შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს პირი, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ედება ბრალი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა და აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ათობით მოქალაქესთან მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.
„ჯგუფის წევრები, დაზარალებულებს ჰპირდებოდნენ, რომ მათთვის მისაღებ ფასად აუშენებდნენ საცხოვრებელ სახლებსა და კოტეჯებს, ასევე უზრუნველყოფდნენ საჭირო ნებართვებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას.
აღნიშნული საბაბით ბრალდებულებმა, პირადი და იურიდიული პირის ანგარიშებზე, დაზარალებულებს პირველ ეტაპზე 355 000 ლარი ჩაარიცხინეს. თუმცა შეთანხმება არ შეასრულეს, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მათთან კომუნიკაცია შეწყვიტეს“ – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





