მთავარი,სიახლეები

ლილი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები

23.01.2020 • 3467
ლილი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სოფელში, სადაც ცუდი ინტერნეტია, კომპიუტერი ან გაქვთ, ან არა. თუ გაქვთ, საიტს ჩასატვირთად დიდი დრო სჭირდება. თავს ალბათ მწვანე ხედებით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი დაიმშვიდებთ, მიწაზეც იმუშავებთ, საკუთარი მოსავალიც გაგახარებთ, მაგრამ რა ხდება, როცა სხვა ტიპის განვითარებაზეც იწყებენ ფიქრს ის ქალები,  რომლებმაც, მაგალითად, მხოლოდ ნაადრევად იქორწინეს ან მხოლოდ საშუალო სკოლის განათლების მიღება შეძლეს და დასაქმების ბაზარზე არაკონკურენტუნარიანებად მიიჩნევიან?

„ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები“ რეგიონებში მცხოვრებ ქალებზე დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს ციფრული ცოდნა, რაც მათ სწავლის, კარიერული წინსვლის, მუშაობისას დააგროვეს, გადაეცათ სხვებისთვის, ვისთვისაც ყველაზე დიდი პრობლემაა დასაქმება, კარგი ინტერნეტი, ადამიანებთან კომუნიკაციაც კი და საერთო პრობლემებზე საუბრები.

ქალები, რომლებიც ციფრულ ცოდნას მოხალისეობრივად ავრცელებენ, ლილის სტუდენტები არიან  გაეროს ქალთა ორგანიზაციის სემინარებიდან.

ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები

ლილი

„ყველა სოფლად მცხოვრები გოგო მე ვარ. 15 წლის ლილი, რომელსაც არ ვიცი, რა პერსპექტივა ექნებოდა, სადაც გაიზარდა, იმავე სოფელ დიმში რომ დარჩენილიყო – არანაირი, გარდა საკუთარი სახლის ბიბლიოთეკიდან წიგნების კითხვისა. მინდა ასეთ გოგოებს ვაჩვენო, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული ცოდნა არის საშუალება, რითაც პერსპექტივის შესაძლებლობა ჩნდება“, – ამბობს ლილი ფულარიანი, ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალებიდან ერთ-ერთი. ლილი პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალისტად დამოუკიდებლად მიღებული ცოდნის შედეგად იქცა. სხვადასხვა დროს ილიას უნივერსიტეტში, ჯიპასა და ჯეოლაბში კითხულობდა ლექციებს, ამჯერად სხვადასხვა მსხვილი და საშუალო კომპანიის ციფრულ სტრატეგიებზე მუშაობს.

„როგორც მე დამოუკიდებლად ვისწავლე ბევრი რამ ინტერნეტით, მინდა ამის შანსი სხვებსაც დავანახო, რომ შესაძლებელია მნიშვნელოვანი უნარების, გამოცდილების შეძენა დიპლომის და უნივერსიტეტის პროფესორის გარეშე – სახლიდან. ეს ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს დროის გატარება ძირითადად შინ უწევთ, მათი პროფესია ხშირად არ არის მათი საცხოვრებელი გარემოს რელევანტური. მაგალითად, შეიძლება თერაპევტი იყო, პატარა სოფელში ცხოვრობდე, ვერ საქმდებოდე. შეიძლება შენს პროფესიას ამ დროს ცოტა სხვა უნარებიც დაამატო და დისტანციურად რომელიმე კლინიკის გვერდი მართო, ან სულაც ბლოგები წერო და ამით დისტანციური, ანაზღაურებადი სამუშაოც იპოვო, შენსავე რეგიონში თუნდაც მცირე ბიზნესს გვერდების მართვა შესთავაზო მეტი შედეგისთვის, კლიენტთან კომუნიკაციისთვის“, – ამბობს ლილი.

ლილი ფულარიანი

ლილი მომსახურების სფეროში მუშაობის საკუთარ მაგალითს იხსენებს, როცა მიმტანად მუშაობდა და მენეჯერს სთავაზობდა მიენდოთ მისთვის, თუნდაც როგორც მოხალისისთვის, გვერდის მართვა და კომუნიკაციის საკითხები დროებით, საკუთარი შესაძლებლობები და შედეგი რომ ეჩვენებინა, თუმცა ყოველ ჯერზე უარს და უნდობლობას იღებდა.

„არსად, არც ერთ სამსახურში არ მომცეს საშუალება. ბავშვობიდან ვწერ ჩემს ბლოგზე, საიტის აწყობაც ვიცოდი, ამბების თხრობაც მეხერხებოდა, მაგრამ არავის აინტერესებდა ეს. 3, 4 თუ 5 წელი მოვანდომე ვინმე დამერწმუნებინა, რომ თუნდაც უფასოდ მოეცა ჩემთვის ნება მისთვის რამე გამეკეთებინა.

მომსახურების სფეროში მუშაობისას თანაბარი გამოცდილების მქონე ორ კადრს განსხვავებულად გვიხდიდნენ ხელფასს და მარტივად მიხსნიდნენ, რომ მე „პატარა, სტუდენტი გოგო ვარ და ეს საკმარისია, ის კი ბიჭია, ოჯახი ჰყავს სარჩენი და მანქანაც გასამართი აქვს – ნაწილების ცვლა სჭირდება“, –  ჩემთან შედარებით ორმაგად არა, მაგრამ საკმაოდ განსხვავებულ ხელფასს უხდიდნენ ბიჭებს. ამ დროს საქმეს ბევრად პროფესიონალურად ვასრულებდი. მსგავსი შემთხვევა არაერთ ადგილას მქონია.

ციფრული ტექნოლოგიები ძალიან მომწონს, რაღაცას რომ ვაკეთებ და დამკვეთს ვუგზავნი, ჩემი სქესი არავის აინტერესებს, ნამუშევარი ფასდება შედეგით, ხარისხით და არა იმით, რომ ქალმა შეასრულა, მანქანიანმა თუ უმანქანო კაცმა.

არ მყავდა გავლენიანი ნათესავები ან ნაცნობების წრე და გარემოება ჩემგან მოითხოვდა ვყოფილიყავი მულტიფუნქციური, მცოდნოდა ბევრი რაღაც. მაგალითად, როცა სივებს ვგზავნიდი, ვცდილობდი ჩემი გამორჩეული ყოფილიყო, დასაწყისისთვის მახსოვს ვისწავლე Canva-ზე მუშაობა საინტერესო დიზაინის შესამუშავებლად, მნიშვნელოვანი იყო მქონოდა დასტური იმისა, რომ ამათუიმ კომპანიისთვის შემეძლო საინტერესოდ მეწერა, ამისთვის საკუთარი ბლოგიც მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლად შევაკოწიწე რაღაცები, მეგონა რაღაც შეცდომა იყო, როცა ჩემი ახალი მედიის ლექტორმა სანდრო ასათიანმა ასისტენტობა მთხოვა უნივერსიტეტში. მერე უკვე თვითონ მომმართავდნენ კომპანიები, რომ დავხმარებოდი” – გვიყვება ლილი.

წელს გადაწყვიტა, სოციალური მედიამარკეტინგის ლექციები ილიას უნივერსიტეტში აღარ გააგრძელოს და სანაცვლოდ მოხალისედ იაროს რეგიონებში თანამოაზრეებთან ერთად. ამბობს, რომ უნივერსიტეტში ამ საგანს სხვაც წაიკითხავს, გაცილებით მნიშვნელოვანი კი მისთვის ის რეგიონებია, სადაც არავინ ჩადის.

ცოდნა უნივერსიტეტისა და პროფესორების გარეშე

საიტის შექმნა, ბლოგის მართვა, ციფრული მარკეტინგი, ტექნოლოგიების გამოყენება მატერიალური თუ ინტელექტუალური პროდუქტის გასაყიდად, კომუნიკაციისა და თვითპრეზენტაციის უნარები, გუგლის სერვისები და ციფრული მედიისთვის თხრობის სხვადასხვა ტექნიკა – ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები ონლაინმუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე ატარებენ სემინარებს რეგიონებში, ასწავლიან სასარგებლო რესურსების მოძიებას ინტერნეტში, სადაც დამოუკიდებლადაა შესაძლებელი პროფესიების ათვისება, საუბრობენ ციფრული უსაფრთხოების და ამ სივრცეში ბავშვების დაცვის მნიშვნელობაზე და ა.შ.

მუშაობენ დაფინანსების გარეშე, საკუთარი სახსრებით ჩადიან რეგიონებში და ადგილობრივ დაწესებულებებს ორგანიზებისას ინტერნეტით და კომპიუტერებით აღჭურვილი სივრცის დათმობას სთხოვენ. ლილი ფულარიანთან ერთად მოხალისეობრივ საქმიანობას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები რამდენიმე ქალი ეწევა.

„მინდა დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ თუ ქალი ადრე დაქორწინდა, შვილები, ოჯახი ჰყავს და არსად მუშაობს, მას არაფერი არ შეუძლია. გვყავდა, მაგალითად, ერთი ასეთი მსმენელი, დიასახლისი, რომელსაც მხოლოდ სასკოლო განათლება ჰქონდა მიღებული და საუბარში აღმოვაჩინეთ, რომ 5 ენა იცოდა, დამოუკიდებლად ისწავლა ფილმებიდან და წიგნებიდან, ასწავლიდა შვილებს და სულ ეს იყო. სემინარების შემდეგ ჩვენ ის ენების სწავლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინპლატფორმას დავაკავშირეთ, სადაც დაასაქმეს კიდეც.

სემინარების სამი ყველაზე წარმატებული ქალი დასავლეთიდან ლისაბონში გავუშვით მსოფლიოს ყველაზე დიდ ვებსამიტზე, სადაც მათ საკუთარი უნარების მართვის და ინვესტირების შესახებ ბევრი რამ ისწავლეს.

სულ მახსოვს ბათუმში ჩვენი სემინარების მსმენელი მარიამ ქველიაშვილი, რომელიც აჭარაში თავადაც მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა. როცა ვკითხეთ რა იყო მისი მოტივაცია, გვიპასუხა, რომ არ სურდა სხვებსაც გაევლოთ ის სირთულეები, რასაც თავად აწყდებოდა. ჩემი მიზანიც ესაა. თან მიმაჩნია, რომ ცოდნას უნდა მოჰქონდეს სარგებელი ბევრისთვის, საკუთარი ცოდნა არ უნდა ვაქციოთ მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო სიკეთედ. თუ რამე იცი, სხვასაც უნდა ასწავლო. ბევრ პროფესიაშია ასე, რომ სიახლეებს მალავენ, რაც საბოლოოდ არ მუშაობს.

მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ცოდნის მოხალისეობრივი გადაცემა არ გვაცარიელებს, პირიქით, გვზრდის”, – ამბობს ლილი.

„სკოლები და უნივერსიტეტები – შუქი, საიდანაც უნდა მოდიოდეს, სწორედ იქაა გასაკვირი პრობლემები“

გავრცელებული აზრია, რომ თანამედროვე ყოფაში ყველას აქვს ინტერნეტი, წვდომა სმარტფონსა და კომპიუტერზე, თუმცა როგორც ლილი გვეუბნება, რეგიონებში ჩასვლისას მათ ხშირად ხვდებათ გაუმართავი ინტერნეტი, რითაც მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებ, მხოლოდ ერთი და უკონკურენტო პროვაიდერი ხშირად დაბალსიხშირიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და არც ალტერნატივა არსებობს მოსახლეობისთვის, რომ რომელიმე სხვა, უფრო სწრაფ და მოსახერხებელ ქსელში ჩაერთოს.

„რახან ყველას აქვს ფეისბუქი, არსებობს წარმოდგენა, რომ ყველას აქვს წვდომა ტექნოლოგიებზე. ტელეფონი არ არის საკმარისი ამისთვის, თუ ძალიან მონდომებული არ ხარ და არ იცი ზუსტად რა გინდა. ლეჩხუმის სემინარზე, მაგალითად, მობილური ინტერნეტიც კი ვერ დავიჭირეთ, არის რეგიონები, სადაც ინტერნეტი თითქოს არის, მაგრამ ვერ ააწყობ საიტს, ბლოგს, როცა საიტის ჩატვირთვას წუთები სჭირდება. არის ასევე დაწესებულებები, სადაც კომპიუტერები აქვთ, მაგრამ ჩაკეტილია. გრანტი მოიპოვა ვიღაცამ, სახელმწიფომ ფული დახარჯა და აუდიტორია ამ დროს ჩაკეტილია „კომპიუტერები რომ არ გაფუჭდეს“ – ერთ-ერთი ქალაქის უნივერსიტეტში დამხვდა ეს სიტუაცია.

ტექნიკა რომ იჟანგება და ფუჭდება, ეს გათვალისწინებული არ არის. ახალი ტექნიკა ბევრგან აქვთ საჩვენებლად: ვიღაც რომ ჩამოვა, მათთვის. წერეთლის უნივერსიტეტში გვითხრეს ასე სტუდენტებმა.

ყველაზე დიდი სინათლე საიდანაც უნდა მოდიოდეს: სკოლებიდან, უნივერსიტეტიდან სწორედ იქაა ხოლმე გასაკვირი პრობლემები, ზოგი ლექტორისთვის მაგალითად წარმოუდგენელია, რომ ინტერნეტში მეტი მასალის მოძიება შეუძლია სტუდენტს მისი საგნის რომელიმე საკითხის შესახებ. ელექტრონულად რომ ვიბარებ სტუდენტებისგან გამოცდას, ესეც მიუღებელია ზოგისთვის – აუდიტორიაში მოუსვლელად გამოცდა როგორ ბარდებაო, მაგრამ დროის დამზოგველი უამრავი ახალი საშუალებაა, რაც ათას ფორმალურ პროცედურას ამარტივებს და რატომაც არა.

ერთი საინტერესო რამ შევნიშნეთ რეგიონებში, ოჯახში თუ ჰყავთ შვილები გოგო და ბიჭი, კომპიუტერს ყიდულობენ ბიჭისთვის, როგორც ადრე ბიჭებისთვის მამები ყიდულობდნენ მანქანებს“, – ამბობს ლილი.

ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები გაზაფხულიდან მოხალისეობრივ სემინარებს აჭარაშიც გეგმავენ. რეგიონებში სწავლობენ აუდიტორიას, მათ კონკრეტულ საჭიროებებს და სასემინარო თემებს მსმენელების ინტერესების მიხედვით გეგმავენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: