ბათუმში, ბონის დასახლებაში მცხოვრები 25-ამდე ოჯახი რთულ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს.
ბარაკულ დასახლებაში, სახლებს შორის რკინიგზა გადის. რკინიგზის რელსები დაზიანებულია. მოსახლეობა შიშობს, რომ „ერთ დღესაც შეიძლება მატარებლის ვაგონი გადაბრუნდეს და მათ სახლს დაეცეს“.
წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა #2 – ეს ბარაკული ტიპის დასახლების მისამართია ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, ბათუმის პორტთან ახლოს.
რკინიგზა ორ ზოლად აშენებულ ბარაკებს შორისაა მოქცეული, სატვირთო მატარებლები დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც ჩაივლის ხოლმე დასახლებაში.
რკინიგზის რელსები დაზიანებულია, რამდენიმე ადგილას გატეხილია და იქ მცხოვრებთა თქმით, „სიცოცხლისთვის საშიშად ჩანს“.
„შეხედეთ, ეს რელსი გატეხილია. აი, აქ მე მძინავს და როდესაც ღამე მატარებელი გამოივლის, სულ იმის შიში მაქვს, რომ გადმობრუნდება და დაგვეცემა. ღამე მატარებლის ხმა რომ მესმის, საბანს ვიხურავ, რომ არ მეტკინოს. საბანი რას მიშველის?!“ – ამბობს მაგდანა ყურშუბაძე, ბარაკების დასახლების ერთ-ერთი მცხოვრები.

ასე გამოიყურება რკინიგზის ის მონაკვეთი, რომელიც სახლებს შორის გადის
დაშორება რკინიგზასა და მაგდანას სახლს შორის დაახლოებით 1 მეტრია. ხოლო როცა მატარებელი ჩაივლის, ვაგონები სახლს 20-30 სანტიმეტრითაც კი უახლოვდება.
მაგდანა ყურშუბაძე სევერიანე აჭარელის #2-ში 32 წლის წინ დასახლდა. მანამდე აქ მისი მეუღლე ცხოვრობდა.
„კომუნისტების დროს აქ, ამ ტერიტორიაზე იყო საერთო საცხოვრებელი. რკინიგზელებისთვის იყო ეს ფართობი გამოყოფილი. მერე დაბალ ფასებში გაიყიდა ეს ბინები. ჩემი დედამთილი მარტოხელა იყო და შეიძინა ეს ბინა. აქ გაიზარდა ჩემი ქმარი. აქ გაიზარდნენ ჩემი შვილებიც.
წლების განმავლობაში სულ იმედი გვქონდა, აიღებენ – დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ და აღარ მოვიდა ეს ხვალინდელი დღე.
სააკაშვილის დროს პროგრამა რომ იყო – „ბათუმი ბარაკების გარეშე“, გვეგონა მაგ სიაში მოვხვდებოდით, მაგრამ ვერ მოვხვდით.
მიშას მერე რამდენი დრო გავიდა.
არჩევნების წინა დღეებში გამოივლიან, ჩვენს ჩივილს, ტკივილს, მოისმენენ და წავლენ. თუმცა არასდროს არავის მიუტანია გულთან.
გაზი არ გვაქვს, არაა დასახლებაში შემოყვანილი, ამიტომ შეშის ღუმელზე ვთბებით. ერთადერთი, მერიამ წყალი შემოგვიყვანა.
რემონტი გავაკეთე, მაგრამ აზრი არ აქვს რემონტს. მატარებელმა ჩამოიარა, მოიშალა – დაიბზარა,“ – გვიყვება მაგდანა ყურშუბაძე თავის გასაჭირს.
მის მსგავს სიტუაციაში არიან დასახლებაში მცხოვრები სხვა ოჯახებიც.
„მატარებელი რომ გაივლის, სახლი ექანება. ზოგჯერ მიფიქრია – აი, სადაცაა გადმობრუნდება. მარტო ბავშვს გარეთ ვერ ვუშვებ ან მე უნდა ვახლდე თან ან ჩემი დედამთილი. მაინც ფრთხილად ვართ და გვეშინია – მოძრავი ბავშვია, უცებ რომ გაგვისხლტეს ხელიდან, ხომ გავგიჟდები,“ – ამბობს მაია.
ის ახალგაზრდა დედაა, წლის და 7 თვის ბიჭი ჰყავს, მეორე ბავშვზე ფეხმძიმედაა.
მაიას თქმით, სტრესულია რკინიგზის გვერდით ცხოვრება, როცა „მატარებელი ლამის სახლში შემოდის“.
თუმცა აქ მცხოვრებ ოჯახებს წასასვლელი არსად აქვთ. საცხოვრებელ ფართობს კანონიერად ფლობენ, სხვა ალტერნატიული სახლი ან ბინა არ აქვთ, არც ბათუმის მერიას აქვს რამე სპეციალური პროგრამა მათთვის.
ამიტომ გამოსავალს საქართველოს რკინიგზისთვის მიმართვაში ხედავენ, რომ იქნებ დაზიანებული ლიანდაგი მაინც შეაკეთონ.

ფოტო: „ბათუმელები“
წმინდა სევერიანე აჭარელის #2-ში მცხოვრებლებმა საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, ლაშა აბაშიძეს 21 იანვარს გაუგზავნეს წერილი.
„ჩვენი საცხოვრებელი სახლების ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი, რომლის დაშორების მანძილიც საცხოვრებელ სახლებთან მიმართებით 1.5 მეტრს არ აღემატება. დღის განმავლობაში მატარებელი დაახლოებით 5/6-ჯერ მოძრაობს, რაც იწვევს საცხოვრებელი სახლების ძლიერ ვიბრაციას და ბიძგს. ამასთან, სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით მაცხოვრებლები, განსაკუთრებით არასრულწლოვანები და შშმ პირი.
არსებული პირობები მნიშვნელოვნად არღვევს ჩვენს უსაფრთხო და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს. იყო შემთხვევა, როდესაც მატარებელი რელსებიდან გადავიდა,“ – წერია წერილში რომელიც დასახლების მაცხოვრებლებმა საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს გაუგზავნეს.
ლაშა აბაშიძეს ოჯახები პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

მატარებელი ბარაკული დასახლების შუაში გადის
„ჩემი შვილი ეტლით მოსარგებლეა. ძალიან აქტიურია – ეკლესიაში დადის, თეატრის ინკლუზიური დასის წევრია. მატარებელი რომ ჩამოდგება, თუ მოხდა ისე, რომ გარეთ დარჩა წასული, სახლში ვეღარ შემოდის ეტლით.
გვიწევს ხელით შემოვიყვანოთ, ან ელოდება როდის გავა მატარებელი,“ – გვიყვება მაგდანა ყურშუბაძე.
ქალაქის ერთ-ერთ მოძრავ ქუჩას და ბარაკების დასახლებას ერთმანეთისგან დიდი ბეტონის კედელი ყოფს.
„გარედან ააშენეს კედელი, რომ ეს ცუდი შეხედულების შენობები არ გამოჩნდეს გზიდან. ქალაქისგან დაგვმალეს. თითქოს ზოოპარკში ვიყოთ, ისე მოგვაქციეს,“ – ამბობს მაგდანა.
„ბათუმელებმა“ მიმართა საქართველოს რკინიგზას. გვაინტერესებდა, როგორ ხედავს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანიზაცია, საქართველოს რკინიგზა, არსებული პრობლემის მოგვარების გზას.
საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ პასუხს, მიღების შემთხვევაში, მასალაში ავსახავთ.






