უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებას ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 252 ათასი ლარია.
ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა უზრუნველყოს:
- ქალაქის ტერიტორიიდან, მათ შორის საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიიდან (სულ 2000) უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთნ დაკავშირებული პროცედურები (ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება), ტრავმირებული ცხოველების მკურნალობა, მათ შორის ოპერაციული მკურნალობა;
- ბუნებრივ არეალში, მათ შორის საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიაზე გაშვებული დაბირკული, გასტერილებული უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა, სულ-1600) დაჭერა და ტრანსპორტირება რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის (რევაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება);
- ქალაქის ტერიტორიიდან, მათ შორის, საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიიდან ცხოველების (სულ 1000 ცხოველის) ლეშის (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილით) დროული გამოტანა სპეციალური ტრანსპორტით, საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში შეყვანილი ცხოველების ევთანაზია (ჰუმანური დაძინება ნარკოზით), კრემაცია ან/და „ბიოთერმულ“ ორმოში დამარხვა, მოზარდი ცხოველების (ლეკვი, კნუტი) დაჭერა, ტრანსპორტირება და თავშესაფარში (ვეტერინარული კლინიკა) გადაყვანა მოვლა-პატრონობის მიზნით;
- თავშესაფარში (ვეტერინარულ კლინიკაში) შეყვანილი ცხოველები (ძაღლი, კატა) ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით ნუმერაციის შესაბამისად და შემდეგში ხდება მათი გაშვება ექიმი ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე იმავე არეალებში, საიდანაც იქნა ცხოველი აყვანილი;
- ჩატარებული პროცედურების შესაბამისად წარმოებული უნდა იქნეს ელექტრონული ბაზა (აყვანილი და გაშვებული ცხოველის ადგილმდებარეობის, ფერის, სქესის, კლიპის ნომრის შესაბამისად);
- მუშების უზრუნველყოფა სპეცტანსაცმლით და ძაღლსაჭერი სპეციალური ინვენტარით (საკი, ბადე და სხვა), აგრესიული ცხოველების დაჭერის დროს შესაძლებელია კანონით დაშვებული (სპეციალური დასაძინებელი) პრეპარატების გამოყენება;
- ვოლიერების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, დასუფთავება სველი წესით დღის განმავლობაში 2-ჯერ მათ შორის ერთჯერ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით დილით და საღამოს;
- ნაოპერაციები ცხოველების მოთავსება დროებითი დაყოვნების (საკარანტინო) ვოლიერში მორიგე პერსონალის დაკვირვების პირობებში;
ტენდერის მიხედვით: ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს:
- აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);
- ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;
- ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებს, ასევე პათოლოგიები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;
- შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
ვეტერინარულ კლინიკაში უნდა ფუნქციონირებდეს ცხელი ხაზი (დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდე) და მორიგე ჯგუფი სპეციალური ტრანსპორტით, განსაკუთრებულ შემთხვევაში ცხელი ხაზი უნდა ფუნქციონირებდეს მეტი დროითაც, ხოლო ზაფხულის პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) 24 საათის განმავლობაში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 17 იანვარს დაიწყება და 20 იანვარს დასრულდება.