განათლება,მთავარი,სიახლეები

მთავრობამ მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება გაზარდა

23.01.2020 • 3013
მთავრობამ მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება გაზარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების ინგლისურენოვან სამაგისტრო აკრედიტირებულ პროგრამაზე სასწავლო გრანტის თანხის მოცულობა გაზარდა. მთავრობის დადგენილებით, 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის ამ პროგრამაზე სასწავლო გრანტის მოცულობა 3 200 ლარით იქნება განსაზღვრული.

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს,  ექსპერტების მხრიდან ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად შეფასდა.

გერსამიას თქმით, სასწავლო პროგრამაზე საფასურის გაზრდის რეკომენდაციაც უცხოელი ექსპერტებისგან მიიღეს:

„ძალიან კვალიფიციური ლექტორები გვყავს მოწვეული და ანაზღაურება იყო დაბალი. ჩვენ ამ პროგრამის მომზადება 2017 წელს დავიწყეთ, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, სადაც გამოვკითხეთ დამსაქმებლები, შესაბამისად, დამუშავდა ბევრი დოკუმენტი.

ეს არის პირველი პროგრამა ამ მიმართულებით რეგიონში და მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამას აკრედიტაციის ხუთივე სტანდარტზე აქვს სრული შესაბამისობა და უცხოელი, ძალიან ცნობილი მედიაფსიქოლოგების დასკვნაც იყო, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისურენოვანი პროგრამაა. ამიტომ, ჩვენი მიზანია,  უცხოელი სტუდენტებიც მოვიზიდოთ და უკვე ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“.

როგორც მარიამ გერსამია ამბობს, უცხოელ სტუდენტებს სთავაზობენ ერთწლიან ქართული ენის პროგრამასაც, რომ სურვილის შემთხვევაში ერთობლივი სამეცნიერო პროდუქტები შეიქმნას.

მისი თქმით, სამაგისტრო პროგრამაზე 20 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ამ დროისთვის მხოლოდ ექვსი სტუდენტი სწავლობს, ათ ადგილზე კი მობილობა თებერვალში გამოცხადდება.

„მობილობა ცხადდება ქვეყნის შიგნით, მეორე სემესტრში უცხოელ სტუდენტებსაც შეეძლებათ პროგრამაში მონაწილეობა. ამ სემესტრში უკვე გვყავდა ერაზმუსის სტუდენტი გერმანიიდან,“ – ამბობს მარიამ გერსამია.

პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე, უნდა დაწეროს ესე ინგლისურად, შემდეგ კი გაივლის გასაუბრებას კომისიასთან.

პროგრამა ორწლიანია და მოიცავს კვლევის კომპონენტს.

როგორც მარიამ გერსამია ამბობს, პროგრამაში ჩადებულია სტაჟირების კრედიტკურსი, რაც ნიშნავს, რომ დეტალურად არის გაწერილი როგორც სტუდენტების, ასევე დამსაქმებლების ვალდებულება. იგი ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ითანამშრომლებენ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იკვლევენ მედიის გავლენას საზოგადოებაზე:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ როგორია მედიის გავლენა საზოგადოებაზე, ჯგუფებზე, სტიგმატიზაციის, სტერეოტიპებისა და სიძულვილის ენის პირობებში, რა ფსიქოლოგიური პროცესები მიდის“.

მარიამ გერსამიას თქმით სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“, რომელიც მედიის ზეგავლენას იკვლევს, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან, სადაც სტუდენტებს მედიაჩეკერზე შეეძლებათ ანალიტიკური ბლოგების წერა, ილია ჭავჭავაძის ცენტრთან და მედიისა და კომუნიკაციების საგანმანათლებლო კვლევით ცენტრთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: