ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს – ენმ რეგიონში უცხოურ ინვესტიციებზე

23.01.2020 • 2060
აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს – ენმ რეგიონში უცხოურ ინვესტიციებზე

„აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს და არ აქვეყნებენ ციფრებს უცხოური ინვესტიციების შესახებ რეგიონში, ამიტომ ამბობენ, რომ თითქოს ინვესტიციებს ვერ ითვლიან. ასევე ჩანს, რომ მთავრობა მორიგი ტყუილებით ცდილობს გადაფაროს არსებული მძიმე რეალობა, რაც რეგიონში მასშტაბური პროექტების გაჩერებას მოჰყვა“, – განაცხადა დღეს, 23 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ.

„გასულ წელს აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ინვესტიციების რაოდენობა მილიარდზე მეტი იქნებოდა, მოგვიანებით კი გვითხრეს, სამ მილიარდს გადააჭარბებსო, უფრო მეტიც, წელს გვითხრეს, რომ გასულ წელს 3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, რაც მორიგი ტყუილია… მიუხედავად იმის, რომ 2019 წელს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამაზე დაიხარჯა 538 ათასი ლარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 25 ნოემბრის წერილით გვაცნობა, რომ ინვესტიციების რაოდენობას აღარ ვითვლით 2017 წლიდანო. ისმის კითხვა – აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ როგორ დათვალა ინვესტიციები, თუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვერ ითვლის? რატომ დაიხარჯა 538 ათასი ლარი პროგრამაზე ბიუჯეტიდან, თუ ელემენტარულად ინვესტიციებსაც ვერ ითვლიან? ან როგორ უნდა მოიზიდონ ინვესტიციები, თუ არ იციან დარგების მიხედვით ინვესტიციების რაოდენობის დინამიკა?“ – აცხადებს ენმ.

„გაცნობებთ, რომ 2017 წლიდან სამინისტრო აღარ ახორციელებს მთლიანი კერძო ინვესტიციების აღრიცხვას, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო. 2017 წლიდან ეკონომიკური ანალიზის დროს გამოყენებული იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელიც ითვლის უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს“, – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ენმ-თვის გაგზავნილ წერილში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აჭარაში 2017 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეადგენდა 209,6 მილიონ აშშ დოლარს, 2018 წელს – 75,5 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2019 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით – 112,5 მილიონ აშშ დოლარს.

ენმ აცხადებს, რომ „ტყუილია თითქოს აჭარის მთავრობამ აამუშავა ყველა გაჩერებული პროექტი, რადგან დღემდე გაჩერებულია როიალ კარიბიანის ტურისტული ნავმისადგომი, ადლიაში აეროპორტთან ფინანსური ცენტრის, გონიოს პოლიგონზე ტურისტული ქალაქის, გოდერძისა და გომარდულის კურორტების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“.

„ჩვენ ვიწყებთ მონიტორინგს და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, როგორც გაჩერებული პროექტების, ასევე ხელისუფლების მიერ საეჭვო გარიგებებით გასხვისებული სახელმწიფო ქონებების შესახებ, რადგან რეგიონში ინვესტიციების შემცირება ნიშნავს ნაკლებ ახალ სამუშაო ადგილებს და ნაკლებ შემოსავლებს ბიუჯეტში“, – განაცხადა გია აბულაძემ დღეს, ბრიფინგზე.

„რაც შეეხება ინფორმაციას – კომპანიებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებებით გათავისუფლდნენ პირგასამტეხლოსაგან, ინვესტიციების რა ნაწილი ჰქონდათ განხორციელებული, გაცნობებთ, რომ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანიები წარმოადგენენ ინვესტიციების განხორციელების ვადის დადგომის შემდეგ. რაც შეეხება საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გაცნობებთ, რომ სამინისტრო აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდგომ“, – წერს სამინისტრო ენმ-ს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: