განათლება,მთავარი,სიახლეები

ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე

23.01.2020 • 7021
ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი დადგინდა. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური პასუხი შარვაშიძის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ პლაგიატის ამომცნობმა პროგრამამ (Turnitin) აჩვენა, რომ „გიორგი შარვაშიძის ნაშრომში სრულად მეორდება“ სხვისი ნაშრომის ძირითადი ტექსტი.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რექტორს ან რომელიმე აკადემიური ხარისხის მქონე პირს დაუდგინდა პლაგიატი, ვინ არის უფლებამოსილი დააყენოს ხარისხის ჩამორთმევის საკითხი და როგორ და ვინ ამოწმებს უნივერსიტეტებში აკადემიურ კეთილსინდისიერებას? თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია საუბრობს.

  • ბატონო სიმონ, თუკი თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს საბოლოდ დაუდგინდა პლაგიატი სადისერტაციო ნაშრომში, რა მოხდება შემდეგ, ხარისხის ჩამორთმევა ვის კომპეტენციაში შედის და როგორ ხდება ეს?

თუკი საქმე მივიდა ხარისხის ჩამორთმევამდე, პრობლემურია ის, რომ გაურკვეველია, ვინ უნდა გააკეთოს ეს, რადგან, როგორც ვიცი, მან ხარისხი 2003 წელს დაიცვა და მაშინ არსებობდა მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ ექსპერტთა საბჭო, რომელმაც მიანიჭა ეს ხარისხი. ახლა, როგორც ვიცი, საბჭო აღარ არსებობს. აქ დგება საკანონმდებლო საკითხიც, რადგან თსუ-ს რექტორი უნდა ფლობდეს აკადემიურ ხარისხს და თუ ეს ჩამოერთმევა, მაშინ რექტორობის უფლებაც ერთმევა.

ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ამბები, რადგან თვითონ შარვაშიძე იყო ინიციატორი, რომ პლაგიატის საკითხი გააქტიურებულიყო უნივერსიტეტებში და როდესაც მკვლევარების ჯგუფმა ერაზმუსის მხარდაჭერით დავიწყეთ მუშაობა პლაგიატის გამოვლენაზე,  მისგან მხარდაჭერა გვქონდა.

  • შარვაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის პირები, ვინც მათი ნაშრომების მითვისებაში სდებენ ბრალს რექტორს, სასამართლოში აპირებენ დავას. სასამართლოს შეუძლია პლაგიატის დადგენა?

სასამართლომ შეიძლება თქვას, ხომ არ მიადგა ვინმეს ზიანი, მაგრამ იმსახურებს თუ არა სადოქტორო ხარისხს, ამას სასამართლო ვერ იტყვის. თუმცა სასამართლო მოუსმენს ალბათ აკადემიური საბჭოს წევრებსაც.

  • როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, ევროპულ უნივერსიტეტებში როგორ წყდება ასეთი საკითხები?

ევროპაში არის ხარისხის ჩამორთმევის პრაქტიკა, ყველა გახმაურებული ფაქტის შემთხვევაში ჩამოურთმევიათ ხარისხი. ერთი შემთხვევა იყო, როცა უნივერსიტეტმა თქვა, რომ არ იყო ძალიან დიდი მოცულობის პრობლემა და მისცა ავტორს მისი ჩასწორების უფლება. სხვა გახმაურებულ შემთხვევებში ყველას ჩამოერთვა ხარისხი, როცა ეს ეხებოდა პოლიტიკოსებს ან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ქვეყნის მასშტაბით ან უნივერსიტეტების რექტორებს. რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როცა უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა პლაგიატის გამო, ასევე გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა, რომელიც ყველაზე პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა ეს პლაგიატი არ არისო, მაინც ჩამოართვეს სადოქტორო ხარისხი, შემდეგ გერმანიის განათლების მინისტრსაც ჩამოართვეს ხარისხი და ისიც გადადგა. ჩეხეთის ორი მინისტრი გადადგა, ასევე. ასე, რომ პლაგიატის თემა ყველგან აქტუალურია. თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში, მგონი ჯარიმაც გადაახდევინეს და საქველმოქმედო ფონდში შეატანინეს თანხა.

  • საქართველოში როგორ დგას ეს საკითხი?

ჩვენი აკადემიური პერსონალის დიდ ნაწილს რომ შევუმოწმოთ დისერტაციები, უნივერსიტეტები დაგვრჩება აკადემიური პერსონალის გარეშე, რადგან პლაგიატი ძალიან გავრცელებულია. სამი წლის წინ როდესაც მკვლევარების ჯგუფმა ერაზმუსის მხარდაჭერით გავაკეთეთ კვლევა, გამოჩნდა, რომ აკადემიურ პერსონალს ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს პლაგიატზე. მეორე მხრივ, დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებენ აკადემიური არაპატიოსნების პრობლემას.

საჯარო შეხვედრებზე ადამიანები პირდაპირ ამბობდნენ, რომ პლაგიატი მათთვის პრობლემა არ არის. „რა ვქნა, დაბალი ხელფასი მაქვს და ორიგინალურ ნაშრომს ვერ დავწერო“. არსებობს ინსტიტუციური პრობლემაც. მაგალითად, ამერიკულ უნივერსიტეტებში არსებობს ეთიკის კომისიები და პირი ვალდებულია, სანამ დაიწყებს ნაშრომზე მუშაობას, აუხსნას კომისიას, რას აპირებს, როგორ აპირებს, გამოკითხავს თუ არა ადამიანებს, ხომ არ მიადგება ამით ვინმეს ზიანი და ა.შ.  ჩვენს უნივერსიტეტებში ასეთი მექანიზმები არ არის.

კვლევამ აჩვენა, რომ პლაგიატის გარდა დისერტაციებში იყო უამრავი სხვა პრობლემა. მაგალითად, კვლევა ზოგ შემთხვევაში გულისხმობდა უბრალოდ მსჯელობას, ნაშრომებში გვხვდებოდა მთელი რიგი გვერდები, სადაც არც ერთი ციტირება არ იყო. მკვლევარი საერთოდ არ ელაპარაკება ადამიანებს, სხვა მეცნიერებთან არ აქვს დიალოგი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იცნობს დისკუსიას ამ თემაზე და არსად არ სარგებლობს გავრცელებული წყაროებით. არის დისერტაციები, სადაც ძალიან ცოტა წყაროა გამოყენებული. ისეთი დისერტაციებიც ვნახეთ, სადაც დასკვნები, ანალიზი არ არის. ამ კრიტერიუმებით მართლა რომ გადაიხედოს სადისერტაციო ნაშრომები, უნივერსიტეტები დარჩება აკადემიური პერსონალის გარეშე.

პლაგიატის შედეგი ის არის, რომ, ერთი მხრივ, მეცნიერება არ ვითარდება, რადგან იპარავენ სხვის აზრებს, იმის ნაცვლად, რომ მართლა რამე გამოიკვლიო, მეორე მხრივ, აკადემიური სივრცის მიმართ პატივისცემა იკარგება.

  • ზოგიერთმა უნივერსიტეტმა დანერგა პლაგიატის ამომცნობი პროგრამა – Turnitin-ი, ამის შემდეგ შემცირდება პლაგიატი?

ეს პროგრამა აჩვენებს, რამდენად არის თანხვედრა სხვის ნაშრომებთან და პირს შესაძლებლობა აქვს ჩაასწოროს დამთხვევა. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ელექტრონულად არის ნაშრომები ატვირთული. ჩვენთან პლაგიატი ხდება ისეთი წყაროებიდანაც, რომელიც გამოქვეყნებულია მხოლოდ ქაღალდზე.

მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ედავებოდნენ, რომ ის სპეციალურად მანიპულირებდა, რომ არ დადგენილიყო პლაგიატი. ეს პროგრამა იძლევა ასეთი მანიპულირების საშუალებას. როცა სტუდენტი ხედავს, რომ ტექსტი ემთხვევა, იწყებს სიტყვების გადალაგებას და ა.შ. გერმანიის შემთხვევაშიც, მინისტრს მაინც დაუდგინდა იმავე თანმიმდევრობის აზრები. ასე, რომ ეს ტექნოლოგიაც იძლევა შესაძლებლობას, მოიტყუო. ერთი ის არის, რომ ინტერნეტიდან პირდაპირ ვერ გადმოიწერენ.

ჩვენთან უნივერსიტეტები რაღაც პროცენტით უშვებენ პლაგიატს, სადღაც 15 პროცენტი მისაღებია მათთვის, რაც ასევე არასწორია. არც ერთი პროცენტი არ უნდა იყოს პლაგიატი. ჩვენთან ის პრობლემაა, რომ შეიძლება საერთოდ არ იყოს პლაგიატი დისერტაციაში, მაგრამ ის ღირსი არ იყოს იმის, რომ დისერტაცია ერქვას, რადგან არ არის ორიგინალური ნაშრომი.

  • ამიტომ უჭირს შეთანხმება შარვაშიძის საკითხზეც აკადემიურ პერსონალს?

რამდენიმე წლის წინ თსუ-ს ლექტორებმა ოფიციალურად მისწერეს წარმომადგენლობით საბჭოს და მოითხოვეს, რომ ამნისტია გამოეცხადებინათ მათ პლაგიატზე. მათ სახელმძღვანელოები ჰქონდათ დაპლაგიატებული და იმით ასწავლიდნენ. ასეთი ხალხი ირჩევს შემდეგ აკადემიურ საბჭოს, მერე თავის მეგობრებს და ნათესავებსაც ანიჭებენ აკადემიურ ხარისხებს, მერე იმ ხალხს ასაქმებენ უმაღლესებში…

  • მაშინ რა განათლების ხარისხზე და ევროპულ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება ამ დილემის მოგვარება?

ბუნებრივია, ასეთ ნახტომს ვერ გავაკეთებთ. ვიცნობ ადამიანებს, რომელთა გულწრფელობაშიც ეჭვი ამ მეპარება, მართლა არიან შეწუხებული, რომ არის პლაგიატი, მაგრამ მათ ნაშრომებში მე თვითონ მაქვს ნანახი პლაგიატი. ტექსტები ისე აქვთ გადმოწერილი, თითქოს მათი ანალიზის ნაყოფი იყოს. არ ვიცი, ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ. ჩვენთან აკადემიური წერა ახლახან შემოვიდა უნივერსიტეტებში და გახდა სავალდებულო სტუდენტებისთვისაც.

  • როგორც ვიცი, უნივერსიტეტებში არსებობს ე.წ. აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე დადგენილება. გამოდის, ეს შეთანხმებაც ფორმალურია?

პრობლემა ის არის, რომ მექანიზმები არ არის დამუშავებული. მაგალითად, არ არსებობს ეთიკის კომისია, რომელიც იმსჯელებს ნაშრომზე. ამერიკულ უნივერსიტეტებში ყველა რექტორი, ვისაც კი დაუდგინდა პლაგიატი, ანგარიშვალდებული იყო რექტორისგან დამოუკიდებელი საბჭოს წინაშე. ჩვენთან პრობლემაა ის, რომ შარვაშაძის შემთხვევაზე თსუ-ს პროფესორები მსჯელობენ, რაც ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ისინი ექვემდებარებიან რექტორს. რექტორი უფორმებს მათ ხელშეკრულებას და არა პირიქით.

ამიტომ როცა პლაგიატი არსებობს რექტორის დონეზე, აქ უკვე სტრუქტურული პრობლემაა, რადგან არ არსებობს საბჭო, რომელთანაც რექტორი იქნება ანგარიშვალდებული. თან ეს საბჭოები სხვადასხვა დარგის პროფესორებისგან უნდა დაკომპლექტდეს. თუ ერთი მიმართულება შეიკრიბა არაპატიოსანი ხალხისგან, ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთის პლაგიატს ვერასდროს გამოავლენენ.

ერთი სიტყვით, ამ პრობლემას სამი განზომილება აქვს. პირველი, ეს არის მორალური განზომილება, როდესაც დგება საკითხი, ადამიანს აქვს თუ არა უფლება იკავებდეს ისეთ თანამდებობას, რომელიც შეუფერებელია, მეორე, არის აკადემიური სივრცე, ეთიკის ნორმები, რომელიც უნდა არეგულირებდეს ასეთ ქცევას და მესამე – საკანონმდებლო განზომილება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: