სუს-ი: აფეთქებით შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე 4 ბათუმელია დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული აღკვეთეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, შეძენა შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

სუს-ის ცნობით, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს 2 მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე  საქართველოს 4 მოქალაქე: რ.ბ,  ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.

საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის გ.ფ-ს და დ.ფ-ს განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.  დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შეირჩა ლიკვიდაციის ადგილები და დეტალურად შემუშავდა აღნიშნული პირების ავტომანქანაში აფეთქების გეგმა.

„გამოძიების ინფორმაციით, გ.ფ-ს და დ.ფ-ს ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირი დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ვითარების შესასწავლად  თბილისში გამოაგზავნა. თბილისში ყოფნისას, აღნიშნულმა პირმა რამდენიმე შეხვედრა გამართა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-სთან და ბ.ც-სთან. გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მიაწოდა ინფორმაცია გ.ფ.-ს და დ.ფ-ს, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების და ახლო კავშირების საცხოვრებელი სახლების განლაგების და საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილების შესახებ,  რომლებსაც ხსენებული პირები სტუმრობდნენ და აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა დაავალა. დანაშაულის შესრულების მიზნით, გ.ბ.-მ უკრაინის მოქალაქეს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითი მჭიდებით და ფულადი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად გ.ფ.-ს და დ.ფ.-ს ავტომანქანაში აფეთქება განიხილებოდა, გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო  დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“  უკრაინის მოქალაქეს  ბ.ც-მ გადასცა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მომზადების პროცესში გ.ბ. და ბ.ც. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ კონსპირაციის ნორმების დაცვით. ისინი ერიდებოდნენ პირდაპირ კომუნიკაციას თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქესთან, შეხვედრების შესახებ  მობილური ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებით წინასწარ ათანხმებდნენ უკრაინაში დამკვეთთან, ხოლო შემდგომ დამკვეთი, შუამავლის მეშვეობით, შეხვედრის დროსა და ადგილს თბილისში  მყოფ უკრაინის მოქალაქეს აცნობებდა. შეხვედრაზე მისვლამდე, გ.ბ. და ბ.ც. გადაადგილდებოდნენ შენიღბულები, იყენებდნენ ე.წ. კაპიუშონიან ქურთუკს, ქუდს, სამედიცინო პირბადეს. შეხვედრაზე მისული ბ.ც. ბინაში შესვლისთანავე იფარავდა სახეს შარფითა და ნიღბით. ქალაქში გადაადგილებისას ცდილობდნენ არ დაფიქსირებულიყვნენ სათვალთვალო კამერებზე ისე, რომ მომავალში შესაძლო ყოფილიყო მათი იდენტიფიცირება.

თავის მხრივ, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ რ.ბ-მ,  ნ.ბ-მ, გ.თ-მ,  და ი.მ-მ, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მიღებული დავალების თანახმად, ორგანიზება გაუწიეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას. გამოძიებამ დაადგინა, რომ  რ.ბ-მ უკრაინიდან მიიღო დავალება, დაემზადებინა ორი ცალი დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ უკანასკნელმა, ი.მ-სთან ერთად,  ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისათვის მიმართა ნ.ბ-ს, რომელმაც მოწყობილობა  გ.თ.-ს დაამზადებინა. ამის შემდეგ, რ.ბ-მ საბოლოოდ  ასაფეთქებელი მოწყობილობა თბილისში  ჩამოიტანა და ბ.ც-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მოწყობილობა უკრაინის მოქალაქეს მიუტანა.

აღნიშნული დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლების ერთობლივი კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიო და ვიდეო მასალა. საქმეზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და  დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები.

გამოძიება  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე  მიმდინარეობს  (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს)“ – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

აჭარის მთავრობის თანამშრომლებმა ჯილდოს სახით ერთ თვეში 157 580 ლარი აიღეს

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლებზე, 2019 წლის დეკემბერში, ჯილდოს სახით გაცემულია 157 580 ლარი. ამასთან დაკავშირებით დღეს, 30 იანვარს, განცხადება გააკეთა ენმ-ს წევრმა რეზო ხარაზმა, აჭარის მთავრობის შენობის წინ. სიაში მყოფი 109 პირიდან დანამატი მხოლოდ 7 პირს არ აქვს აღებული.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ მან ხელფასებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა ყველა უწყებიდან სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდეს.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის აპარატზე ხელფასების სახით ერთ თვეში გაცემულია 193 791.56 ლარი, პრემიის სახით კი 157 580 ლარი.

„არის შემთხვევები, როცა ერთ ადამიანზე ხელფასის სახით გაცემულია 3 ათასი ლარი, პრემიის სახით კი – 1 800 ლარი. ასეთი შემთხვევები არის ბევრი“, – ამბობს ხარაზი.

მაგალითად, მთავრობის თავმჯდომარის მძღოლზე პრემიის სახით გაცემულია 1350 ლარი, ფოტოგრაფზე  – 900 ლარი. მთავრობის აპარატის სტრატეგიული დაგეგმარების კონსულტანტზე კი პრემია გაცემულია ხელფასის ოდენობით – 2 800 ლარი, ინვესტიციების ანალიტიკოსზე 1 400 ლარი პრემიის სახით.

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი 3 200 ლარია, პრემიის სახით მას დეკემბერში დარიცხული აქვს 2880 ლარი, მის მოადგილეს კი – 2 900 ლარი.

მთავრობის აპარატში მინიმალური ხელფასი – 900 და 1000 ლარი მიღებული აქვთ, მაგალითად, მატერიალური უზრუნველყოფის ოპერატორს და დამლაგებლებს.

„როცა რიჟვაძე 6 მილიარდ ინვესტიციაზე საუბრობს, მაშინ ქვეყანაში ეკონომიკური დონეც უნდა იყოს მაღალი და სხვა ადამიანებიც ისეთივე მაღალ ხელფასს უნდა იღებდნენ, როგორიც მთავრობის აპარატში. მოსახლეობა კი წლის განმავლობაში ვერ იღებს იმდენ ხელფასს, რასაც მთავრობა იღებს პრემია-დანამატებში“, – ამბობს რეზო ხარაზი.

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები და პრემიები 2019 წლის დეკემბერში

 

„იაფი სახლის“ 40 ბინა – თითოეულის ფართობი, ღირებულება და ყოველთვიური გადასახადი

ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში გასანაწილებელი 40 ბინის შესახებ მონაცემები ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოში გადააგზავნა. საკრებულო საკითხს დღეს, 30 იანვარს, განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში კი, მერია ბინების ბენეფიციარებზე გაცემას დაიწყებს.

„პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ ფარგლებში, პირველი ეტაპის დასრულების [ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროისთვის არსებული 40 საცხოვრებელი ბინის განაწილების] შემდგომ, ახალი საცხოვრისის აშენებისა და პროგრამის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროგრამის პირველ ეტაპზე შედგენილ სარეიტინგო სიაში [აპლიკანტი ოჯახები, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მინიმალურ კრიტერიუმებს] რეიტინგის მიხედვით შეტანილი ოჯახების პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქულები გადაისინჯება, ხოლო, ის ოჯახები, რომლებსაც გადასინჯვის შედეგად დაუდგინდებათ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, მინიჭებული რეიტინგის გათვალისწინებით დაკმაყოფილდებიან“, – აღნიშნულია შესაბამის პროექტში, რომელიც ძალაში საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ შევა.

ნახეთ „იაფი სახლის“ ფარგლებში გასანაწილებელი თითოეული ბინის ფასი:

მისამართი: ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. #78ბ [კორპუსი „გ“]:
ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტიდან
მისამართი: ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. #78ბ [კორპუსი „დ“]:
ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტიდან

შაბათს მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი – როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 იანვარს, ბათუმში ღრუბლიანი ამინდი იქნება, უმეტესად – უნალექოდ. უნალექო ამინდი შენარჩუნდება ღამითაც, ხვალ, 31 იანვარს კი დღისით დროგამოშვებით იწვიმებს.

მთიან აჭარაში თოვაა მოსალოდნელი, ზოგან – ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით:6-11 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, პირველ თებერვალს მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში ნალექი, თოვლ-ჭყაპის სახით, მთაში თოვა, მომდევნო 2 დღეს კი, 2-3 თებერვალს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

______________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

შსს: დაკავებულია არასრულწლოვნის „სუტინიორი“ და ტაქსის მძღოლი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში, 1996 წელს დაბადებული მ.ფ., 1973 წელს დაბადებული მ.გ. და 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს.

შსს ინფორმაციით, „ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.

სამივე ბრალდებული – დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. „სუტინიორი“ და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“.

არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

___________

ფოტო: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

მეთევზეების სეზონი შავ ზღვაში [ფოტო]

წლის მანძილზე ათი თვე ზღვაში არიან. თუმცა არც ერთი მათგანი არასდროს ყოფილა შორეულ ნაოსნობაში. „ჩვენ მებადურები ვართ, მებადური მეზღვაურები“, – ამბობენ ისინი, თევზსაჭერ სეინერ „ბეშუმის“ ეკიპაჟის წევრები.

სეინერი „ბეშუმი“ მისმა მეპატრონემ ბათუმში ააგო და ზღვაში 5 წლის წინ ჩაუშვა. ეკიპაჟი ექვსი წევრისაგან შედგება, კაპიტანი და ხუთი მებადური. სეინერი ზღვაში მხოლოდ კარგ ამინდში გადის. ყველა გასვლას კი თან ახლავს იმედი, რომ ნაპირზე ბევრი თევზით დაბრუნდებიან.

თოლიები გუნდად მიჰყვებიან თევზსაჭერ სეინერს ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ასე იყო 27 იანვარსაც, როცა ბათუმის იახტკლუბში მდგარმა „ბეშუმმა“ ღუზა აუშვა და ზღვაში გავიდა.

თევზსაჭერ სეინერ „ბეშუმის“ კაპიტანი მოგელი ფარულავა გემის სვლას ანელებს, რომ მებადურებმა ზღვაში ბადე გადააგდონ.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეთევზეები ზღვაში ფსკერულ ბადეს უშვებენ

ქაფშიის სეზონი ფაქტობრივად იწურება, ამიტომ ეკიპაჟს დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ 27 იანვარს რაიმეს დაიჭერდა.

„დღეს, ასე ვთქვათ, დაზვერვაზე ვართ გამოსული, ფსკერული ბადით ვთევზაობთ. შევხედავთ, რას დავიჭერთ და იმის მიხედვით გავაგრძელებთ მერე თევზაობას,“ – გვიხსნის ირაკლი ხინიკაძე.

ირაკლი ათი წელია მეზღვაურია. საზღვაო სასწავლებლის დასრულების შემდეგ თევზსაჭერ სეინერზე წავიდა სამუშაოდ და დღემდე მიჰყვება თავის პროფესიას.

„ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. რომ არ მომწონდეს, ნამდვილად არ გავჩერდებოდი აქ ამდენი წელი. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყოველდღე ახალ-ახალი რაღაც ხდება. ახლის მოლოდინში ხარ სულ. არ იცი, რა იქნება დღეს და ხვალ.  ჯეკპოტის „პონტია“ რა. შეიძლება ერთ დღეს აშენდე (ბევრი თევზი დაიჭირო), ან შეიძლება ყველაფერი დაიყვანო ნულზე (საწვავის ხარჯიც ვერ ამოიღოს დაჭერილმა თევზმა)“, – ამბობს ირაკლი.

ირაკლი ხინიკაძე და მამუკა კირცხალია თევზსაჭერ სეინერ “ბეშუმზე” კაიუტაში ელიან ზღვიდან ბადის ამოღებას

მამუკა კირცხალია 45 წლისაა. 1997 წლიდან თევზსაჭერ სეინერზე მუშაობს. მისთვის სეზონი ტრაგიკულად დაიწყო. ის გემ „განთიადის“ ეკიპაჟის წევრი იყო. გემი გასული წლის 7 დეკემბერს, ქობულეთის სანაპიროსთან ჩაიძირა.

„გემი შეეჯახა ე.წ. ტაპლაკს, ესაა ზღვაში მოტივტივე დიდი მორი, რომელიც არც ფსკერზეა ჩაძირული და არც ზედაპირზე ჩანს. გემი დაზიანდა –  წყალი შემოვიდა. სამაშველო სიგნალი მალე გავუშვით, მაგრამ გემის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც იქ ხდებოდა, ამას ენით ვერ აღვწერ. ძალიან დიდი შოკი გადავიტანეთ ეკიპაჟის ყველა წევრმა,“ – იხსენებს მამუკა.

სანამ მეთევზეები კაიუტაში ისვენებდნენ, ყავას სვამდნენ და თავიანთ ამბებს ჰყვებოდნენ, კაპიტანმა ნიშანი მისცა და ზღვიდან ბადის ამოღებაც დაიწყო.

მეთევზეები მამუკა კირცხალია და ანზორ დოლიძე პირველად ნასროლ ბადეს ამოყოლილ თევზთან ერთად ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

პირველად ამოღებულ ბადეს ცოტა თევზი ამოჰყვა. ოციოდე ბარაბულკა, მხოლოდ ერთი კამბალა  და ერთიც ნაგვერდალა.

ანზორ დოლიძე გვაჩვენებს ახალდაჭერილ ნაგვერდალას

ანზორ დოლიძე 52 წლისაა და ეკიპაჟის წევრებს შორის  ყველაზე უფროსია. თავიდან მეთევზეთა ნავზე მუშაობდა. 2006 წელს თევზსაჭერ სეინერზე დაიწყო მუშაობა და დღემდე ზღვაშია.

მეთევზეები დაჭერილ თევზს ძირითადად ბათუმის თევზის ბაზარში ყიდიან. თუ ბევრს დაიჭერენ, მაშინ თევზის ქარხნებს აბარებენ ფოთში.

„მეთევზეების შრომა დაუფასებელია. ყველაზე მეტი შრომა ჩვენ გვიწევს და ყველაზე მეტი რჩება გადამყიდველს. წელს 70-80 თეთრად ვაბარებდით კილო ქაფშიას,“ – გვიყვება ანზორ დოლიძე.

თევზის ამოღების შემდეგ მეთევზეებმა ბადე ისევ ზღვაში ჩაუშვეს და კაიუტაში დაბრუნდნენ.

ვახტანგ ჯინჭარაძე 36 წლისაა, 15 წელია მეთევზეა. პროფესიით სამკურნალო მცენარეთა მომპოვებელია.

„მაგრამ ვერ მოვიპოვე ვერანაირი მცენარე და აღმოვჩნდი ზღვაში,“ –  გვეუბნება ვახტანგ ჯინჭარაძე და მის ამ რეპლიკაზე ყველა მეთევზე გულიანად იცინის.

მომენტი, როცა ვახტანგ ჯინჭარაძე (მარჯვნიდან პირველი) გვეუბნება, რომ პროფესიით სამკურნალო მცენარეთა მომპოვებელია

მეთევზეები პირველად ნასროლ ბადეს ამოყოლილ მცირე რაოდენობის თევზზე დარდობენ და ქართველ მეთევზეთა პრობლემებზე ყვებიან.

„ძალიან პატარა ადგილი გვაქვს სამუშაოდ. წელს ქაფშიის სეზონი რომ დაიწყო, პირველი სამი დღე არ შემოსულან თურქული სეინერები და „ვიგულავეთ“, რასაც ჰქვია, 40-45 ტონა თევზიც კი დავიჭირეთ. მერე რომ შემოვიდნენ, შემცირდა თევზი. ჩვენ გვაქვს 24 მეტრი დიამეტრის და 2 მეტრი სიღრმის ბადე, მაშინ, როცა მათი ბადეები კილომეტრზე მიდის ლამის. რომ წარმოიდგინოთ, ერთი დიდი ფეხბურთის სტადიონი – აი, მაგხელაზე იშლება მათი ბადე და ყველაფერს იჭერს, რაც ბადეში ხვდება. ჩვენ კიდევ იმის საშუალება არ გვაქვს, მსგავსი ბადე ვიყიდოთ, ლამის ნახევარი გემის ფასი ღირს,“ –  ამბობს მამუკა კირცხალია.

თევზჭერის ლიცენზიას ქართველი მეწარმეები ფლობენ, მაგრამ იმის გამო, რომ თურქული სეინერები უფრო თანამედროვე ბადეებით და ტექნიკითაა აღჭურვილი, მათ ქირაობენ თევზის დასაჭერად.

„ქართველი ფლოტის მაღალ დონეზე აყვანას არავინ ფიქრობს. იგივე თურქეთში და სხვა ქვეყნებში სახელმწიფო რომ უდგას გვერდით მეთევზეებს, ისე არ უდგას ჩვენი სახელმწიფო მეთევზეებს გვერდით. ჩვენც შეგვიძლია ამ თევზის მოპოვება, უბრალოდ ხელის შეწყობა არაა, ტექნიკა არ გვაქვს. კრედიტი რომ აიღო და ბადე იყიდო, არ გაქვს საშეღავათო პერიოდი. თურქი მეთევზეებისგან ვიცით, რომ იქ სახელმწიფო ეხმარება მათ. აძლევენ კრედიტს და ხუთი წლის მერე იწყებენ გადახდას. აქ კიდევ ბანკში რომ მიხვიდე და მოგცეს კრედიტი, მაშინვე ითხოვს. ამ დროს შეიძლება თევზი არ იყოს და ვერ გადაიხადო,“ – გვეუბნება ვახტანგ ჯინჭარაძე.

სანამ მეთევზეები თავიანთ პრობლემებზე საუბრობდნენ, კაპიტანმა კიდევ ერთი ნიშანი მისცა და მეთევზეებმა ზღვიდან ბადის ამოღება დაიწყეს. არც მეორედ ნასროლი ბადე აღმოჩნდა სავსე თევზით.

ბადეს რამდენიმეათეული ბარაბულკა და ორი კამბალა  ამოჰყვა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეთევზე წვრილ თევზს და მედუზებს აბრუნებს ზღვაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მეთევზეებმა გადაწყვიტეს, კიდევ ეცადათ ბედი და ბადე ზღვაში მესამედ გადააგდეს.

მეთევზეები აგდებენ ზღვაში ბადეს ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ბადის გადაგდების შემდეგ ისევ კაიუტაში დავბრუნდით და ისევ პრობლემებზე განვაგრძეთ საუბარი.

მამუკა კირცხალია გვეუბნება, რომ იმ უამრავ პრობლემას შორის, რომლებსაც მეთევზეები აწყდებიან, ერთ-ერთი გემის გასაჩერებელი ადგილის არქონაა.

„იახტკლუბის ტერიტორიას ჰყავს თავისი მეპატრონე. ახლა კი გვაჩერებინებს იქ გემს, მაგრამ ზაფხულში ფიზიკურად ადგილი არაა გასაჩერებელი. ზაფხულის შტორმების დროს სულ შიშში ვართ, გემს რამე არ მოუვიდეს. პორტი არ გვიშვებს მის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ჰაერში ვართ,“ – ამბობს ის.

ამასობაში კიდევ ერთხელ მისცა კაპიტანმა ნიშანი და მეთევზეები ბადის ამოსაღებად აიშალნენ.

ბადის ამოსაღებად მეთევზეს სისხარტე და საკმაოდ დიდი ენერგიის დახარჯვა სჭირდება
მეთევზეები იღებენ ბადეს ზღვიდან

ბადეს ამჯერადაც ცოტა თევზი ამოჰყვა. მეთევზეებმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს ბედის ცდა, თუმცა ქარი ამოვარდა და ბადის გაშლა შეუძლებელი გახდა.

მეთევზეები ერთმანეთს ამხნევებენ და ბჭობენ, ისევ გადააგდონ თუ არა ბადე ზღვაში
საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ მუშაობა შეწყვიტონ და ნაპირზე დაბრუნდნენ
ნაპირისკენ მიმავალ მეთევზეებს ისევ თოლიების გუნდი აცილებდა

მე მოვიპარე შოკოლადი [ვიდეო]

„არავის წინაშე არ ხარ პასუხისმგებელი: არც მშობლის, მეგობრების, გარშემომყოფების. შენ თავს არ უნდა გაუკეთო ეს ყველაფერი… ჯობია, გაწვალდე, იმუშაო და სხვისი არაფერი მიისაკუთრო. ძალიან დიდი სტრესია ეს ყველაფერი,“ – ამას ბათუმში მცხოვრები სოფო გვიყვება [სტატიაში მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეცვლილია]. ის პოლიციამ ქურდობისთვის დააკავა. სოფო არასრულწლოვანი იყო. ის განრიდების პროგრამაში ჩართეს.

რას აკეთებენ არასრულწლოვნები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და განრიდების პროგრამაში ჩართეს? რას ფიქრობენ თავად მოზარდები განრიდებით გათვალისწინებულ აქტივობებსა და საზოგადოების განწყობაზე, რომ სახელმწიფოს მიდგომა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ ლოიალურია და ეს მიდგომა მოზარდებს დანაშაულის ხელახალი ჩადენისკენ უბიძგებს – „ბათუმელები“ ორ განრიდებულს ესაუბრა. ერთ-ერთმა მათგანმა განრიდების პროგრამა უკვე დაასრულა, მეორე – ამჟამად მოხუცთა თავშესაფარში კვირაში ერთ დღეს მუშაობს. ეს სოფოა. მან განრიდების პროგრამით გათვალისწინებული კიდევ ერთი დავალებაც შეასრულა – ესეი დაწერა თემაზე: „დანაშაულის გამომწვევი მიზეზები“.

„რადგან დამნაშავე ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განმარტებას არ იმსახურებ…“

ორივე პირი, რომლებიც განრიდების პროგრამაში იყვნენ ჩართული, სტრესად საგამოძიებო ორგანოში ყოფნას ასახელებს – ღამეებს, რომელთა გათენებაც მოზარდებს პოლიციის განყოფილებაში მოუხდათ.

სოფომ ბათუმში, ერთ-ერთ საკანცელარიო მაღაზიაში ბლოკნოტი მოიპარა. ჩათვალა, რომ ამას ვერავინ შენიშნავდა. სახლში მისვლამდე მას პოლიციიდან დაუკავშირდნენ და განყოფილებაში დაიბარეს.

„პოლიციელები ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ რადგან დამნაშავე ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახსნა-განმარტებას არ იმსახურებ,“ – გვიზიარებს სოფო გამოცდილებას, რაც მან პოლიციის განყოფილებაში მიიღო.

სოფოს სურვილი იყო, განრიდების პროგრამის ფარგლებში ისევ იმ საკანცელარიო მაღაზიაში ემუშავა, სადაც ბლოკნოტი მოიპარა. გული წყდება, რომ ამ შეთავაზებაზე მაღაზიამ უარი თქვა. „ხშირად საზოგადოება დამნაშავეს გამოსწორების შესაძლებლობას არ აძლევს. ესაა ყველაზე ცუდი,“ – ასკვნის სოფო.

„…ამ დრომდე არ მაქვს პასუხი, რატომ მოხდა ეს. ალბათ, უფრო ბავშვური სურვილის დაკმაყოფილება იყო. ბევრს ჰგონია, რომ ექსტრემალური სიტუაციაა ეს, ზოგს ეს სიამოვნებს კიდეც. დანაშაულის ჩადენის მიზეზი ზოგჯერ ოჯახური მდგომარეობაა, ან ჩამოუყალიბებლობა,“ – გვიყვება სოფო. მისი დაკვირვებით, არასრულწლოვნები ხშირად ვერ იაზრებენ იმას, რომ ქურდობა დანაშაულია. სოფო აქცენტს აკეთებს მოზარდებს შორის ბულინგზეც.

„ზოგს სიამოვნებს ერთმანეთის აყოლიება. ბიჭებში ხშირად არის, შევსწრებივარ სიტუაციას, თუ მაგარი ბიჭი ხარ, მიდი და მოიპარე… დანაშაული ჰგონიათ მკვლელობა მხოლოდ, ადამიანის დაჭრა. საგნის მისაკუთრება თუ დანაშაულია, ეს გაცნობიერებული არ აქვთ,“ – გვიყვება სოფო.

ნიკა: კონსულტანტთან, ვისაც შოკოლადები მოვპარე, შეხვედრა შემრცხვა 

ნიკამ განრიდების პროგრამა უკვე დაასრულა. ის უფასო სასადილოში მუშაობდა. განრიდების პროგრამის ფარგლებში კონსულტანტსაც შეახვედრეს, რომელსაც სუპერმარკეტში შოკოლადები მოჰპარა.

„ფულიც მქონდა, მაგრამ რატომ არ ვიყიდე და ვარჩიე, რომ ასე ამეღო, არ ვიცი… 20 ლარის შოკოლადი იყო. დაზარალებულს როცა მახვედრებდნენ, მქონდა სირცხვილის გრძნობა. არ ვიცოდი, რა მეთქვა… ის გამეხუმრა. მითხრა, გელოდი ნახევარი საათიო, მერე გაბრაზებულა. ნახევარ საათში რომ დაბრუნებულიყავი, აღარ დავრეკავდი პოლიციაში, გიცნობიდი სახეზე და გეტყოდი, დამიბრუნე ჩემი შოკოლადებიო… მერე დავუახლოვდით ერთმანეთს,“ – იცინის ნიკა.

ნიკა მიიჩნევს, რომ განრიდების პროგრამა რომ არა, სხვაგვარი იქნებოდა მისი ცხოვრება. ნიკა განსაკუთრებით სოციალურ მუშაკს და მედიატორს ემადლიერება. მიიჩნევს, რომ ამ პროგრამაში ჩართვის შემდეგ სხვაგვარად შეხედა ცხოვრებას და საკუთარ მომავალს.

„უფასო სასადილოში ვეხმარებოდი მოხუცებს… თავიდან გამიჭირდა შეგუება, მერე დიდი სიხარულით მივდიოდი იქ, მოხუცებიც მცნობდნენ. პროგრამა როცა დასრულდა, შემდეგაც მივედი…

განრიდება რომ არა, სხვა ადამიანი ვიქნებოდი ახლა. მივხვდი ისეთ რაღაცებს, რაც არ ვიცოდი, რაზეც ადრე დაკვირვებული არ ვიყავი,“ – აღნიშნავს ნიკა.

პრობლემა – მოზარდები ითხოვენ ფსიქოლოგს

ორივე რესპოდენტი ამბობს, რომ განრიდების პროგრამაში სოციალურ მუშაკთან და მედიატორთან ერთად ფსიქოლოგიც უნდა იყოს ჩართული. ნიკასთან ფსიქოლოგს არ უმუშავია. სოფოს კი პროგრამის მიხედვით ჰქონდა დავალებული რამდენიმე ვიზიტი ფსიქოლოგთან.

„სხვამ შესაძლოა ეს არ აირჩიოს… მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგთან მუშაობა აუცილებელია, როცა პირისპირ, ერთი-ერთზე ხვდები ფსიქოლოგს და ესაუბრები, ამ დროს სხვაგვარად ხდება დანაშაულის გააზრება… ძალიან დიდი სტრესია ეს ყველაფერი,“ – გვითხრა სოფომ.

„ფსიქოლოგი არა, სოცმუშაკი მუშაობდა ჩემთან და ეს იყო ძალიან კარგი ჩემთვის… კარგი იქნება, იყოს ჩართული ფსიქოლოგი,“ – ამბობს ნიკა.

როცა ქურდობის მიზეზი სიღარიბეა

რესპონდენტებს ვკითხეთ შემთხვევებზეც, როცა არასრულწლოვნები სიღარიბის, შიმშილის გამო ქურდობენ. სოფო და ნიკა მიიჩნევენ, რომ გამოსავალი მხოლოდ განრიდება ვერ იქნება და სახელმწიფომ ამ მოზარდების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს.

ნიკა: „თუ ღარიბია, მისთვის ზედმეტი იქნება განრიდებაც. შეიძლება, განრიდება დაეხმაროს, მაგრამ მისი სოციალური ფონი არ შეიცვლება… მე მოვუწოდებ [მოზარდებს], რომ თავად გამოიმუშაონ ფული, როგორც შეუძლიათ, იმუშაონ დღიურად, თვიურად. მართლა ძალიან ცუდია ქურდობა – იმიტომ არა, რომ განრიდების მეშინია ან ციხის. მე ვიცი ის, რომ მექნება ძალიან დიდი პრობლემები, ეს რომ ისევ განმეორდეს, განრიდება აღარ მიშველიდა“.

სოფო: „როგორც უნდა გიჭირდეს, არ უნდა მიისაკუთრო სხვისი ნივთი… თუ არის მატერიალური მიზეზი, რომ დანაშაულს ჩადიხარ, ჯობია, რომ ყველანაირად გაწვალდე, იმუშაო და სხვისი არაფერი მიისაკუთრო…. იმხელა ნერვიულობა, სტრესი, სირცხვილის გრძნობა და ყველაფერი უარყოფითია ამ პროცესში, არაფერი არ ცვლის ამ გრძნობას“.

2019 წელს 796 შემთხვევაში გამოიყენეს განრიდება

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს 437 არასრულწლოვნის მიმართ გამოიყენეს განრიდება და კიდევ 359 პირის მიმართ, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 21 წელი. 2016 წლიდან განრიდებისა და მედიაციის პროგრამა მოქმედებს 14-დან 21 წლამდე ასაკის ადამიანებზე.

21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის (14 წლის ასაკიდან) მიმართ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის პირობებში:

  • ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, ე.ი. ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირი არ არის ნასამართლევი;
  • 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს და თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს განრიდების პროგრამაში;
  • არ არსებობს ისეთი გარემოებები, რაც აუცილებელს ხდის პირის დასჯას.

________

 

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი სოცმუშაკებს, რომლებიც დღეს შეამცირა

ჯანდაცვის სამინისტრო კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც შეამცირეს. ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკების შემცირებაზე განმარტება წერილობით მოგვაწოდა, სადაც არაა განმარტებული, კონკრეტულად რის მიხედვით შეარჩიეს სოცმუშაკები, რომლებსაც რეორგანიზაცია შეეხო.

ქვეყნის მასშტაბით დღეს 271 სოცმუშაკიდან სამსახური 28 სოცმუშაკმა დაკარგა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში პირველი თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება. ამ უწყებას დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება და სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება.

„აღსანიშნავია, რომ არამც და არამც არ მცირდება სოციალური მუშაკების რაოდენობა, პირიქით, პოზიციები ემატება და ასევე ემატება სხვადასხვა ფუნქცია მათ გასაძლიერებლად. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს იქნება წამყვანი ფუნქცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ბავშვზე ზრუნვის მიმართულება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ. [ეს კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრმა წერილობით მოგვაწოდა].

„იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც აღნიშნულ სააგენტოში მუშაობდნენ, აქვთ შესაძლებლობა კონკურსის გავლის შემდეგ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში დასაქმდნენ. სოციალურ მუშაკებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. საბოლოოდ მათზე და საკონკურსო კომისიაზე იქნება დამოკიდებული დასაქმდებიან თუ არა ისინი გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციებზე,“ – აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს 2019 წლის 1-ელი მარტიდან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, თანამშრომლებისთვის იყო სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული… რეორგანიზაციის დასრულების პირველივე თვეს თანამშრომლებს ხელფასებიც მოემატათ, სოციალური მუშაკის ხელფასი შეადგენს 1200, ხოლო უფროსი სოციალური მუშაკის –  1400 ლარს,“ – მოგვწერეს ჯანდაცვის სამინისტროდან.

სოციალურ მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლის, ქეთი ხუციშვილის განმარტებით, იმ სოცმუშაკებს, რომელთაც დღეს, 29 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების წერილი მიუვიდათ, სამინისტრომ გათავისუფლების მიზეზი არ განუმარტა. ხუციშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ვალდებულება, სამსახურიდან გათავისუფლების წერილში ზუსტად განემარტა გათავისუფლების მიზეზი.

მთავარი ფოტო: სოცმუშაკების გაფიცვა ბათუმში, 2019 წლის მარტი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ჟამი როდის დადგება? – მოსამართლის კითხვა „უჩიპო“ პირადობების საქმეზე

„მობილურ ტელეფონს ხომ იყენებთ? იქნებ, მითხრათ, რა განსხვავებაა მობილური ტელეფონის „ჩიპსა“ და პირადობის მოწმობის „ჩიპს“ შორის?“ – ჰკითხა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ მოსარჩელეებს, რომლებიც „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს რელიგიური მოტივით ითხოვენ და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

„წმინდანი გვაფრთხილებს, რომ ეს არის ეშმაკის ბეჭედი“, – ხმამაღლა უპასუხა კითხვას მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა სასამართლო პროცესზე და პაუზის შემდეგ დაამატა:

„არ შეიძლება მობილური ტელეფონი და პასპორტი ერთმანეთს შეადარო. არ მინდა, რომ ინფორმაცია ერთ „ჩიპზე“ იყოს თავმოყრილი. მე არც საბანკო ბარათი მაქვს, მობილური ტელეფონი შვილის სახელზე მაქვს თან გაფორმებული“, – აღნიშნა ნანა სეფაშვილმა.

„პირადობა საჭიროა ყველგან და მობილურს მინდა გამოვიყენებ, მინდა – არა,“ – მოკლედ მიუგო იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს მოსარჩელე ია რეხვიაშვილმა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პირადობის მოწმობა, რომელიც ელექტრონულ მატარებელს შეიცავს, ანუ „ჩიპიანია,“ რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს და არის ანტიქრისტეს ნიშანი.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 29  იანვარს ამ საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.

კითხვა-პასუხის პროცესში მოსამართლეებიც ჩაერთნენ.

„ჩვენც არ ვამბობთ, რომ ეს არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ ეს არის ამის წინასახე… თუ ასე გაგრძელდა, მერე „ჩიპებს“ ადამიანების სხეულშიც განათავსებენ იმპლანტების სახით. ეს იქნება სრული აპოკალიფსი,“ – მიმართა მოსამართლეს მოსარჩელე ია რეხვიაშვილმა.

„ანტიქრისტე უნდა მოვიდეს ხო?“ – იკითხა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ.

„კი, დაწყებულია უკვე პროცესი“, – მიმართა მოსამართლეს ია რეხვიაშვილმა და ვრცლად მიმოიხილა, რა წერია იოანე ღვთისმეტყველის წერილში.

„პირდაპირ ასე წერია, რომ ელექტრონული ჩიპები ანტიქრისტეს ნიშანიაო?“ – დიალოგში ჩაერთო მოსამართლე ევა გოცირიძეც.

„ეს არ წერია, მაგრამ ესაა წინასახე… ეს არის მეორედ მოსვლის ნიშანი,“ – რამდენჯერმე გაიმეორა ია რეხვიაშვილმა.

„ადრეც იყო დაანონსებული მეორედ მოსვლა, აპოკალიფსი…“ – ჩაილაპარაკა მოსამართლე გიორგი კვერეჩხილაძემ და იქვე იკითხა: „ჟამი როდის დადგება?“

„არ ვიცი. ცრუ წინასწარმეტყველებებიც ბევრია,“ – უპასუხა მოსამართლეს ია რეხვიაშვილმა.

„თქვენ გინდათ, თავი მოაწონოთ ევროპას, მაგრამ ჩვენი უფლებაა შინაგანი რწმენა დავიცვათ,“ – მიუბრუნდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მოსარჩელეები. მათი თქმით, ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, სადაც ალტერნატივა არსებობს და სავალდებულო არაა ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება.

„გაყალბება რომ მოგინდეთ?“ – მიმართა მოსარჩელეებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

„გაყალბების დასაცავად ბევრი რესურსია სახელმწიფოში“, – უკან არ დაიხია ნანა სეფაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვა ლოჯისტიკური მიდგომაა და, ზოგადად, საქართველოში ამ კუთხით მაღალი სტანდარტია. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროპული სტანდარტი ელექტრონული მოწმობების გაცემას გულისხმობს.

„მართალია, რელიგიური ნიშნით არ მომხდარა, მაგრამ ბრიტანეთმაც ჩათვალა, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობებით მოხდებოდა ტოტალური კონტროლი,“ – განაგრძო დისკუსია მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა.

„არა, ეს გამორიცხულია. ჯერ ერთი, დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზეა ქუჩაში სათვალთვალო კამერების რაოდენობით, კონტროლის კუთხით ასე ვერ იქნებოდა…“ – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

„სასწავლო დაწესებულებებშიც ბევრია, კი“, – ჩაერთო დიალოგში მოსამართლე მერაბ ტურავა.

როგორ შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონული პირადობის მოწმობა რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფად, როცა ამას ასე არ უყურებს საპატრიარქო? – ვკითხეთ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსარჩელე ია რეხვიაშვილს.

„პრესას ერთი საკითხი გაინტერესებთ მხოლოდ, საპატრიარქო თუ ეწინააღმდეგება, მაგრამ ერთი რამაა: აქ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზეა საქმე. ეკლესია აღიარებს, რომ არსებობს ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მართლმადიდებლურ სამყაროში და სახელმწიფომ უნდა გაიზიაროს მრევლის იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არის ანტიქრისტეს წინასახე, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ძალიან ბევრი სასულიერო პირია საქართველოშიც, ვინც ამ საკითხს ასე უყურებს. მეუფე იობის სარჩელიც ჰქონდა და ბოლომდე იბრძვის…  საბერძნეთში მილიონიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა ამ საკითხზე და წმინდა პაისი ედგა წინ, იქ დაუშვეს ალტერნატივა,“ – გვითხრა ია რეხვიაშვილმა.

26 დეკემბრის შემდეგ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „უჩიპო“ პირადობის გაცემა დაუშვა, იუსტიციის სახლებში 96-მა მოქალაქემ მოითხოვა პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის, ანუ „ჩიპის“ გარეშე. 28 იანვრის მონაცემებით, გაცემულია 32 პირადობის მოწმობა.

მურაბა რომ სასარგებლო იყოს – ყველაფერი, რაც ხილის დაკონსერვებაზე უნდა იცოდეთ

ზამთრის პერიოდში, როდესაც ორგანიზმი საჭირო რაოდენობით მრავალფეროვან ხილსა და ბოსტნეულს ვერ იღებს, საჭიროა, ვიტამინებისა და მინერალების დანაკლისის სხვა გზით შევსება. ამ შემთხვევაში არჩევანი მრავალფეროვანი არ არის. საზოგადოებაში ყველაზე პოპულარული კი ხილის მურაბები და კომპოტებია. რადგან ეს ორი პროდუქტი ცოცხალი ხილისგან კეთდება, მიჩნეულია, რომ ისიც ისეთივე სასარგებლოა, როგორც თავად საწყისი ხილი.

რეალურად მურაბებს მართლაც აქვთ სასარგებლო თვისებები, რომლებიც ასე გამოიყურება:

[checklist]

  • დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობილებაზე
  • შეიცავს ვიტამინებს
  • დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ვინაიდან მათში ბევრია უჯრედისი, რომელიც ხარშვისას არ იცვლება
  • ზოგიერთი მურაბა, განსაკუთრებით კენკროვანი ხილით მომზადებული, შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება

[/checklist]

ასეთია მურაბის სასარგებლო თვისებები, თუმცა, სამწუხაროდ, არა ყველა მურაბის. ხშირად გაიგებთ ფრაზას, რომ ოჯახში დამზადებული პროდუქტია და რატომ არ უნდა იყოს სასარგებლო, თუმცა ასეც ხშირად ხდება. მურაბები კონსერვაციის გზით მიიღება, რაც არც ისე მარტივი პროცესია და ამ დროს შეიძლება სასარგებლო პროდუქტი მავნედაც კი იქცეს.

„აგროჰაბი“, რომელიც საზოგადოებისთვის ჯანსაღი პროდუქტების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, მომხმარებელს მურაბების, კომპოტებისა და საწებლების 40-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. ხოლო კითხვაზე, თუ როგორ მზადდება სასარგებლო მურაბა, “აგროჰაბის“ ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების ინჟინერ-ტექნოლოგი ცინო ნაცვლიშვილი გვესაუბრება.

ინჟინერ-ტექნოლოგი ცინო ნაცვლიშვილი
ინჟინერ-ტექნოლოგი ცინო ნაცვლიშვილი

„იშვიათია ოჯახი, სადაც რაიმე სახის მურაბა ან კომპოტი არ მზადდება. თუმცა კონსერვაციას, ისევე როგორც ყველაფერს, აქვს თავისი სტანდარტი და ტექნოლოგია, რომლის დაცვაც დიასახლისებს ხშირად უჭირთ. ხილმა უნდა შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო თვისება და გადავიდეს ორგანიზმში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უბრალოდ ტკბილეულს, რომელიც შეიცავს ბევრ შაქარს და საერთოდ არ შეიცავს ვიტამინებს. სასარგებლო თვისებების დაკარგვა კი, როგორც წესი, არაწორი დოზირებით ან კონსერვაციის წესების დარღვევის გამო ხდება,“ – განმარტავს ინჟინერ-ტექნოლოგი.

ნაცვლიშვილის განმარტებით, სასარგებლო მურაბის მისაღებად შემდეგი პუნქტების გათვალისწინებაა საჭირო:

[checklist]

  • ყველაფერი იწყება ნიადაგიდან. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ საკუთარ ბაღში მოყვანილი ხილით აკეთებს მურაბას, მაგრამ ეს ბაღი იმდენად ახლოს იყოს გზასთან და დაბიძნურებულ გარემოში მოხდეს მისი მოყვანა, რომ საბოლოოდ ის პროდუქტი სულაც არ იყო სასარგებლო თვისებების მატარებელი. ამიტომ მურაბა უნდა გაკეთდეს ისეთ ფერმაში გაკეთებული ხილისგან, სადაც მიწის ანალიზი ჩატარებულია. შეიძლება ვინმემ სრულიად გაუცნობიერებლად ისეთ ადგილზე დარგას ხეხილი, სადაც ადრე რადიოაქტიური ნარჩენები იყო დაყრილი. სწორედ ამიტომ არის ნიადაგი პირველი პუნქტი.
  • ბოლო პერიოდში ხშირად იყენებენ მინერალურ სასუქებს, თუმცა ნიადაგის გამოკვლევის გარეშე არც ამ სასუქის გამოყენება შეიძლება. მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი მოისხას, სასუქის გამოყენება დაუშვებელია. ასე მოყვანილი ხილით სასარგებლო მურაბას ვერ გააკეთებთ. ამიტომ ბაზარში და გაურკვეველ პუნქტებში შეძენილი ხილის ყიდვა დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
  • სასარგებლო მურაბა რომ მიიღოთ, ხეხილი უნდა შეიწამლოს ყვავილობის პერიოდეამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში წამალი ხილზე გადმოვა და მას გულდასმით გარეცხვაც აღარ უშველის. სწორედ ამიტომ ფერმერი უნდა იყოს განათლებული და თავისი საქმის მცოდნე.
  • მურაბა გემრიელი რომ იყოს, ხილი მოკრეფამდე ბოლო 3 დღის განმავლობაში არ უნდა იყოს მორწყული. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში წყლის კონცენტრაცია ირღვევა.
  • მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ხილი სანდო ფერმერის მოყვანილია, უკვე მომზადების ტექნოლოგიას, კონსერვაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. აუცილებელია დაიცვათ წყლის და შაქრის კონცენტრაცია. მურაბების ნაწილი, როგორიცაა, კენკროვანები, ერთჯერადი ხარშვით მზადდება. უფრო მაგარ და დიდი ზომის ხილს რამდენჯერმე უნდა დამუშავება. მათი მოხარშვა ოთხჯერადი ან ხუთჯერადი დაყოვნებით უნდა მოხდეს. თუმცა წამოდუღებასაც თავისი წესები აქვს. ადუღება უნდა მოხდეს სწრაფად, მაღალ ცეცხლზე. შემდეგ მასა უნდა ადუღოთ 15-20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. 6-7 საათიანი დაყოვნების შემდეგ კი იგივე უნდა გაიმეოროთ.

[/checklist]

„საერთო ჯამში, სასარგებლო მურაბის გაკეთება საკმაოდ რთული პროცესია და ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას ჩვენს მურაბებსა და კომპოტებს, რომლებიც ადგილობრივად ჭიქებში იყიდება. ჩვენ „აგროჰაბის“ გახსნისთანავე შევქმენით მცირე ზომის საწარმო, რომელიც კეთილსინდისიერ ფერმერებთან თანამშრომლობს და ხილ-ბოსტნეული რეგიონებიდან, სუფთა გარემო პირობებში გაზრდილი ბაღებიდან მოაქვს. ხარისხის კონტროლის საკმაოდ მაღალ სტანდარტებს ვიცავთ და საბოლოოდ, ვიღებთ სასარგებლო და ჯანსაღ პროდუქტს. ჩვენი მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციაა, სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ მურაბებსაც, რომლებსაც შაქრის ნაცვლად სტევიოზიდით ვაკეთებთ. ეს პროდუქტი სრულიად მისაღებია ბავშვებისთვისაც და დიაბეტით დაავადებულებისთვისაც. ტრადიციულის პარალელურად, ვქნით ახალ პროდუქტებსაც. მაგალითად, ასეთია კივის საწებელი. ვისი ორგანიზმიც ტყემლის მჟავიანობას ვერ იტანს, მათთვის ეს საუკეთესო გამოსავალია. კივის განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებების გამო, აღნიშნული საწებელის გამოყენება მეტად რეკომენდებულია,“ – განმარტავს ცინო ნაცვლიშვილი.

საწებელთან დაკავშირებული კიდევ ერთი საეჭვო საკითხი არის მასში კონსერვანტის გამოყენება. ოჯახებში დამზადებული და ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი საწებლების დიდი ნაწილი სწორედ კონსერვანტით მზადდება, რაც მიზანშეწონილი არ არის. ვინაიდან აგროჰაბის მიმართულება არის ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი , ჩვენი წარმოება უარს აცხადებს კაონსერვანტების გამოყენებას და მომხმარებელს მხოლოდ ნატურალურ პროდუქციას სთავაზობს. ეს უზრუნველყოფილი არის სწორი ტექნოლოგიით, რის შედეგადაც ჩვენი პროდუქციის შენახვის ვადა 2 წლამდე ხანგრძლივდება. პროდუქცია უნდა ინახებოდეს 0-20 °C ტემპერატურაზე, მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე, სადაც ტენიანობა არ უნდა იყოს მაღალი.

ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა

ბათუმის მერიამ დააზუსტა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ოჯახები, რომლებსაც ბინები გადაეცემათ. განისაზღვრა ყოველთვიური გადასახადის ოდენობა და პერიოდი, თუ რა დროში გამოისყიდიან ბინებს ახალი მესაკუთრეები. შესაბამისი კანონპროექტები მერიამ ქალაქის საკრებულოში უკვე გადააგზავნა დასამტკიცებლად. საკითხი საკრებულოს ხვალინდელი, 30 იანვრის, სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

დოკუმენტების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 4 კორპუსი უნდა აშენდეს, სულ 80 ბინა. დღეის მდგომარეობით დასრულებულია 2 კორპუსი, ანუ გასანაწილებელია 40 ბინა.

მერიის მონაცემებით, ბინის 1 კვ.მ ფართობის თვითღირებულება 1083 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, ბინის ფართობის მიხედვით, თითოეული ბინა შეფასდა 37 547-დან 83 185 ლარამდე. ბინის საფასური კი მომავალმა მესაკუთრემ 15 წელში უნდა დაფაროს.

ყოველთვიური გადასახადი კი, მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი პროექტის მიხედვით, თითოეული ბინის ფართობის შესაბამისად განსხვავებულია – მინიმუმი 208,60 ლარი [34,67 კვ.მ ფართობის ბინა] და მაქსიმუმი 462,74 ლარი [76,81 კვ.მ ფართობის ბინა] თვეში.

საკრებულოს მიერ ადრე მიღებულ განკარგულებაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინის მიმღები ოჯახი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახს, რომლისთვისაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სახელმწიფოს მიერ საარსებო შემწეობის გაცემა;

ამასთან, ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგ ოდენობას;

ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს: 1-სულიანი ოჯახისთვის 1 200 ლარს, 2-სულიანი ოჯახისთვის 1 800 ლარს, 3-სულიანისთვის 2 400 ლარს, ხოლო 4 და მეტ-სულიანი ოჯახისთვის 3 000 ლარს [ხელფასის შემთხვევაში იგულისხმება ხელზე ასაღები ხელფასი];

ოჯახი, რომელიც ბინას ქირაობს, ქირაში არ უნდა იხდიდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ყოველთვიური მინიმალური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტს.

ამ თემაზე:

ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა

რამდენმა მოქალაქემ აიღო „უჩიპო“ პირადობის მოწმობა – იუსტიციის სახლის მონაცემები

26 დეკემბრის შემდეგ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „უჩიპო“ პირადობის გაცემა დაუშვა, იუსტიციის სახლებში 96-მა მოქალაქემ მოითხოვა პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის, ანუ „ჩიპის“ გარეშე. 28 იანვრის მონაცემებით, გაცემულია 32 პირადობის მოწმობა. ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ გვითხრა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხზე არსებითი განხილვის სხდომებს ესწრება და იუსტიციის სამინისტროს წარმოადგენს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამ ეტაპზე „უჩიპო“ პირადობის მოწმობას იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი მოქალაქე რომელიმე რელიგიური აღმსარებლობის დაწესებულებიდან ცნობას წარმოადგენს.

„ამ დოკუმენტის გამო არ მოუთხოვია ამ დრომდე სხვებს „უჩიპო“ პირადობის მოწმობა,“ – გვითხრა ია რეხვიაშვილმა, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი ავტორია. მისი თქმით, ეკლესიებმა იუსტიციის სახლებში წარსადგენი დოკუმენტის გაცემა 23 იანვრიდან დაიწყეს.

„ჩვენ ვითხოვეთ საპატრიარქოში, რომ მოეცათ ცნობა. იყო მსჯელობა, თუ რა დოკუმენტი გაეცათ. საბოლოოდ, საპატრიარქომ კურთხევა მისცა ეპარქიებს, რომ გაეცათ ცნობა. სასულიერო პირები გასცემენ ახლა ამ დოკუმენტს და ადასტურებენ, რომ კონკრეტული პიროვნება მრევლის წევრია,“ – აღნიშნავს ია რეხვიაშვილი.

მოსარჩელეები აპროტესტებენ იმასაც, რომ იუსტიციის სახლში „უჩიპო“ პირადობის მოწმობის აღების საფასური 20 ლარია და იგი თვეში ერთხელ უნდა შეცვალოს მოქალაქემ. მოსარჩელეების მტკიცებით, ქვეყანაში 147 ათასი მოქალაქეა, რომელიც რელიგიური მოტივით არ იღებს „ჩიპიან“ პირადობას.

ბათუმში ორი ჩინელი ტურისტი ექიმებმა კორონავირუსზე შეამოწმეს, ვირუსი არ დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მყოფ ორ ჩინელ ტურისტს კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდა. ისინი ტურისტულად იმყოფებიან ბათუმში და ორი კვირის წინ შემოვიდნენ. ტურისტებს 37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, რის შემდეგაც სასტუმროს ადმინისტრაცია, სადაც ტურისტები არიან გაჩერებული, ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ორი ტურისტი ქალი, იმ პროვინციის სიახლოვეს ცხოვრობს ჩინეთში, საიდაც კორონავირუსი გავრცელდა. „ტურისტები შემოსული არიან უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში საქართველოში, არსებული ზედამხედველობის მიხედვით, ყველა პირს, რომელიც 2 კვირის განმავლობაში შეხება აქვს ჩინეთთან, ვაკვირდებით, თუკი რაიმე სიმპტომები გამოუვლინდებათ.

ამ ორ ტურისტს აღენიშნებოდა 37 გრადუსი ტემპერატურა, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილისთვის გუშინ შემოწმდა ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. აბსოლუტურად გამოირიცხა ყველა საეჭვო ნიშანი, რადგან პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობენ თავს. დღეს დილით, ისევ მოხდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება და ცხელება არ აღენიშნებათ“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მისი თქმით,  ტურისტები არ არიან საფრთხის მატარებელი, ამიტომ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან შეთანხმებით, მათზე რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა. „გარდა ზედამხედველობისა. მათ აქვთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ჩინეთში პნევმონია გასული წლის დეკემბერში აფეთქდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. დღეის მონაცემებით ვირუსით ჩინეთში 132 ადამიანი გარდაიცვალა და თითქმის 6000 ინფიცირებულია.

თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 05 ან 116001, ან მიმართონ ექიმს და საქართველოში არსებულ ინფექციურ საავადმყოფოებს“, – განაცხადა დღეს ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ქიმიის და ფიზიკის პედაგოგები: სამინისტრო დისკრიმინაციულად გვეპყრობა

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი აიმაღლეს და გახდნენ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლები, ამ სტატუსით განსაზღვრულ დანამატს სრულად მაინც ვერ იღებენ. სრული დანამატის მიღება მხოლოდ იმ პედაგოგებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 15 საათი აქვს. პედაგოგების აზრით, ეს არის უსამართლობა და დისკრიმინაცია, რადგან ბევრ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებში საათები მცირეა და ხშირად პედაგოგები 15 საათს, არჩევითი საგნების დამატების შემთხვევაშიც კი, ვერ აგროვებენ.

პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ სტატუსით განსაზღვრული დანამატის აღება, საათების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. „მაშინ რა აზრი ჰქონდა სტატუსის ამაღლებას?“ – ამბობენ მასწავლებლები.

ხობში, სოფელ ხიბულას საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მიხეილ სართანია, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სახელმწიფომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომა უნდა შეცვალოს,  მასწავლებელმა სტატუსის შესაბამისი ანაზღაურება რომ აიღოს.

„ანალოგიურ სიტუაციაში ვარ მეც, რადგან ჩემს სკოლაში ფიზიკაში მაქსიმალური არის 11 საათი, 3 საათი მაქვს დამატებული ბუნებისმეტყველების და 15 მაინც არ შეგროვდა. ფიზიკურად არ არის საათები.

უფროსი მასწავლებლის სტატუსით გათვალისწინებული 470 ლარი რომ დამერიცხოს (რაც ხელზე 376 ლარია), მინიმუმ 15 საათი მაინც უნდა მქონდეს. დაახლოებით 45 ლარი მაკლდება ამის გამო. წლიურად ეს 540 ლარია“, – ამბობს მიხეილ სართანია.

ის პედაგოგები, ვისაც ცხრა და უფრო ნაკლები საათები აქვთ, გაცილებით ნაკლებს იღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსის ფლობის მიუხედავად.

მიხეილ სართანიას თქმით, ხიბულას სკოლაში არც არჩევითი საგნებია, რომ მასწავლებლებმა ამის ხარჯზე მაინც შეივსონ საათები. თუმცა, სართანიას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სკოლას არჩევითი საგნები აქვს, მაგრამ მიმართულებებში სკოლას ორი ან სამი პედაგოგი ჰყავს, მაშინ ეს საკითხი შესაძლოა გახდეს პედაგოგებს შორის უთანხმოების მიზეზი. „დირექტორი წყვეტს, ვის მისცეს არჩევითი საგანი, მაგრამ თუ ორივე მასწავლებელს აქვს მაღალი სტატუსი, წესით კათედრაზე უნდა შეთანხმდნენ, ვის დაემატება. თუმცა ჩვენს სკოლებში ასე არ ხდება და ეს შემდეგ იწვევს უთანხმოებას კოლეგებს შორის“, – გვეუბნება ის.

„მაგალითად, ქიმიის მასწავლებელს მხოლოდ ცხრა 9 საათი აქვს და დანამატიდან დაახლოებით 240 ლარი ერიცხება. ბუნებისმეტყველებაში მხოლოდ სამი საათია განსაზღვრული, ამ საგნის მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ უფროსის სტატუსი აქვს, მაინც მიზერულ ხელფასს იღებს, რაც სამარცხვინოა. ამიტომ სამართლიანი იქნება, დანამატის თანხა ავიღოთ სრულად, საათების კი იმის მიხედვით, რამდენსაც ვატარებთ“, – ამბობს მიხეილ სართანია.

პედაგოგის აზრით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეცვალოს მიდგომა, რადგან საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლები, ყველაზე მეტად ზარალდებიან. „ამას ემატება ის, რომ სკოლებში არ გვაქვს შესაბამისი ლაბორატორიები. ზოგიერთ სკოლას არც ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება შეუძლია, ამიტომაც გვაქვს მძიმე მდგომარეობა ამ მიმართულებით“.

მაგული ჯინჭარაძე, სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელია და მასაც არ ერიცხება უფროსი მასწავლებლის სტატუსით გათვალისწინებული სრული დანამატი.

„მთავრობა ამბობდა, რომ ხელფასი იმ შემთხვევაში გაგვეზრდებოდა, თუკი კომპეტენციას დავადასტურებდით. ჩავაბარეთ გამოცდა, მაგრამ სრული ანაზღაურება მაინც არ გვეძლევა.

470 ლარი უნდა აეღო უფროსს მასწავლებელს საათების მიუხედავად, ამაზე იყო საუბარი, თუმცა მხოლოდ საათების პროპორციულად ვიღებთ. დანამატი არ უნდა იყოს საათების რაოდენობაზე დამოკიდებული, თუ მიიღო სტატუსი პედაგოგმა, დანამატიც სრულად უნდა მიიღოს“, – ამბობს მაგული ჯინჭარაძე.

თინიკო ბრაჭული დუშეთის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში ქიმიას და ფიზიკას ასწავლის. მას ორივე სკოლაში 15 საათი აქვს, შესაბამისად, დანამატსაც სრულად იღებს.

„მეორე სკოლაში 18 საათი იყო, ამიტომ ორი საათი ჩემს კოლეგას დავუმატე და იმანაც შეივსო. ორივე უფროსი მასწავლებლები ვართ. თუმცა ყველა სკოლაში ასე არ არის“, – გვეუბნება ის.

განათლების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ 2020 წლიდან სავალდებულო იქნება კომპეტენციის დადასტურება ყველა იმ საგანში, რომელსაც პედაგოგი ასწავლის სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პედაგოგი სხვა საგნის სწავლების უფლება აღარ ექნება.

„მე კომპეტენცია დადასტურებული მაქვს მხოლოდ ქიმიაში. ამიტომ, თუ ეს მოთხოვნა ძალაში შევა, მაშინ ფიზიკის საათები მომაკლდება“, – ამბობს თინიკო ბრაჭული. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მაინც ქიმიის მასწავლებლები ზარალდებიან, რადგან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით როცა საბაზო საფეხური მე-10 კლასის ჩათვლით განისაზღვრება, ქიმია მხოლოდ მე-10 კლასის ჩათვლით იქნება სავალდებულო. მე-11 აღარ იქნება ქიმიის საათები“.

დღეს ქიმია ისწავლება მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში.  „საუბარი იყო, რომ ქიმიის საათები მე-7 კლასში დამატებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მხოლოდ ფიზიკა შევიდა მეშვიდეში“-გვეუბნება ბრაჭული.

„ფუნდამენტური საგნის მასწავლებლები ვიღებთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებას, არც სერტიფიცირებამ გვიშველა და არც დიპლომებმა“, – ამბობს ქიმიის კიდევ ერთ-ერთი პედაგოგი ქეთი ბენდელიანი, რომელსაც ასევე ცხრა საათი აქვს სკოლაში.

ირმა გაგლოევიც ქიმიას ასწავლის გორის საჯარო სკოლაში და მხოლოდ ცხრა საათი აქვს, შესაბამისად, სტატუსით გათვალისწინებულ სრულ დანამატს ვერ იღებს.

„ჩვენ, ფაქტობრივად, შეურაცხყოფილები ვართ, რატომ აქვს ჩვენს სერტიფიკატსა და დიპლომს ნაკლები წონა და ფასი, ვიდრე სხვა საგნისას“, – ამბობს პედაგოგი.

ქიმიის პედაგოგების თქმით, მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სადაც პარალელური კლასები არ არსებობს, ქიმიაში პედაგოგს განაკვეთი ვერასდროს ექნება. „სწორედ აქ არის განსხვავებული მიდგომა საჭირო“, – ამბობენ ისინი.

„ბათუმელებს“ ასევე დაუკავშირდა ერთ-ერთი სკოლის ქიმიის მასწავლებელიც, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა. ეს პედაგოგი ამბობს, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს, თუმცა, იმის გამო, რომ სკოლაში ქიმიის საათები ნაკლებია, ვერ იღებს სრულ დანამატს. პედაგოგი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ არის წამყვანი მასწავლებელი, იყო სქემის ფასილიტატორი და ზოგადი განათლებისა და საგნობრივი მიმართულების ტრენერიც. „კანონში გარკვევით უნდა იყოს მითითებული, რომ წამყვან მასწავლებელს ყველა შესაძლო გზით უნდა ჰქონდეს სრული საათები ან მიიღოს სრული დანამატი, რომ არ იყოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში“, – გვეუბნება პედაგოგი კახეთიდან.

რატომ არ აისახა სტატუსის ცვლილება პედაგოგების ანაზღაურებაზე და რამდენად სამართლიანად მიაჩნია განათლების სამინისტროს დანამატების გადანაწილების არსებული პოლიტიკა? ხომ არ გადაიხედება ამ კატეგორიის მასწავლებლებისთვის ანაზღაურების საკითხი, მით უფრო, რომ ეს მასწავლებლები ძირითადად სოფლებში მუშაობენ, სადაც სისტემა განიცდის კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობას? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას განათლების სამინისტროსგან რამდენიმე დღეა ვცდილობთ. სამინისტროში განმარტების გაკეთება არ ისურვეს.

ერთადერთი, რასაც განათლების სამინისტროს პრესსამსახურში გვეუბნებიან, არის ის, რომ „ამ საკითხს“ (როცა დანამატის ოდენობა საათების რაოდენობაზეა მიბმული), კანონი არეგულირებს.

„ლოიალტეს“ ახალი ინიციატივა აჭარაში განათლების ხელშესაწყობად

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული ქართული კომპანიაა, რომლის თანამშრომლებსაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში, საბანკო-საფინანსო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. დღეის მდგომარეობით კომპანიის გუნდი 40-მდე თანამშრომლისგან შედგება. „ლოიალტე“ 2019 წლის ოქტომბრიდან აჭარის ბაზარზე ოფიციალური წარმომადგენლობით ფუნქციონირებს და სრულფასოვან მომსახურებას უწევს ადგილობრივ ბიზნესს.

28 იანვარს კომპანია „ლოიალტესა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც სტუდენტებისთვის კომპანიის გამოცდილების გაზიარება, სამუშაო ადგილების მოძიებაში დახმარება, ტრენინგ-სემინარების საშუალებით საჭირო უნარებით აღჭურვა და სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიან კადრად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობაა.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს აჭარის რეგიონში ყოველწლიურად ყველაზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ჩვენი კომპანია მზადაა, ბსუ-ს კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების გადამზადება-დასაქმებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს,“ – ამბობს კომპანია „ლოიალტეს” მმართველი პარტნიორი გიგა ფაიქიძე. მისივე თქმით, ეს თანამშრომლობის საწყისი ეტაპია, მომავალში კი უნივერსიტეტთან ერთად „ლოიალტე“ ბევრი სხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.

აუდიტორულ კომპანია „ლოიალტესა” და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ლოიალტეს“ თბილისში არსებულ უნივერსიტეტებთან მსგავსი თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ლოიალტეს“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ აუდიტორულ, საკონსულტაციო და საფინანსო კომპანიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ახალი ტიპის კავშირები ძალიან მალე საინტერესო შედეგს მოგვცემს და „Loialte“ იქნება არა უბრალოდ ბიზნესკონსალტინგი, არამედ კომპლექსური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საფინანსო სერვისებთან ერთად სოციალურ და საგანმანათლებლო მიმართულებაზე იმუშავებს.

კომპანია „ლოიალტეს” მმართველი პარტნიორი გიგა ფაიქიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში.

