„ადიდებული არ იყო იმ დღეს მდინარე… ის მონაკვეთი, სადაც ჩააგდეს, ძალიან სწრაფი დინება იყო, მყვინთავი ვერ ჩავიდა საერთოდ. სადაც უკვე მდინარის დინება ნელდება, იქ ჩავიდა და დათვალიერება მოხდა წყალქვეშ ზღვის შესართავამდე,“ – ეს მაშველმა უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს „ხიდიდან ჭოროხში გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმეზე“.
ამ საქმეზე დღეს, 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით მაშველს მოუსმინეს, რომელიც 2025 წლის 10 დეკემბერს გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე.
საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა შურისძიების მიზნით დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს. 2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე სტანისლავ სუხარევი, რომელიც 40 წლისაა და გამოძიებამ დაზარალებულად მიიჩნია, არავის უნახავს. არც მისი ცხედარი უპოვია გამოძიებას. პროკურატურის მტკიცებით, კაცი ბრალდებულმა მამა-შვილმა მოკლა.
„შეიძლებოდა, მაგალითად, რამეს მოჭიდებოდა, თუ ცურვა იცოდა და გაცურავდა?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. ცნობილია, რომ გაუჩინარებულმა კაცმა ცურვა კარგად იცოდა.
„შეიძლებოდა, იქ ქვაც იყო, ხეც და ხავსიც… ადიდებული არ იყო მდინარე,“ – აღნიშნა მაშველმა, ფრიდონ გორგილაძემ სასამართლო სხდომაზე, როცა მას ადვოკატებმა 10 დეკემბრის გამოძახების შესახებ ჰკითხეს. საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის მცდელობის დღესვე შევიდა 112-ში შეტყობინება: დავინახეთ, გონიოს გაუქმებული ხიდიდან, როგორ გადააგდეს კაცი მდინარეშიო.
იმ დღეს მაშველებმა მდინარეში გადაგდებული კაცი უშედეგოდ ეძებეს.
„მე გამიჩნდა შეკითხვა, ზღვაში რატომ არ ეძებეს? თუ დინება ძლიერი იყო, რატომ არ ეძებეს ზღვაშიც?“ – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გაუჩინარებული კაცის, სტანსილავ სუხარევის ყოფილმა მეუღლემ, ინგა უზუნოვამ. მას პროკურატურის ვერსიის სჯერა, რომ მისი ყოფილი ქმარი, ვისთანაც საერთო 12 წლის შვილი ჰყავს, „520 ლარის გამო მდინარეში გადააგდეს, როგორც ქვა“, – ამბობს ინგა უზუნოვა.
ბრალდებულების ადვოკატებმა კი, დღევანდელ პროცესზეც სცადეს იმის წარმოჩენა, რომ რადგან ცხედარი არ უპოვიათ, შესაძლოა, სტანისლავ სუხარევი გადარჩა, ცოცხალია და მიიმალა. ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კაცს წყალში ჩავარდნის დროს სავარაუდოდ ხელი და ფეხი შეკრული არ ჰქონდა. ეს ამბავი დილის საათებში მოხდა, დაზარალებულად მიჩნეულმა პირმა ცურვა კარგად იცოდა, ხოლო ადგილი, სადაც ის ჩააგდეს ქვიანი არ არის.
ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.
ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ მაშველს მდინარის სიღრმეზეც ჰკითხა კონკრეტულად იმ მონაკვეთში, სადაც სტანისლავი გაუქმებული ხიდიდან ჩააგდეს.
„იყო დაახლოებით 3-3.5 მეტრი სიღრმე, ჩვენ ნავით გავცურეთ… მხედველობა ძალიან ცუდი იყო წყალქვეშ,“ – აღნიშნა მოწმემ.
იგივე მაშველს შემთხვევის ადგილი 21 დეკემბერსაც დაუთვალიერებია – ეს ის დღეა, როცა პროკურატურის ვერსიით, კონკრეტულმა პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, მამა-შვილმა ბადრი და როლანდ უ.-ებმა ჩაიდინეს ეს მკვლელობაო.
„რას მიყურებ საერთოდ?“ – უცებ ხმამაღლა წამოიძახა დარბაზში გაუჩინარებული კაცის, სტანისლავ სუხარევის ყოფილმა ცოლმა, ინგა უზუნოვამ და მოსამართლეს ხანდაზმული ბრალდებულისკენ მიუთითა.
„მოწმეს უყურეთ, თუ შეიძლება,“ – ბრალდებულს მიმართა მოსამართლემ და მაშველისკენ მიანიშნა, თუმცა ბრალდებულმა მალევე თავი ისევ დარბაზისკენ მოატრიალა.
„გხედავთ,“ – ბრალდებულებს მიმართა ისევ მოსამართლემ.
მკვლელობის ამ საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მოწმე დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოწმეებს სასამართლოში აღარ დაკითხავენ.
დღესვე ბრალდებულების აღკვეთის შეცვლის საკითხი განიხილეს, თუმცა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამა-შვილი პატიმრობაში დატოვეს.
40 წლის სტანისლავ სუხარევი, რომელიც 2025 წლის 10 დეკემბრიდან გაუჩინარდა და პროკურატურის ვერსიით, მდინარეში გადააგდეს და მოკლეს, ეთნიკურად რუსია. სტანისლავ სუხარევი დაბადებით საქართველოს მოქალაქეა.
„ცოცხალი რომ იყოს, ის აუცილებლად მოვიდოდა შვილის სანახავად. გაშორებული ვიყავით, მაგრამ ის ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან. ჩვენი საერთო შვილი 12 წლისაა,“ – უყვება „ბათუმელებს“ ინგა უზუნოვა, დაზარალებულად მიჩნეული პირის ყოფილი მეუღლე.
ბინა გაგვიყიდეს წლების წინ, სტანისლავი დედასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებში ცხოვრობდა, მოხელედ მუშაობდა და ვალები არ ჰქონია. ახლა დედამისი თავშესაფარში გადაიყვანეს, რადგან მე 40 კვადრატულში ვცხოვრობ ორ შვილთან ერთად და ფიზიკურად არ იყო ადგილი.
მეც გამიგია ვერსია ნარკოდანაშაულთან კავშირზე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ სტანისლავი ნარკოტიკს არ მოიხმარდა. მისი პრობლემა იყო მხოლოდ ის, რომ ყოველდღე სვამდა, ძირითადად ლუდს სვამდა… ნარკოტიკის რეალიზებაში რომ ყოფილიყო ჩართული, მაშინ ასეთი ღარიბი არ იქნებოდა.
მე მოვისმინე ის ხმოვანი, რომელსაც სტანისლავი უგზავნის თავის მეგობარს, ვინმე ნიკას 8 დეკემბერს [მკვლელობამდე 2 დღით ადრე]. ამ ჩანაწერში სტანისლავი ახსენებს ბადრის და როლანდს, თუმცა გვარს არ ამბობს. იგი ამბობს, რომ სასტიკად სცემეს და ახლაც ცხვირიდან სისხლი სდის. იმ ჩანაწერში უყვება ნიკას, 520 ლარს მთხოვენ და მე არაფერ შუაში ვარო. მე ვერ გავიგე ამ ჩანაწერიდან, რა ნივთის შეძენაზეა საუბარი, მაგრამ ჩანაწერში ჩემი ყოფილი ქმარი ამბობს: მე ჩამირიცხეს ფული, რომ სხვა პირს ნივთი მოეწოდებინა, მაგრამ ის სხვა პირი გაქრა, როგორც ჩანს, ბოტი იყო, თუ რა იყო, არ ვიცი.
ამ მამა-შვილს ჩაუთვლია, რომ ჩემმა ყოფილმა ქმარმა მოატყუა და თვითონ შეჭამა ეს 520 ლარი. ჩანაწერში ამბობს სტანისლავი, ქურდებზეც არის გადაცემული ჩემი საქმე, „სოჩიკი“ უკვე ჩართულია, ასე მითხრესო.
ჩემთვის იყო შოკი, როცა როლანდ უ. აღმოჩნდა ბრალდებული. ის ჩემს ყოფილ ქმართან მეგობრობდა, რამდენჯერმე ვარ შენახვედრი, ჩვენთან, ოჯახშიც იყო მოსული…
მითხრეს, რომ „დუბინკით“ სცემეს სასტიკად იმ დღეს და მერე მიიყვანეს მდინარესთან. ის მოისროლეს მდინარეში, როგორც ქვა.
მერე მეც ვიყავი გასული იმ ადგილას… ხის მსხვილი ტოტი გადავაგდე მდინარეში და წამში გაქრა, ძალიან სწრაფი დინებაა. ვერ გადარჩებოდა…,“ – გვითხრა ინგა უზუნოვამ.
___
ამ თემაზე:
„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში






