დაბა ქედაში, რკინა-ბეტონის დამცავი ჯებირი, რომელსაც „პარკი და მოსახლეობა წყალმოვარდნისგან უნდა დაეცვა“, 2025 წლის სექტემბერში მდინარე აკავრეთამ დაანგრია.
ადიდებულმა მდინარემ გარკვეულ მონაკვეთში დამცავ ჯებირთან ერთად მოშალა ლითონის მოაჯირი, გარეგანათება, ველო და სასეირნო ბილიკები, რომლებიც ცენტრალურ პარკს ახალმოწყობილ სკვერთან აკავშირებდა.
მას შემდეგ ეს ადგილი დაუცველი და მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია.

ქედა. მდინარე აკავრეთას მიერ 2025 წელს დანგრეული ნაპირსამაგრი კედელი / დანგრეული ველო და საფეხმალო ბილიკი, რომელიც ცენტრალურ პარკს და იქვე მდებარე სკვერს ერთმანეთთან აკავშირებდა / 1.08.2026
ქედის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ არსებული ნაპირდამცავი კედელი საგარანტიო ვადის გასვლიდან მალევე დაინგრა, ახალი ნაპირსამაგრი კედლის აშენება კი ადგილობრივ ბიუჯეტს მინიმუმ 950 ათასი ლარი დაუჯდება.
ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ხელვაჩაურის საგზაოსთან“ უნდა გააფორმონ.
„ქედის მუნიციპალიტეტში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი კედელი 2018 წელს აშენდა, რომელსაც საგარანტიო ვადა სამი წლის წინ გაუვიდა. კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადების პროცედურები. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანია დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება,“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესსამსახურიდან 2026 წლის 2 აგვისტოს.
„დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე“ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 13 მაისს დასრულდა. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა.
შპს „სოლო“ – შეთავაზება 995 000 ლარი, შპს „ხელვაჩაურის საგზაო“ – 949 900 ლარი, შპს „მთაგორი“ – 949 500 ლარი, შპს „მარეთი“ – 777 937 ლარი.
აქედან ორს: „მარეთი 777“-ს და „მთაგორი“-ს დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
სატენდერო კომისიის 29 ივლისის ოქმით კი გამარჯვებულად გამოვლინეს „ხელვაჩაურის საგზაო“, რომელთანაც ხელშეკრულება 949 899.60 ლარზე უნდა დაიდოს.
ახალი ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „სამუშაოს შესრულების ვადაა 120 დღე ხელშეკრულების დადების თარიღიდან. სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობით ეცნობოს შემსყიდველს.“

ამ ფოტოთია საპროექტო ტერიტორიის არსებული სიტუაცია ასახული დოკუმენტში, რომელიც სატენდერო განცხადებას ახლავს. დანგრეული ჯებირის ადგილი, სადაც ახალი უნდა ააშენონ ამ ფოტოზე უკანა ფონზეა და ფაქტობრივად არ ჩანს.
ქედის მერიის პრესსამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციითა და შესყიდვების პორტალის მიხედვით „დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე“ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „გზები“ გამოავლინეს, რომელთანაც ხელშეკრულება – 2018 წლის მაისში დაიდო. სამუშაოების დასრულებაზე მიღება-ჩაბარების აქტი კი ამავე წლის 10 სექტემბერსაა გაფორმებული.
სატენდერო დოკუმენტებით ირკვევა, რომ მდინარე აკავრეთას პრობლემები მშენებლობის მიმდინარეობის დროსაც შეუქმნია. „ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს 2018 წლის 07 აგვისტოს #37 სხდომის ოქმის თანახმად მდინარე აკავრეთას ადიდების შედეგად დაზიანდა ობიექტზე მოწყობილი საძირკველი და ყალიბი, რის გამოც დაირღვა ხელშეკრულების ვადები და მიზანშეწონილად ჩაითვალა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 2018 წლის 26 ოქტომბრამდე.“ – წერია 2018 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების დოკუმენტში.
ორივე მდინარის კალაპოტში ნაპირგამაგრ სამუშაოებში კომპანიისთვის ჯამში 212 051 ლარი გადაუხდიათ.
თუ ქედის მერიას დავეყრდნობით, „გზების“ მიერ აშენებული და უკვე დანგრეული ნაპირდამცავი კედლის ხელახლა ასაშენებლად ამჯერად 949 900 ლარია საჭირო [თუმცა, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, ახალ ტენდერში გამარჯვებულმა საფეხმავლო და ველობილიკებიც უნდა აღადგინოს, უნდა მოაწყოს ბორდიურები და არსებული ღობე, გარეგანათება. ასევე ევალება გაზონის გამწვანება].

დაბა ქედა / სკვერიდან ცენტრალური პარკისკენ მიმავალი ბილიკები ამ ადგილზე წყდება. აქ ნაპირსამაგრი კედელი წყალმა დაანგრია და ხელახლა უნდა ააშენონ / ფოტო: 1.08.2026
რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე აკავრეთასგან ნაპირის დამცავი კედლის სხვადასხვა მონაკვეთებს სხვადასხვა ადგილებში ქედის მერია ეტაპობრივად აშენებს.
შესყიდვების პორტალზე, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გამოცხადებული კიდევ ოთხი ტენდერი მოვიძიეთ:
- „დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოაცხადეს 2015 წელს, მიღება-ჩაბარების ბოლო აქტი შედგენილია 2017 წელს. გამარჯვებულ კომპანია „ზიმო 7“-ზე გადახდილია 1 728 316 ლარი.
- „დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოცხადებულია 2019 წელს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2019 წელს. გამარჯვებულ „გაბიონი 2000“-ზე გადახდილია 360 563 ლარი.
- „დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოაცხადეს 2019 წლის დეკემბერში, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2020 წელს. გამარჯვებულ „ნიკა“-ზე გადახდილია 382 834 ლარი.
- „დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოაცხადეს 2021 წელს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2021 წელს. გამარჯვებულ „ძმები“-ზე გადახდილია 430 867 ლარი.
ამ ყველაფრის მიუხედავად 2026 წელს გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „საპროექტო მონაკვეთზე დღევანდელი მდგომარეობით აშენებული ხელოვნური ნაგებობები [ჰიდროლოგიური კვლევის მიხედვით] ვერ აკმაყოფილებს მდინარის მაქსიმალური დონის დაფარვის პარამეტრებს, რის გამოც მდინარემ სტიქიის დროს გამოურეცხა არსებულ ნაპირსამაგრს საძირკველი“.
არადა, ქედის მერია 2020 წელს წერდა, რომ „დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. გრძელვადიანი პროექტი საბოლოოდ მომავალ წელს დასრულდება და დაცული იქნება წყალმოვარდნისაგან როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე ცენტრალური პარკი და მიმდებარედ განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციები.“

ქედა, მდინარე აკავრეთა, ადგილი სადაც მდინარემ ნაპირსამაგრი კედელი დაანგრია. მარჯვნივ – ქედის ცენტრალური პარკი. 1.08.2026
ქედაში იმ ადგილიდან, სადაც მდინარე ნაპირს ანგრევს, რამდენიმე ათეულ მეტრში „ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19,5 ათას კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ იღებს. შესაბამისად, არავის შეუსწავლია როგორ აისახება ამ რაოდენობის მასალის ამოღება მდინარე აკავრეთაზე/გარემოზე.
ვრცლად: „ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19 500 კუბ.მეტრ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

მდინარე აკავრეთას კალაპოტიდან ხრეში ულიცენზიოდ გააქვთ / 1.08.2026
წიაღისეულის ულიცენზიოდ გაცემის ბრძანებებს ხელს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

მდინარე აკავრეთას კალაპოტიდან ხრეში ულიცენზიოდ გააქვთ / აქ ახლოს მდინარემ ნაპირდამცავი კედელი დაანგრია / 1.08.2026
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა განკარგულება მდინარიდან თუ მთაში წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებაზე, არის უკანონო. თუ რატომ, ნახეთ ამ ბმულზე:
უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი
და ბოლოს. 2020-23 წლებში ქედის მერიამ მდინარის ნაპირის გასწვრივ, რომელიც დღეს, როგორც აღმოჩნდა, ისევ დაუცველია წყალდიდობისგან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჯამში 1,6 მილიონი ლარი დახარჯა.
მათ შორის:
- „დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ქედის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა“ – შპს „ჯორჯიან სტოუნი“ – გადახდილია 493 943 ლარი
- „ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის მოწყობა“ – შპს „მშენებელთა ჯგუფი“ – 177 912 ლარი
- „დაბა ქედაში რუსთაველის ქ. № 13 და № 15-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“ [ახალი სკვერის მოწყობა] – შპს „მ.მ.“ – გადახდილია 951 829 ლარი.

ნაპირსამაგრი კედლის საპროექტო ტერიტორია ქედაში [მონიშნულია წითელი ხაზით]






