მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაური ბათუმს 145 ჰექტარს სთხოვს – საკრებულოები საზღვრების დემარკაციაზე მუშაობენ

03.08.2026
ხელვაჩაური ბათუმს 145 ჰექტარს სთხოვს – საკრებულოები საზღვრების დემარკაციაზე მუშაობენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში განიხილავენ.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის“ ბათუმის საკრებულოში, დაახლოებით ერთი თვის წინ, დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნეს. შუამდგომლობით კი შემდეგ პარლამენტს უნდა მიმართონ.

საუბარია თავის დროზე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული [ქალაქს შემოერთებული] ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მდებარეობს ხელვაჩაურის მერიის/საკრებულოს და სხვა ადმინისტრაციული შენობები. მათ შორის ხელვაჩაურის სასამართლო, პოლიციის განყოფილება, კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი და სხვა.

ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტების „საზღვრების დემარკაციის რუკა“ და სხვა დოკუმენტებიც დაამზადებინა ტენდერში გამარჯვებულ შპს „იდეა დიზაინ ჯგუფს“, რაშიც  7 670 ლარი გადაუხადა. ტენდერი კი 9 300 ლარით იყო გამოცხადებული.

ტენდერში გამარჯვებულს ევალებოდა:

„დაახლოებით 1 454 081 კვ.მ. ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში დარჩენილი და შემოსაერთებელი ტერიტორიების საზღვრების დადგენა და შესაბამისი დემარკაციის რუკის დამზადება.

საზღვარი უნდა გადიოდეს კერძოდ: ქ. ბათუმი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩისა და ზაზა ფანასკენტელი-ციციშვილის კვეთიდან ჩაუყვება 1 ქუჩას და შეუერთდება ფრიდონ ხალვაშის გამზირს, რომელიც გაგრძელდება მახოს ხიდამდე, მახოს ხიდიდან გაუყვება ჭოროხის ქუჩას, შეუერთდება ზაზა ფანასკენტელი-ციციშვილის 1 შესახვევს, გადავა ზაზა ფანასკენტელი-ციციშვილის ქუჩაზე და შეუერთდება გრიგოლ რობაქიძის ქუჩას.

საზღვრების დემარკაციის რუკა წარმოდგენილი უნდა იქნეს საზღვრების დადგენის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, რუკებისა და საზღვრების ტექსტური აღწერის, კარტოგრაფიისა და ელექტრონული ვერსიის (პროგრამა ArcGIS), UTM 37/38 პროექტის და WGS 84 კოორდინატთა სისტემის სახით.

დემარკაციის რუკა, კარტოგრაფია და საზღვრების ტექსტური აღწერა წარმოდგენილი უნდა იქნეს ნაბეჭდი ვერსიით A1 ფორმატით – 3 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით – CD დისკზე ჩაწერილი 1 ეგზემპლარად…“

სიტუაციური რუკა ტენდერიდან. თეთრი ფერით მონიშნულია ის ტერიტორია, რომელიც დღეს ბათუმის საზღვრებშია და რომლის დაბრუნებასაც ხელვაჩაური ითხოვს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები ტენდერში გამარჯვებულს ხელვაჩაურის მერიისთვის გადაცემული აქვს. მიღება-ჩაბარების აქტი 2026 წლის 18 მაისს არის გაფორმებული.

მარცხნივ: ტერიტორია, რომლის დაბრუნებასაც ხელვაჩაური ითხოვს; მარჯვნივ: იგივე ტერიტორია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში [წითლად]. მწვანე ხაზით აღნიშნულია ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი.

გარკვეულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას ორთავე მუნიციპალიტეტიდან ადრე „ბათუმელებიც“ ითხოვდა თუმცა არ მოგვაწოდეს.

ტერიტორია კი, რომლის ნაწილიც ამჯერად ხელვაჩაურის საზღვრებში უნდა დააბრუნონ, ბათუმს წინა ხელისუფლების დროს [2011 წელს] გადაეცა [მაშინ შემოუერთეს ბათუმს ხელვაჩაურის სხვა ტერიტორიებიც, მათ შორის: კვარიათი, გონიო, მახინჯაური, მწვანე კონცხი].

სხვათა შორის, ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას „ოცნების“ ხელისუფლება წლებია ცდილობს, თუმცა საკითხი ბოლომდე მაინც ვერ მიჰყავს.

მაგალითად, 2019 წლის 5 მარტის სხდომაზე განხილული  პროექტის მიხედვით, ბათუმის საკრებულო თანახმა იყო საზღვრის შეცვლაზე. რა [ვერ] გააკეთეს მაშინ საკითხის გადასაწყვეტად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ამავე თემაზე

ხელვაჩაური ბათუმისგან ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს – საკრებულოები საზღვრის შეცვლაზე მუშაობენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: