მთავარი,სიახლეები

ვინ მოუვლის ქუჩის ძაღლებს ბათუმში? – ტენდერი მეორედ ჩავარდა

23.01.2020 • 3598
ვინ მოუვლის ქუჩის ძაღლებს ბათუმში? – ტენდერი მეორედ ჩავარდა

ბოლო დღეებია ბათუმელი ქუჩის ძაღლი, რომელიც ბავშვებს ზებრა-გადასასვლელზე აცილებს, ქართული და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია. მას 22 იანვარს სახლიც კი დაუდგეს იმ სახლის სადარბაზოში, რომელსაც ძაღლი წლებია მიკედლებულია, მაგრამ მასსავით არ გაუმართლა ათასობით ქუჩის ძაღლს ბათუმში.

ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იზრუნებს ქუჩის ძაღლების ვაქცინაციასა და პოპულაციის რეგულაციაზე ბათუმში 2020 წელს, რადგან უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირებაზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი კვლავ არ შედგა.

სატენდერო თანხა 252 ათასი ლარია, თუმცა, მონაწილეობა არავინ მიიღო. მერიამ ამ მომსახურებისთვის საჭირო თანხა წელს 62 ათასი ლარით შეამცირა. გასულ წელს, ანალოგიური მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 314 ათასი ლარი დაიხარჯა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში უპატრონო ძაღლები მომრავლდნენ. მარტო გასულ წელს, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2600-მდე ძაღლსა და კატას გაეწია სხვადასხვა მომსახურება [ვაქცინაცია, დაბირკვა, ოპერაცია და სხვა].  

2020 წლის განმავლობაში ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ტენდერი ბათუმის მერიამ 2019 წლის 25 დეკემბერს, შემდეგ კი განმეორებით, 2020 წლის 17 იანვარს გამოაცხადა. რატომ შემცირდა თანხა და ხომ არ აპირებს მერია მის გაზრდას?

„თანხის შემცირება გამოიწვია იმან, რომ ვაქცინაცია [როგორც უპატრონო ასევე პატრონიანი ცხოველების, უნდა ჩაეტარებინა სხვა სახელმწიფო უწყებას, ამიტომ ვაქცინაციის თანხა ამოვიღეთ“, – გვითხრეს მერიაში. თუმცა სატენდერო მოთხოვნებში ვაქცინაცია მაინც ეწერა.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ქალაქის ტერიტორიიდან, მათ შორის საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიიდან (სულ 2000) უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთნ დაკავშირებული პროცედურები (ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება), ტრავმირებული ცხოველების მკურნალობა, მათ შორის ოპერაციული მკურნალობა…“ – აღნიშნული იყო ტენდერში, რომელიც არ შედგა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამჯერად სატენდერო თანხა გაიზრდება და ტენდერი იმ თანხით გამოცხადდება, რა თანხითაც გამოცხადდა 2019 წელს.

„თუმცა შესაბამის ცვლილებებს სჭირდება საკრებულოს თანხმობა. იანვრის ბოლოს შევიტანთ საკითხს საკრებულოში და თანხმობის შემთხვევაში გამოვაცხადებთ ტენდერს 314 ათასი ლარით“, – გვითხრეს მერიაში.

ბოლო წლებში ანალოგიურ მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერებში შპს „სევერი“ მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. სწორედ ამ კომპანიასთან იყო გაფორმებული ხელშეკრულება მაგალითად, 2019 წლის მომსახურებაზე – 314 ათას ლარზე, ხოლო 2018 წელს – 250 ათას ლარზე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ მიიღო ამ კომპანიამ წელს ტენდერში მონაწილეობა.

„ტენდერის შესახებ გვიან გავიგეთ და მეორე, მონაწილეობას ვერ მივიღებდით იმ მიზეზის გამო, რომ გვაქვს სარემონტო სამუშაოები – ვოლიერების შეკეთება მიმდინარეობს, რასაც, ალბათ, იანვრის ბოლომდე დავასრულებთ. თუ ისევ გამოცხადდება ტენდერი, გადავხედავთ პირობებს და თუ მისაღები იქნება, შესაძლოა მონაწილეობაც მივიღოთ“, – გვითხრა შპს „სევერის“ დირექტორმა ჯემალ გოგიტიძემ სატელეფონო საუბარში.

იქნება თუ არა გადამწყვეტი სატენდერო თანხის ოდენობა? – ამ კითხვაზე კომპანიის დირექტორმა ზოგადი პასუხი გაგვცა, რომ 2018-2019 წელთან შედარებით, დღეს, გაძვირებულია, მაგალითად, როგორც საწვავის [დიზელის], ისე ცხოველების საკვების ფასი.

რა ევალება ტენდერში გამარჯვებულს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, ნახეთ ბმულზე:

ფოტოზე: ქუჩის ძაღლი „სანი“. ფოტო: „ბათუმელები“

_______________

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/249443/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: