მთავარი,სიახლეები

თოვლის სიმაღლე მთიან აჭარაში ერთი მეტრია – 17 სკოლაში სასწავლო პროცესი არ შედგა

24.01.2020 • 1975
თოვლის სიმაღლე მთიან აჭარაში ერთი მეტრია – 17 სკოლაში სასწავლო პროცესი არ შედგა

დღეს, 24 იანვარს, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დილიდან თოვს.

ქედის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 10 სანტიმეტრია, შუა ზონაში – 50 სმ, ხოლო მაღლობში – 80 სმ.

ქედის მერიაში გვითხრეს, რომ ქედაში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში შედგა, ხოლო ვაიოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო.

ამ დროისათვის ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: აგარასა და პირველ მაისს.

შუახევის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს. შუა ზონაში თოვლის სიმაღლე 50-60 სმ-ია, ხოლო დაბაში – 15-20 სმ.

შუახევის მერიაში გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დიდთოვლობის გამო არ შედგა.

შუახევში ელექტროენერგია არ მიეწოდება უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკურმა სამსახურმა დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და აღნიშნული დასახლების აბონენტების ელექტროენერგია მალე აღუდგება.

შუახევის მერიის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს: გომარდულის, დარჩიძეების, შუბნის, ჩირუხის, გორი-პაპოშვილები-მახალაკიძეების, ხიჭაური-ნაღვარევის, კვიახიძეები-გოგნიაურის, ზამლეთი- სხალთა, კარაპეტი-ოლადაური-მაწყვალთის მიმართულებით. იწმინდება დაბის მიმდებარე ტერიტორიაც. მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 7 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა.

შუახევის მერიაში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მოქმედებს ცხელი ხაზი: 08 000 000 08. მერიაში გვითხრეს, რომ ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შესულა.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს,  თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე თოვლის სიმაღლე 1.5 მეტრს აღწევს.

ხულოში სასწავლო პროცესი მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო ათ სოფელში არ შედგა.

ამ დროისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 და ხულოს მერიის 2 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს გზების გასაწმენდად. საავტომობილო მოძრაობა დასაშვებია კურორტ გოდერძის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტომობილებით. აგრეთვე, ინტენსიურად იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, სადაც, დღის პირველ ნახევარში აღდგება სრულად მოძრაობა.

ხულოს მერიის ცნობით, ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები. თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და დღის განმავლობაში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

__________

ფოტო: შუახევის მერია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: