მთავარი,სიახლეები

რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ტრიბუნებს მიღმა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

22.01.2020 • 2635
რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ტრიბუნებს მიღმა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გუშინ, 22 იანვარს, დასმული კითხვები და პასუხები პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას 2012 წელს ახსენებს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად მოითხოვა. ის ხედავს თანამეგობრობის დამოკიდებულებას, როცა ხელისუფლების მიმართ ნდობა აშკარად შერყეულია და მას პასუხების გაცემა აღარ შველის. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტში გამართულ მოსმენებს ესწრებოდა და საკუთარი მოხსენებაც ჰქონდა. რა გამოჩნდა კრიტიკული კითხვებიდან და რაზე საუბრობდნენ ევროპარლამენტარები ტრიბუნებს მიღმა? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კორნელი, თქვენ ესწრებოდით ევროპარლამენტში გამართულ გუშინდელ მოსმენას. თქვენთვის რა გამოჩნდა ევროპარლამენტარების მიერ დასმულ კითხვებში და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხებში? 

გამოჩნდა, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი საკმაოდ შერყეულია. საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტი შეირყა უკვე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზე. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ადეკვატური პასუხები.

ხელისუფლებას უკვე აღარ ჰყავს ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ადეკვატური პასუხი გასცეს შეკითხვებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემის ამოქმედებაზე, თვითონ ჩაიყენა თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობაშიც იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „თავისი დრო მოჭამა“ და ბევრს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რამდენად შეძლებს საქართველო დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ალბათ არ არის შორი იმ მოცემულობიდან, როცა საზოგადოებამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება… გუშინდელი საუბრებიდან ეს აზრი იკითხებოდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერც ექნებოდათ პასუხები, რადგან როდესაც ხელისუფლება ნდობას კარგავს, იქ ახსნა-განმარტებები არ ცვლის საქმის არსს, თუნდაც ტალეირანი იყოს მომლაპარაკებელი. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს, როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს რაიმე ახალი იდეა არსებული კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ძირითადად „სახალხო პარტიას“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორია და მათ ცალმხრივი ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ვნახეთ სხვა პარტიების წარმომადგენლების კრიტიკული კითხვებიც… 

კრიტიკული კითხვები იყო „მწვანეებისგან“, „სოციალისტებისგან“, ასევე ინდივიდუალური დეპუტატებისგან… ეს იყო ზოგადი შთაბეჭდილება და მე მგონი, ხანდახან ხელისუფლება ცდილობს, სირაქლემას პოზიციაში ჩაიყენოს თავი და არ შეიმჩნიოს, რა ხდება მის გარშემო. არსებული პოლიტიკის პირობებში ჩანს, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს რეფორმების კუთხით მოწინავე ქვეყნის იმიჯს რეგიონში. არადა, ბოლო დრომდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო ითვლებოდა მისაბაძ ქვეყნად რეფორმების თვალსაზრისით. სამწუხაროა იმ განწყობის ზრდა, რომ საქართველოს აქვს უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით.

  • ძირითადად რომელ ნაწილზე მოდის ეს კრიტიკა? იყო კითხვები საარჩევნო მოდელზე, ასევე საპროტესტო აქციებზე, პოლიტიკურ დევნაზე. 

ძირითადად არის არჩევნებთან დაკავშირებით. გამოჩნდა, რომ თანამეგობრობის მხრიდან იზრდება ზეწოლა. სურთ, რაღაცნაირად აიძულონ ხელისუფლება ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნებისგან, რომლის დროსაც საერთაშორისო თანამეგობრობას არ ჰქონდა ისეთი მწვავე რეაქცია, როგორიც საჭირო იყო. არჩევნებთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა ამერიკელი კონგრესმენებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელი განცხადებები და ეს წნეხი თანდათან იზრდება.

დაახლოებით ისეთივე სიტუაცია გვექნება, როგორც ეს იყო 2012 წელს, როცა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იყო მომართული, რომ საქართველოში ჩატარებულიყო ე.წ. სუფთა არჩევნები, ყოველგვარი გაყალბების გარეშე და ქართველ ხალხს მიეღო ის მთავრობა, რომელსაც ის მხარს უჭერდა. ალბათ ყველას გვახსოვს, რა მოხდა მაშინ და როგორ შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ჩვენს პარტნიორებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ საჭიროა გარკვეული ზემოქმედება ხელისუფლებაზე, რომელიც აშკარად ებღაუჭება ხელისუფლებას, როგორც ეს ხდებოდა 2012 წელს იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან. არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ეს ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

  • თანამეგობრობის ეს დამოკიდებულება რა საფრთხეს ქმნის თავად ქვეყნისთვის? 

საქართველოს იმიჯი აქამდე იყო დაკავშირებული მეტ-ნაკლებად წარმატებულ რეფორმებთან, ასოცირების ხელშეკრულებასთან, ვიზა ლიბერალიზაციასთან თუმცა ეს პოზიტიური დამოკიდებულება თანდათან იცვლება. თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული, რომ ჩვენ გავიზიაროთ მოლდოვის ბედი, რომელიც თავის დროზე ითვლებოდა რეფორმატორ ქვეყნად და ცნობილი სკანდალების შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო ფინანსურ მაქინაციებთან, მოლდოვამ, ასე ვთქვათ, დაკარგა საკუთარი რეპუტაცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. იმედია, ეს ასე არ მოხდება საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და რამდენად მოახერხებს ქართული საზოგადოება ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუ არჩევნები ჩატარდება იმ საარცევნო კანონით, რაც დღეს გვაქვს, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ მიიღოს ის პოზიტიური შედეგი, რასაც ელოდება, თუ ეჭვქვეშ დადგება მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობა.

  • ხელისუფლების რეაქციიდან რა ჩანს, იგრძნობა იმის გააზრება, რომ სჭირდებათ თანამეგობრობის მხარდაჭერა? 

ვინც კარგადაა ჩახედული საერთაშორისო ურთიერთობებში, ესმით ეს მდგომარეობა, დანარჩენები დიდად არ იწუხებენ თავს, მაგრამ ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება. თანამეგობრობის ამ დამოკიდებულებას აუცილებლად ექნება შედეგი. რა თქმა უნდა, არ მსურს, რომ ამგვარად განვითარდეს, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, არაა გამორიცხული, იგი იზოლაციაშიც აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ისეთ ხელისუფლებასთან, რომელთანაც არსებობს კითხვები კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, საარჩევნო სისტემით მანიპულაციასთან დაკავშირებით, არავინ ისურვებს გრძელვადიან თანამშრომლობას.

  • ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს თავისი პარტნიორები ევროპარლამენტში „სოციალისტების“ სახით. როგორია ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია? 

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს: თუ შენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახარ, არავინ დაგიჭერს მხარს, თუნდაც ჰქონდეთ იდეოლოგიური სიმპათია შენ მიმართ. გუშინ სწორედ ის პარლამენტარები აკრიტიკებდნენ ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც არიან საქართველოს მეგობრები. ისინი ობიექტურად ხედავენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მათ შეუძლიათ, რომ ეს არც შეიმჩნიონ და „გაატარონ“, ასე ვთქვათ, მაგრამ ისინი დაინტერესებული არიან, საქართველო გახდეს სტაბილური და მდგრადი დემოკრატია, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება საერთო ევროპული ოჯახის ნაწილი.

  • ამ ვითარებაში რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დაუახლოვდეს და ამ გზით სცადოს თავის გადარჩენა? 

არა მგონია, რომ ეს სცენარი საქართველოში შესაძლებელი იყოს, რადგან ქართული საზოგადოება, და ამას ადასტურებს საზოგადოებრივი კვლევები, მტკიცედ უჭერს მხარს ევროატლანტიკურ კურსს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხელისუფლების მცდელობა, რომ რაღაც ავტოკრატიული რეჟიმი შექმნას და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით იგი განამტკიცოს, თითქმის განწირულია თავიდანვე… ყველა ხვდება, რომ თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, დაკარგავს სახეს. შესაძლოა, იხტიბარს არ იტეხენ, მაგრამ, ბუნებრივია, ამას ხელისუფლებაშიც ხვდებიან.

  • საინტერესოა, რას ამბობდნენ ევროპარლამენტარები ტრიბუნებს მიღმა? 

ევროპარლამენტში არის კატეგორია, რომელიც განსაკუთრებით კარგად ერკვევა ჩვენს გეოპოლიტიკაში და ჩვენი რეგიონის თავისებურებებში.

მათი ტონი ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ფაქტია, რომ გამკაცრდა. პირად საუბრებშიც ეს ჩანდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათთვის მართლაც როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს განწყობები შესაძლოა კიდევ უფრო ხისტი გახდეს, თუკი ხელისუფლება ეცდება ჩაატაროს არჩევნები არასამართლიან გარემოში და ამით უარს იტყვის თავის საერთაშორისო ვალდებულებებზე. თუკი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, მაშინ ეს პოზიცია შესაძლოა შეიცვალოს. საერთაშორისო ორგანიზაციები ახლა ყველაზე მეტად ხედავენ საკუთარ ფუნქციას იმაში, რომ განახორციელონ დემოკრატიული წნეხი იმ ავტორიტარულ მთავრობებზე, რომლებიც ცდილობენ გადაუხვიონ დემოკრატიული განვითარების გზას.

  • იყო ეს შეფასებაც, რომ ავტოკრატიული ხდება საქართველოს ხელისუფლება? 

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შანსი რომ არსებობს, ეს უკვე ცნობილი ფაქტია. ყველაზე გულითადი მეგობრებიც კი, რომლებიც საქართველოს უპირობოდ უჭერენ მხარს, შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი პროცესებით, რაც საქართველოში ხდება. ეს ადამიანები დაინტერესებული არიან, რომ საქართველომ სამაგალითო არჩევნების ჩატარებით პასუხი გასცეს იმ კრიტიკოსებს, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ საქართველოს შესაძლებლობებში, უახლოეს პერიოდში მოახდინოს წარმატებული ტრანსფორმაცია და გახდეს ევროპული ტიპის კონსოლიდირებული დემოკრატია რეგიონში.

თუ დასავლეთი დარწმუნდა, რომ ხელისუფლების არჩევა მოხდა მშვიდობიანი არჩევნების გზით და საზოგადოება არის მზად შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარების პრინციპები, ქვეყანას ყოველთვის ექნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივა. საპირისპირო სცენარის განვითარების შემთხვევაში კი, ეს შანსები საგრძნობლად მცირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: