივისტები დააჯარიმეს 

„არ ვიცი, ამ პროცესისთვის, რატომ დავხარჯე ამდენი დრო და ენერგია. ან სასამართლომ რატომ დახარჯა ამდენი დრო – 8 საათი ერთ პროცესზე?

ხშირ შემთხვევაში, სამართალდარღვევების საქმეებზე სასამართლო ნოტარიუსის ფუნქციას ითავსებს, ეს არ არის მართლმსაჯულება,“ – ამბობს იურისტი ანა ბერძენიშვილი. იგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ მუშაობდა, როცა ბათუმში, 2025 წლის გაზაფხულზე გაასამართლეს 30-მდე მოქალაქე, ზებრა გადასასვლელზე რატომ მოძრაობდითო.

2025 წლის 31 იანვარს, ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა უთხრეს, რომ „საკმარისი რაოდენობით“ არ არიან და ქუჩის სავალი ნაწილო უნდა გაათავისუფლონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ზებრაზე მოძრაობა დაიწყეს, რაც, იურისტების და უფლებადამცველების შეფასებით, სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

პროტესტის მონაწილეები ზებრა გადასასვლელზე – 2025 წლის 31 იანვრის აქცია ბათუმში

ანა ბერძენიშვილი რამდენიმე აქტივისტის ინტერესებს იცავდა სასამართლოში, მათ შორის, მალხაზ ირემაძის, რომელიც ამ საქმის განხილვის დროს, ერთ სხდომაზე ზებრის ფერებში გამოწყობილი გამოცხადდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძესთან, მეორე სხდომაზე კი, მოსამართლეს ბორში მიუტანა.

„სახლში მიირთვით“ – პერფორმანსით გაღიზიანება არ დამალა სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ, რომელმაც ისე დააჯარიმა 5 ათასი ლარით მოქალაქე, თვალით არ უნახავს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მალხაზ ირემაძე ნამდვილად გადადიოდა ზებრა გადასასვლელზე.

საქმეში შსს-მ რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა იმის სამტკიცებლად, რომ აქტივისტებმა ხელოვნურად შექმნეს ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური გადასვლა-გადმოსვლით ბარიერი. ამ ჩანაწერებში არაა კადრი, სადაც ჩანს, რომ ზებრაზე კონკრეტულად მალხაზ ირემაძე გადადის.

მალხაზ ირემაძის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

„ყველაზე უცნაური ისაა, რომ ის, ვინც უნდა ახორციელებდეს მართლმსაჯულებას, იკვლევდეს მტკიცებულებებს, გარემოებებს, წინაპირობებს, სახეზე გვაქვს თუ არა სამართალდარღვევა, მხოლოდ საკმარისი აღმოჩნდა შსს-ს წარმომადგენლის ჩვენება…

რამდენადაც ღიმილისმომგვრელი არ უნდა იყოს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ თითქოს ზებრაზე გადასვლამ შეაფერხა მოძრაობა, გადაკეტა რუსთაველის, გორგილაძის და ბათუმში შემოსასვლელი გზაც კი – ისეთი საცობი შეიქმნაო,“ – ანა ბერძენიშვილი იმ სასამართლო სხდომის დეტალებს იხსენებს, სადაც ზებრაზე მოძრაობის გამო დააჯარიმეს მოქალაქეები.

„შსს-ს წარმომადგენელმა საქმის მასალები არ იცოდა და ყოველ ორ წუთში რეკავდა სამსახურში, ეკითხებოდა: ამან და ამან მართლა გაიარა ზებრაზე? ვეკითხებოდი, გვაჩვენეთ აბა ჩანაწერში, რომელმა ავტომანქანამ ვერ გაიარა? – პასუხი შსს-ს და საპატრულოს წარმომადგენლებს არ ჰქონდათ.

ანა ბერძენიშვილი

თუ დადგინდებოდა, რომ ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდა, მოსამართლეს უნდა შეეფასებინა პროპორციულობა: რეალურად ჰქონდა ადგილი სხვა პირების უფლებების დარღვევას? რამდენად შესაძლებელია მოქალაქეებს ჰქონდეთ პროტესტი ამ ფორმით ისეთ საჯარო სივრცეში, როგორიც არის, მაგალითად, ქუჩა?

ეს სასამართლო გადაწყვეტილებაში პრაქტიკულად არ შეფასებულა. შეფასება იყო ასეთი, რომ მოქალაქეებმა დაარღვიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და განზრახ ხელი შეუშალეს ქუჩაში მოძრაობას. იქ შეფასება არ ყოფილა: შეფერხდა, დაირღვა, რამდენწამიანი იყო ეს შეფერხება, საერთოდ გაიარა თუ არ გაიარა? არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს ის, რომ ქუჩა გადაკეტილი იყო და მანქანამ გავლა ვერ შეძლო.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაგაჯარიმებ 5000 ლარით, მეორეჯერ ვეღარ გაბედავ პროტესტის გამოხატვას და აქციაზე გამოსვლას,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ალექსანდრე გოგუაძე

ვინ არის მოსამართლე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის – სტატიის ლინკი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

რასთან გვაქვს საქმე, როცა საქმეებით გადატვირთული მოსამართლე დროულად იცლის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისთვის – პროტესტის მონაწილეების დასჯისთვის მტკიცებულებების გარეშე?

„როცა არ არსებობს მტკიცებულება, ვინც ნახავს ადამიანს ზებრაზე, რა შეიძლება ამას ეწოდოს სხვა სახელი, თუ არა ცირკი? პერფორმანსი დადგა კიდეც ბატონმა მალხაზ ირემაძემ და ამ პროცესს სხვა სახელს მართლა ვერაფერს დავარქმევდი – დიახ, ეს იყო ცირკი, სადაც ვმონაწილეობდით: მე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მალხაზ ირემაძე და სასამართლო,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.

  • საქმე მეოთხე: „გამოვედი თუ არა ციხიდან, ისევ აქციაზე მივედი დროშით…“ 

„ბიძინას მმართველობის დროს კარგად იცის თითოეულმა მოსამართლემ, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია… სასამართლო პროცესებზე მხოლოდ მეცინებოდა, მეტი არაფერი,“ – გვიყვება 61 წლის ზურა მენთეშაშვილი. მას გადაკეტილ გზაზე დგომისთვის 2026 წლის 29 მაისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„…ამიტომაც ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად იცის წინასწარ, რაც უნდა გააკეთოს. ამიტომ ზის თავის სავარძელში და თვალებს აცეცებს. აქ არავისთვის არაა ძნელი მისახვედრი: ვინც ბიძინას სჭირდება, ციხეში უნდა ჩაჯდეს.

გლობალურად თუ ამოვქექავთ, მოსკოვიდან მოდის ეს ბრძანება.

ხშირ-ხშირად ტარდებოდა ჩემი სასამართლო პროცესი. ათი პოლიციელი დაიკითხა და ერთიანი აზრი ვერ ჩამოაყალიბეს. ყველა სხვადასხვანაირად პასუხობდა ადვოკატს. ეს პროკურორი კიდევ სულ აჩერებდა… იმათ პასუხებზე სულ მეცინებოდა. რა მექნა, მაგრამ თავს ვიკავებდი, მაინც მოსამართლე არ გავაბრაზო-მეთქი,“ – ამბობს ზურა მენთეშაშვილი „ბათუმელებთან“.

ზურა მენთეშაშვილი

ზურა მენთეშაშვილი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ახალი რეპრესიული კანონით, გზის გადაკეტვის გამო, სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინო გალუსტაშვილი

ამ საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ზურაბ ცეცხლაძემ, რომელმაც დაადასტურა, რომ გზის გადაკეტვაზე აქციის ჩატარებამდე ითხოვა თბილისის მერიისგან ნებართვა:

„პროკურორმა გვითხრა, რომ პასუხი წერილობით უნდა მიგეღოთ, ისე როგორ დავრწმუნდეთ, რომ თანხმობა იყოო. ამაზე იყო აგებული მთლად ჩემი დანაშაული.

ზურა მენთეშაშვილის დაკვირვებით, მოსამართლეებს ივანიშვილი აქტიური მოქალაქეების დასაშინებლად იყენებს, მაგრამ ეს არ გამოსდის.

ვერანაირად ვერ გამაჩერებენ. გამოვედი თუ არა ციხიდან, ისევ აქციაზე მივედი დროშით… შეიძლება, ხერხემალი ფიზიკურად გამიტეხონ, მაგრამ გონებრივად ვერ გამტეხენ ვერასდროს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო. შეიძლება მთლად იდეალური წევრი არ ვყოფილიყავი საზოგადოების, მაგრამ ჩემი სამშობლო ყოველთვის მიყვარდა.

შეიძლება ბევრმა გითხრათ იგივე, რასაც ახლა მე ვამბობ, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს სამშობლო და ხელებჩამოშვებული უყურებდეს იმას, რაც საქართველოში ხდება?“ – კითხულობს ზურა მენთეშაშვილი.

ზურა მენთეშაშვილს არც იმის სჯერა, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთი დააშინეს ხალხი:

„ადრე თავისუფლებიდან ოპერამდე სავსე იყო ხალხი და მეტროში რომ ჩავდიოდი, ზოგჯერ გული მწყდებოდა, ბოლომდე ვერ ვჩერდებოდი, გვიანზე მეტრო არ იქნებოდა. გული მწყდება, რომ დღეს იგივე რაოდენობის ხალხი აღარ გამოდის: რამე ისეთი გაიგეს, რაც მე არ ვიცი?

ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე ნაკლებად მჯერა, რომ მაგათ შეეშინდათ. ძნელი წარმოსადგენია ალბათ ხალხისთვის, რომ ჩემნაირი ადამიანები არსებობენ დღეს: მებრძოლები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ – გათავისუფლდეს საქართველო!“ – გვითხრა ზურა მენთეშაშვილმა.

  • საქმე მეხუთე:როგორც კი ტელეფონი ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე ეს… გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა“ 

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, 2026 წლის 22 ივლისს, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოგეხსენებათ, „ოცნების“ ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად ამჯერად „სქროლვა სრქინვის სააგენტოც“ შექმნა. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დააპატიმრეს შალვა პაპუაშვილის და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი ფეისბუქპოსტების გამო.

ეს ამბავი – ზურაბ მენთეშაშვილი თქმის არ იყოს – მართლაც სასაცილოა, რომ არა გისოსებში 14 დღით გამომწყვდევის ფაქტი: სანაიამ პოსტი დაწერა ფეისბუქში – ლადო ბოჟაძეს და შალვა პაპუაშვილს ყ…ებს ნუ ეძახითო. ამის გამო პოსტის ავტორი დააპატიმრეს.

„სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ წარმომადგენელს პროცესზე უთქვამს: სანაიამ კი მოუწოდა ხალხს არ დაწეროთ შეურაცხმყოფელი სიტყვები, მაგრამ „პოსტების განთავსების მიზანს შეურაცხყოფა წარმოადგენდაო…“.

მოსამართლეს კი, რუსული მოდელის განსამტკიცებლად მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები მიმოუხილავს ისე, რომ ვახო სანაია ამბობს: გისოსებში მომაწოდეს მოსამართლის გადაწყვეტილება, დიდხანს ვკითხულობდი და მეცინებოდა, ვერ გავიგე, რის გამო დამაპატიმრესო.

ციხიდან გამოსულა თუ არა ვახო სანაია, ისევ დაუწერია: „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ…ებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ…ებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე, ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო“

ვახო სანაია ამბობს, რომ „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“ ჯერ არ გამოჩენილა ახალი ოქმებით.

ვახო სანაია

რა ჩაწერა მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ გადაწყვეტილებაში, როცა ფეისბუქპოსტის გამო ადამიანი ციხეში გაუშვა?

„სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამოხატვის შეფასება ვერ დაეფუძნება მხოლოდ კონკრეტული სიტყვის, ან ცალკეული ფრაზის იზოლირებულ ანალიზს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია თითოეული გამოხატვა შეაფასოს მისი სრული კონტექსტის, გამოყენებული ფორმის, განცხადების მიზნის, ადრესატის, გამოქვეყნების გარემოებებისა და იმ ობიექტური შთაბეჭდილებების გათვალისწინებით, რომელსაც იგი ახდენს საშუალო, გონივრულ მკითხველზე.

კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ შეზღუდვებს…“, – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლეს ასეთი გამოსავალი უნახავს: ვახო სანაიას პოსტი პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში არ იყო დაწერილიო.

„პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში გამოყენებული მკვეთრი, ემოციური, ან ირონიული გამონათქვამები თავისთავად არ წარმოშობს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მაშინ, როდესაც ასეთი გამოხატვა, რომლის ძირითადი შინაარსი და ფუნქცია კონკრეტული პირის ღირსების შელახვაა და რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი საინფორმაციო, ან საზოგადოებრივ დისკუსიაში მონაწილეობის ღირებულება, სცდება გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით,“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენელს დაუდასტურებია, რომ ვახო სანაია პოსტში მოუწოდებდა ხალხს არ გამოეყენებინათ შეურაცხმყოფელი სიტყვები პაპუაშვილის და ბოჟაძის მიმართ.

„თუმცა აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენდა ქმედებისგან დისტანცირებას, ვინაიდან პოსტები, თავისი კონტექსტითა და გამოხატვის ფორმის გათვალისწინებით, არის შეურაცხმყოფელი და მათი განთავსების მიზანს სწორედ შეურაცხყოფის მიყენება წარმოადგენს,“ – უთქვამს შსს-ს წარმომადგენელს სასამართლოში.

სხდომას ვახო სანაია არ დასწრებია.

„სხვათა შორის, აღმოვაჩინე, რომ შალვა პაპუაშვილი ამასობაში ამ სიტყვის პირდაპირ სინონიმი გამხდარა…“ – გვიყვება ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო დაპატიმრების შესახებ.

რა შედეგს აღწევს ივანიშვილი დემოკრატიის წინააღმდეგ საქართველოში მოსამართლეების დახმარებით? – ვკითხეთ სიტყვის თავისუფლების სარგებლობის გამო დაპატიმრებულ ჟურნალისტს.

„ცხადია, მოსამართლის ფუნქცია არის, უბრალოდ, ბეჭედი დაარტყას იმას, რასაც მიუტანენ ამ ე.წ. საგამოძიებო ორგანოებიდან. სასამართლო არის რეჟიმის დანამატი. მოსამართლეები ჭანჭიკების როლს თამაშობენ. ივანიშვილს ჰყავს იქ ხალხი, ვინც იცის, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიყვანოს.

რომელი მოსამართლის სახელი და გვარი იწერება ფურცელზე – ეგ ივანიშვილს დიდად არ აინტერესებს. კლანმა იცის, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს, რადგან ბიძინა ივანიშვილს აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. კლანი არ იღებს გადაწყვეტილებას – ამას იღებს ივანიშვილი,“ – აღნიშნა ვახო სანაიამ „ბათუმელებთან“.

რა ადასტურებს იმას, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე დამოუკიდებელი არ არის? – ჟურნალისტის კითხვის პასუხად მხოლოდ ერთ საქმეს ასახელებს:

„მზიას საქმე არ კმარა ამის დასანახავად? – ამიტომაც, ყველას ესმის ამ ქვეყანაში, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არაა.

გიორგი ახობაძე რისთვის დაიჭირეს? თავის ჩამდებ პოლიციელებს დაუწერა პოსტი. ასეთ აბსურდამდე მიდის საქმე.

მიზანია ის, რომ ჩვენ გაგვაჩუმონ და არა მართლაც ის, რომ ვინმე სიძულვილის ენას ებრძვის.

სიძულვილის ენა, თუკი ვინმეს აინტერესებს, ძალიან ადვილად ნახავს, რაც არის. სიძულვილის ენა უნდა აღვივებდეს შუღლს ამა თუ იმ ნიადაგზე… დღეს თუ რაღაც კონკრეტულ სიტყვაზე გაიარა სიტყვის თავისუფლების ხაზმა – ეს სიმბოლურია ამ რეჟიმის პირობებში, რომ ამ სიტყვაზე გაიარა – ნათელია, რომ აქ სიტყვაში არ არის საქმე.

მაგალითად, 2025 წელს დამაჯარიმეს იმის გამო, რომ წულუკიანზე მეწერა „რუსის მონა“. ეს შემთხვევა აჩვენებს იმას, რომ ნებისმიერი სიტყვა გამოცხადდება სიძულვილის ენად, რომელიც არ მოეწონება ივანიშვილს და ამ პროცესს, ცხადია, არანაირი შეხება არ აქვს სინამდვილეში სიძულვილთან.

ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამით გააჩუმებს საზოგადოებას. ახლა მას აქვს რეალობა: დიდმა კრიზისებმა ის ძალიან დააზარალა და ელოდება, რომ კიდევ ექნება დიდი კრიზისები, რომელიც შეიძლება ვეღარ გადაიტანოს. ამიტომაც, ახლა ცდილობს, წინააღმდეგობის კერები სადაც არის, ყველაფერი ჩაახშოს, რომ აი, რაღაც ტალღა დიდ პროტესტში არ გადაიზარდოს.

ცდილობს, რომ გააძევოს ქვეყნიდან ვიღაცები, ვინც აქტიურია და არ ეგუებიან, ვიღაც დაიჭიროს და ამით დააშინოს თავისი ჭკუით ვითომ, დააჯარიმოს, გააკოტროს ადამიანები, ფინანსური წნეხის ქვეშ მოაქციოს. ვიღაც ფიზიკური თავდასხმით გააჩუმოს. ვიღაც პროპაგანდით გააჩუმოს, მაგრამ არ გამოსდის ეს,“ – მიიჩნევს ჟურნალისტი ვახო სანაია.

  • რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

„როგორც კი ტელეფონი ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე ეს… იქ არ შევსულვარ იმისთვის, რომ გამოვიდოდი და არაფერი დამეწერა. იქ მოვხვდი იმიტომ, რომ ვწერ და მომავალშიც აუცილებლად დავწერ. რამდენი მომდევნო პატიმრობაც არ უნდა იყოს, ეს არის ჩემთვის სულერთი იმიტომ, რომ მე ჩემი პოზიცია გამოვხატე ძალიან დიდი ხნის წინ აი ამ საკითხზე, როდესაც ჯერ ეს ე.წ. სამმართველო შექმნილიც არ იყო. მაშინ დამაჯარიმეს 4000 ლარით.

სამმართველოს შექმნის შემდეგ ჯერ 6000 ლარით დამაჯარიმეს და შემდეგ დამიჭირეს საერთოდ.

ერთადერთი გამოსავალი არის, არ დაემორჩილო ბოროტებას. მასთან კომპრომისზე არ უნდა წახვიდე. აი, ეს დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა დაამარცხებს მას საბოლოოდ,“ – გვითხრა ვახო სანაიამ.

რა ქონებას გადასცემს ბათუმის მერია საპატრიარქოს უსასყიდლოდ

ბათუმის საკრებულო 21 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს განკარგულებების პროექტს, რომლითაც ქალაქის მერიას საქართველოს საპატრიარქოსთვის მუნიციპალური ქონების გადაცემაზე თანხმობა უნდა მისცეს.

საპატრიარქოს ქალაქის კუთვნილი გარკვეული ქონება მუდმივ სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

ეს ქონება კი, განმარტებითი ბარათის მიხედვით სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს მოხმარდება. კერძოდ:

  • 1000 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი – ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის დედათა მონასტრისათვის;
  • 2000 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი – აღდგომის მამათა მონასტრისათვის;
  • 800 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი – შემოქმედის ეპარქიის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნინოშვილში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრისა და მონასტრისათვის.

ბათუმის მერია განმარტებით ბარათში წერს, რომ ეკლესია/მონასტრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილების გადაცემაზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის და შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტის წერილები ქალაქის მერიაში 2026 წლის აპრილში შევიდა.

ამავე წლის ივნისში ქალაქის მერიაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის კიდევ ერთი წერილი შესულა – ეკლესია/მონასტრების ეზოების შემოღობვის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი, გზის გამყოფი კონსტრუქციის [მოაჯირის] უსასყიდლოდ გადაცემაზე.

ბათუმის მერია თანახმაა საპატრიარქოს გადასცეს შემდეგი ქონება:

  • 160 გრძივი მეტრი მეორადი მოაჯირი – ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე კირიონ კათოლიკოსის სახელობის და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრისათვის;
  • 160 გრძივი მეტრი მეორადი მოაჯირი – სოფელ ბობოყვათის ახალმოწამეების მშენებარე და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისათვის;
  • 80 გრძივი მეტრი მეორადი მოაჯირი – სოფელ კვირიკეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის სახელობის მშენებარე ტაძრისათვის.

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი არაა მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობაში გადასცეს უშუალოდ ეკლესია/მონასტრებსა და გიმნაზიას.

ამასთან, ბათუმის მერია უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისი მომართვის შემთხვევაში მუდმივ სარგებლობაში გადასცეს სსიპ „საქართველოს საპატრიარქო“-ს.“

დოკუმენტებში არც ის არის შეფასებული თუ რა ღირებულებისაა ქონება, რომელიც მერიამ საპატრიარქოს უნდა გადასცეს.

დაახლოებით ხუთი წლის წინ საპატრიარქო ბათუმის მერიისგან მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვდა, მაგრამ უარი მიიღო. თუმცა, მერია თანახმა იყო უძრავი ქონება საპატრიარქოსთვის უზუფრუქტით, აღნაგობის უფლებით გადაეცა. საუბარია ბესიკის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სადაც მოქმედი ეკლესია დგას.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით ისევ მერიის საკუთრებაშია და საპატრიარქოს მიერ მისი რაიმე ფორმით სარგებლობა რეესტრში დოკუმენტურად ასახული არ არის.

მთავარი ფოტო: მეორადი ქვაფენილი ბათუმის მერიის საწყობში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

ეკლესია ბათუმში 1926 კვ/მეტრ მიწას ითხოვს, რეესტრი მერიის დასტურს

 

 

200 ათასი ლარი გამოყო აჭარის სამინისტრომ ქედაში ღვინის ფესტივალის ორგანიზებისთვის

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 200 ათასი ლარით გამოაცხადა ტენდერი ქედის ღვინის ფესტივალის ორგანიზების შესყიდვაზე.

ღვინის ფესტივალი 2026 წლის ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. კონკრეტულ თარიღს ტენდერში გამარჯვებულს სამინისტრო წერილობით არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე აცნობებს. ფესტივალი დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ჩატარდება.

სამინისტრო აცხადებს, რომ ქედის ღვინის ფესტივალის მიზანი ადგილობრივი, უნიკალური და ავთენტური ღვინოების წარმოების კულტურის პოპულარიზების ხელშეწყობა და ადგილობრივი [ენდემური] ვაზის ჯიშების ცნობადობის გაზრდაა.

ტენდერის მიხედვით ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის:

  • „მოეწყობა ღვინის საგამოფენო სივრცე- ადგილობრივი [არანაკლებ 30] და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მოწვეული ღვინის მწარმოებლების და ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციებისთვის [არანაკლებ 15 ღვინის მწარმოებელი და 5 უწყება/ორგანიზაცია];
  • მოეწყობა ყურძნის დაწურვის, მასტერკლასების და დეგუსტაციის სივრცე – შესაბამისი პავილიონებით;
  • მოეწყობა გასტრონომიული და კვების სივრცე, სადაც განხორციელდება ადგილობრივი, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების მომზადება/დაგემოვნება და მასტერკლასები შეფმზარეულის მიერ;
  • მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ზონა, რომელიც განკუთვნილი იქნება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის და გააერთიანებს ინტერაქტიულ თამაშებს, შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობებს;
  • მოეწყობა სტუმრებისა და მონაწილეებისთვის განკუთვნილი კომფორტული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დასვენების, კომუნიკაციისა და დროის მშვიდ და სასიამოვნო გარემოში გატარებას;
  • შემუშავდება საკონცერტო და კულტურული პროგრამა. მოეწყობა სცენა, ლედ-ეკრანი, ვიდეო-რგოლი და სხვა ტექნიკური საშუალებები;
  • ქედის ღვინის ფესტივალის საერთო ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს. ფესტივალის განმავლობაში განსახორციელებელი მომსახურების/მოსაწოდებელი საქონლის ყველა დეტალი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.“

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ მომსახურების ღირებულებისა და ტექნიკური პირობების დასაზუსტებლად ელექტრონული ფოსტით გამოიკითხა 11 ორგანიზაცია, საიდანაც შეთავაზება წარმოადგინა მხოლოდ სამმა ორგანიზაციამ.

ბაზრის კვლევა გამოუცხადებიათ შესყიდვების პორტალზეც, თუმცა მასში მონაწილეობა არავის მიუღია.

აქედან გამომდინარე ფასები [დღგ-ს ჩათვლით] შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 284 690 ლარი, 253 965 ლარი და 204 895 ლარი.

ოქმში აღნიშნულია, რომ „ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული კომერციული შეთავაზებების ღირებულებები აღემატება სამინისტროს 2026 წლის პროგრამით „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ გათვალისწინებულ ფინანსურ რესურსს. შესაბამისად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა აღნიშნული ღონისძიებისათვის დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში და შეადგენს 200 000 ლარს [დღგ-ს ჩათვლით]“.

ტენდერში წინადადების მიღება 2026 წლის 21 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება.

განახლება: აღნიშნული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მონაწილე ერთადერთ პრეტედენტს, ინდმეწარმე თამარ ელოშვილს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. ის სამინისტროს მომსახურებას 158 ათას ლარად სთავაზობდა.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი 10 სექტემბერს გამოაცხადა, ისევ 200 ათასი ლარით. წინადადებების მიღება 2026 წლის 22 სექტემბერს დასრულდება.

 

რკინიგზის სახიფათო გადასასვლელები ბათუმში – რა გამოსავალს გვთავაზობს ქალაქის გენგეგმის პროექტი

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებებში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე – ქვეითებისთვის სარკინიგზო გადასასვლელები მოუწესრიგებელი და საფრთხის შემცველია.

ამ პრობლემის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, რასაც ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.

13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

ამ თემაზე: რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა

რკინიგზის, და მისგან გამომდინარე პრობლემების მოწესრიგების გარეშე ქალაქის განვითარებაც პრობლემური რჩება. ბათუმში, ბონის დასახლებაში 25-მდე ოჯახი წლებია ზედ ლიანდაგებთან ცხოვრობს.

ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა [ე.წ. გენგეგმა] დღემდე არ აქვს დამტკიცებული, თუმცა, რკინიგზას და კონკრეტულად მასზე საქვეითო გადასასვლელების პრობლემის არსებობას ვერც გენგეგმის პროექტმა აუარა გვერდი.

მაშინ როცა საზღვაო-საკურორტო ქალაქში, სადაც ზღვის გასწვრივ დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძეზე რკინიგზის ხაზი გადის და ადამიანების უსაფრთხოებისთვის არაფერი კეთდება, ქალაქის მერია და საკრებულო იმისთვის იცლის, რომ მაგალითად, სპეციალური ჯგუფი შექმნან ხელვაჩაურთან საზღვრების დასაზუსტებლად.

„კეთილმოწყობასა და უსაფრთხოების გათვალისწინებას საჭიროებს რკინიგზის საქვეითო გადასასვლელები, ბონი-გოროდოკის, თამარისა და მწვანე კონცხის უბნებში. აქ სანაპიროს პარალელურად გამავალი რკინიგზის ინფრასტრუქტურის კვეთა ქვეითებს ხშირად არაფორმალურ გადასასვლელებზე უწევთ. გადასასვლელი ინფრასტრუქტურის საჭიროება ასევე დაფიქსირდა თამარის უბნის მონაწილეობითი ჩართულობის ვორქშოფზე.

გეგმით შემოთავაზებულია გადასასვლელი ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილი იქნება ტროტუარის დონეზე მოწყობილი საფარით, სასიგნალო შუქნიშნებით, ტაქტილური ფილებითა და განათებით“ – წერია გენგეგმის პროექტში.

ზოგადად, როცა საუბარია მიწისზედა გადასასვლელზე ქალაქში, საუკეთესო პრაქტიკად მიჩნეულია კომბინირებული უსაფრთხოების მოდელი, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური შეცდომის, ყურადღების გაფანტვის ან უბედური შემთხვევის რისკს. ასეთია, მაგალითად:

  • ფიზიკური შეზღუდვა: რკინიგზის გასწვრივ უწყვეტი ღობე, ხოლო უშუალოდ გადასასვლელთან – „s“-ისებური ლაბირინთი.
  • შუქ-ხმოვანი სიგნალიზაცია – ქვეითთა შუქნიშანი მატარებლის მიახლოების სენსორით + ხმოვანი ზარი/გაფრთხილება.
  • ინკლუზიურობა – გამაფრთხილებელი ტაქტილური ფილები გადასასვლელის წინ და სწორი, გლუვი საფარი [რეზინის ჩანართებით], რომ შშმ პირების ან საბავშვო ეტლი არ გაეჭედოს.
  • გადასასვლელის ინტენსიური LED-განათება ღამის საათებში.

ყველაზე უსაფრთხო, მაგრამ ძვირადღირებულია ქვეითთა ხიდი რკინიგზაზე [ან მიწისქვეშა გადასასვლელი, გააჩნია რელიეფსა და ადგილმდებარეობას]. თუმცა ხიდი, თუ ის არ არის აღჭურვილი სპეციალური ლიფტით ან დახრილი პანდუსით, ხშირად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის, ეტლით მოსარგებლეებისთვის, საბავშვო ეტლებიანი მშობლებისა თუ ველოსიპედისტებისთვის.

აქ აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიამ, დაახლოებით 10 წლის წინ, ბარცხანის დასახლებაში რკინიგზაზე ქვეითთა გადასასვლელი ხიდის მშენებლობაზე ტენდერიც კი გამოაცხადა.

პირველი ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, ხელახლა გამოცხადებული ტენდერი კი უარყოფითი შედეგით დასრულდა – მასში 1 კომპანია მონაწილეობდა და მასაც დისკვალიფიკაცია მისცეს.

ეს ხიდი არაადაპტირებული იქნებოდა და მის ასაშენებლად მერიას 186 100 ლარი ჰქონდა მაშინ გათვლილი, თუმცა მშენებლობაზე ტენდერი მერიას აღარ გამოუცხადებია.

რკინიგზის საქვეითო გადასასვლელებზე უსაფრთხოების ზომების მიღება ქალაქის კომპეტენციაცაა და ამის შესაძლებლობაც აქვს, თუმცა, გენგეგმის პროექტი ქალაქს სხვა ვერსიებსაც სთავაზობს რკინიგზასთან დაკავშირებით, რაც მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს მართალია სცილდება, თუმცა საკითხის დაყენების უფლებას ამ უკანასკნელს არავინ უზღუდავს.

„ბუნებრივი ფასეულობებისა და საქალაქო გარემოს ჰარმონიული სინთეზი ბევრად მიმზიდველს ხდის დასახლებულ პუნქტებს, როგორც საცხოვრებლად ასევე სამუშაო და რეკრეაციული თვალსაზრისითაც… ამ მხრივ მნიშვნელოვანი ელემენტია ზღვისა და მთის კავშირის გაძლიერება. ორივე ელემენტი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილია. ეს მოცემულობები ბათუმისთვის თვითმყოფადობისა და უნიკალურობის აუცილებელი პირობაა, რათა იგი კარგად აღიქმებოდეს როგორც ზღვისპირა მთიანი ქალაქი.

თითქმის მთლიანი ქალაქი, ზღვის პარალელურად, განაშენიანების სიღრმეში, მთიანი ნაწილითაა წარმოდგენილი. ჩრდილოეთით მდებარე მახინჯაურის დასახლებაში, ამ ორ ბუნებრივ ელემენტს შორის მანძილი ძალიან მოკლეა და იქ ბუნებრივად არის მათი შეკავშირებულობა უზრუნველყოფილი. თუმცა, ერთადერთი რაც შეიძლება აღნიშნულის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად დასახელდეს, არის რკინიგზის არსებობა.

როგორც ასეთი, ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიები საგრძნობლად ცვლიან განაშენიანების სტრუქტურას და უფრო მეტად მიმართულნი არიან მისი რღვევისკენ,“ – წერია გენგეგმის პროექტში.

პროექტი რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს მერიას რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

მაგალითად:

„ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბლომად არის წარმოდგენილი ისეთი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელთა გამოყენება ხდება იშვიათად და შესაძლებელია ალტერნატიული ვარიანტების განხილვა, თუნცად ქალაქის საზღვრებს მიღმა.

ე.წ. „მანთაშევის“ გადასასვლელთან სარკინიგზო ჩიხის გაუქმება, რომელიც მიემართება ქალაქის ცენტრისკენ, წერეთლის ქუჩის გასწვრივ. ამ ვარიანტისთვის
შესაძლებელია განხილული იყოს ლოკომოტივის მოსაბრუნებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ან მთლიანად მოსაბრუნებელი მანევრისთვის შესაბამისი სივრცის გამოყოფა და ტერიტორიის მოწყობა ქობულეთის მიმდებარედ, ოჩხამურთან“.

რაც შეეხება რკინიგზის ხაზს წერეთლის ქუჩაზე [„მანთაშევის შლაგბაუმი“ და მის მიმდებარედ], გენგეგმის პროექტის ავტორები წერენ, რომ „თუ აქ რკინიგზის გადასასვლელი ვერ მოიხსნება, 11.2 მეტრი სიგანის გზის მონაკვეთი წინა კვეთიდან უნდა შევიწროვდეს, რათა გადანაწილდეს მოძრაობა სხვა ქუჩებზე ძაბრამდე.

თუ შესაძლებელია რკინიგზის გადაკვეთის მოხსნა, რეკომენდებულია გზა 11.1-ის 2 ზოლამდე გაფართოება თითოეული მიმართულებით.

გადასასვლელის მოსახსნელად გამოკვლეული უნდა იყოს მოსატრიალებელი ჩიხის ნაცვლად რკინიგზის სადგურზე შემობრუნების წრის შემოღების შესაძლებლობა. ეს საშუალებას მისცემს ლოკომოტივებს შემობრუნდნენ გზის გადაკვეთის გარეშე.

ილუსტრაცია, რომელიც გვიჩვენებს ასეთი წრის მაგალითს [ქვემოთ ფოტოზე მარცხნივ], ასევე მანქანებისა და რკინიგზის მოძრაობის მენეჯმენტი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს, თუ ასეთი გამოსავალი განხორციელდებოდა [იგივე ფოტოზე მარჯვნივ]“:

სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობის სქემა ბათუმში „მანთეშევის შლაგბაუმის“ გაუქმების შემთხვევაში / ფოტოები ბათუმის გენგეგმის პროექტიდან

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ე.წ. მანთაშევის შლაგბაუმთან ქალაქის მერია სარკინიგზო ხაზის აღებას არა, მაგრამ საავტომობილო გვირაბის აშენებას კი გეგმავდა, თუმცა მერიას არც ეს პროექტი განუხორციელებია.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა „მანთაშევის“ გადასასვლელზე

 

 

Exit mobile version