დიდი ოდენობით ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში გაასაღა აშშ-ის ყალბი  50-დოლარიანი კუპიურები.  გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

საზღვაო აკადემიამ შესაძლოა ბრიტანულ სანაოსნო სასწავლებელთან ითანამშრომლოს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლოა დიდი ბრიტანეთის სანაოსნო სასწავლებელ Portsmouth College-სა და ბათუმის საზღვაო აკადემიას, ასევე, ბათუმისა და ფოთის პროფესიული განათლების ცენტრებს შორის თანამშრომლობა დაიწყოს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის შესახებ შეთანხმება უკვე არსებობს სამინისტროსა და Portsmouth College-ს შორის.

„მომავალი პარტნიორი ორგანიზაციები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის საზღვაო აკადემიის პრესსამსახურში უთხრეს, ამის შესახებ მათ არ იცოდნენ და ინფორმაცია მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შეიტყვეს. „როცა მინისტრი ჩამოვა, თანამშრომლობის დეტალების განხილვა იქნება შემდეგ“, – ამბობენ პრესსამსახურში.

„გია ერმაკოვის საქმეზე“ განაჩენს ორშაბათს გამოაცხადებენ

„გია ერმაკოვის საქმეზე“ საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 27 იანვარს, გამოცხადდება. ბათუმის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს განაჩენს მოსამართლე დავით მამისეიშვილი გამოუტანს.

ბათუმის ყოფილი მერი გია ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ გასული წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია „იაფი სახლის“ პროექტზე, რომლის გამოც ჩატარებულ ტენდერზე მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.

ამ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში რჩებიან: გია ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი კი – ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე – მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100 ათასი ლარის სანაცვლოდ  24 სექტემბერს გაათავისუფლა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამ ბრალდებულს და, მათ შორის, ბათუმის ყოფილს მერს, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ამ სასჯელს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის. დანარჩენ ოთხ ბრალდებულს კი, მაქსიმუმ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თუკი მათ წინააღმდეგაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

მედიაწიგნიერების სკოლა 14-დან 26-წლამდე ახალგაზრდებისთვის ბათუმში

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ მედიაწიგნიერების 4-თვიან პროექტში მონაწილეობისთვის იწვევს აჭარაში მცხოვრებ 14-დან 26-წლამდე ახალგაზრდებს.

შერჩეულ მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და პარტნიორი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში გამართული 3-დღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემის გამოწვევებს. ეს არის ინტერაქტიული შეხვედრების ციკლი, რომლის დროსაც მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას: როგორ იმუშაოთ სოციალურ ქსელებში;  როგორ გაარჩიოთ ერთმანეთისგან ყალბი ინფორმაცია და პროპაგანდა; როგორ ამოიცნოთ, გადაამოწმოთ და აიცილოთ ინტერნეტსივრციდან მიღებული ყალბი ინფორმაცია.

პროექტის შერჩეული მონაწილეები გამოიმუშავებენ საინფორმაციო ტექსტის წერის უნარ-ჩვევას და შეისწავლიან კამერასთან მუშაობის, ფოტო/ვიდეომასალის გადაღების საბაზისო უნარებს.

აპლიკაცია მიიღება 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ორგანიზაციის ბმულზე [ გასახსნელად დაკლიკეთ წითლად მონიშნული სიტყვა].

შეკითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 591 95 03 95.

აქტივობა ხორციელდება “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

წითელი ყელსახვევი წულუკიანისთვის – აქცია დახეული ჯინსებით ბათუმის იუსტიციის სახლში

დღეს, 24 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა ბათუმში, იუსტიციის სახლთან, აქცია გამართეს. ისინი დახეული ჯინსებით მივიდნენ იუსტიციის სახლში და წითელი ლენტები/ყელსახვევები შემოახვიეს კიბეს და კარს. აქტივისტები ასე გამოეხმაურნენ თეა წულუკიანის კრიტიკას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ. წულუკიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელს ციხეში პატიმრების მონახულებისას დახეული ჯინსი ეცვა და „ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში“.

„თეა წულუკიანი არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. მას არ მოსწონს თავისუფლად მოაზროვნე, ჯინსებიანი თაობა და ამიტომ მას, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, მივუტანეთ წითელი ყელსახვევები. მას შეუძლია ატაროს საბჭოთა სიმბოლო, წითელი ყელსახვევი, ხოლო ჩვენ, თავისუფალი მოქალაქეები, გავაგრძელებთ ჯინსების ტარებას, რადგან ჯინსები არის თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ.

ფოტო: „ალტერნატივა“

აქცია იუსტიციის სახლთან დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. აქციის წევრებს უშუალოდ დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს, თუმცა მათ ყელსახვევები კიბეს და კარს მიაბეს.

 

ბიჭი, რომელიც ბათუმში უსახლკარო ცხოველებს სახლებს უდგამს

გასული წლის მიწურულს 28 წლის ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ ფერადი ხის სახლების დადგმა დაიწყო ქუჩის ძაღლებისთვის. საქმე დაიწყო საკუთარი დანაზოგით და ენთუზიაზმით – ლევანს უნდა გახდეს უსახლკარო ცხოველებზე ზრუნვის მაგალითის მიმცემი.

ქუჩის ცხოველებისთვის გაკეთებულ პატარა, ფერად სახლს ლევანი „კერას“ უწოდებს და ამ სახელწოდებით ფეისბუქზე გვერდიც შექმნა, რომ ინიციატივას რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს.

„პირველი კერა ბათუმში, სამკერვალო ფაბრიკასთან 29 დეკემბერს ჩავდგი, ქუჩის ძაღლისთვის, რომელსაც ფაბრიკის თანამშრომლები უვლიან. თუმცა იდეაზე მანამდე ბევრი ვიფიქრე, ბევრი ადამიანისგან მოვისმინე რჩევა. იდეა გაჩნდა, რადგან ვხედავთ ამდენ უპატრონო ცხოველს, გადაყრილ ლეკვებს… ვიფიქრე, მოდი დავიწყებ და სხვებიც შემომიერთდებიან-მეთქი. ასეც მოხდა,“ – გვიყვება ლევანი.

ფოტო: ერთად ავაშენოთ კერა

პირველ „კერას“ მოჰყვა მეორე, მესამე და ახლა უკვე 13 პატარა, ფერადი სახლია ბათუმში უსახლკარო ცხოველებისთვის, რომელიც ლევანმა იმ ადამიანებთან ერთად დადგა, რომლებიც მის ინიციატივას შეუერთდნენ. სახლებს უკვე დატანილი აქვს ლოგო და შტრიხკოდი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადავიდეს ფეისბუქგვერდზე – ერთად ავაშენოთ / კერა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების დასახმარებლად შეიქმნა.

ფოტო: ერთად ავაშენოთ კერა

რამდენიმე დღის წინ „კერა“ დაუდგეს ბათურას, დემეტრე თავდადებულისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლს მიკედლებულ ძაღლს, რომელსაც პედაგოგი თეონა ყურშუბაძე და მისი მეზობლები უვლიან. თეონამ გვიამბო, რომ ძაღლი 10 დღის წინ გამოჩნდა სახლთან და სწრაფად შეეჩვია გარემოს. მას „ბათურა“ დაარქვეს და საკვებს აწოდებდნენ, ლევანმა და მისმა მეგობრებმა კი ბათურას „კერაც“ მიუტანეს, რომ ზამთრის ცივ ამინდსა და წვიმას თავი შეაფაროს.

„მართალია, ცოტანი ვართ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემები. როცა ვამბობ ჩვენ, ვგულისხმობ ყველა ადამიანს, რომელიც ერთვება ამ ინიციატივაში და მინდა ბევრი ადამიანი შემოუერთდეს ამ იდეას, მხარში დაგვიდგეს, ნახოს რას როგორ ვაკეთებთ. ეს არ კეთდება ჩემთვის ან ვიღაცისთვის, ეს კეთდება ბათუმისთვის, მინდა მომავალ თაობას ჰქონდეს ზრუნვის უნარი,“ – ამბობს ლევანი.

ბათურასთვის სახლის დადგმაში ლევანს მეგი ინაიშვილიც ეხმარებოდა, რომელიც „კერას“ აქტიური მხარდამჭერია. მეგიმ გვითხრა, რომ მისთვის განსაკუთრებით გულსატკენია, როცა ბავშვები სასტიკად ექცევიან უსახლკარო ცხოველებს:

„ალბათ, ეს ოჯახზეა დამოკიდებული, როგორ ასწავლიან ცხოველების სიყვარულს, ზრუნვას. ეს ელემენტარული თუ არ შეეძლებათ ბავშვებს, რა მოხდება მერე, როცა სხვა პრობლემებს შეეჭიდებიან?“

ბათურა და მეგი. ფოტო: ერთად ავაშენოთ კერა

ლევანმა გვითხრა, რომ აქამდე სახლებს ძირითადად საკუთარი დანაზოგით იძენდა, თუმცა ახლა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ წამოწყებას მხარი დაუჭირონ. ცხოველების სახლების გადახურვაში მასალით ლევანს კომპანია „ნოვა“ ეხმარება. ერთი „კერა“ საშუალოდ 200 ლარი ღირს.

„ჩემი დაგროვებული თანხით დავიწყე სახლების კეთება, შემდეგ ანგარიშის გახსნა მთხოვეს. პირველი ორი კვირა არ ვხსნიდი, მაგრამ ემიგრანტებს სურდათ დახმარება, იმდენი გამოხმაურება იყო, რომ ვიცი, კვირაში ერთ კერას მაინც ჩავდგამ,“ – ამბობს ლევანი.

სანამ „კერას“ დადგამენ, ლევანი ადგილზე მიდის და სიტუაციას ეცნობა, შესაძლებელია თუ არა ძაღლისთვის სახლის დადგმა კონკრეტულ ადგილას. 22 იანვარს ლევანმა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლების დახმარებით, „კერა“ დაუდგა ქუჩის ძაღლს, რომელიც ბოლო დღეებში იმით გახდა ცნობილი, რომ ზებრა-გადასასვლელზე ბავშვებს აცილებს.

ლევანი და ცნობილი ბიმი/კუპატა. ფოტო: ერთად ავაშენოთ კერა

ლევანი ამბობს, რომ მის წამოწყებას ბათუმში პოზიტიურად ხვდებიან, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც პრეტენზიები აქვთ.

„ძირითადად არის ძაღლებზე რატომ ზრუნავ და რატომ არ ზრუნავ ადამიანებზე. ასე არ არის, ვზრუნავთ ადამიანებზე. რამდენიმე დღის წინ კაცს, მამუკას, რომელიც 42 კატასთან ცხოვრობს, ღუმელი დავუდგით. ხსვებსაც ვეხმარებით,“ – ამბობს ლევანი და ნებისმიერ მსურველს მოუწოდებს, ჩაერთონ ამ აქციაში, დაეხმარონ საინიციატივო ჯგუფს მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დადგმაში და თვალი ადევნონ გვერდს ფეისბუქზე, რომელზეც ყველა აქტივობა ქვეყნდება.

შუახევისა და ხელვაჩაურის სოფლები, სადაც გაზიფიცირება იგეგმება

შუახევის სოფელ ხიჭაურში, ასევე, ხელვაჩაურის სოფლებში – ევგენიძეებში, მაღლაკონში, მახოსა და სიმონეთში „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამუშაოებს გეგმავს.

გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით, კომპანია ბაზრის კვლევას ახორციელებს. ფასების დადგენის შემდეგ, სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდება.

ამავე თემაზე:

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის სახელმწიფო შპს, რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაევალა ქვეყნის მასშტაბით სოფლების გაზიფიცირება [კვლევა, პროექტირება, მშენებლობა] 2019-2021 წლებში.

ამ გეგმით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ქვეყნის მასშტაბით, უნდა უზრუნველყოს 223 დასახლებულ პუნქტში არსებული 58 894 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 209 მილიონი ლარია.

აჭარის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები და შესასრულებელი სამუშაოები 2019-2020 წლებში /მთავრობის გეგმა:

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

 

თოვლის სიმაღლე მთიან აჭარაში ერთი მეტრია – 17 სკოლაში სასწავლო პროცესი არ შედგა

დღეს, 24 იანვარს, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დილიდან თოვს.

ქედის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 10 სანტიმეტრია, შუა ზონაში – 50 სმ, ხოლო მაღლობში – 80 სმ.

ქედის მერიაში გვითხრეს, რომ ქედაში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში შედგა, ხოლო ვაიოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო.

ამ დროისათვის ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: აგარასა და პირველ მაისს.

შუახევის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს. შუა ზონაში თოვლის სიმაღლე 50-60 სმ-ია, ხოლო დაბაში – 15-20 სმ.

შუახევის მერიაში გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დიდთოვლობის გამო არ შედგა.

შუახევში ელექტროენერგია არ მიეწოდება უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკურმა სამსახურმა დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და აღნიშნული დასახლების აბონენტების ელექტროენერგია მალე აღუდგება.

შუახევის მერიის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს: გომარდულის, დარჩიძეების, შუბნის, ჩირუხის, გორი-პაპოშვილები-მახალაკიძეების, ხიჭაური-ნაღვარევის, კვიახიძეები-გოგნიაურის, ზამლეთი- სხალთა, კარაპეტი-ოლადაური-მაწყვალთის მიმართულებით. იწმინდება დაბის მიმდებარე ტერიტორიაც. მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 7 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა.

შუახევის მერიაში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მოქმედებს ცხელი ხაზი: 08 000 000 08. მერიაში გვითხრეს, რომ ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შესულა.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს,  თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე თოვლის სიმაღლე 1.5 მეტრს აღწევს.

ხულოში სასწავლო პროცესი მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო ათ სოფელში არ შედგა.

ამ დროისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 და ხულოს მერიის 2 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს გზების გასაწმენდად. საავტომობილო მოძრაობა დასაშვებია კურორტ გოდერძის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტომობილებით. აგრეთვე, ინტენსიურად იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, სადაც, დღის პირველ ნახევარში აღდგება სრულად მოძრაობა.

ხულოს მერიის ცნობით, ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები. თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და დღის განმავლობაში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

__________

ფოტო: შუახევის მერია

აჭარის სოფლებში გზები თოვლისგან მძიმე ტექნიკით იწმინდება – გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა გვიან ღამით დაიწყო. დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, უჩამბა-წაბლანის გზაზე, 24 იანვარს ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

ამ დროისთვის [10:30 სთ] ხულოს მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრია, ხოლო ზედა ზონებში  – 80 სანტიმეტრი. მუნიციპალიტეტში 14 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. გზის წმენდა მიმდინარეობს: გომარდულის, დარჩიძეების, შუბნის, ჩირუხის, გორი-პაპოშვილები-მახალაკიძეების, ხიჭაური-ნაღვარევის მიმართულებით.

სამი მიმართულებით იწმინდება გზები ქედის მუნიციპალიტეტში: ქედა-მერისი-ნამონასტრევი, დანდალო-ხარაულა-ტაკიძეები-არძენაძეები და ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 იანვრის 21 საათიდან 25 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ნალექი, მთაში – თოვა. აჭარის მთაში ღამით  -5-10 გრადუსი, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა; მაღალ მთაში ღამით -9-14, დღისით -2-7 გრადუსი ყინვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 26-27 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

მთავარი ფოტო: გზის გაწმენდა აჭარის მაღალმთიანეთში. გზების დეპარტამენტის ფოტო.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 24 იანვარს, ბათუმში ღამით დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, შაბათს, 25 იანვარს კი, ბათუმში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

დღეს, ღამით, -1 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი სანაპირო რაიონებში.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5-10 გრადუსი სითბო 
  • ღამით: -1 გრადუსი ყინვა, 4 გრადუსი სითბო

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: -5-10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 26-27 იანვარს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ NDI-ის კრიტიკით და რა მოხდა რუსეთში?

„მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება პირდაპირ რუსეთისგან იღებს თუ არა დირექტივებს. ამ პოლიტიკის პრორუსულობა გამოიხატება იმაში, რომ სისტემატურად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიისთვის…“ – ასეთია პუბლიცისტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაალ ანდრონიკაშვილის შეფასება ხელისუფლების რეაქციაზე, რაც NDI-ის მორიგი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ ამჯერადაც გავლენიანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია არასანდოობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულეს.

ანალიტიკოსებს საერთაშორისო ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა რუსეთს ახსენებს, საიდანაც 2012 წელს NDI-ი გააძევეს – ეს ორგანიზაცია რუსეთის პროკურატურამ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა. იმის მიუხედავად, რომ რუსეთში და საქართველოშიც ოფიციალური პირების შეფასებები ხშირად ერთმანეთს ჰგავს, მიიჩნევენ, რომ საქართველოში თითქმის შეუძლებელია იგივე მოხდეს, რაც რუსეთში შეძლეს. „რადგან ჩვენ ვნახეთ რეაქცია, მაგალითად, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. ამას კინაღამ გადაყვა ხელისუფლება“, – დასძენს ზაალ ანდრონიკაშვილი.

რას აჩვენებს ხელისუფლების რეაქცია? 

„ამერიკელების დაფინანსებული ფულით ამერიკის საპირისპირო ინტერესს ატარებენ,“ – აღნიშნა NDI-ის და IRI-ის საქმიანობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მან ტელეკომპანია „იმედთან“ 2019 წლის 27 ნოემბერს ინტერვიუს დროს თქვა ისიც, რომ „კონგრესისთვის, სენატისთვის ან თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ღიად წერილის მიწერას აპირებს“. ამ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე, 18 ნოემბერს, IRI-მ კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი 23 პროცენტია, ოპოზიციას კი ჯამურად 41 პროცენტი უჭერს მხარს.

„ნახეთ, ამერიკული ცენტრალური ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახინჯებენ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა „ქართულ ოცნებას”. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი და არც მეორე არაა საფუძველს მოკლებული. მაგრამ, ზოგადად, რა ხდება: დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

მისწერა თუ არა წერილი ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის მთავრობას, უცნობია. წერილი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამის შესახებ ინფორმაცია არც NDI-ის ოფისში აქვთ.

ამერიკული ორგანიზაციების კრიტიკის ტენდენცია შეინარჩუნა ხელისუფლებამ წელსაც, როცა NDI-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ახლაც არგუმენტების გარეშე ჩინოვნიკები ძირითადად წინა წლებს იხსენებდნენ, როცა კვლევის შედეგები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ დაემთხვა.

„არადემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ ორგანიზაციას საქმიანობას აუკრძალავდნენ… ათეულ წელზე მეტია NDI გაუგებარი მიზნებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის… NDI-ის არაერთი რეიტინგული პოლიტიკური გამოკითხვა არ შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც რეალური,“ – თქვა გია ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე: „ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს“.

მაია ცქიტიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი: „NDI-ის ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს…“

„ბოლო კვლევებით გამოჩნდა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგმა კიდევ უფრო იკლო და ოპოზიციის რეიტინგი ჯამში გაიზრდა. შესაბამისად, რეაქცია იყო მწვავე… ხელისუფლებას აქვს მიზანი, რომ მაქსიმალურად სცადოს ამ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რეპუტაცია შეულახოს მას. ამ დამოკიდებულებით ხელისუფლება ცდილობს იმ მძიმე შედეგის, ასე ვთქვათ, განეიტრალებას, რაც კვლევამ აჩვენა,“ – ამბობს „სოციალური სწავლების და ანალიზის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ოჩი კონცელიძე.

ანალოგიური განცდა აქვს პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილსაც. „დაახლოებით ისეთი მომენტია, სიცხე რომ გავიზომო, 40 რომ მიჩვენოს თერმომეტრმა და დავაბრალო თერმომეტრს. ანუ „ოცნება“ ამბობს, რომ მასში კი არ არის პრობლემა, არამედ ინსტრუმენტში, რომელიც ზომავს წარმატებას, აღქმას საზოგადოებაში“, – ამბობს ის.

ყველაზე მწვავე ირმა ინაშვილი იყო, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მან პირდაპირ თქვა, რომ NDI კორუფციულ გარიგებაშია გარეული და საქმე გვაქვს „სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობასთან“. ეს ის ფრაზაა, რომელიც წლების წინ აქტუალური რუსეთში იყო, როცა დასავლეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე საუბრობდნენ, მათ შორის, NDI-ზე“.

ირმა ინაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა: „ჩვენ ვიცით, როგორ გადავტეხოთ და როგორ დავასრულოთ ეს საინფორმაციო შეტევაო“ და NDI-ის აკრძალვაც მოითხოვა.

რა მოხდა რუსეთში? 

„აკრძალვა“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემა“ – ის, რაც გია ვოსლკიმ და ირმა ინაშვილმა ახლა ახსენეს მედიისთვის მიცემულ კომენტარებში, რუსეთში აქტუალური 2012 წელს იყო. დაახლოებით 8 წლის წინ რუსეთის ხელისუფლებაც NDI-ის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების „უსაფრთხოების პრობლემაზე“ ალაპარაკდა, რაც საბოლოოდ აკრძალვის დაკანონებით დასრულდა.

2016 წელს რუსეთის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ NDI „საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის და სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლებს“, თუმცა მანამდე, 2012 წელს, NDI რუსეთის პროკურატურამ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა და ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა – NDI-ის ოფისი მოსკოვში დაიხურა.

ოფისის დახურვამდე რუსეთის ხელისუფლებამ NDI-სთვის მოასწრო იმის დაბრალებაც, რომ ორგანიზაცია, რომელსაც აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობდა, „საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციურ სისტემას“. ამის შესახებ ბევრი რუსული მედია წერდა. მედია რუსეთში ასევე ამერიკის აგენტებს უწოდებდა იმ პირებს რუსეთში, ვინც ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. მედიაში მათი კერძო მიმოწერებიც გამოჩნდა სათავო ოფისთან.

მაგალითად, rusfront2012livejournal.com 2012 წელს წერდა იმაზეც, რომ „რუსეთში მიმდინარე საპროტესტო მოვლენები დიდწილად NDI-ის სპეციალისტების „ხანგრძლივი და მღელვარე“ მუშაობის შედეგია.

რუსულ მედიას ყურადღების მიღმა არ რჩებათ ის ქართველი პოლიტიკოსებიც, რომლებიც NDI-ის კრიტიკის რიტორიკაში რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ემსგავსებიან: მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც 2015 წელს, პრემიერ-მინისტრობის დროს NDI გააკრიტიკა და ის მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან გარიგებაში დაადანაშაულა, ისევე, როგორც ამას რუსი პოლიტიკოსები წლების წინ აკეთებდნენ და ახლა ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ.

”სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. წლების განმავლობაში მრავალი შეკითხვა წამოიჭრა ამ ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, ვინც ამ გამოკითხვებს ატარებს, პირდაპირ კავშირშია პარტია ”ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“, – ამბობდა მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს. ეს კომენტარი მაშინ ria.ru-მაც გაავრცელა.

რუსეთში NDI-ის დახურვა მარტივად შეძლეს, თუმცა ამ დრომდე NDI-ს სხვა ქვეყნებში საქმიანობის მიმართ ინტერესს რუსული მედია არ კარგავს. „რუსეთი კარგია, მაგრამ ევროპა უკეთესი – ქართული პარადოქსები“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა 2019 წელს სტატია rosbalt.ru-მ. სტატიაში NDI-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგებზეა საუბარი, რაც 2018 წელს ჩატარდა. ამ კვლევაში პირველად გამოიკითხეს განწყობები რუსეთის მიმართ. გამოკითხვის არც ერთი კითხვა და პასუხი არ მოიცავდა იმას, რაც სათაურშია აღნიშნული, ანუ ევროპაა უკეთესი თუ რუსეთი.

რის მიღწევა სურს ხელისუფლებას საქართველოში და რისი რუსეთს? 

ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება სურს – მიიჩნევენ ანალიტიკოსები. ოჩი კონცელიძე ფიქრობს, რომ რუსეთს სურს საერთაშორისო ორგანიზაციების დასუსტება, მაგრამ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია და გამიზნულ პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება.

სხვა რისკებს ხედავს ზაალ ანდრონიკაშვილი.

„ფაქტია, რომ ცდილობენ NDI-ის და სხვა ორგანიზაციების დისკრედიტაციას. თან უნდა გავითვალისწინოთ ის მოცემულობა, თუ როგორ სისტემატურად, მიზანმიმართულად ცდილობს ხელისუფლება მუდმივად, ასე ვთქვათ, დასავლური ორგანიზაციების დასუსტებას… ეს, ბუნებრივია, არის ანტიდასავლური ნარატივის ნაწილი. მთავრობა საწინააღმდეგო გზავნილებით ესაუბრება ამომრჩეველს და პარტნიორებს საქართველოს გარეთ. ისინი ამბობენ, რომ კი, ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია, მაგრამ აი, ეს ორგანიზაცია არ არის კომპეტენტური, ან რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი რას იტყვის.

არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ იმ საშიშროებას მაინცადამაინც რეალისტურს ვერ დავარქმევდი, რომ უცხოური აგენტების სტატუსი მიანიჭონ. ეს არ იქნებოდა არათუ სერიოზული, არამედ პირდაპირ, ყოველგვარ დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმა იქნებოდა, რომელსაც დეკლარირებულ დონეზე მთავრობა და ივანიშვილი ასე თუ ისე მხარს უჭერენ…“ – გვითხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ოჩი კონცელიძე იმ კვლევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობა მაღალია.

„NDI-ის ბოლო კვლევაში ევროინტეგრაციას გამოკითხულთა 80-მდე პროცენტი უჭერს მხარს. შესაბამისად, საქართველოში მარტივი გასაკეთებელი არ არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას საქმიანობაში პრობლემები შეუქმნა, ან მით უმეტეს, აკრძალო მისი მუშაობა. ხელისუფლება ისევ ეცდება NDI-ის და სხვა ორგანიზაციების დისკრედიტებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ოჩი კონცელიძემ.

ოჩი კონცელიძე და ზაალ ანდრონიკაშვილიც მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში საყურადღებო იყო ირმა ინაშვილის განცხადება, თუმცა ანალიტიკოსებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება მასთან დაახლოებული ინაშვილის პოზიციის გაზიარებას გაბედავს.

„ამ შემთხვევაში პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესი იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს… „პატრიოტთა ალიანსი“ პირდაპირ „მეხუთე კოლონაა“ პარლამენტში, თუმცა ისინი არ გამოხატავენ საბედნიეროდ უმრავლესობის პოზიციას. რუსეთის ინტერესია, რომ არამხოლოდ რუსეთში აღკვეთოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც აძლიერებენ დემოკრატიას… მე არ მაქვს მტკიცებულებები, რას აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იმ საქმეს, რომელსაც დიდი სიამოვნებით გააკეთებდა რუსეთი საქართველოში,“ – აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი.

ზაალ ანდრონიკაშვილი ელის, რომ რუსული პროპაგანდა ამ კუთხით, ანუ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობას აქტიურად განაგრძობს. პუბლიცისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ რუსეთში ამ ეტაპზე გაცნობიერებული აქვთ, რომ იგივე არ გამოვა, რაც რუსეთში მარტივად შეძლეს.

„თუმცა ავტოკრატია რუსეთშიც ერთ დღეში არ შექმნილა,“ – დასძენს ზაალ ანდრონიკაშვილი.

აეროპორტის გზატკეცილიდან ახალ ბულვარამდე მეჯინისწყალი ბეტონის კედლებში მოექცევა 

ბათუმში, ახალი ბულვარიდან აეროპორტის გზატკეცილამდე, მეჯინის არხის [მდინარე მეჯინისწყალი] გასწვრივ კედლების მოწყობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 2,2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. დოკუმენტების მიხედვით აღნიშნულ მონაკვეთში [24 სმ-მდე დიამეტრის] 100 ძირი ხეც მოიჭრება.

მეჯინის არხზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 287 533 ლარია.

სამუშაოები, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 8 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება.

შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელია. ამ პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

ლურჯი ფერით აღნიშნულია მდინარის მონაკვეთი სადაც კედელი მოეწყობა / ფოტო ტენდერიდან
მდინარე მეჯინისწყალი ადლიის დასახლებაში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მდინარე მეჯინისწყალი ადლიის დასახლებაში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან იმ ტერიტორიის ამოღებას ითხოვს, სადაც 15-სართულიანი შენობის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. ასე კომპანია შეძლებს თავიდან აირიდოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოსთან შეთანხმების ვალდებულება, რაც მისთვის ერთგვარი ბარიერია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან სასურველი ნებართვის მისაღებად. სააგენტოში განგვიმარტეს, რომ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მისი განხილვა დღის წესრიგში დგას.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ 15-სართულიანი პროექტი ბათუმის ბულვარში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ, გასულ თვეს არ შეითანხმა. გადაწყვეტილების მიმღებთაგან ბევრმა დააფიქსირა პოზიცია, რომ პროექტი მოსწონს, „აღფრთოვანებულია“, მაგრამ სამსჯელოა, რამდენად შეესაბამება ის ბულვარის განაშენიანებას. ამის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ, მისი აზრით, კომპანიამ უნდა ააშენოს მხოლოდ იმ სიმაღლის შენობა, რაც უკვე შეთანხმებულია.

კომპანიას მხოლოდ 4-სრთულიანი შენობის მშენებლობის, პლუს მიწისქვეშა სამი სართულის აშენების ნებართვა აქვს.

მშენებლობის მასშტაბების საკითხის განხილვისას, ძეგლების საბჭოს სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დაგეგმილია მეხუთე კლასის მშენებლობა, ამიტომაც პროექტს ნებართვის მისაღებად, საბჭოს თანხმობის მიღების შემდეგ, პირდაპირ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში გააგზავნიან.

რატომ შეიძლება ჩაითვალოს 15-სართულიანი შენობა მეხუთე კლასის მშენებლობად სხდომაზე არავის განუმარტავს. მოგვიანებით კი ამ საკითხზე სააგენტოში გვიპასუხეს: „სავარაუდოდ იმიტომ, რომ განიხილება შადრევნის მოწყობა, წყალი ფასადიდან გადმოვა“. აქედან გამომდინარე, ძეგლების დამცველებს მიაჩნიათ, რომ კომპანიას ურჩევნია ნებართვა პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღოს და ეს მისთვის უფრო მარტივ პროცედურა იქნება.

დოკუმენტურად დასტურდება ისიც, რომ საბჭოსთან შეთანხმება პრობლემური იქნებოდა, რაც კომპანიამ გაცილებით ადრე გათვალა.

პროექტში ცვლილების საკითხი ძეგლების საბჭომ 2019 წლის 30 დეკემბერს განიხილა, გაცილებით ადრე, 2019 წლის 28 იანვარს კი „ამბასადორი ბათუმმა“ წერილობით მიმართა სააგენტოს და თავისი ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება ითხოვა.

კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მისწერა, რომ 2015 წელს, ბულვარის საზღვრების დადგენის შემდეგ, ამ საზღვრებში მოაქციეს მისი კერძო საკუთრება, მაგრამ თავად, როგორც დაინტერესებული მხარე, ამ საკითხის განხილვისას არ მიიწვიეს [კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2015 წელს ბათუმის ბულვარის საზღვრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შეცვალა].

კომპანიის მოთხოვნა და არგუმენტები ეროვნული სააგენტოსთვის გაუგებარი აღმოჩნდა. უწყება დაინტერესდა რა მოსაზრება აქვს ამ საკითხზე აჭარის სააგენტოს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც არ მიუღია.

„ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. 2015 წელს ჩვენ ბულვარის საზღვრები დავაკორექტირეთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნით, ამიტომაც გვაინტერესებდა ამ სააგენტოს არგუმენტი, თუ რის საფუძველზე ითხოვს კომპანია საზღვრების დაკორექტირებას. როცა დაინტერესებულ პირს განაცხადი აქვს შემოტანილი, ეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია“, – გვითხრა სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა ალექსი ჩიხრაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის ბულვარის საზღვრებიდან ამოიღებენ ტერიტორიას, რომელიც „ამბასადორი ბათუმს“ ეკუთვნის, მაშინ კომპანია გაცილებით მარტივად შეძლებს 15-საერთულიანი პროექტის ნებართვის მიღებას.

ამავე თემაზე:

ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას 

ორ წელზე მეტია „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ოთხსართულიანი შენობისთვის საძირკველს თხრის

მთავრობამ მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება გაზარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების ინგლისურენოვან სამაგისტრო აკრედიტირებულ პროგრამაზე სასწავლო გრანტის თანხის მოცულობა გაზარდა. მთავრობის დადგენილებით, 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის ამ პროგრამაზე სასწავლო გრანტის მოცულობა 3 200 ლარით იქნება განსაზღვრული.

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს,  ექსპერტების მხრიდან ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად შეფასდა.

გერსამიას თქმით, სასწავლო პროგრამაზე საფასურის გაზრდის რეკომენდაციაც უცხოელი ექსპერტებისგან მიიღეს:

„ძალიან კვალიფიციური ლექტორები გვყავს მოწვეული და ანაზღაურება იყო დაბალი. ჩვენ ამ პროგრამის მომზადება 2017 წელს დავიწყეთ, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, სადაც გამოვკითხეთ დამსაქმებლები, შესაბამისად, დამუშავდა ბევრი დოკუმენტი.

ეს არის პირველი პროგრამა ამ მიმართულებით რეგიონში და მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამას აკრედიტაციის ხუთივე სტანდარტზე აქვს სრული შესაბამისობა და უცხოელი, ძალიან ცნობილი მედიაფსიქოლოგების დასკვნაც იყო, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისურენოვანი პროგრამაა. ამიტომ, ჩვენი მიზანია,  უცხოელი სტუდენტებიც მოვიზიდოთ და უკვე ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“.

როგორც მარიამ გერსამია ამბობს, უცხოელ სტუდენტებს სთავაზობენ ერთწლიან ქართული ენის პროგრამასაც, რომ სურვილის შემთხვევაში ერთობლივი სამეცნიერო პროდუქტები შეიქმნას.

მისი თქმით, სამაგისტრო პროგრამაზე 20 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ამ დროისთვის მხოლოდ ექვსი სტუდენტი სწავლობს, ათ ადგილზე კი მობილობა თებერვალში გამოცხადდება.

„მობილობა ცხადდება ქვეყნის შიგნით, მეორე სემესტრში უცხოელ სტუდენტებსაც შეეძლებათ პროგრამაში მონაწილეობა. ამ სემესტრში უკვე გვყავდა ერაზმუსის სტუდენტი გერმანიიდან,“ – ამბობს მარიამ გერსამია.

პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე, უნდა დაწეროს ესე ინგლისურად, შემდეგ კი გაივლის გასაუბრებას კომისიასთან.

პროგრამა ორწლიანია და მოიცავს კვლევის კომპონენტს.

როგორც მარიამ გერსამია ამბობს, პროგრამაში ჩადებულია სტაჟირების კრედიტკურსი, რაც ნიშნავს, რომ დეტალურად არის გაწერილი როგორც სტუდენტების, ასევე დამსაქმებლების ვალდებულება. იგი ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ითანამშრომლებენ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იკვლევენ მედიის გავლენას საზოგადოებაზე:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ როგორია მედიის გავლენა საზოგადოებაზე, ჯგუფებზე, სტიგმატიზაციის, სტერეოტიპებისა და სიძულვილის ენის პირობებში, რა ფსიქოლოგიური პროცესები მიდის“.

მარიამ გერსამიას თქმით სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“, რომელიც მედიის ზეგავლენას იკვლევს, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან, სადაც სტუდენტებს მედიაჩეკერზე შეეძლებათ ანალიტიკური ბლოგების წერა, ილია ჭავჭავაძის ცენტრთან და მედიისა და კომუნიკაციების საგანმანათლებლო კვლევით ცენტრთან.

ვის რამდენით დაუფინანსებენ მკურნალობას 2020 წელს აჭარაში – ჯანდაცვის პროგრამები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 21 მილიონი ლარით 36 პროგრამას განახორციელებს, მათ შორის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს.

ამჯერად გთავაზობთ ჯანმრთელობის დაცვის რამდენიმე პროგრამას, რომლებითაც აჭარის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ისარგებლებენ.

[red_box]გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება[/red_box]

ეს პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის  დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას და გეგმიური გულის ან/და კორონალური არტერიების ანგიოგრაფიის დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში ქვეპროგრამით განსაზღვრული პროპორციების დაცვით.

[highlight color=”red”]დაფინანსების ფორმა[/highlight] პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

[highlight color=”red”]არ დაფინანსდება:[/highlight] საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა, ასევე არ დაფინანსდებიან პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა ასაკით პენსიონერებისა; საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურება.

[red_box]მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება[/red_box]

პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.

[highlight color=”red”]მოსარგებლეები:[/highlight]

[checklist]

  • პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;
  • 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;
  • შშმ პირები;
  • ომის ვეტერანები;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
  • მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი ან/და ნაშვილები) ოჯახის წევრები;
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
  • უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტი;
  • უსახლკაროები;
  • მარტოხელა მშობლები და მათი არასრულწლოვანი(18 წლამდე) შვილები;
  • ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;
  • პაციენტები, რომლებსაც ამ დროისთვის არა აქვთ მინიჭებული 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, დააფინანსოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან  წარმოდგენილი შუამდგომლობით.

[/checklist]

[highlight color=”red”]დაფინანსების ფორმა[/highlight] პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალსიწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

  • ღვიძლისა და ძვლის ტვინის  ტრანსპლანტაციის დაფინანსება:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში  რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს ქვეპროგრამით დაუფინანსდებათ ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში).

ღვიძლის ტრანპლანტაცია ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდებათ 70 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს  – 100 000 ლარით.

  • ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დაუფინანსდებათ:

[checklist]

  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდებათ 80 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს – 100 000 ლარით.
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია ქ.ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდებათ 130 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს – 150 000 ლარით;
  • განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის ფარავს პაციენტი.

[/checklist]

  • გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტით

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება.

  • რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით

რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებულ  პაციენტებს, რომლებიც  რეგისტრირებულნი არიან აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისათვის საჭირო ძვირადღირებული, ბიოლოგიური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება.

[red_box]სახსრების ენდოპროთეზირება[/red_box]

პროგრამა ითვალისწინებს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.

[highlight color=”red”]დაფინანსების ფორმა[/highlight] პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

[red_box]ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო  მომსახურება[/red_box]

პროგრამა ითვალისწინებს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) დაფინანსებას. ასევე დაფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური სტაციონარული მომსახურების, ქიმიოთერაპიული და სხივურითერაპიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ტარიფის ფარგლებში.

[highlight color=”red”]დაფინანსების ფორმა[/highlight] პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით.

  • სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით დაფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით. ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი  შეადგენს 15 000 ლარს.
  • ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობა დაფინანსდება   სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიების  მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე (1 პაციენტზე არაუმეტეს – 12 ციკლისა).
  • პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი) ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი.
  • პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2-  მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.

[red_box]მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება[/red_box]

პროგრამა ითვალისწინებს იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით “მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში”.

[highlight color=”red”]მოსარგებლეები:[/highlight] სხვადასხვა დაავადების მქონე პირები,  რომელთა   აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში (სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად).

[highlight color=”red”]დაფინანსების ფორმა[/highlight] ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ თანაგადახდა (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურდან დარჩენილი თანხა) 70 %-ით, მაგრამ არაუმეტეს  25 000 ლარისა.

საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ასევე ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ასკის პაციენტისათვის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა:

[checklist]

  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია – არაუმეტეს 100  000 ლარით;
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია – არაუმეტეს 180 000 ლარით;
  • ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია – არაუმეტეს 210 000 ლარით;

[/checklist]

  • პროგრამების მოსარგებლე 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: . ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის . N119
ტელეფონი+995 (0422) 247972+995 (0422) 24-79-64
ელფოსტაinfo.molhs@molhs.gov.ge

აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის EMC მიწების რეგისტრაციას ითხოვს

მარნეულში, სოფელ ხიხანში, აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის სასოფლო მიწების რეგისტრაციას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] ითხოვს. ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე მარნეულის მერიას.

EMC-ის მონაცემებით, სოფელ ხიხანში სასოფლო მიწის არქონა უკიდურესად აუარესებს ეკომიგრანტების სოციალურ მდგომარეობას. ჩასახლებულები ვერ ეწევიან მეურნეობას. გარდა ამისა, სოფელს აქვს სარწყავი და სამომხმარებლო წყლის პრობლემაც, აქ წყალი დღეში ერთი საათით მოდის.

„სოფელში შეზღუდულია სასმელი წყლის მიწოდებაც. მოსახლეობა საერთო სოფლის წყაროზე აგროვებს სასმელ წყალს. ამასთან, სამომხმარებლო წყალი დღეში მხოლოდ 1 საათით მოდის სოფელში. ეს პრობლემა ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას უსპობს და მათ სოციალურ მოწყვლადობას ზრდის, სოფელში მძიმეა სანიტარული მდგომარეობაც…

სოფელ ხიხანის მცხოვრებლები წლების განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში მიწათმოქმედებით და სოფლის მეურნეობით ირჩენდნენ თავს. ქვემო ქართლში გადმოსახლებისას კი თვითგადარჩენის, რეინტეგრაციის და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – მიწა, დაკარგეს“,  – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, რამდენიმე ეკომიგრანტი რთული პირობების გამო ისევ აჭარის მაღალმთიანეთში დაბრუნდა.

ფოცხვერი კინტრიშიდან [ფოტო]

ეს ფოცხვერი კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. გარდა სისწრაფისა, ახასიათებს ხეებზე კარგად ცოცვის უნარი, იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ხშირად თავს ესხმის ირემს, ძროხას და ცხვარს. ფოცხვერი განსაკუთრებით აქტიურია ღამის საათებში.

კინტრიშელი ფოცხვერის ფოტოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ფოცხვერი. ფოტომახე

 

ვინ მოუვლის ქუჩის ძაღლებს ბათუმში? – ტენდერი მეორედ ჩავარდა

ბოლო დღეებია ბათუმელი ქუჩის ძაღლი, რომელიც ბავშვებს ზებრა-გადასასვლელზე აცილებს, ქართული და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია. მას 22 იანვარს სახლიც კი დაუდგეს იმ სახლის სადარბაზოში, რომელსაც ძაღლი წლებია მიკედლებულია, მაგრამ მასსავით არ გაუმართლა ათასობით ქუჩის ძაღლს ბათუმში.

ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იზრუნებს ქუჩის ძაღლების ვაქცინაციასა და პოპულაციის რეგულაციაზე ბათუმში 2020 წელს, რადგან უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირებაზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი კვლავ არ შედგა.

სატენდერო თანხა 252 ათასი ლარია, თუმცა, მონაწილეობა არავინ მიიღო. მერიამ ამ მომსახურებისთვის საჭირო თანხა წელს 62 ათასი ლარით შეამცირა. გასულ წელს, ანალოგიური მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 314 ათასი ლარი დაიხარჯა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში უპატრონო ძაღლები მომრავლდნენ. მარტო გასულ წელს, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2600-მდე ძაღლსა და კატას გაეწია სხვადასხვა მომსახურება [ვაქცინაცია, დაბირკვა, ოპერაცია და სხვა].  

2020 წლის განმავლობაში ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ტენდერი ბათუმის მერიამ 2019 წლის 25 დეკემბერს, შემდეგ კი განმეორებით, 2020 წლის 17 იანვარს გამოაცხადა. რატომ შემცირდა თანხა და ხომ არ აპირებს მერია მის გაზრდას?

„თანხის შემცირება გამოიწვია იმან, რომ ვაქცინაცია [როგორც უპატრონო ასევე პატრონიანი ცხოველების, უნდა ჩაეტარებინა სხვა სახელმწიფო უწყებას, ამიტომ ვაქცინაციის თანხა ამოვიღეთ“, – გვითხრეს მერიაში. თუმცა სატენდერო მოთხოვნებში ვაქცინაცია მაინც ეწერა.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ქალაქის ტერიტორიიდან, მათ შორის საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიიდან (სულ 2000) უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთნ დაკავშირებული პროცედურები (ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება), ტრავმირებული ცხოველების მკურნალობა, მათ შორის ოპერაციული მკურნალობა…“ – აღნიშნული იყო ტენდერში, რომელიც არ შედგა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამჯერად სატენდერო თანხა გაიზრდება და ტენდერი იმ თანხით გამოცხადდება, რა თანხითაც გამოცხადდა 2019 წელს.

„თუმცა შესაბამის ცვლილებებს სჭირდება საკრებულოს თანხმობა. იანვრის ბოლოს შევიტანთ საკითხს საკრებულოში და თანხმობის შემთხვევაში გამოვაცხადებთ ტენდერს 314 ათასი ლარით“, – გვითხრეს მერიაში.

ბოლო წლებში ანალოგიურ მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერებში შპს „სევერი“ მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. სწორედ ამ კომპანიასთან იყო გაფორმებული ხელშეკრულება მაგალითად, 2019 წლის მომსახურებაზე – 314 ათას ლარზე, ხოლო 2018 წელს – 250 ათას ლარზე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ მიიღო ამ კომპანიამ წელს ტენდერში მონაწილეობა.

„ტენდერის შესახებ გვიან გავიგეთ და მეორე, მონაწილეობას ვერ მივიღებდით იმ მიზეზის გამო, რომ გვაქვს სარემონტო სამუშაოები – ვოლიერების შეკეთება მიმდინარეობს, რასაც, ალბათ, იანვრის ბოლომდე დავასრულებთ. თუ ისევ გამოცხადდება ტენდერი, გადავხედავთ პირობებს და თუ მისაღები იქნება, შესაძლოა მონაწილეობაც მივიღოთ“, – გვითხრა შპს „სევერის“ დირექტორმა ჯემალ გოგიტიძემ სატელეფონო საუბარში.

იქნება თუ არა გადამწყვეტი სატენდერო თანხის ოდენობა? – ამ კითხვაზე კომპანიის დირექტორმა ზოგადი პასუხი გაგვცა, რომ 2018-2019 წელთან შედარებით, დღეს, გაძვირებულია, მაგალითად, როგორც საწვავის [დიზელის], ისე ცხოველების საკვების ფასი.

რა ევალება ტენდერში გამარჯვებულს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, ნახეთ ბმულზე:

ფოტოზე: ქუჩის ძაღლი „სანი“. ფოტო: „ბათუმელები“

_______________

განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთ საპილოტე პროგრამას იწყებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ახალი საპილოტე პროგრამის დანერგვა იგეგმება. სკოლებში ახალი პროგრამა Minecraft Education Edition-ი სექტემბრიდან უნდა დაინერგოს.

„შერჩეული იქნება 150 საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით, სადაც დაინერგება კომპიუტერული ლაბორატორიები, რაც სასწავლო პროცესს საინტერესოს და უფრო ეფექტურს გახდის“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აღნიშნული პროგრამა განხორციელდება საჯარო სკოლებში არსებული კომპიუტერული კლასების ბაზაზე, თუ საჭირო იქნება დამატებითი რესურსის შეტანა სკოლებში, სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დეტალებზე მინისტრი უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.

პრესსამსახურში ვერც ის გვითხრეს, იქნება თუ არა დამატებითი ფინანსების გამოყოფა საჭირო ბიუჯეტიდან და რამდენი. მათი თქმით, ახალი პროგრამის დანერგვა განათლების მინისტრის და Minecraft-ის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მაიკროსოფტის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა უმაღლეს სასწავლებებშიც უნდა გაიზარდოს.

მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა და მეეზოვე დაიღუპა, პირობითად დასაჯეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დამნაშავედ მიიჩნია კაცი, რომელიც ბათუმში ავტომანქანით მოძრაობის დროს ქვეითს დაეჯახა. დაზარალებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ეს შემთხვევა 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა – ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ქუჩაში ავტომანქანა მეეზოვეს დაეჯახა, რომელიც სახლში ბრუნდებოდა. დაზარალებული საშუალო ასაკის კაცი იყო.

განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა „ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეით დუ…..ძეს,“ – წერია განაჩენში.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გასამართლდა, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“.

სასჯელის შეფარდების დროს მოსამართლემ მნიშვნელობა დანაშაულის აღიარებას მიანიჭა, ასევე იმას, რომ „დაზარალებულის უფლებამონაცვლე შერიგებულია ბრალდებულთან და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია [ბრალდებულმა აანაზღაურა სხვადასხვა სახის ხარჯები]“, – აღნიშნულია განაჩენში.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულს, რაც პირობით ჩაეთვალა ასევე 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ბრალდებული არც წინასწარ პატიმრობაში იყო. ის გირაოს საფუძველზე ჰყავდა სასამართლოს გათავისუფლებული.

განაჩენის გამოტანისთანავე, ბრალდებულს ავტომანქანაც დაუბრუნეს, თუმცა მას დამატებითი სასჯელის სახით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი წლით ჩამოართვეს.

ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი დადგინდა. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური პასუხი შარვაშიძის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ პლაგიატის ამომცნობმა პროგრამამ (Turnitin) აჩვენა, რომ „გიორგი შარვაშიძის ნაშრომში სრულად მეორდება“ სხვისი ნაშრომის ძირითადი ტექსტი.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რექტორს ან რომელიმე აკადემიური ხარისხის მქონე პირს დაუდგინდა პლაგიატი, ვინ არის უფლებამოსილი დააყენოს ხარისხის ჩამორთმევის საკითხი და როგორ და ვინ ამოწმებს უნივერსიტეტებში აკადემიურ კეთილსინდისიერებას? თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია საუბრობს.

  • ბატონო სიმონ, თუკი თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს საბოლოდ დაუდგინდა პლაგიატი სადისერტაციო ნაშრომში, რა მოხდება შემდეგ, ხარისხის ჩამორთმევა ვის კომპეტენციაში შედის და როგორ ხდება ეს?

თუკი საქმე მივიდა ხარისხის ჩამორთმევამდე, პრობლემურია ის, რომ გაურკვეველია, ვინ უნდა გააკეთოს ეს, რადგან, როგორც ვიცი, მან ხარისხი 2003 წელს დაიცვა და მაშინ არსებობდა მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ ექსპერტთა საბჭო, რომელმაც მიანიჭა ეს ხარისხი. ახლა, როგორც ვიცი, საბჭო აღარ არსებობს. აქ დგება საკანონმდებლო საკითხიც, რადგან თსუ-ს რექტორი უნდა ფლობდეს აკადემიურ ხარისხს და თუ ეს ჩამოერთმევა, მაშინ რექტორობის უფლებაც ერთმევა.

ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ამბები, რადგან თვითონ შარვაშიძე იყო ინიციატორი, რომ პლაგიატის საკითხი გააქტიურებულიყო უნივერსიტეტებში და როდესაც მკვლევარების ჯგუფმა ერაზმუსის მხარდაჭერით დავიწყეთ მუშაობა პლაგიატის გამოვლენაზე,  მისგან მხარდაჭერა გვქონდა.

  • შარვაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის პირები, ვინც მათი ნაშრომების მითვისებაში სდებენ ბრალს რექტორს, სასამართლოში აპირებენ დავას. სასამართლოს შეუძლია პლაგიატის დადგენა?

სასამართლომ შეიძლება თქვას, ხომ არ მიადგა ვინმეს ზიანი, მაგრამ იმსახურებს თუ არა სადოქტორო ხარისხს, ამას სასამართლო ვერ იტყვის. თუმცა სასამართლო მოუსმენს ალბათ აკადემიური საბჭოს წევრებსაც.

  • როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, ევროპულ უნივერსიტეტებში როგორ წყდება ასეთი საკითხები?

ევროპაში არის ხარისხის ჩამორთმევის პრაქტიკა, ყველა გახმაურებული ფაქტის შემთხვევაში ჩამოურთმევიათ ხარისხი. ერთი შემთხვევა იყო, როცა უნივერსიტეტმა თქვა, რომ არ იყო ძალიან დიდი მოცულობის პრობლემა და მისცა ავტორს მისი ჩასწორების უფლება. სხვა გახმაურებულ შემთხვევებში ყველას ჩამოერთვა ხარისხი, როცა ეს ეხებოდა პოლიტიკოსებს ან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ქვეყნის მასშტაბით ან უნივერსიტეტების რექტორებს. რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როცა უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა პლაგიატის გამო, ასევე გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა, რომელიც ყველაზე პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა ეს პლაგიატი არ არისო, მაინც ჩამოართვეს სადოქტორო ხარისხი, შემდეგ გერმანიის განათლების მინისტრსაც ჩამოართვეს ხარისხი და ისიც გადადგა. ჩეხეთის ორი მინისტრი გადადგა, ასევე. ასე, რომ პლაგიატის თემა ყველგან აქტუალურია. თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში, მგონი ჯარიმაც გადაახდევინეს და საქველმოქმედო ფონდში შეატანინეს თანხა.

  • საქართველოში როგორ დგას ეს საკითხი?

ჩვენი აკადემიური პერსონალის დიდ ნაწილს რომ შევუმოწმოთ დისერტაციები, უნივერსიტეტები დაგვრჩება აკადემიური პერსონალის გარეშე, რადგან პლაგიატი ძალიან გავრცელებულია. სამი წლის წინ როდესაც მკვლევარების ჯგუფმა ერაზმუსის მხარდაჭერით გავაკეთეთ კვლევა, გამოჩნდა, რომ აკადემიურ პერსონალს ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს პლაგიატზე. მეორე მხრივ, დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებენ აკადემიური არაპატიოსნების პრობლემას.

საჯარო შეხვედრებზე ადამიანები პირდაპირ ამბობდნენ, რომ პლაგიატი მათთვის პრობლემა არ არის. „რა ვქნა, დაბალი ხელფასი მაქვს და ორიგინალურ ნაშრომს ვერ დავწერო“. არსებობს ინსტიტუციური პრობლემაც. მაგალითად, ამერიკულ უნივერსიტეტებში არსებობს ეთიკის კომისიები და პირი ვალდებულია, სანამ დაიწყებს ნაშრომზე მუშაობას, აუხსნას კომისიას, რას აპირებს, როგორ აპირებს, გამოკითხავს თუ არა ადამიანებს, ხომ არ მიადგება ამით ვინმეს ზიანი და ა.შ.  ჩვენს უნივერსიტეტებში ასეთი მექანიზმები არ არის.

კვლევამ აჩვენა, რომ პლაგიატის გარდა დისერტაციებში იყო უამრავი სხვა პრობლემა. მაგალითად, კვლევა ზოგ შემთხვევაში გულისხმობდა უბრალოდ მსჯელობას, ნაშრომებში გვხვდებოდა მთელი რიგი გვერდები, სადაც არც ერთი ციტირება არ იყო. მკვლევარი საერთოდ არ ელაპარაკება ადამიანებს, სხვა მეცნიერებთან არ აქვს დიალოგი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იცნობს დისკუსიას ამ თემაზე და არსად არ სარგებლობს გავრცელებული წყაროებით. არის დისერტაციები, სადაც ძალიან ცოტა წყაროა გამოყენებული. ისეთი დისერტაციებიც ვნახეთ, სადაც დასკვნები, ანალიზი არ არის. ამ კრიტერიუმებით მართლა რომ გადაიხედოს სადისერტაციო ნაშრომები, უნივერსიტეტები დარჩება აკადემიური პერსონალის გარეშე.

პლაგიატის შედეგი ის არის, რომ, ერთი მხრივ, მეცნიერება არ ვითარდება, რადგან იპარავენ სხვის აზრებს, იმის ნაცვლად, რომ მართლა რამე გამოიკვლიო, მეორე მხრივ, აკადემიური სივრცის მიმართ პატივისცემა იკარგება.

  • ზოგიერთმა უნივერსიტეტმა დანერგა პლაგიატის ამომცნობი პროგრამა – Turnitin-ი, ამის შემდეგ შემცირდება პლაგიატი?

ეს პროგრამა აჩვენებს, რამდენად არის თანხვედრა სხვის ნაშრომებთან და პირს შესაძლებლობა აქვს ჩაასწოროს დამთხვევა. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ელექტრონულად არის ნაშრომები ატვირთული. ჩვენთან პლაგიატი ხდება ისეთი წყაროებიდანაც, რომელიც გამოქვეყნებულია მხოლოდ ქაღალდზე.

მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ედავებოდნენ, რომ ის სპეციალურად მანიპულირებდა, რომ არ დადგენილიყო პლაგიატი. ეს პროგრამა იძლევა ასეთი მანიპულირების საშუალებას. როცა სტუდენტი ხედავს, რომ ტექსტი ემთხვევა, იწყებს სიტყვების გადალაგებას და ა.შ. გერმანიის შემთხვევაშიც, მინისტრს მაინც დაუდგინდა იმავე თანმიმდევრობის აზრები. ასე, რომ ეს ტექნოლოგიაც იძლევა შესაძლებლობას, მოიტყუო. ერთი ის არის, რომ ინტერნეტიდან პირდაპირ ვერ გადმოიწერენ.

ჩვენთან უნივერსიტეტები რაღაც პროცენტით უშვებენ პლაგიატს, სადღაც 15 პროცენტი მისაღებია მათთვის, რაც ასევე არასწორია. არც ერთი პროცენტი არ უნდა იყოს პლაგიატი. ჩვენთან ის პრობლემაა, რომ შეიძლება საერთოდ არ იყოს პლაგიატი დისერტაციაში, მაგრამ ის ღირსი არ იყოს იმის, რომ დისერტაცია ერქვას, რადგან არ არის ორიგინალური ნაშრომი.

  • ამიტომ უჭირს შეთანხმება შარვაშიძის საკითხზეც აკადემიურ პერსონალს?

რამდენიმე წლის წინ თსუ-ს ლექტორებმა ოფიციალურად მისწერეს წარმომადგენლობით საბჭოს და მოითხოვეს, რომ ამნისტია გამოეცხადებინათ მათ პლაგიატზე. მათ სახელმძღვანელოები ჰქონდათ დაპლაგიატებული და იმით ასწავლიდნენ. ასეთი ხალხი ირჩევს შემდეგ აკადემიურ საბჭოს, მერე თავის მეგობრებს და ნათესავებსაც ანიჭებენ აკადემიურ ხარისხებს, მერე იმ ხალხს ასაქმებენ უმაღლესებში…

  • მაშინ რა განათლების ხარისხზე და ევროპულ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება ამ დილემის მოგვარება?

ბუნებრივია, ასეთ ნახტომს ვერ გავაკეთებთ. ვიცნობ ადამიანებს, რომელთა გულწრფელობაშიც ეჭვი ამ მეპარება, მართლა არიან შეწუხებული, რომ არის პლაგიატი, მაგრამ მათ ნაშრომებში მე თვითონ მაქვს ნანახი პლაგიატი. ტექსტები ისე აქვთ გადმოწერილი, თითქოს მათი ანალიზის ნაყოფი იყოს. არ ვიცი, ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ. ჩვენთან აკადემიური წერა ახლახან შემოვიდა უნივერსიტეტებში და გახდა სავალდებულო სტუდენტებისთვისაც.

  • როგორც ვიცი, უნივერსიტეტებში არსებობს ე.წ. აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე დადგენილება. გამოდის, ეს შეთანხმებაც ფორმალურია?

პრობლემა ის არის, რომ მექანიზმები არ არის დამუშავებული. მაგალითად, არ არსებობს ეთიკის კომისია, რომელიც იმსჯელებს ნაშრომზე. ამერიკულ უნივერსიტეტებში ყველა რექტორი, ვისაც კი დაუდგინდა პლაგიატი, ანგარიშვალდებული იყო რექტორისგან დამოუკიდებელი საბჭოს წინაშე. ჩვენთან პრობლემაა ის, რომ შარვაშაძის შემთხვევაზე თსუ-ს პროფესორები მსჯელობენ, რაც ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ისინი ექვემდებარებიან რექტორს. რექტორი უფორმებს მათ ხელშეკრულებას და არა პირიქით.

ამიტომ როცა პლაგიატი არსებობს რექტორის დონეზე, აქ უკვე სტრუქტურული პრობლემაა, რადგან არ არსებობს საბჭო, რომელთანაც რექტორი იქნება ანგარიშვალდებული. თან ეს საბჭოები სხვადასხვა დარგის პროფესორებისგან უნდა დაკომპლექტდეს. თუ ერთი მიმართულება შეიკრიბა არაპატიოსანი ხალხისგან, ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთის პლაგიატს ვერასდროს გამოავლენენ.

ერთი სიტყვით, ამ პრობლემას სამი განზომილება აქვს. პირველი, ეს არის მორალური განზომილება, როდესაც დგება საკითხი, ადამიანს აქვს თუ არა უფლება იკავებდეს ისეთ თანამდებობას, რომელიც შეუფერებელია, მეორე, არის აკადემიური სივრცე, ეთიკის ნორმები, რომელიც უნდა არეგულირებდეს ასეთ ქცევას და მესამე – საკანონმდებლო განზომილება.

ლილი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სოფელში, სადაც ცუდი ინტერნეტია, კომპიუტერი ან გაქვთ, ან არა. თუ გაქვთ, საიტს ჩასატვირთად დიდი დრო სჭირდება. თავს ალბათ მწვანე ხედებით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი დაიმშვიდებთ, მიწაზეც იმუშავებთ, საკუთარი მოსავალიც გაგახარებთ, მაგრამ რა ხდება, როცა სხვა ტიპის განვითარებაზეც იწყებენ ფიქრს ის ქალები,  რომლებმაც, მაგალითად, მხოლოდ ნაადრევად იქორწინეს ან მხოლოდ საშუალო სკოლის განათლების მიღება შეძლეს და დასაქმების ბაზარზე არაკონკურენტუნარიანებად მიიჩნევიან?

„ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები“ რეგიონებში მცხოვრებ ქალებზე დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს ციფრული ცოდნა, რაც მათ სწავლის, კარიერული წინსვლის, მუშაობისას დააგროვეს, გადაეცათ სხვებისთვის, ვისთვისაც ყველაზე დიდი პრობლემაა დასაქმება, კარგი ინტერნეტი, ადამიანებთან კომუნიკაციაც კი და საერთო პრობლემებზე საუბრები.

ქალები, რომლებიც ციფრულ ცოდნას მოხალისეობრივად ავრცელებენ, ლილის სტუდენტები არიან  გაეროს ქალთა ორგანიზაციის სემინარებიდან.
ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები
ლილი

„ყველა სოფლად მცხოვრები გოგო მე ვარ. 15 წლის ლილი, რომელსაც არ ვიცი, რა პერსპექტივა ექნებოდა, სადაც გაიზარდა, იმავე სოფელ დიმში რომ დარჩენილიყო – არანაირი, გარდა საკუთარი სახლის ბიბლიოთეკიდან წიგნების კითხვისა. მინდა ასეთ გოგოებს ვაჩვენო, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული ცოდნა არის საშუალება, რითაც პერსპექტივის შესაძლებლობა ჩნდება“, – ამბობს ლილი ფულარიანი, ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალებიდან ერთ-ერთი. ლილი პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალისტად დამოუკიდებლად მიღებული ცოდნის შედეგად იქცა. სხვადასხვა დროს ილიას უნივერსიტეტში, ჯიპასა და ჯეოლაბში კითხულობდა ლექციებს, ამჯერად სხვადასხვა მსხვილი და საშუალო კომპანიის ციფრულ სტრატეგიებზე მუშაობს.

„როგორც მე დამოუკიდებლად ვისწავლე ბევრი რამ ინტერნეტით, მინდა ამის შანსი სხვებსაც დავანახო, რომ შესაძლებელია მნიშვნელოვანი უნარების, გამოცდილების შეძენა დიპლომის და უნივერსიტეტის პროფესორის გარეშე – სახლიდან. ეს ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს დროის გატარება ძირითადად შინ უწევთ, მათი პროფესია ხშირად არ არის მათი საცხოვრებელი გარემოს რელევანტური. მაგალითად, შეიძლება თერაპევტი იყო, პატარა სოფელში ცხოვრობდე, ვერ საქმდებოდე. შეიძლება შენს პროფესიას ამ დროს ცოტა სხვა უნარებიც დაამატო და დისტანციურად რომელიმე კლინიკის გვერდი მართო, ან სულაც ბლოგები წერო და ამით დისტანციური, ანაზღაურებადი სამუშაოც იპოვო, შენსავე რეგიონში თუნდაც მცირე ბიზნესს გვერდების მართვა შესთავაზო მეტი შედეგისთვის, კლიენტთან კომუნიკაციისთვის“, – ამბობს ლილი.

ლილი ფულარიანი

ლილი მომსახურების სფეროში მუშაობის საკუთარ მაგალითს იხსენებს, როცა მიმტანად მუშაობდა და მენეჯერს სთავაზობდა მიენდოთ მისთვის, თუნდაც როგორც მოხალისისთვის, გვერდის მართვა და კომუნიკაციის საკითხები დროებით, საკუთარი შესაძლებლობები და შედეგი რომ ეჩვენებინა, თუმცა ყოველ ჯერზე უარს და უნდობლობას იღებდა.

„არსად, არც ერთ სამსახურში არ მომცეს საშუალება. ბავშვობიდან ვწერ ჩემს ბლოგზე, საიტის აწყობაც ვიცოდი, ამბების თხრობაც მეხერხებოდა, მაგრამ არავის აინტერესებდა ეს. 3, 4 თუ 5 წელი მოვანდომე ვინმე დამერწმუნებინა, რომ თუნდაც უფასოდ მოეცა ჩემთვის ნება მისთვის რამე გამეკეთებინა.

მომსახურების სფეროში მუშაობისას თანაბარი გამოცდილების მქონე ორ კადრს განსხვავებულად გვიხდიდნენ ხელფასს და მარტივად მიხსნიდნენ, რომ მე „პატარა, სტუდენტი გოგო ვარ და ეს საკმარისია, ის კი ბიჭია, ოჯახი ჰყავს სარჩენი და მანქანაც გასამართი აქვს – ნაწილების ცვლა სჭირდება“, –  ჩემთან შედარებით ორმაგად არა, მაგრამ საკმაოდ განსხვავებულ ხელფასს უხდიდნენ ბიჭებს. ამ დროს საქმეს ბევრად პროფესიონალურად ვასრულებდი. მსგავსი შემთხვევა არაერთ ადგილას მქონია.

ციფრული ტექნოლოგიები ძალიან მომწონს, რაღაცას რომ ვაკეთებ და დამკვეთს ვუგზავნი, ჩემი სქესი არავის აინტერესებს, ნამუშევარი ფასდება შედეგით, ხარისხით და არა იმით, რომ ქალმა შეასრულა, მანქანიანმა თუ უმანქანო კაცმა.

არ მყავდა გავლენიანი ნათესავები ან ნაცნობების წრე და გარემოება ჩემგან მოითხოვდა ვყოფილიყავი მულტიფუნქციური, მცოდნოდა ბევრი რაღაც. მაგალითად, როცა სივებს ვგზავნიდი, ვცდილობდი ჩემი გამორჩეული ყოფილიყო, დასაწყისისთვის მახსოვს ვისწავლე Canva-ზე მუშაობა საინტერესო დიზაინის შესამუშავებლად, მნიშვნელოვანი იყო მქონოდა დასტური იმისა, რომ ამათუიმ კომპანიისთვის შემეძლო საინტერესოდ მეწერა, ამისთვის საკუთარი ბლოგიც მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლად შევაკოწიწე რაღაცები, მეგონა რაღაც შეცდომა იყო, როცა ჩემი ახალი მედიის ლექტორმა სანდრო ასათიანმა ასისტენტობა მთხოვა უნივერსიტეტში. მერე უკვე თვითონ მომმართავდნენ კომპანიები, რომ დავხმარებოდი” – გვიყვება ლილი.

წელს გადაწყვიტა, სოციალური მედიამარკეტინგის ლექციები ილიას უნივერსიტეტში აღარ გააგრძელოს და სანაცვლოდ მოხალისედ იაროს რეგიონებში თანამოაზრეებთან ერთად. ამბობს, რომ უნივერსიტეტში ამ საგანს სხვაც წაიკითხავს, გაცილებით მნიშვნელოვანი კი მისთვის ის რეგიონებია, სადაც არავინ ჩადის.

ცოდნა უნივერსიტეტისა და პროფესორების გარეშე

საიტის შექმნა, ბლოგის მართვა, ციფრული მარკეტინგი, ტექნოლოგიების გამოყენება მატერიალური თუ ინტელექტუალური პროდუქტის გასაყიდად, კომუნიკაციისა და თვითპრეზენტაციის უნარები, გუგლის სერვისები და ციფრული მედიისთვის თხრობის სხვადასხვა ტექნიკა – ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები ონლაინმუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე ატარებენ სემინარებს რეგიონებში, ასწავლიან სასარგებლო რესურსების მოძიებას ინტერნეტში, სადაც დამოუკიდებლადაა შესაძლებელი პროფესიების ათვისება, საუბრობენ ციფრული უსაფრთხოების და ამ სივრცეში ბავშვების დაცვის მნიშვნელობაზე და ა.შ.

მუშაობენ დაფინანსების გარეშე, საკუთარი სახსრებით ჩადიან რეგიონებში და ადგილობრივ დაწესებულებებს ორგანიზებისას ინტერნეტით და კომპიუტერებით აღჭურვილი სივრცის დათმობას სთხოვენ. ლილი ფულარიანთან ერთად მოხალისეობრივ საქმიანობას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები რამდენიმე ქალი ეწევა.

„მინდა დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ თუ ქალი ადრე დაქორწინდა, შვილები, ოჯახი ჰყავს და არსად მუშაობს, მას არაფერი არ შეუძლია. გვყავდა, მაგალითად, ერთი ასეთი მსმენელი, დიასახლისი, რომელსაც მხოლოდ სასკოლო განათლება ჰქონდა მიღებული და საუბარში აღმოვაჩინეთ, რომ 5 ენა იცოდა, დამოუკიდებლად ისწავლა ფილმებიდან და წიგნებიდან, ასწავლიდა შვილებს და სულ ეს იყო. სემინარების შემდეგ ჩვენ ის ენების სწავლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინპლატფორმას დავაკავშირეთ, სადაც დაასაქმეს კიდეც.

სემინარების სამი ყველაზე წარმატებული ქალი დასავლეთიდან ლისაბონში გავუშვით მსოფლიოს ყველაზე დიდ ვებსამიტზე, სადაც მათ საკუთარი უნარების მართვის და ინვესტირების შესახებ ბევრი რამ ისწავლეს.

სულ მახსოვს ბათუმში ჩვენი სემინარების მსმენელი მარიამ ქველიაშვილი, რომელიც აჭარაში თავადაც მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა. როცა ვკითხეთ რა იყო მისი მოტივაცია, გვიპასუხა, რომ არ სურდა სხვებსაც გაევლოთ ის სირთულეები, რასაც თავად აწყდებოდა. ჩემი მიზანიც ესაა. თან მიმაჩნია, რომ ცოდნას უნდა მოჰქონდეს სარგებელი ბევრისთვის, საკუთარი ცოდნა არ უნდა ვაქციოთ მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო სიკეთედ. თუ რამე იცი, სხვასაც უნდა ასწავლო. ბევრ პროფესიაშია ასე, რომ სიახლეებს მალავენ, რაც საბოლოოდ არ მუშაობს.

მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ცოდნის მოხალისეობრივი გადაცემა არ გვაცარიელებს, პირიქით, გვზრდის”, – ამბობს ლილი.

„სკოლები და უნივერსიტეტები – შუქი, საიდანაც უნდა მოდიოდეს, სწორედ იქაა გასაკვირი პრობლემები“

გავრცელებული აზრია, რომ თანამედროვე ყოფაში ყველას აქვს ინტერნეტი, წვდომა სმარტფონსა და კომპიუტერზე, თუმცა როგორც ლილი გვეუბნება, რეგიონებში ჩასვლისას მათ ხშირად ხვდებათ გაუმართავი ინტერნეტი, რითაც მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებ, მხოლოდ ერთი და უკონკურენტო პროვაიდერი ხშირად დაბალსიხშირიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და არც ალტერნატივა არსებობს მოსახლეობისთვის, რომ რომელიმე სხვა, უფრო სწრაფ და მოსახერხებელ ქსელში ჩაერთოს.

„რახან ყველას აქვს ფეისბუქი, არსებობს წარმოდგენა, რომ ყველას აქვს წვდომა ტექნოლოგიებზე. ტელეფონი არ არის საკმარისი ამისთვის, თუ ძალიან მონდომებული არ ხარ და არ იცი ზუსტად რა გინდა. ლეჩხუმის სემინარზე, მაგალითად, მობილური ინტერნეტიც კი ვერ დავიჭირეთ, არის რეგიონები, სადაც ინტერნეტი თითქოს არის, მაგრამ ვერ ააწყობ საიტს, ბლოგს, როცა საიტის ჩატვირთვას წუთები სჭირდება. არის ასევე დაწესებულებები, სადაც კომპიუტერები აქვთ, მაგრამ ჩაკეტილია. გრანტი მოიპოვა ვიღაცამ, სახელმწიფომ ფული დახარჯა და აუდიტორია ამ დროს ჩაკეტილია „კომპიუტერები რომ არ გაფუჭდეს“ – ერთ-ერთი ქალაქის უნივერსიტეტში დამხვდა ეს სიტუაცია.

ტექნიკა რომ იჟანგება და ფუჭდება, ეს გათვალისწინებული არ არის. ახალი ტექნიკა ბევრგან აქვთ საჩვენებლად: ვიღაც რომ ჩამოვა, მათთვის. წერეთლის უნივერსიტეტში გვითხრეს ასე სტუდენტებმა.

ყველაზე დიდი სინათლე საიდანაც უნდა მოდიოდეს: სკოლებიდან, უნივერსიტეტიდან სწორედ იქაა ხოლმე გასაკვირი პრობლემები, ზოგი ლექტორისთვის მაგალითად წარმოუდგენელია, რომ ინტერნეტში მეტი მასალის მოძიება შეუძლია სტუდენტს მისი საგნის რომელიმე საკითხის შესახებ. ელექტრონულად რომ ვიბარებ სტუდენტებისგან გამოცდას, ესეც მიუღებელია ზოგისთვის – აუდიტორიაში მოუსვლელად გამოცდა როგორ ბარდებაო, მაგრამ დროის დამზოგველი უამრავი ახალი საშუალებაა, რაც ათას ფორმალურ პროცედურას ამარტივებს და რატომაც არა.

ერთი საინტერესო რამ შევნიშნეთ რეგიონებში, ოჯახში თუ ჰყავთ შვილები გოგო და ბიჭი, კომპიუტერს ყიდულობენ ბიჭისთვის, როგორც ადრე ბიჭებისთვის მამები ყიდულობდნენ მანქანებს“, – ამბობს ლილი.

ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები გაზაფხულიდან მოხალისეობრივ სემინარებს აჭარაშიც გეგმავენ. რეგიონებში სწავლობენ აუდიტორიას, მათ კონკრეტულ საჭიროებებს და სასემინარო თემებს მსმენელების ინტერესების მიხედვით გეგმავენ.

23-25 იანვარს საქართველოში თოვაა მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალ მთაში – ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 4-5- ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება აჭარას, დღეს, 21 საათიდან  24  იანვრის 21 საათამდე,  მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ზოგან ძლიერი თოვა. მოთოვს  სანაპირო რაიონებში, მათ შორის ბათუმშიც.

__________

ფოტო: pexels

პატრიარქი ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაშია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაშია. ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესცენტრის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ბათუმში უბრალოდ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება გეგმიური კვლევა…“ – ამბობს იოანე გორელიშვილი, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი.

აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს – ენმ რეგიონში უცხოურ ინვესტიციებზე

„აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს და არ აქვეყნებენ ციფრებს უცხოური ინვესტიციების შესახებ რეგიონში, ამიტომ ამბობენ, რომ თითქოს ინვესტიციებს ვერ ითვლიან. ასევე ჩანს, რომ მთავრობა მორიგი ტყუილებით ცდილობს გადაფაროს არსებული მძიმე რეალობა, რაც რეგიონში მასშტაბური პროექტების გაჩერებას მოჰყვა“, – განაცხადა დღეს, 23 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ.

„გასულ წელს აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ინვესტიციების რაოდენობა მილიარდზე მეტი იქნებოდა, მოგვიანებით კი გვითხრეს, სამ მილიარდს გადააჭარბებსო, უფრო მეტიც, წელს გვითხრეს, რომ გასულ წელს 3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, რაც მორიგი ტყუილია… მიუხედავად იმის, რომ 2019 წელს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამაზე დაიხარჯა 538 ათასი ლარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 25 ნოემბრის წერილით გვაცნობა, რომ ინვესტიციების რაოდენობას აღარ ვითვლით 2017 წლიდანო. ისმის კითხვა – აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ როგორ დათვალა ინვესტიციები, თუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვერ ითვლის? რატომ დაიხარჯა 538 ათასი ლარი პროგრამაზე ბიუჯეტიდან, თუ ელემენტარულად ინვესტიციებსაც ვერ ითვლიან? ან როგორ უნდა მოიზიდონ ინვესტიციები, თუ არ იციან დარგების მიხედვით ინვესტიციების რაოდენობის დინამიკა?“ – აცხადებს ენმ.

„გაცნობებთ, რომ 2017 წლიდან სამინისტრო აღარ ახორციელებს მთლიანი კერძო ინვესტიციების აღრიცხვას, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო. 2017 წლიდან ეკონომიკური ანალიზის დროს გამოყენებული იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელიც ითვლის უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს“, – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ენმ-თვის გაგზავნილ წერილში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აჭარაში 2017 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეადგენდა 209,6 მილიონ აშშ დოლარს, 2018 წელს – 75,5 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2019 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით – 112,5 მილიონ აშშ დოლარს.

ენმ აცხადებს, რომ „ტყუილია თითქოს აჭარის მთავრობამ აამუშავა ყველა გაჩერებული პროექტი, რადგან დღემდე გაჩერებულია როიალ კარიბიანის ტურისტული ნავმისადგომი, ადლიაში აეროპორტთან ფინანსური ცენტრის, გონიოს პოლიგონზე ტურისტული ქალაქის, გოდერძისა და გომარდულის კურორტების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“.

„ჩვენ ვიწყებთ მონიტორინგს და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, როგორც გაჩერებული პროექტების, ასევე ხელისუფლების მიერ საეჭვო გარიგებებით გასხვისებული სახელმწიფო ქონებების შესახებ, რადგან რეგიონში ინვესტიციების შემცირება ნიშნავს ნაკლებ ახალ სამუშაო ადგილებს და ნაკლებ შემოსავლებს ბიუჯეტში“, – განაცხადა გია აბულაძემ დღეს, ბრიფინგზე.

„რაც შეეხება ინფორმაციას – კომპანიებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებებით გათავისუფლდნენ პირგასამტეხლოსაგან, ინვესტიციების რა ნაწილი ჰქონდათ განხორციელებული, გაცნობებთ, რომ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანიები წარმოადგენენ ინვესტიციების განხორციელების ვადის დადგომის შემდეგ. რაც შეეხება საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გაცნობებთ, რომ სამინისტრო აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდგომ“, – წერს სამინისტრო ენმ-ს.

481 ადამიანი დაიღუპა ერთ წელში ავარიის შედეგად საქართველოში

2019 წელს საქართველოში ავტოკატასტროფის შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა, მათგან 104 ქვეითი იყო.

სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა.

2018 წელთან შედარებით 2019 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 459 ადამიანი დაიღუპა, 2019 წელს კი – 481.

2019 წელს აჭარაში ავტოკატასტროფაში დაიღუპა 37 ადამიანი.

რაც შეეხება დაშავებულებს – 2019 წლის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად 7 921 ადამიანი დაშავდა.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 6 316 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ამ მუხლით გამოძიება მაშინ იწყება, როცა სახეზეა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სიკვდილი გამოიწვია. კანონით გათვალისწინებული სასჯელი მძიმდება, თუ კი მძღოლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

_________

ფოტოზე: ავარია ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.  23 დეკემბერი, 2019 წელი.

3 წლით პატიმრობა არასრულწლოვანი ცოლის ცემისთვის

3 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩაქვში მცხოვრებ კაცს შეუფარდა არასრულწლოვან ცოლზე ფიზიკური ძალადობისთვის. ეს პირი ორი წლის წინ 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის გასამართლდა, არასრულწლოვანი  შეირთო ცოლად. მას პირობითი მსჯავრი ჰქონდა. ამჯერად იგი ფიზიკური ძალადობისთვის გაასამართლეს.

განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა  ცოლს სახეში არაერთგზის დაარტყა ხელი. დაზარალებული ქალი 17 წლისაა.

ბრალდებულმა უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინა. სასამართლოსთვის ჩვენება არც დაზარალებულს მიუცია.

ოჯახში ძალადობისთვის მოსამართლემ ბრალდებულს 2 წლით და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, ბრალდებულს სრულად მოხდილი არ ჰქონდა წინა სასჯელი – 2017 წლის 20 თებერვალს, ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად [სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში], ერთი წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, რაც ჩაეთვალა პირობით.

სასამართლომ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ხვ…ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

50 ათასი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტისთვის

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 50 ათასი ლარია.

პირობაში აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა მოიცავდეს ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტს, მათ შორის კედლის მხატვრობის, ვიტრაჟებისა და გარე ღობის ჩათვლით“.

საკათედრო ტაძრის კედლის მხატვრობის რეაბილიტაცია დაწყებულია და ტაძრის ინტერიერი ხარაჩოებშია ჩასმული.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტებით, მიმდინარე სამუშაოები ეხება კედლის მხატვრობის მხოლოდ ერთ ნაწილს, დანარჩენი ნაწილის რეაბილიტაცია კი იმ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად მოხდება, რაზედაც ტენდერი ახლაა გამოცხადებული.

„პროექტი, რომლითაც ახლა მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ნაწილის რესტავრაცია, იმის მიხედვით შევისყიდეთ, რისი ფინანსური საშუალებაც გვქონდა [30 ათასი ლარი]. ვინაიდან ტაძრის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ, მიმდინარე ტენდერში შევიტანეთ დანარჩენი კედლის მხატვრობაც, იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ისე, ნაწილი მხატვრობის რესტავრირებული ყოფილიყო, ნაწილი კი არა“ – გვითხრეს სააგენტოში.

ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში უნდა მომზადდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 31 იანვარს დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);
  • საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა, მისი საერთო ხედების ამსახველი ფოტომასალა, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ამსახველი ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი; ძეგლის ანაზომები;
  • სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები, არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; არსებული სამშენებლო მასალების ბიოქიმიური ანალიზი, კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
  • ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები, არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კონსტრუქციული დეტალების განლაგების სქემა, ტექსტური აღწერილობები და სხვა.

[/checklist]

ტენდერში გამარჯვებულმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს ასევე სამუშაო პროექტი (არქიტექტურული სამუშაო ნახაზები, შაბლონები, კონსტრუქციული მუშა ნახაზები და გაანგარიშებები); სამუშაო გეგმა, მისი დასაბუთება, პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა. ასევე, მოსალოდნელი შედეგების აღწერა.

ამ თემაზე:

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

 

მთავარი ფოტო: ხარაჩოები ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ბათუმი, XX საუკუნის 30-იანი წლები – ჟორჟ სიმენონის ფოტო

ეს ფოტო გასული საუკუნის 30-იან წლებში ცნობილმა ბელგიელმა მწერალმა, ჟორჟ სიმენონმა გადაიღო ბათუმში. ფოტო ფეისბუქზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა გამოაქვეყნა. როგორც ის წერს,  ფოტო ჟორჟ სიმენონის შვილმა, ჯონმა გადასცა ბათუმში ყოფნისას და ბელგიელი მწერლის ბათუმში გადაღებული უნიკალური ფოტოების გამოფენა მალე გაიმართება.

ბათუმი, გასული საუკუნის 30-იანი წლები. ჟორჟ სიმენონის ფოტო. წყარო: FB

ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის ნაწარმოებში – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ [Les Gens d’en Face] ერთ-ერთ ნაწილში მოქმედება ბათუმში ხდება. წიგნის დაწერამდე რამდენიმე თვით ადრე სიმენონმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურა შავი ზღვის ირგვლივ, რვა დღე დაჰყო ოდესაში და 1933 წლის პირველი ნახევრის უკრაინაში მასობრივი შიმშილობის მომსწრეც გახდა. უკრაინიდან სიმენონი ბათუმში ჩამოვიდა და აქედან სტამბოლში გაემგზავრა.

ნახეთ ჟორჟ სიმენონის მიერ ბათუმში გადაღებული სხვა ფოტოებიც:

4 ფოტო, რომლებიც ჟორჟ სიმენონმა გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში გადაიღო

ბათუმში ავგიის ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბათუმში ავგიის ნაეკლესიარს [ავგიის ქუჩა N50] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეს, 22 იანვარს, შევიდა.

ბრძანების მიხედვით, ავგიის ნაეკლესიარი V საუკუნით თარიღდება.

სააგენტოს გენერალური დირექტორის ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ავგიის ნაეკლესიართან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე  კიდევ 10 ობიექტს მიენიჭა. მათ შორის, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმს საჩხერის მუნიციპალიტეტში [სოფელი არგვეთი].

ავგიის ნაეკლესიარი / ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს 5 საუკეთესო პლაჟი ცხელი ზაფხულის გასატარებლად

ზაფხულია. ერთი სული გაქვს ზღვაზე წახვიდე დასასვენებლად, ცხელ ქვიშაში ჩაეფლო და მიიღო რასაც მთელი წელი ელოდი: ტალღების ხმა, სასიამოვნო სიგრილე შორიდან მონაბერი ნიავის, რომელიც არავინ იცის რომელი ქვეყნებიდანაა მოხეტებული, შეიძლება ოკეანეების სანაპიროები
მოიარა და შენამდე მერე მოვიდა, შეიძლება აქვე, შავ ზღვაში დაიბადა. მზე გენატრებოდა, ღრუბლების უდარდელად თვალიერება და დროის შეჩერება, ჰოდა, ასეთი დროა ზაფხული. ურეკი, ციხისძირი, ბათუმი, ქობულეთი, სარფი – საით გირჩევნია? გგონია, რომ სულერთია, ოღონდ ზღვა იყოს და დროზე აიღო შვებულება? სულაც არა. კარგად დაფიქრდი და მერე გადაწყვიტე სად გირჩევნია და რატომ.

ქობულეთის ფიჭვნარი – ბუნებრივი ანტიბიოტიკებით გაჯერებული ჰაერი 

გარდა იმისა, რომ ქობულეთში საუკეთესო, ქვიშიანი პლაჟი და ზღვაა, იქვეა კარგად ცნობილი ფიჭვნარიც, ამ ადგილებში უამრავი მიკროელემენტი გამოიყოფა. ფიჭვნარი ბუნებრივი ანტიბიოტიკის, ფიტოსედების წყაროცაა და მისი ჩასუნთქვა ძალიან სასარგებლოა. როცა
ქობულეთში ისვენებთ არამხოლოდ მზეს ეფიცხებით და ზღვაზე ნებივრობთ, სასუნთქი გზებისთვის ჯადოსნური ჰაერითაც ივსებით ფიჭვნარში.

ჩაეფალით ურეკის მაგნიტურ ქვიშაში

ისვენებდით ბავშვობაში ურეკში? გახსოვთ, როგორ გფლავდნენ ცხელ ქვიშაში? თავიდან გეშინოდათ, მერე კი სიხარულისგან ჭყლოპინებდით? თუ ასე არ იყო, სულერთია, იგივეს გაკეთება ახლაც შეგიძლიათ. ურეკის მაგნიტური ქვიშა რკინას შეიცავს, ასეთი პლაჟები გრიგოლეთიდან
ურეკამდეა გადაჭიმული, ძალიან სასარგებლოა ბავშვებისა თუ უფროსებისთვის. არ არის აუცილებელი ძვალსახსროვანი დაავადებები გაწუხებდეთ, მზით გახურებულ ცხელ ქვიშაში წოლით უზარმაზარ ენერგიას აგროვებთ, D ვიტამინით ივსებით, სიცოცხლის ხალისი გემატებათ და ენერგია
გიორმაგდებათ, თითქოს თავიდან დაიბადეთ.

მწვანე კონცხი – სუბტროპიკული სამოთხე

იშვიათ მცენარეებით გარშემორტყმული მწვანე კონცხის სანაპიროზე ზღვა გამორჩეულად სუფთა და კამკამაა, მეტიც, სისუფთავისგან ზურმუხტისფერი. აქ საკარვე ადგილებიცაა ცალკე გამოყოფილი და ბაღის ტერიტორიაზე დარჩენა შეგიძლიათ, დღისით ზღვაზე ბანაობა, გარუჯვა, საღამოს კი თითქმის 150 წლის წინ გაშენებული სუბტროპიკული მცენარეების ხეივნებში სეირნობა. მწვანე კონცხზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ყვავის ათასგვარი მცენარე, მაისში ვარდი და როდოდენდრონი იშლება, მერე მაგნოლია და კამელიები, აქ პერიოდულად ვარდებისა და კამელიების გამოფენაც კი ეწყობა. თუ მთელი შვებულება არა, რამდენიმე დღის გატარებაც უდიდესი სიამოვნებაა მწვანე კონცხის მომნუსხველ, მწვანე გარემოში.

დაუვიწყარი ზაფხული ბათუმის პლაჟზე

თუ აქტიური დასვენების, მზის, ზღვის და გარუჯვის შემდეგ კიდევ ბევრგან წასვლის სურვილი გაქვთ, ბათუმი საუკეთესო ქალაქია თქვენთვის. ზაფხულობით აქ სიცოცხლე ჩქეფს, საქართველოს მთავარს საზღვაო ქალაქში არასდროს მოიწყენთ. პლაჟზე მზეზე ნებივრობის შემდეგ, საღამოოობით ქუჩებში ისეირნებთ, ბულვარს დაუყვებით და უამრავ ნაცნობ-მეგობარს შეხვდებით, რომლებიც, თქვენს მსგავსად ბათუმში ისვენებენ.

სარფი და კვარიათი, ზღვა და მთა ერთად

თუ უპირატესობას მშვიდ დასვენებას ანიჭებთ, კვარიათი და სარფი შეუცვლელია ზღვის წყლისა და ჰაერის სისუფთავით, სანაპიროსთან ახლოს ამწვანებული მთებით, სოფლის იდილიისა და ზღვიანი ქალაქის ერთდროული შეგრძნებით. თუმცა სადაც არ უნდა დაისვენოთ, მთავარი სწორად დასვენებაა.
მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ დილიდან საღამომდე პლაჟზე წოლით მალე და კარგად გაირუჯებით, არასწორია. გახსოვდეთ, სასურველია გაირუჯოთ დილის რვიდან თერთმეტ საათამდე
და საღამოს ოთხი საათის შემდეგ და, ცხადია, უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემები, გარუჯვის შემდგომი ლოსიონები საუკეთესო ეფექტისთვის და დამატენიანებლები.

ჩვენ მათ შორის საუკეთესო ბრენდებს გირჩევთ, რაზეც 26 ივნისის ჩათვლით 25, 40%-იანი ფასდაკლებაა PSP-ს სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. „ბიოდერმას“ ამ მზისგან დამცავ და თან ინტენსიური რუჯისთვის საჭირო კრემს მგრძნობიარე კანის პუდრიც ახლავს მაღალი დაცვით.

ნამზეური რომ დიდხანს შეინარჩუნოთ და ზამთრამდეც გაგყვეთ, Caudalie-ის ფირმის გარუჯვის შემდგომ გამახანგრძლივებელ ლოსიონს გირჩევთ, რომელიც კვებავს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს. შეიცავს ყურძნის წყალს, ალოე ვერას, ქოქოსის ზეთს, ნატურალური ბარდის ექსტრაქტს –
მრავალფეროვანი მიქსი რუჯის გახანგრძლივებას და  კანის ბრზინვარებას უზრუნველყოფს.

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და გასარუჯი კრემების ცხიმიანობაც გაღიზიანებთ, VICHY-ს ეს SOS ბალზამი თქვენთვისაა. მკვებავის ფუნქცია აქვს, არ აქვს ცხიმიანი ტექსტურა და რბილი, კომფორტულად გამოსაყენებელია. არ შეიცავს პარაბენებს და არის ჰიპოალერგიულია, გამდიდრებულია თერმული წყლით. დამზადებულია ტირიფის ექსტრაქტითა და შიის კარაქით.

შეიძლება სულაც არ იყოთ ზღვაზე დასასვენებლად და არც გარუჯვას გეგმავდეთ, მაგრამ ქუჩაში სიარულის დროსაც იწვება სახის კანი და ზიანდება. La Roche Posay-ს არაცხიმოვანი, წყალგამძლე დამცავი კრემი მშრალი და ძალიან მშრალი, მგრძნობიარე კანისთვისაა, რომელიც მიდრეკილია მზის აუტანლობისკენ ან ახასიათებს სითბოზე ალერგიული რეაქციები.

შეარჩიეთ სწორი, ხარისხიანი საშუალებები მზისგან დასაცავად და გაატარეთ საუკეთესო
ზაფხული საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს კურორტებზე.

ბათუმელ ძაღლს, რომელსაც ბავშვები ზებრაზე გადაჰყავს, სახლი დაუდგეს

ცნობილ ბათუმელ ძაღლს, კუპატა/ყურშა/ბიმი/ბროლიას დღეიდან უკვე საკუთარი სახლი აქვს ბათუმში, იმ კორპუსთან, რომელსაც ძაღლი რამდენიმე წელია მიკედლებულია.

პატარა, ფერადი სახლი ძაღლისთვის ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ დადგა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლების დახმარებით. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძაღლს უყიდეს სახლი, წარწერით  – “ხალხის რჩეული”.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ლევანი რამდენიმე კვირაა ბათუმში სახლებს დგამს ქუჩის ძაღლებისთვის. დღეს მან „კუპატას“ სახლზე დატანილი ლოგო და შტრიხკოდიც წარმოადგინა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადავიდეს ფეისბუქგვერდზე – ერთად ავაშენოთ / კერა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების დასახმარებლად შეიქმნა.

ბათუმში, პარკის ტერიტორიასთან მობინადრე ქუჩის ძაღლი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აცილებს ძაღლი ბავშვებს ზებრაზე.

ძაღლი რამდენიმე წელია მელიქიშვილის ქუჩაზე გამოჩნდა და ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ცხოვრობს. მზიან ამინდში ძაღლი მელიქიშვილზე, ცენტრალური პარკის წინ მდებარე გადასასვლელზე შეგიძლიათ ნახოთ.

რა სირთულეებს აწყდებიან ქართველი მეზღვაურები დასაქმებისას

საქართველოს საზღვაო შრომის ბაზარი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მეზღვაურები, რომლებსაც „ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა, ამბობენ, რომ დასაქმება რთულია სტუდენტისთვის, რომელიც ამთავრებს საზღვაო სასწავლებელს და არ აქვს გემზე მუშაობის გამოცდილება.

ისტორია 1

ჯაბა მგზავრიძემ ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წელს დაამთავრა. ორი წელია არ დაუტოვებია ბათუმში არც ერთი საკრუინგო კომპანია, სადაც არ მივიდა და განაცხადი არ დატოვა. არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ჯაბა ქართული საკრუინგო კომპანიების დახმარებით გემზე ვერ წავიდა.

„მეუბნებოდნენ ერთ კვირაში დაგირეკავთ, ერთ თვეში დაგირეკავთ, ახალ წლამდე იქნება, ახალი წლის მერე იქნება. საბოლოო ჯამში ისე განვითარდა ყველაფერი, რომ ხელი ჩავიქნიე ქართულ კომპანიებზე. მეგობრების რჩევით წავედი სტამბოლში. არის ერთი პიროვნება, ლაურა ჰქვია, მეზღვაურებს ეხმარება დასაქმებაში. როცა გადავხედე ამ ყველაფერს, ავწონ-დავწონე და ვნახე, რომ ჩემი ორი კურსელი გაუშვა, მეც მივიღე გადაწყვეტილება. უბრალოდ სხვა გზა აღარ დამრჩა. ჩავედი სტამბოლში, თვე-ნახევარი ველოდი გემზე წასვლას. ბოლოს გამოჩნდა ვაკანსია“, –  იხსენებს ჯაბა.

ჯაბამ დასაქმებაში 1500 დოლარი გადაიხადა. გემზე, რომელზეც მუშაობდა, მისი ყოველთვიური ანაზღაურება 750 დოლარი იყო. 6 თვენახევარი იცურა ერთ-ერთი თურქული კომპანიის გემზე შორეულ ნაოსნობაში. გემიდან საქართველოში დაბრუნდა, სერტიფიკატი განაახლა და ისევ ქართულ საკრუინგო კომპანიებს მიმართა.

„ისევ ანალოგიურ რეჟიმში ვარ. ერთ კვირაში მოდი, სამ დღეში მოდი, ახლა გაგიშვებთ, არა, ერთი თვის შემდეგ გაგიშვებთ. ჯერჯერობით ამ რეჟიმში ვარ, ვეძებ გემს და ველოდები საკრუინგო კომპანიებიდან ზარს. თუ დიდხანს გაიწელა ეს პროცესი, მერე ალბათ ისევ თურქეთში წასვლა რჩება გამოსავალი. დიდი რისკი გავწიე, როდესაც თურქეთში წავედი პირველად. კიდევ ერთხელ  მომიწევს ამ რისკზე წასვლა, თუ აქ ვერაფერი ვნახე,“ – ამბობს ჯაბა.

ჯაბა გვიყვება, რომ მისი ბევრი კურსელი ვერ დასაქმდა. ზოგმა საერთოდ პროფესია შეიცვალა, ზოგმა, ვისაც ძალიან უნდოდა გემზე წასვლა, ფული გადაიხადა საკრუინგო კომპანიაში და შემდეგ ამ კომპანიის წარმომადგენლები საერთოდ გაქრნენ.

ჯაბა საუბრობს ჩაკეტილ წრეზე, რომელშიც საზღვაო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ სტუდენტები ხვდებიან.

„მიდიხარ საკრუინგო კომპანიაში, სადაც გეუბნებიან, რომ დასაქმებისთვის უნდა იყო გემზე ნამყოფი. გუშინ დავამთავრე აკადემია, თუ კომპანიამ არ გამიშვა, რანაირად მოვხვდები გემზე?“ – კითხულობს ჯაბა მგზავრიძე.

ისტორია 2

ლაშა ვ. (რესპონდენტის თხოვნით მის ვანობას არ ვასახელებთ) ბათუმის საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია. დამამთავრებელ კურსზე, ისე როგორც მისმა თანაკურსელებმა, ერთ-ერთ უმსხვილეს გემთმფლობელ კომპანია – „კოლუმბია შიფმენეჯმენტში“ გასაუბრება გაიარა. მაღალი აკადემიური მოსწრების და წარმატებით ჩატარებული გასაუბრების შემდეგ, აკადემიის დამთავრებისთანავე გემზე წავიდა.

ლაშა ამბობს, რომ გაუმართლა, განსხვავებით მისი თანაკურსელებისგან. ლაშას თქმით, მისი კურსელებიც მასზე არანაკლებ წარმატებული სტუდენტები იყვნენ, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ეძებს სამსახურს.

„აკადემიაში მოვიდნენ „კოლუმბია შიფმენეჯმენტის“ კაპიტნები გასაუბრების ჩასატარებლად.  როდესაც გასაუბრებაზე შევედით, პირველი 10-15 ადამიანის შესვლის მერე მათ (კომპანიის წარმომადგენლებს) გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვინ უნდა აეყვანათ. იცოდნენ, ვინ როგორი აკადემიური მოსწრების იყო. ვინაიდან კადეტებზე ძალიან დაბალი კვოტა იყო, მაგიტომ დარჩა დანარჩენი ხალხი გარეთ,“ – იხსენებს ლაშა.

იმისათვის, რომ საზღვაო განათლებამიღებული სტუდენტი გემზე წავიდეს, საჭიროა იპოვოს გემი, რომელიც მას კადეტად მიიღებს. დიდ და უსაფრთხო კომპანიებს კი კვოტები მცირე აქვთ.

კადეტს ოფიცრად გახდომისთვის 12-თვიანი პრაქტიკა/ცენზი სჭირდება. 12 თვიდან 6 თვეს აკადემია აძლევს, 6 თვე კი რომელიმე გემზე უნდა გაატაროს. თუკი კურსდამთავრებული გემზე წასვლას ვერ ახერხებს პრაქტიკის გასავლელად, რჩება არასახარბიელო არჩევანი –  წავიდეს რომელიმე კომპანიაში რიგითად. რიგითად წასვლა კი ნიშნავს დაბალ ხელფასს და გართულებულ დაწინაურების პროცესს.

კადეტობის შემდეგ მეზღვაურს საშუალება ეძლევა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართოს, ჩააბაროს გამოცდა და კაპიტნის მესამე თანაშემწე გახდეს. რიგითად წასვლის შემთხვევაში, ოფიცრად გახდომას მინიმუმ 36 თვე სჭირდება.

„რიგითად როცა მიდიხარ, კომპანია შეიძლება დაგპირდეს, რომ მომდევნო კონტრაქტზე გადაგიყვანს ოფიცრად, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება. 36 თვე უნდა იცურო რიგითად, რომ ოფიცრად გადაგიყვანონ, საერთაშორისო მოთხოვნაა ასეთი. შესაბამისად, როცა მომდევნო წელს სთხოვ შენს კომპანიას, რომ ოფიცრად გადაგიყვანოს, მას ადგილები არ აქვს – ახალი ნაკადი წამოვიდა, კადეტების ახალი თაობა, მომავალი ოფიცრები. ძალიან ძნელია რიგითიდან გახდე ოფიცერი. ბევრი შემთხვევა გამიგია, ატყუებენ რიგითებს – შემდეგი კონტრაქტის შემდეგ გადაგიყვან, შემდეგი, შემდეგი და ასე ადამიანები წლების განმავლობაში რჩებიან რიგითებად,“ – ამბობს ლაშა.

[red_box]რას აძლევენ და რას სთავაზობენ საზღვაო  სასწავლებლები სტუდენტებს[/red_box]

საქართველოს საზღვაო  სასწავლებლები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ კურსდამთავრებულს უშვებენ გემთწამყვანის სპეციალობით, მაშინ როცა საზღვაო შრომის ბაზარზე ეს სპეციალობა ნაკლებად მოთხოვნადია.

მეტად მოთხოვნადია საზღვაო ინჟინერია და საზღვაო ელექტროინჟინერია. თუმცა ამ მიმართულებით კურსდამთავრებული ცოტაა.

საზღვაო აკადემიის მაგალითზე რომ განვიხილოთ, 2018 წელს საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტი 185-მა სტუდენტმა დაასრულა. საზღვაო ინჟინერიის სპეციალობა – 22-მა სტუდენტმა, საზღვაო ელექტროინჟინერიის მიმართულება კი – 28 სტუდენტმა.

აბდულ კახიძე, საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, საზღვაო ნავიგაციის სპეციალობის პოპულარობას სამი მიზეზით ხსნის. ერთი ის, რომ მხოლოდ ნავიგაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს შეუძლია კაპიტანი გახდეს, მეორე – გემზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალობაა და მესამე – ცუდი მომზადება ტექნიკურ საგნებში.

„გემის მექანიკოსი და ელექტრომექანიკოსი არის ტექნიკური სპეციალობები, რომლებიც მოითხოვს უფრო მეტ მომზადებას ტექნიკურ საგნებში. ცუდად მომზადებული არიან აბიტურიენტები და ერიდებიან ამ სპეციალობების არჩევას,“ – ამბობს აბდულ კახიძე.

აბდულ კახიძეს ვკითხეთ, თუ როგორია დასაქმების სტატისტიკა და უქმნის თუ არა აკადემია ყველა კურსდამთავრებულს თანაბარ პირობებს სწავლის შემდგომ დასაქმებისთვის.

„გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ისე ბრწყინვალედ დასაქმების საკითხი არ დგას და ჩვენ არც ვდებთ იმაზე თავს, რომ ჩვენი ყველა კურსდამთავრებული საქმდება ყოველგვარი პრობლემის გარეშე. რა თქმა უნდა, ერთ მხარეს დგას აკადემია, რომელიც განათლებას აძლევს სტუდენტებს და ამზადებს სასერტიფიკაციო კურსებით, ინტენსიურად ესაუბრება დამსაქმებელ კომპანიებს და სთავაზობს ბაზარზე, უხეშად რომ ვთქვათ, თავის საქონელს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასაქმების პროცესი არაა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. მე შორს ვარ იმისგან ვთქვა, რომ იდეალურადაა საქმე, მაგრამ თუ საქართველოში ვინმეს შეუძლია იამაყოს კონტინგენტით, რომ თავის კურსდამთავრებულებს მეტ-ნაკლებად ასაქმებს, ალბათ საზღვაო აკადემია იქ უნდა იყოს,“ –  ამბობს აბდულ კახიძე.

მისივე ინფორმაციით საზღვაო აკადემიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კადეტების პრაქტიკის მიმართულებით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამმხრივი მემორანდუმის მიზანი 2020 წელს გემთმფლობელ კომპანიებში საზღვაო აკადემიის სტუდენტების საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაა, რომელიც აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტებიდან დაფინანსდება.

აბდულ კახიძის ინფორმაციით, საზღვაო აკადემია ცდილობს ბუნებრივი ბარიერი დაუწესოს აბიტურიენტებს და მხოლოდ საუკეთესო სტუდენტები მიიღოს. კერძოდ, ეს ბარიერია 30+1 ქულა ინგლისურში მისაღებ გამოცდებზე და მესამე საგნად მათემატიკის ჩაბარება. შედარებისთვის, საზღვაო საინჟინრო და საზღვაო ელექტროინჟინერიის სპეციალობებზე მისაღებ გამოცდებზე ინგლისური ენის ბარიერი 20+1 ქულაა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო ფაკულტეტის სამ სპეციალობაზე 2020-2021 სასწავლო წლისათვის 415 სტუდენტს მიიღებს. აქედან, ნავიგაციის ფაკულტეტზე 225 სტუდენტის მიღებაა დაგეგმილი, გემის მექანიკის ფაკულტეტზე – 120 სტუდენტის, ხოლო გემის ელექტრომექანიკის სპეციალობაზე – 70 სტუდენტის.

ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ გენერალური დირექტორი ანზორ დიასამიძე ამბობს, რომ მისი სასწავლებლის კურსდამთავრებულების 85 % დასაქმებულია. დასაქმებულთა უმეტესობა გემბანის და სამანქანე განყოფილების მეზღვაურია. სასწავლებელს აქვს  თავისი გემი „კაპიტანი ოთარ ჩახვაძე“, კურსდამთავრებულები სწორედ აქ გადიან სასწავლო პრაქტიკას.

„ბაკალავრიატის პროგრამებს ეს პრაქტიკა აღარ ჩაეთვლება, უნდა წავიდნენ შორეულ ნაოსნობაში 500 და მეტტონიან გემებზე. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან. კურსანტებს ჩვენ თვითონ ვატარებთ პრაქტიკაზე გემთმფლობელებთან,“ – ამბობს ანზორ დიასამიძე.

დიასამიძეს თავისი ვერსია აქვს, თუ რატომ უჭირთ აკადემიის კურსდამთავრებულებს დასაქმება.

„აკადამია დაამთავრეს და ამბიცია აქვთ, რომ წამყვან კომპანიებში დასაქმდნენ. იმ წამყვან კომპანიებს კიდევ გამოცდილი კადრი უნდათ,“ – ამბობს ანზორ დიასამიძე.

კიდევ ერთი სასწავლებლის, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მონაცემებით, მათი კურსდამთავრებულების 80 % ახერხებს სპეციალობით დასაქმებას.

[red_box]დასაქმების სტატისტიკა – ოფიციალური მონაცემები[/red_box]

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, მის ბაზაში სულ რეგისტრირებულია 13 306 მეზღვაური. აქედან 11 520 მეზღვაური მუდმივად ანახლებს სერტიფიკატს. მართვის დონის სერტიფიკატს ფლობს 2215 მეზღვაური, ექსპლუატაციის დონის სერტიფიკატს – 1905, ხოლო რიგითის სერტიფიკატი 7400 მეზღვაურს აქვს. რიგითის სერტიფიკატის მქონე მეზღვაურთაგან 1823 ისეთია, რომელმაც პროფესიული განათლება მიიღო,  5 577 მეზღვაური კი კარიერული განვითარების საფეხურზეა.

2018 წლის მონაცემებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო კომპანიების მიერ სხვადასხვა გემზე დასაქმებული იყო 3 136 მეზღვაური. სააგენტოს მიერ სულ 14 საკრუინგო კომპანიაა აღიარებული. ამ მონაცემებში არ შედის ის საკრუინგო კომპანიები, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არ აქვს აღიარებული. ასეთი სულ 19 საკრუინგო კომპანიაა. ასევე ამ მონაცემებში არ შედიან ის მეზღვაურები, რომლებიც პირდაპირ კავშირზე გადიან გემთმფლობელებთან და დამოუკიდებლად საქმდებიან.

საზღვაო  ტრანსპორტის  სააგენტო მეზღვაურთა დასაქმებას ხუთწლიანი ციკლით თვლის. თუკი 5 წლის განმავლობაში მეზღვაურმა ზღვაში ჯამურად 12 თვე გაატარა, ის დასაქმებულად მიიჩნევა. ამ პრინციპით, საზღვაო ტრანსპორტის მონაცემებით ბაზაში რეგისტრირებული 11 ათასამდე მეზღვაური დასაქმებულად ითვლება.

„მეზღვაურს ვაძლევთ ხუთწლიან საბუთს. ვთქვათ, აიღო 2013 წელს საბუთი და 2019-ში მოდის განახლებაზე. რა შემთხვევაში შეუძლია მეზღვაურს მოგვმართოს საბუთის გასაახლებლად. იმ შემთხვევაში, თუკი მეზღვაურმა შეასრულა მინიმუმ 12-თვიანი სტაჟი. რანგების მიხედვით შეიძლება ეს განსხვავდებოდეს, 12-თვიანი სტაჟი არის დაახლოებით 3-4-თვიანი კონტრაქტი.

მეზღვაური თუ არ ცურავს, იგი კარგავს სტაჟს. თუ სტაჟი არ აქვს, შესაბამისად არ უმუშავია, ე.ი. აღარ აქვს სამუშაო დიპლომზე მომართვის უფლება. აქედან გამომდინარე ვთვლით დასაქმებული მეზღვაურების რაოდენობას. ყველაზე ზუსტი მეთოდი იმის გასაგებად, თუ რამდენი მეზღვაურია დასაქმებული, არის განახლებული საბუთების რაოდენობა. ჩვენს ბაზაში რეგისტრირებული მეზღვაურებიდან 11 520 მეზღვაური მუდმივად ანახლებს სერტიფიკატს,” – ასე განმარტავს დასაქმებული მეზღვაურების დათვლის მეთოდს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე.

საკრუინგო კომპანიების უკონტროლო ბაზარი და სირთულეები, რომლებსაც მეზღვაურები აწყდებიან

საზღვაო შრომის ბაზრის კვლევა 2019 წელს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთით. 119-გვერდიან კვლევაში საფუძვლიანადაა მიმოხილული საზღვაო შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, პრობლემები და მათი გადაჭრისთვის მთელი რიგი რეკომენდაციებია გაცემული.

კვლევაში ჩართული იყვნენ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები, საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირები, საზღვაო სფეროში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, კაპიტნები და უფროსი თანაშემწეები.

გამოკითხულები ხშირად მიუთითებენ საკრუინგო კომპანიებს, სახელმწიფო (ნაციონალურ) სააგენტოებს, მეზღვაურთა პროფკავშირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაზე, რაც საზღვაო შრომის ბაზარზე უსისტემო, დაურეგულირებელი და ზოგჯერ დევიაციური პრაქტიკების წახალისებას ახდენს.

საქართველო არ არის საზღვაო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის სრულფასოვანი წევრი. მაგალითად, არ არის მიერთებული ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონვენციას, როგორიცაა საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენცია (MLC).

„საკრუინგო დასაქმების სფერო არ არის რეგულირებული სახელმწიფოს მიერ, რაც საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის (MLC) ერთ-ერთი მთავარი სტანდარტია. ეს იწვევს იმას, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საკრუინგო კომპანიები არაკოორდინირებულად მოქმედებენ, მათ შორის არ არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა. თავის მხრივ, საკრუინგო კომპანიების მოქმედების არარეგულირებადობა მწვანე შუქს უნთებს სხვადასხვა დევიაციას. მაგალითად, საკრუინგო კომპანიები საქართველოში მეზღვაურებს ახდევინებენ თანხას დასაქმების სანაცვლოდ, რასაც საერთაშორისო კონვენცია კრძალავს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიცირების ვალდებულება საქართველოს  ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე უკვე დაიწყო პროცედურები და რატიფიკაცია, სავარაუდოდ, 2020 წლის განმავლობაში მოხდება. ამასთან, ვინაიდან კონვენცია სპეციფიკურია, ითხოვს შესაბამისი კანონის მიღებას.

„კონვენცია გავუშვით რატიფიცირებაზე და პარალელურად სრულდება მუშაობა მეზღვაურთა დასაქმების შესახებ საქართველოს კანონზე, რომელიც სრულ იმპლემენტაციას უკეთებს საერთაშორისო შრომის კონვენციას. ამ კანონის მიღებაც დაგეგმილი გვაქვს 2020 წელს. კონვენციის რატიფიცირების შემდეგ ქვეყანას ექნება გარდამავალი პერიოდი და ამ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ამოწმებს საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია ამ კანონმდებლობას. 2021-2022 წლებში ქვეყანა ყველა ინსტიტუტით იქნება მზად, რომ საქართველოში სრულყოფილად ამუშავდეს საერთაშორისო საზღვაო  შრომის კონვენცია,“ – ამბობს ივანე აბაშიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  დირექტორის  მოადგილე.

რას შეცვლის საზღვაო შრომის ბაზარზე საკრუინგო კომპანიების რეგულირება

საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, საკრუინგო კომპანიების საქმიანობა გახდება რეგულირებადი და საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს აღიარების და მონიტორინგის გარეშე ვერ იმუშავებენ. დაწესდება მკაცრი სტანდარტები, რომელიც ეხება როგორც ხარისხის მართვის, ასევე დასაქმების პროცესში უფლებების დაცვის სტანდარტებს. შრომითი ხელშეკრულებებისა და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების პირობების მონიტორინგს. გაძლიერდება პროფკავშირების როლი.

„საკრუინგო კომპანიებს აეკრძალებათ მეზღვაურებისაგან დასაქმების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნა, დაწესდება შესაბამისი მონიტორინგი, მოხდება მკაცრი ადმინისტრაციული საჯარიმო სანქციების შემოღება. პოლიტიკურად გადაწყვეტილი არაა სისხლის სამართალში წავა თუ არა სანქციები. რეფორმების გატარების შემდეგ ჩვენ ველოდებით, რომ ბაზარზე დარჩებიან ისეთი საკრუინგო კომპანიები, რომელთაც მსხვილი საკრუინგო გამოცდილება გააჩნიათ,“ –  ამბობს ივანე აბაშიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  დირექტორის მოადგილე.

კითხვაზე, რა უშლიდა ხელს აქამდე საკრუინგო კომპანიების რეგულირებას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  დირექტორის მოადგილე 2010 წლის პრობლემას იხსენებს, როცა ევროკავშირმა ქართული სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომების აღიარება გააუქმა.

„როდესაც 2010 წლის პრობლემაზე ვსაუბრობთ, ეს კიდევ დიდხანს გაჰყვება საქართველოს, როგორც ძალიან მძიმე მოვლენა, რომელმაც ქართველ მეზღვაურებს დაუკარგა დასაქმების ბაზარი მსოფლიო დროშებზე. აქ მთავარი დამნაშავე იყო სისტემა, რომელიც გადასული იყო მთლიანად ფულის კეთებაზე და მათ კვალიფიკაციაზე,  მათთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებაზე დიდად არ ზრუნავდა,“ –  ამბობს ივანე აბაშიძე.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 2014 წელს საქართველომ აღიარება დაიბრუნა, საკრუინგო სფეროს მკაცრი რეგულირება არ იყო გამართლებული.

„ჩვენ ბაზარზე რომ შევვარდნილიყავით ძალიან მაღალი სტანდარტებით და ყველაფერთან ერთად მოგვეთხოვა საკრუინგო სფეროს რეგულირებაც, ეს, ფაქტობრივად, გამოიწვევდა ამ სფეროს კოლაფსს. ახლა ჩვენი სისტემა არის მზად, რომ კონკურენტულ პირობებში ჩვენი მეზღვაურების დასაქმების ბაზარი ჩადგეს ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სახელმწიფოების რიგში. შესაბამისად ამ დარგს ესაჭიროება იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც უკვე სოციალურ გარანტიებს მოიცავს,“ –  ამბობს ივანე აბაშიძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის  მოადგილეს თავისი ვერსია აქვს, თუ რატომ ვერ საქმდებიან მეზღვაურები.

„ერთი ის, რომ მეზღვაური ვერ პოულობს შესაბამის დამსაქმებელ კომპანიას და არ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამსაქმებელი კომპანიები, რომლებიც პოულობენ შესაბამის გემთმფლობელებს. ახალი კანონი და კონვენციაზე მიერთება ამ სიტუაციას შეცვლის,“ –  ამბობს ის.

რას აკეთებს სახელმწიფო მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ინტერნეტპორტალი შექმნა – www.georgianseafarers.ge-ზე პერიოდულად იტვირთება ვაკანსიები.

წესით, ამ საიტმა ქართველ  მეზღვაურებს უნდა გაუიოლოს სასურველი ვაკანსიების მოძიება. ამასთან, საიტს უნდა გაეიოლებინა მეზღვაურთათვის პირდაპირი კონტაქტი დამსაქმებლებთან. ვებგვერდი სულ ორი თვეა რაც ამოქმედდა. ამ დროისთვის მასზე 21 კომპანიაა დარეგისტრირებული და  36 მიმდინარე ვაკანსიაა განთავსებული. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვებგვერდის ამოქმედებიდან დღემდე (20.01.2020) ვებგვერდის საშუალებით მხოლოდ ერთმა მეზღვაურმა შეძლო დასაქმება.

რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ტრიბუნებს მიღმა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გუშინ, 22 იანვარს, დასმული კითხვები და პასუხები პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას 2012 წელს ახსენებს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად მოითხოვა. ის ხედავს თანამეგობრობის დამოკიდებულებას, როცა ხელისუფლების მიმართ ნდობა აშკარად შერყეულია და მას პასუხების გაცემა აღარ შველის. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტში გამართულ მოსმენებს ესწრებოდა და საკუთარი მოხსენებაც ჰქონდა. რა გამოჩნდა კრიტიკული კითხვებიდან და რაზე საუბრობდნენ ევროპარლამენტარები ტრიბუნებს მიღმა? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კორნელი, თქვენ ესწრებოდით ევროპარლამენტში გამართულ გუშინდელ მოსმენას. თქვენთვის რა გამოჩნდა ევროპარლამენტარების მიერ დასმულ კითხვებში და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხებში? 

გამოჩნდა, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი საკმაოდ შერყეულია. საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტი შეირყა უკვე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზე. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ადეკვატური პასუხები.

ხელისუფლებას უკვე აღარ ჰყავს ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ადეკვატური პასუხი გასცეს შეკითხვებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემის ამოქმედებაზე, თვითონ ჩაიყენა თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობაშიც იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „თავისი დრო მოჭამა“ და ბევრს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რამდენად შეძლებს საქართველო დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ალბათ არ არის შორი იმ მოცემულობიდან, როცა საზოგადოებამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება… გუშინდელი საუბრებიდან ეს აზრი იკითხებოდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერც ექნებოდათ პასუხები, რადგან როდესაც ხელისუფლება ნდობას კარგავს, იქ ახსნა-განმარტებები არ ცვლის საქმის არსს, თუნდაც ტალეირანი იყოს მომლაპარაკებელი. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს, როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს რაიმე ახალი იდეა არსებული კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ძირითადად „სახალხო პარტიას“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორია და მათ ცალმხრივი ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ვნახეთ სხვა პარტიების წარმომადგენლების კრიტიკული კითხვებიც… 

კრიტიკული კითხვები იყო „მწვანეებისგან“, „სოციალისტებისგან“, ასევე ინდივიდუალური დეპუტატებისგან… ეს იყო ზოგადი შთაბეჭდილება და მე მგონი, ხანდახან ხელისუფლება ცდილობს, სირაქლემას პოზიციაში ჩაიყენოს თავი და არ შეიმჩნიოს, რა ხდება მის გარშემო. არსებული პოლიტიკის პირობებში ჩანს, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს რეფორმების კუთხით მოწინავე ქვეყნის იმიჯს რეგიონში. არადა, ბოლო დრომდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო ითვლებოდა მისაბაძ ქვეყნად რეფორმების თვალსაზრისით. სამწუხაროა იმ განწყობის ზრდა, რომ საქართველოს აქვს უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით.

  • ძირითადად რომელ ნაწილზე მოდის ეს კრიტიკა? იყო კითხვები საარჩევნო მოდელზე, ასევე საპროტესტო აქციებზე, პოლიტიკურ დევნაზე. 

ძირითადად არის არჩევნებთან დაკავშირებით. გამოჩნდა, რომ თანამეგობრობის მხრიდან იზრდება ზეწოლა. სურთ, რაღაცნაირად აიძულონ ხელისუფლება ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნებისგან, რომლის დროსაც საერთაშორისო თანამეგობრობას არ ჰქონდა ისეთი მწვავე რეაქცია, როგორიც საჭირო იყო. არჩევნებთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა ამერიკელი კონგრესმენებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელი განცხადებები და ეს წნეხი თანდათან იზრდება.

დაახლოებით ისეთივე სიტუაცია გვექნება, როგორც ეს იყო 2012 წელს, როცა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იყო მომართული, რომ საქართველოში ჩატარებულიყო ე.წ. სუფთა არჩევნები, ყოველგვარი გაყალბების გარეშე და ქართველ ხალხს მიეღო ის მთავრობა, რომელსაც ის მხარს უჭერდა. ალბათ ყველას გვახსოვს, რა მოხდა მაშინ და როგორ შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ჩვენს პარტნიორებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ საჭიროა გარკვეული ზემოქმედება ხელისუფლებაზე, რომელიც აშკარად ებღაუჭება ხელისუფლებას, როგორც ეს ხდებოდა 2012 წელს იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან. არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ეს ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

  • თანამეგობრობის ეს დამოკიდებულება რა საფრთხეს ქმნის თავად ქვეყნისთვის? 

საქართველოს იმიჯი აქამდე იყო დაკავშირებული მეტ-ნაკლებად წარმატებულ რეფორმებთან, ასოცირების ხელშეკრულებასთან, ვიზა ლიბერალიზაციასთან თუმცა ეს პოზიტიური დამოკიდებულება თანდათან იცვლება. თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული, რომ ჩვენ გავიზიაროთ მოლდოვის ბედი, რომელიც თავის დროზე ითვლებოდა რეფორმატორ ქვეყნად და ცნობილი სკანდალების შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო ფინანსურ მაქინაციებთან, მოლდოვამ, ასე ვთქვათ, დაკარგა საკუთარი რეპუტაცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. იმედია, ეს ასე არ მოხდება საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და რამდენად მოახერხებს ქართული საზოგადოება ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუ არჩევნები ჩატარდება იმ საარცევნო კანონით, რაც დღეს გვაქვს, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ მიიღოს ის პოზიტიური შედეგი, რასაც ელოდება, თუ ეჭვქვეშ დადგება მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობა.

  • ხელისუფლების რეაქციიდან რა ჩანს, იგრძნობა იმის გააზრება, რომ სჭირდებათ თანამეგობრობის მხარდაჭერა? 

ვინც კარგადაა ჩახედული საერთაშორისო ურთიერთობებში, ესმით ეს მდგომარეობა, დანარჩენები დიდად არ იწუხებენ თავს, მაგრამ ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება. თანამეგობრობის ამ დამოკიდებულებას აუცილებლად ექნება შედეგი. რა თქმა უნდა, არ მსურს, რომ ამგვარად განვითარდეს, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, არაა გამორიცხული, იგი იზოლაციაშიც აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ისეთ ხელისუფლებასთან, რომელთანაც არსებობს კითხვები კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, საარჩევნო სისტემით მანიპულაციასთან დაკავშირებით, არავინ ისურვებს გრძელვადიან თანამშრომლობას.

  • ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს თავისი პარტნიორები ევროპარლამენტში „სოციალისტების“ სახით. როგორია ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია? 

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს: თუ შენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახარ, არავინ დაგიჭერს მხარს, თუნდაც ჰქონდეთ იდეოლოგიური სიმპათია შენ მიმართ. გუშინ სწორედ ის პარლამენტარები აკრიტიკებდნენ ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც არიან საქართველოს მეგობრები. ისინი ობიექტურად ხედავენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მათ შეუძლიათ, რომ ეს არც შეიმჩნიონ და „გაატარონ“, ასე ვთქვათ, მაგრამ ისინი დაინტერესებული არიან, საქართველო გახდეს სტაბილური და მდგრადი დემოკრატია, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება საერთო ევროპული ოჯახის ნაწილი.

  • ამ ვითარებაში რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დაუახლოვდეს და ამ გზით სცადოს თავის გადარჩენა? 

არა მგონია, რომ ეს სცენარი საქართველოში შესაძლებელი იყოს, რადგან ქართული საზოგადოება, და ამას ადასტურებს საზოგადოებრივი კვლევები, მტკიცედ უჭერს მხარს ევროატლანტიკურ კურსს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხელისუფლების მცდელობა, რომ რაღაც ავტოკრატიული რეჟიმი შექმნას და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით იგი განამტკიცოს, თითქმის განწირულია თავიდანვე… ყველა ხვდება, რომ თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, დაკარგავს სახეს. შესაძლოა, იხტიბარს არ იტეხენ, მაგრამ, ბუნებრივია, ამას ხელისუფლებაშიც ხვდებიან.

  • საინტერესოა, რას ამბობდნენ ევროპარლამენტარები ტრიბუნებს მიღმა? 

ევროპარლამენტში არის კატეგორია, რომელიც განსაკუთრებით კარგად ერკვევა ჩვენს გეოპოლიტიკაში და ჩვენი რეგიონის თავისებურებებში.

მათი ტონი ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ფაქტია, რომ გამკაცრდა. პირად საუბრებშიც ეს ჩანდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათთვის მართლაც როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს განწყობები შესაძლოა კიდევ უფრო ხისტი გახდეს, თუკი ხელისუფლება ეცდება ჩაატაროს არჩევნები არასამართლიან გარემოში და ამით უარს იტყვის თავის საერთაშორისო ვალდებულებებზე. თუკი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, მაშინ ეს პოზიცია შესაძლოა შეიცვალოს. საერთაშორისო ორგანიზაციები ახლა ყველაზე მეტად ხედავენ საკუთარ ფუნქციას იმაში, რომ განახორციელონ დემოკრატიული წნეხი იმ ავტორიტარულ მთავრობებზე, რომლებიც ცდილობენ გადაუხვიონ დემოკრატიული განვითარების გზას.

  • იყო ეს შეფასებაც, რომ ავტოკრატიული ხდება საქართველოს ხელისუფლება? 

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შანსი რომ არსებობს, ეს უკვე ცნობილი ფაქტია. ყველაზე გულითადი მეგობრებიც კი, რომლებიც საქართველოს უპირობოდ უჭერენ მხარს, შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი პროცესებით, რაც საქართველოში ხდება. ეს ადამიანები დაინტერესებული არიან, რომ საქართველომ სამაგალითო არჩევნების ჩატარებით პასუხი გასცეს იმ კრიტიკოსებს, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ საქართველოს შესაძლებლობებში, უახლოეს პერიოდში მოახდინოს წარმატებული ტრანსფორმაცია და გახდეს ევროპული ტიპის კონსოლიდირებული დემოკრატია რეგიონში.

თუ დასავლეთი დარწმუნდა, რომ ხელისუფლების არჩევა მოხდა მშვიდობიანი არჩევნების გზით და საზოგადოება არის მზად შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარების პრინციპები, ქვეყანას ყოველთვის ექნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივა. საპირისპირო სცენარის განვითარების შემთხვევაში კი, ეს შანსები საგრძნობლად მცირდება.

ავარიის შემდეგ 14-15 წლის გოგოებს მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა აქვთ

14-15 წლის გოგოების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც დღეს, 22 იანვარს, ბათუმში ავტომანქანა დაეჯახა, მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მოზარდები იმყოფებიან ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში, სადაც გვითხრეს, რომ პაციენტებს მრავლობითი დაზიანება, მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ, ამჟამად ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

14-15 წლის მოზარდებს ავტომანქანა რუსთაველის ქუჩაზე დაეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია მძღოლის ვინაობა.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველაზე მეტი მანდარინი კვლავ რუსეთში გავიდა – 2019 წელი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მანდარინის მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 2019 წელს მანდარინის ყველაზე დიდი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:

• რუსეთში – 20 000 ტ.
• უკრაინაში – 5 200 ტ.
• სომხეთში – 4 400 ტ.
• ბელარუსში – 319 ტ.
• ყაზახეთში – 140 ტ.
• ყირგიზეთში – 58 ტ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური.

სამინისტროს მონაცემებით, სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით, 10 ათასი ტონა შეადგინა.

 

Exit mobile version