„ჩვენს ქვეყანას წარმატებული ბიზნესების არცთუ დიდი ისტორია აქვს და დადგა დრო განვითარების გარკვეულ ეტაპს მიღწეული კომპანიები ახალ სტადიაზე გადავიდნენ, რაც არამხოლოდ მოგებაზე ორიენტირებას, არამედ სოციალური პასუხისმგებლობების აღებასაც გულისხმობს, ამ მხრივ საჭიროა ბიზნესისგან მეტი ინიციატივა, ვიდრე ახლა გვაქვს,” – ამბობს გიორგი ქათამაძე.

„ლოიალტეს” მმართველი პარტნიორი გიგა ფაიქიძე და კომპანიის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ქათამაძე.

კომპანია „ლოიალტეს“ გლობალურ ბრენდად ქცევის ამბიცია აქვს, რაც მისი მომსახურებების ექსპორტზე გატანას გულისხმობს. „ლოიალტეს“ მთავარი ღირებულება მომსახურების მაღალი ხარისხი, კმაყოფილი კლიენტი და კმაყოფილი თანამშრომელია.

 

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ,,ლოიალტეს” ბათუმის ფილიალის ოფისი ლუკა ასათიანის #8-ში.

„ლოიალტეს“ კომპლექსური მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

[checklist]

  • Loialte – აუდიტორული, აუთსორსინგული და საკონსულტაციო მომსახურება ფინანსური, საგადასახადო და ბუღალტრული მიმართულებით;
  • Loialte Legal – სრული იურიდიული მომსახურება;
  • Loialte pro – ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტრენინგცენტრი საქართველოში;
  • Loialte Strategy – სრული ბიზნესკონსალტინგი, რომელიც ორიენტირებულია კომპანიების შექმნა/ზრდა/განვითარებაზე;
  • Loialte HR – ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებული მომსახურება

[/checklist]

„ლოიალტეს“ ახალი მიმართულებაა ადამიანური რესურსების მოძიება/შერჩევა/შენარჩუნებასთან (HRM) დაკავშირებული მომსახურებები, რომლის ფარგლებშიც „ლოიალტემ“, ციფრულ სააგენტო “სმარტვებთან” თანამშრომლობით,  დასაქმების ინოვაციური პორტალი – hiro.ge შექმნა (www.hiro.ge).

ბათუმი, დედაქალაქის შემდეგ, ყველაზე აქტიურია ბიზნესის თვალსაზრისით, შესაბამისად კომპანიისთვის აქ დამკვიდრებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 2019 კომპანიისთვის განსაკუთრებული ზრდის წელი იყო – მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც კლიენტების, ასევე შესრულებული პროექტების რაოდენობა.

კომპანიის განვითარების დინამიკის, ასევე დაგეგმილი სამიზნე მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2020 „ლოიალტესთვის“ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდის წელი იქნება. ამ მიზნით „ლოიალტე“ რამდენიმე ახალი მიმართულების დამატებასაც გეგმავს, რათა კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადოს კლიენტებისთვის კომპანიასთან ურთიერთობა.

Loialte – თქვენი წარმატებისთვის!

ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკების შემცირებები დაიწყო

სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად, რომლის დაპირებაც გაფიცვების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გასცა, სოციალური მუშაკების შემცირება დაიწყეს. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ბათუმში ოფიციალური შეტყობინება უკვე ჩაჰბარდა 7 სოციალური მუშაკიდან სამს, მათ შორის, უფროსს სოციალურ მუშაკს – ნინო ცეცხლაძეს.

„არაფერი ვიცით, ჯერ რა ხდება. ფაქტია, რომ ეს არ უკავშირდება არც ასაკს და არც განათლებას. ამ წერილში წერია, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს სამ დღეში ჩაგვაბარებენ…“ – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ. საუბარია სოცმუშაკებზე, რომლებიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ბავშვებთან მუშაობენ. სოციალურმა მუშაკებმა გასულ წელს გაფიცვებით გააპროტესტეს საკუთარი სამუშაო პირობები და ის სერვისები, რასაც სახელმწიფო ყველაზე დაუცველ ადამიანებს სთავაზობს. მათი სლოგანი ასეთი იყო – „ზრუნვა ცარიელი ხელებით“.

ნინო ცეცხლაძის ინფორმაციით, გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ქობულეთშიც ჩააბარეს ორ სოცმუშაკს. ქობულეთში სულ 3 სოცმუშაკია. ნინო ცეცხლაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ათობით სოცმუშაკს მიუვიდა ანალოგიური შეტყობინება.

უფროს სოცმუშაკს ვკითხეთ, უკავშირდება თუ არა ეს გასულ წელს გამართულ აქციებს და რის მიხედვით ამცირებენ სოცმუშაკებს?

„ვერ გეტყვით. ჯერ გარკვევის პროცესში ვართ. დღეს 6 საათზე აპირებს ჩვენი პროფესიული კავშირი შეხვედრის გამართვას,“ – დასძინა ნინო ცეცხლაძემ. იგი არ გამორიცხავს, რომ სოცმუშაკებმა  გაფიცვა ისევ მოაწყონ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ 2019 წლის 8 ნოემბერს „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს აქცენტი სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობასა და მათ პროფესიულ გადამზადებაზე გააკეთა. მან აღნიშნა ისიც, რომ სოცმუშაკის შრომის ანაზღაურება მომავალი წლიდან 1200 ლარამდე გაიზრდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, მიღების შემთხვევაში გაგაცნობთ.

მთავარი ფოტო: სოცმუშაკების გაფიცვა ბათუმში, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

შეტყობინება, რომელიც სოცმუშაკს ჩაბარდა

 

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მოედანს ქართველი ოფიცრების სახელი ეწოდა

„პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების“ სახელი ეწოდა პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ერთ-ერთ წრიულ მოედანს – ინფორმაციას ამის შესახებ ილია დარჩიაშვილი ავრცელებს, საქართველოს ელჩი პოლონეთში.

ფოტო: FB

პოლონეთის არმიაში არაერთი ქართველი ოფიცერი მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქართველი იუნკრების ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და მათ სამხედრო სამსახური გააგრძელეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთისა და საბერძნეთის არმიაში. თუმცა უმეტესობა წავიდა პოლონეთის არმიაში. რამდენიმე ქართველი, რომელიც პოლონეთის არმიაში მსახურობდა, კატინის ტყეში დახვრიტეს.

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, არის ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტაქტო ოფიცრის, გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერიც, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში.

რატომ დარჩნენ ბავშვები ქობულეთის ბაღებში რძისა და რძის პროდუქტების გარეშე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 29 საბავშვო ბაღში ბავშვების მენიუში 2020 წლის 20 იანვრიდან დღემდე რძე და რძის პროდუქტები არ შედის. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელებს საკვები სპეციალისტების მიერ კორექტირებული მენიუს ფარგლებში მიეწოდათ. გაერთიანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სთხოვს თანხმობას, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რძის პროდუქტები [რძე, კარაქი, ყველი, მაწონი – ერთი თვის მარაგი] შეისყიდონ მიმდინარე ტენდერზე ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ქობულეთის ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ დავების საბჭოში გაასაჩივრა. შესაბამისად, დავის დასრულებამდე სატენდერო პროცედურები შეჩერდა. რძისა და რძის პროდუქტების შეძენაზე ტენდერი 281 880 ლარით იყო გამოცხადებული. შპს „მთის ხარისხი“ კი გაერთიანებას 2020 წლის განმავლობაში მოთხოვნილი პროდუქტების მიწოდებას 247 999 ლარად სთავაზობდა.

ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე ტენდერი გაასაჩივრა შპს „ჯი აი სი ჯორჯიამ“. მომჩივანი მიიჩნევს, რომ „მთის ხარისხის“ მიერ შეთავაზებული პროდუქტების [რძის] მონაცემები არ შეესაბამება ტენდერის ტექნიკურ მოთხოვნებს.

„ვითხოვთ, გაუქმდეს ა(ა) იპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი… სატენდერო კომისიამ მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და მოახდინოს შპს „მთის ხარისხის “ დისკვალიფიკაცია და ამის შემდგომ გააგრძელოს შემდგომი პრეტენდენტების შერჩევა- შეფასების პროცედურები“, – მოითხოვს მომჩივანი კომპანია.

„ჩვენ მიერ 2019 წლის 31 დეკემბერს რძის პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი იქნა შპს „მთის ხარისხი“, რომელსაც სატენდერო კომისიის 2020 წლის 22 იანვრის ოქმით ეთხოვა საბანკო გარანტიის წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება. შპს ,,ჯი აი სი ჯორჯიას” მიერ გასაჩივრებული იქნა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რამაც განაპირობა მიმდინარე ტენდერის შეჩერება სადავო საკითხის გადაწყვეტამდე. ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მენიუს ფარგლებში შესყიდულია ყველა სხვა დასახელების კვების პროდუქტები, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში დაწყებულია 20 იანვრიდან, ვინაიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 28 იანვარს, 20 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით აღსაზრდელებს მიეწოდათ საკვები, სპეციალისტების მიერ კორექტირებული მენიუს ფარგლებში“, – აღნიშნულია ქობულეთის ბაღების გაერთიანების განაცხადში.

ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საჩივარი განიხილება 4 თებერვალს: „რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და რა თანმიმდევრობით გაგრძელდება ტენდერთან დაკავშირებული პროცედურები, წინასწარ უცნობია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სპეციალისტების მიერ მიზანშეუწონლად ჩაითვალა აღსაზრდელებისათვის კვების გაგრძელება რძის პროდუქტების გამორიცხვით [ერთ კვირაზე მეტი რძის პროდუქტების ამორიცხვა ეწინააღმდეგება კვების ტექნიკურ რეგლამენტს], ვითხოვთ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე რძის პროდუქტების შესყიდვას მიმდინარე ტენდერზე ხელშეკრულების გაფორმებამდე“.

ბაღების გაერთიანება 2020 წლის 28 თებერვლამდე ჯამში 35 464 ლარის რძისა და რძის პროდუქტების შესყიდვას გეგმავს. გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელშეკრულება შესყიდვების სააგენტოდან თანხმობის მიღებიდან ერთ დღეში გაფორმდება. გაერთიანებაში აცხადებენ ასევე, რომ 20 იანვრიდან დღემდე სხვა პროდუქტების მხრივ ბაღებში პრობლემა არ ყოფილა.

შესყიდვების სააგენტოში ქობულეთის ბაღების გაერთიანების განაცხადის განხილვის საბოლოო თარიღად 3 თებერვალია ჩანიშნული.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაზრდილი ბიუჯეტი და 2020 წლის გეგმები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წელს ბიუჯეტი 99%-ით შეასრულა. ჩატარებული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნად დაეტყო.

2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 9,2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე მოეწყო: 9,7 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 22 კმ სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდა 3 ახალი ხიდი და 62 ხელოვნური ნაგებობა.

მიმდინარე წელს კი ხელვაჩაურში გზების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 7 963 000 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ახალი ხიდის მშენებლობისთვის 50 000 ლარი გამოიყოფა.რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორ ხიდს, რაზედაც ბიუჯეტში 15 000 ლარია გათვალისწინებული. საყრდენი კედლების მოსაწყობად ხელვაჩაურში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში 950 000 ლარი გამოყო. 555 000 ლარია გაწერილი დამცავი ნაგებობებისა და წყალარინების მოსაწყობად.

12,5 მილიონი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან ქობულეთის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. საავტომობილო გზებზე მოეწყო: 15,7 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 24 კმ სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდა 8 ახალი ხიდი და 45 ხელოვნური ნაგებობა.

2020 წელს კი ქობულეთში გზების რეაბილიტაციისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 11 638 500 ლარი გამოიყოფა. ახალი ხიდების მშენებლობისთვის დეპარტამენტის მიერ 213 700 ლარის დახარჯვა იგეგმება. მუნიციპალიტეტში საყრდენი კედლების მოსაწყობად ბიუჯეტიდან გამოყოფილია 775 150 ლარი. დამცავი ნაგებობებისა და წყალარინებისთვის კი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს 650 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უკუმიგრაციაზე დადებითად აისახება. როგორც ქედის მერიაში განმარტავენ, კეთილმოწყობილ სოფლებში დაბრუნების და მიწის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია. ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. საავტომობილო გზებზე მოეწყო: 7,6 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 21 კმ სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდა ერთი ახალი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ არსებულ ხიდს. მუნიციპალიტეტში მოეწყო 54 ხელოვნური ნაგებობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წელს ქედაში გზის რეაბილიტაციისთვის 6 154 000 ლარს დახარჯავს. ქედის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობისთვის 152 750 ლარია გათვალისწინებული, 30 000 ლარი კი ხიდის რეაბილიტაციისთვის უნდა დაიხარჯოს.

ქედაში 1 200,000 ლარის ღირებულების საყრდენი კედლების მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები 30-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდება. დამცავი ნაგებობებისა და წყალარინებისთვის კი ბიუჯეტიდან 390 000 ლარია გამოყოფილი.

2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტში 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტში აშენდა დეპარტამენტის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ხიდი, სოფელ ოქროპილაურში. აღნიშნული ნაგებობა სამ სოფელს ემსახურება. საავტომობილო გზებზე მოეწყო: 13 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 17კმ სიგრძის ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთს და ზემოთ აღნიშნულის გარდა, კიდევ ერთი ხიდი აშენდა. მუნიციპალიტეტში მოეწყო 45 ხელოვნური ნაგებობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2020 წელს გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში 5 520 000 ლარი დაიხარჯება. ათ კილომეტრზე მეტი ასფალტის, ხოლო 30 კილომეტრამდე ბეტონის საფარის გზა მოეწყობა. შუახევში მიმდინარე წელს ახალი ხიდის მშენებლობაც იგეგმება, რომლისთვისაც 68 000 ლარია გათვალისწინებული. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სამ ხიდს, რაზეც ბიუჯეტიდან 81 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. 1 200 000 ლარი შუახევის მუნიციპალტეტში საყრდენი კედლების მშენებლობა-მოწყობისთვის გამოიყოფა. დამცავი ნაგებობებისა და წყალარინების მოწყობისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტში 262 000 ლარი ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 11 მილიონზე მეტი ლარი  დაიხარჯა. საავტომობილო გზებზე მოეწყო: 7,6 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 30 კმ სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდა ორი ახალი ხიდი, მუნიციპალიტეტში მოეწყო 48 ხელოვნური ნაგებობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2020 წელს გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში 5 163 000 ლარი დაიხარჯება. ხულოში წელს ხუთი ახალი ხიდი აიგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 420 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ხიდების რეაბილიტაციისთვის კი, დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყოფა. გეგმის მიხედვით 1 000 000 ლარი უნდა დაიხარჯოს ხულოში საყრდენი კედლების მშენებლობა-მოწყობისთვის. 52 600 ლარი კი ხულოში დამცავი ნაგებობებისა და წყალარინების მოსაწყობად უნდა დაიხარჯოს.

ქობულეთში დედამთილი რძლის ცემისთვის გაასამართლეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 80 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა ქობულეთში მცხოვრებ ქალს ოჯახში ძალადობისთვის. განაჩენის მიხედვით, ქალმა თავის რძალს, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, „ხელის სახის არეში დარტყმით და ხელის კისერში მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“.

ძალადობის შემთხვევამდე ოჯახში მისულმა პოლიციელებმა შემაკავებელი ორდერი გამოსცეს და დედამთილს რძალთან კომუნიკაცია აუკრძალეს. მაშინ დაზარალებული ამბობდა, რომ ყოფით პრობლემებზე კონფლიქტი დედამთილსა და მამამთილთან ჰქონდა.

ბრალდებულმა სასამართლოში თავი დამნაშავედ მიიჩნია და სადავოდ არ გახადა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. პროკურორმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ქალს აღენიშნებოდა „ნაჭდევები კისრის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით…“

მოსამართლემ სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება არჩია, რადგან „აღნიშნული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხ.-ს პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს“.

1000-ლარიანი ჯარიმები და საქმე საგამოძიებოში, სიგარეტის უკანონოდ შემოტანის მცდელობისთვის

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“ და „სადახლო-საავტომობილო”, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური, პირადი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 45 660 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთ შემთხვევაში სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო მეორე შემთხვევაში საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ფოთის პორტში, რეიდზე დგას ჩინური გემი, რომელმაც ჩინეთი 24 ნოემბერს დატოვა

ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემი JI XIANG SONG-ი, რომელიც ფოთის პორტში ხვალ, 29 იანვარს შემოვა, ჩინურ პორტში ბოლოს ორი თვის წინ, 24 ნოემბერს იმყოფებოდა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 24 იანვარს შემოვიდა და ოთხი დღეა ფოთის საზღვაო აკვატორიაში, რეიდზე დგას.

ფოთის პორტში ყოველდღიურად რამდენიმე გემი შემოდის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავენ. დღეს, 28 იანვარს, სხვადასხვა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ფოთის პორტში ჩინური გემი შემოდიოდა”. ინფორმაციის გავრცლებას გემის შემოსვლის შესახებ ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები წერდნენ და ეჭვობდნენ, რომ “გემს ან მასზე განთავსებულ ტვირთს შესაძლოა კორონავირუსი შემოეტანა”. ფოთისა და ყულევის პორტების სანიტარული სასაზღვრო საკარანტინო კონტროლის წარმომადგენლის თქმით, ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ფოთის პორტში შესასვლელად ემზადება, მშრალი ტვირთების მზიდი გემია, ის ამჟამად ცარიელია და პორტში სპილენძის კონცენტრატით უნდა დაიტვირთოს. ამასთან, გემი ჩინეთის ერთ-ერთ ნავსადგურში ბოლოს 24 ნოემბერს იყო, კორონავირუსი კი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გავრცელდა.

ფოთისა და ყულევის პორტების სანიტარული სასაზღვრო საკარანტინო კონტროლის ეპიდემიოლოგის სულხან მაჭარაშვილის თქმით, მათ გემიდან მიიღეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია,  რომლის მიხედვითაც გემზე მყოფი ეკიპაჟის 24 წევრიდან ყველა ჯანმრთელია.

„სანამ გემი შემოვა პორტში, მანამდე ყოველთვის ვიღებთ გემიდან საზღვაო სანიტარულ დეკლარაციას, ეს არის ინფორმაცია გემზე სანიტარული და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ დროისათვის ინფორმაცია, რომ ვინმე ცუდადაა, გადმოცემული არ აქვთ. ყველა ჯანმრთელად არის. წინასწარი მონაცემებით, ეკიპაჟის წევრები არ აპირებენ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფოთისა და ყულევის პორტების სანიტარული სასაზღვრო საკარანტინო კონტროლის ეპიდემიოლოგმა სულხან მაჭარაშვილმა.

ჩინური დროშის ქვეშ მცურავი საშუალება – JI XIANG SONG-ი მშრალი ტვირთების მზიდი გემია. ის ამჟამად ცარიელია, ფოთის პორტში სამი-ოთხი დღე გაჩერდება და სპილენძის კონცენტრატით დაიტვირთება.

გემმა ჩინეთის ერთ-ერთი პორტი 24 ნოემბერს დატოვა და მალაიზიაში გაემგზავრა. ასევე იმყოფებოდა ეგვიპტეში, იორდანიასა და თურქეთში. თურქეთიდან გაემგზავრა რუმინეთში  და სწორედ რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტიდან შემოვიდა ფოთის პორტში.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ჩინეთის ხელისუფლებამ 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ასე გამოიყურება გემის მოგზაურობის მარშრუტი vesselfinder.com-ის მონაცემებით.

მთავარი ფოტო: ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემი

ბანკი ფსიქიკურად დაავადებულის გამოსახლებას ბათუმში 10 თებერვალს აპირებს 

„ფსიქიკურად დაავადებული პირის სახლიდან გამოსახლების საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაავალა. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება სასამართლო განხილვა, გამოსახლების ბოლო თარიღი კი 10 თებერვალია. გაფრთხილების წერილი აღსრულების ბიუროდან უკვე ჩაჰბარდა ფსიქიკურად დაავადებული პირის ოჯახს.

ლევან გოგიტიძე ბათუმში ცხოვრობს. მას 1998 წლიდან სამედიცინო დაწესებულების მიერ დადასტურებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბოლო 21 წელია ლევანი სახელმწიფოსგან პენსიას იღებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ლევან გოგიტიძეს „საქართველოს ბანკმა“ სესხი 2007 წელს გაუფორმა. დავალიანების გამო სახლის მესაკუთრე ახლა ბანკია. ამ პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ 2019 წლის ნოემბერში წერდა.

ლევან გოგიტიძის მხარდამჭერი მისი ყოფილი ცოლი, ხათუნა იმერლიშვილია. მან ფსიქიკურად დაავადებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა სასამართლოში 2019 წლის აგვისტოში მოითხოვა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელის დასაშვებობაზე უარი თქვა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განხილვაზე, რომლითაც მოქალაქე გამოსახლების შეჩერებას ითხოვდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე გვიყვება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ სარჩელის ავტორი ხათუნა იმერლიშვილი იყო და არა ხათუნა გოგიტიძე, როგორც ეს ლევან გოგიტიძის მხარდამჭერად ცნობის შესახებ დოკუმენტშია აღნიშნული.

„სასამართლომ ვერ დაადგინა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფაქტი, მაგრამ რეალურად იდენიტიფიცირების პრობლემა არ ყოფილა… ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამჯერად ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სააპელაციოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაჰბარებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა, მირზა მამულაძემ.

იურისტი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებულია ერთ დღეში განიხილოს გამოსახლების პროცესის შეჩერების საკითხი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 10 თებერვლამდე ჩააბაროს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს. თუმცა, მას ვადები შეზღუდული არ აქვს. გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარების გარეშე კი, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს ბათუმის საქალაქო სასამართლო ვერ განიხილავს.

____

ამავე თემაზე:

ბანკი ფსიქიკურად დაავადებულს სახლიდან ასახლებს – როგორ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება

აჭარის ტელევიზიაში ალტერნატიული პროფკავშირი დაარსდა

დღეს, 28 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილმა მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირების შემქნის შესახებ განაცხადეს. ალტერნატიულ პროფკავშირებში ამ დროისათვის 64 თანამშრომელია გაწევრიანებული.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები დიდი ხანია ვაკვირდებით მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ამ დროის განმავლობაში მაუწყებელმა გამოიცვალა დირექტორები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი პრიორიტეტები და ხედვები. ხშირად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანამშრომელთა ჩართულობა მხოლოდ საჩვენებელ ხასიათს ატარებდა და ფორმალური კონსულტაციით შემოიფარგლებოდა.

მიგვაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელობაში, მნიშვნელოვანია ესმოდეს, რომ რეალურად ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპით და მეორე მხრივ – თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის საჭირო დღის წესრიგით.

იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომელთა მოთხოვნები ხშირად რჩებოდა ყურადღების მიღმა და იმის გამო, რომ თანამშრომელთა მოსმენა არ უნდა იყოს რომელიმე დირექტორის ან მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოვლენილი კეთილი ნება, გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით.

ვერთიანდებით არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს უფლება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის აქ მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავისუფალი სიტყვა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში, თვითგადარჩნის რეჟიმში მუშაობის გამო, ხშირად ყურადღებას არ ვუთმობდით სხვა საკითხებს, რადგან ფოკუსირებული ვიყავით იმ მთავარი ღირებულების ირგვლივ, რასაც მაუწყებელი ემსახურება.

გაერთიანების მიზანი სწორედ ისაა, რომ სიტყვის თავისუფლებასთან და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად შევძლოთ ვისაუბროთ სამართლიან შრომით პირობებსა და შრომის უსაფრთხოებაზე, კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე და ა.შ.

ჩვენ ვართ და ვიქნებით სოლიდარულები ყველას მიმართ, ვისი შრომითი უფლებები ირღვევა ამ ქვეყანაში. საერთო ბრძოლაში უსამართლობის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ და ვიქნებით თითოეული მოქალაქის მოკავშირე და თანამებრძოლი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

პირი ALS-ის დიაგნოზით, რომელიც ხულოს ააიპიდან გაუშვეს, კერძო კომპანიამ დაასაქმა

ბიჭი, რომელსაც ALS -ის დიაგნოზი აქვს, სამშენებლო კომპანია „ნექსთ ორენჯიმ“ მარკეტინგის სამსახურში დაასაქმა.

22 წლის იმედა ბოლქვაძე სამსახურის გარეშე 2019 წლის სექტემბერში დარჩა. ის ხულოს მუნიციპალიტეტის ააიპ „კურორტ ბეშუმის“ პიარმენეჯერი იყო. იმედას ყველა მცდელობა, ხულოს მერიას სამსახურში აღედგინა, უშედეგოდ დამთავრდა.

იმედა ბოლქვაძის შესახებ სტატია „ბათუმელებმა“ ცოტა ხნის წინ მოამზადა. სწორედ სტატიიდან შეიტყო კომპანია „ნექსთ ორენჯის“ წარმომადგენელმა იმედას შესახებ. იმედაზე დამატებითი ინფორმაცის მოძიების შემდეგ კი, მისი სამსახურში აყვანა გადაწყვიტეს.

„იმედას სამსახურში აყვანა, პირველ რიგში, მისი პროფესიული უნარ-ჩვევების გამო გადავწყვიტეთ. ჩვენი კომპანია არის სამშენებლო ბიზნესში ჩართული, მაგრამ გვჭირდებოდა ვებგვერდის მართვა, მარკეტინგული მიმართულება, ლოგოს დიზაინის შემუშავება. იმედას შესახებ რაც მოვისმინეთ და ვნახეთ მედიაში, დავინახეთ, რომ ეს იყო კომპანიისთვის საჭირო რესურსი,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა „ნექსთ ორენჯის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, სამუშაოს სპეციფიკურობა არ მოითხოვს კომპანიაში ყოველდღიურად გამოცხადებას. შესაბამისად, იმედას შეუძლია დისტანციურად იმუშაოს.

„ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოებას აქვს, ადამიანებს, კომპანიებს, ერთმანეთის მიმართ, ამის გამოხატულებაც არის ჩვენი ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ ვითარებაში იმედას – აღმოჩნდა, რომ ის სამსახურის გარეშე დარჩა იმ ფონზე, როდესაც კვალიფიციური კადრია და შეუძლია რეალურად შექმნას დამსაქმებლისთვის ისეთი პროდუქტი, რომელიც მერე საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

გიორგი ხიმშიაშვილი ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, კომპანიებმა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა.

„მნიშვნელოვანია შევქმნათ იმ ტიპის სივრცე, სადაც ადამიანები დასაქმდებიან და იმ სოციალურ ადაპტაციას გაივლიან, რაც მათ, ზოგადად, სჭირდებათ. ადამიანისთვის მხოლოდ ხელფასი და ფულის გადაცემა, რიგ შემთხვევაში, არ არის პრიორიტეტი. ეს შეიძლება ადამიანისთვის უფრო შეურაცხმყოფელი იყოს. ვიღაცის დახმარება კი არაა, ვიღაცის სოციალური ადაპტაციაა მნიშვნელოვანი. ამ ადამიანებმა საზოგადოების ნაწილად უნდა იგრძნონ თავი. მნიშვნელოვანია, მათი რესურსები გამოვიყენოთ, ჩავრთოთ ეს ადამიანები სამუშაო პროცესში. სწორედ ამიტომ,  ჩვენთვის მთავარი იყო, რომ იმედა დაგვესაქმებინა და ეს არ ყოფილიყო უბრალოდ ფინანსური დახმარება.

ამით გვინდა მაგალითი მივცეთ იმ კომპანიებს, რომელთაც შესაბამისი ფინანსური სტაბილურობა აქვთ და შეუძლიათ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება,“ – ამბობს კომპანია „ნექსთ ორენჯის“  წარმომადგენელი.

იმედა ბოლქვაძის თქმით, სამუშაო, რომელიც შესთავაზეს, მისთვის სავსებით მისაღებია.

„როგორც ყველასთვის, სამსახური და სტაბილური შემოსავალი მნიშვნელოვანია ჩემთვისაც. ხოლო კონკრეტულ კომპანიაში მუშაობა ორმაგად სასიამოვნოა, რადგან მექნება ურთიერთობა ჯანსაღად მოაზროვნე ხალხთან,“ –  ამბობს იმედა ბოლქვაძე.

ამავე თემაზე: ნახეთ ვიდეო, რომელიც “ბათუმელებმა”  გასული წლის დეკემბერში მოამზადა იმედა ბოლქვაძის შესახებ.

კომპანიამ $25 მილიონად, იპოთეკით დატვირთა რივიერა, სადაც ცათამბჯენების აშენებას გეგმავს

ბათუმში, რივიერას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“.

ამ კომპანიისგან, რომელიც ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია რეგისტრირებული, „ბათუმი რივიერამ“ 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში ცვლილებების შეტანასაც ან ახალ რედაქციად ჩამოყალიბებას.

25 მილიონი აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაში არსებული 4 ნაკვეთი ბათუმის იახტკლუბთან, ჯამში, 59 042 კვ.მ ტერიტორია.

„მესაკუთრე [„ბათუმი რივიერა“] შეუქცევადად და უპირობოდ ანიჭებს იპოთეკარს [„ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“] პირველი რიგის იპოთეკის უფლებას მიწის ნაკვეთებსა და მათზე განხორციელებულ ნებისმიერ გაუმჯობესებაზე, მათ შორის ნებისმიერ და ყველა, როგორც ამჟამად არსებულ, ისე სამომავლო, შენობაზე, ნაგებობასა და ქონების ნებისმიერ სხვა შემადგენელ ნაწილზე, ასევე მათ ერთეულებზე,“ – აღნიშნულია იპოთეკის ხელშეკრულებაში.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, „ბათუმი რივიერას“ იპოთეკარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე უფლება არ აქვს გაყიდოს, გადასცეს ან სხვაგვარად განკარგოს, როგორც მიწა, ასევე, მასზე შემდგომში აშენებული შენობები:

ამონარიდი იპოთეკის ხელშეკრულებიდან

„ბათუმი რივიერას“ მხრიდან იპოთეკის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“ უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ გაყიდოს ან სხვაგვარად განკარგოს იპოთეკით დატვირთული ქონება.

„ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“, იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით [მეორე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში], ასევე აქვს უფლება იპოთეკის საგანი თავის საკუთრებად დაირეგისტრიროს.

„იპოთეკარს უფლება აქვს განახორციელოს მთელი იპოთეკის საგნის ან მისი ნებისმიერი ნაწილის აღსასრულებლად მიქცევა იპოთეკის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. დარღვევის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება აქვს თავისი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ პირდაპირ გაყიდოს, განახორციელოს გადაცემა ან სხვაგვარად განკარგოს და გადასცეს მთელი იპოთეკის საგანი ან მისი ნებისმიერი ნაწილი როგორც ერთიანად, ისე მრავალჯერადი განკარგვის გზით და ისეთი პირობებით, რასაც იპოთეკარი ჩათვლის კომერციული თვალსაზრისით მიზანშეწონილად… დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები მთელი იპოთეკის საგნის ან მისი ნებისმიერი ნაწილის თავად იპოთეკარისთვის საკუთრებაში გადაცემით და განახორციელოს იპოთეკის საგანზე იპოთეკარის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – წერია იპოთეკის ხელშეკრულებაში.

იპოთეკარს შეუძლია ქონება აუქციონზეც გაიტანოს. ქონების რეალიზაციის შემთხვევაში კი, ხელშეკრულების მიხედვით, „თუ ამონაგები თანხა აღემატება უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა და ხარჯების საერთო თანხას, იპოთეკარი მესაკუთრეს გადაუხდის ამონაგები თანხის ნაშთს… ხოლო, თუ ამონაგები თანხა ნაკლები იქნება უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა და ხარჯების საერთო თანხაზე, მესაკუთრის ვალდებულება – სრულად აანაზღაუროს უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა და ხარჯების ნებისმიერი დაუფარავი თანხა – სრულად რჩება ძალაში“.

შპს „ბათუმი რივიერას“ საკუთრება ბათუმში, რომელიც იპოთეკითაა დატვირთული [მონიშნულია ყვითელი ფერით] იპოთეკის ხელშეკრულება 2018 წლის ივნისშია გაფორმებული. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დღეს შემოღობილია და იქ სამუშაოები მიმდინარეობს.
წლების წინ ბათუმში, იახტკლუბის გვერდით, „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია – „რივიერა“ ტრამპ თაუერის მშენებლობას აპირებდა. მაგრამ 2018 წლის მაისში კომპანიამ გეგმები შეცვალა: შექმნა ახალი კომპანია – შპს „ბათუმი რივიერა“, სადაც წილების 99%-ს ისევ თავად ფლობს, ხოლო 1% გადასცა კომპანიას, რომლის მესაკუთრე „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტია“, რომელმაც სახელწოდება 2018 წლის ივნისში შეიცვალა და დღეს „ბათუმი თაუერ ჰოლდინგი“ ჰქვია. თავის მხრივ, ამ კომპანიის მფლობელი სწორედ ლუქსემბურგში რეგისტრირებული შპს „ჯი სი ეფ ლუქსემბურგი“, ანუ, იპოთეკარი კომპანიაა.

დოკუმენტებით არ ჩანს, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ამ უცხოური კომპანიის დამფუძნებლები, მაგრამ ჩანს ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი], ლევან ვასაძემ [ბიზნესმენი] და უჩა მამაცაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი] ერთად დააფუძნეს კომპანია – „ჯი სი ეფ პარტნიორები“, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი კომპანია – „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტი“ დააფუძნა. სწორედ ეს კომპანია მიჰყიდეს მფლობელებმა 500 დოლარად „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“ 2014 წელს.

„ჯი სი ეფ პარტნიორები“ საქართველოში შექმნილი სპეციალური კომპანიაა, რომელიც თანაინვესტირების ფონდს მართავს. კომპანიის 100% წილი დღეს მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული, გენერალური დირექტორი კი ცოტნე ებრალიძეა.

რაც შეეხება, „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“, ის საქართველოში რეგისტრირებული არაერთი კომპანიის მფლობელი და 100% წილის მმართველია. მათ შორისაა კომპანიები: „მტკვარი ჰოლდინგი“, „გრინჰაუზ ჰოლდინგი“ [ყოფილი„ჯორჯიან აგრო დეველოპმენტი“], „გალერია ჰოლდინგი“, „ლენტეხი ჰოლდინგი“, „ონი ჰოლდინგი“, „დეირი ჰოლდინგი“, „სიღნაღი ჰოლდინგი“, „ქართული რძის კომპანია“, „აქსის თაუერს ჰოლდინგი“.

„აქსის თაუერს ჰოლდინგის“ დირექტორი კი გივი გაბელაიაა. „ბათუმი რივიერასთან“ დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებას ხელს სწორედ გივი გაბელაია აწერს, როგორც „ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ [ანუ იპოთეკარის] უფლებამოსილი წარმომადგენელი [მინდობილი პირი].

„ბათუმი რივიერა“ / ფოტო „ბათუმელები“ / იანვარი/2020

„სილქ როუდ ჯგუფმა“ 14 წლის წინ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი ყაზახ პარტნიორებთან ერთად გამოთქვა, მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო. ამ პირობით აჭარაში 21 ტურისტული ობიექტი კომპანიას 2006 წელს მიჰყიდეს.

ეს უძრავი ქონება ყაზახურ ბანკში იყო ჩადებული. ამასთან, ყაზახური მხარე უკმაყოფილო იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი. „სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“ ოთხი წლის წინ უთხრეს, რომ მათ 2014 წელს წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ყაზახურ „ბითიეი“ ბანკთან: „სესხის გადახდის სანაცვლოდ, ბანკმა ობიექტები გაათავისუფლა იპოთეკისგან.“

კითხვაზე, იგეგმებოდა თუ არა ახალი ვალდებულებების შესასრულებლად ყაზახური ინვესტიციის ჩადება, კომპანიაში 2016 წელს გვიპასუხეს, რომ ყაზახურ მხარესთან ამ კუთხით მოლაპარაკებას არ აწარმოებდნენ.

საბოლოოდ, 2006 წელს, გაფორმებული ხელშეკრულება 2016 წლის აპრილიდან ახალი პირობებით ამოქმედდა. ახალი შეთანხმებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად  აღირიცხა 18 საკადასტრო ერთეული [21-დან] – მიწის ნაკვეთები ქობულეთში, ციხისძირში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ჯამში დაახლოებით 31 ჰექტარი ტერიტორია [312 057 კვ/მ], მათ შორის, ყოფილი პანსიონატებისა და ტურბაზების ტერიტორიები: „ჩირაღდანი“, „ტალღა“, „ჰორიზონტი“, ტურბაზა „ქობულეთი“, სანატორიუმი „ქობულეთი“, „ნიავი“, „ჩაქვი“, „აჭარა“.

უკან დაბრუნებული ქონების ნაწილი აჭარის მთავრობამ უკვე გაასხვისა. სამუშაოების დაწყებამდე კი ბევრ ადგილზე მრავალწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკისთვის ამოთხარეს. მაგალითად: ყოფილი სანატორიუმების – „კოლხიდას“, „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ ტერიტორიები.

ბათუმის ბულვართან, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორია კი, „სილქ როუდ ჯგუფმა“ გაყიდა და იქ ახლა სასტუმროს „ორბი ჯგუფი“ ააშენებს.

ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა. ბათუმელი აქტივისტები „რივიერაზე“ დაგეგმილ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, იმ მოტივით, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე.

ამ თემაზე:

„ვისია ეს ქალაქი?“ – აქცია და მსვლელობა ბათუმში რივიერას დასაცავად

მთავარი ფოტო: ბათუმის „რივიერა“ / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

მასალა მომზადებულია პროექტის „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების  პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.  პროექტის  მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

გასულ წელს მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი-მეთქი – არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ

ავტორი: აკაკი დავითაძე

6 წლიდან ქუჩაში ვცხოვრობ. არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ. გოგო უკვე 9 წლისაა, ბიჭი – 7 წლის… თქვენთან მოსვლამდე ბათუმის მერთან ვიყავი და მთავრობაშიც. მე ვითხოვ თავშესაფარს, ან ბინას, რომელსაც ნელ-ნელა შევისყიდი.

ბათუმში ვცხოვრობ. აჭარის მთავრობაში მითხრეს, ბინა რომ მიიღო, ან ლტოლვილი უნდა იყო, ან ეკომიგრანტიო. მერიაშიც მასე – სტაბილური შემოსავალი უნდა ფიქსირდებოდესო. მე არ მეზარება მუშაობა, სეზონურად სულ ვმუშაობ, რესტორნებში მიმტანი ვარ, მაგრამ სტაბილური შემოსავალი არ მაქვს. ბავშვობიდან ვმუშაობ, მას მერე, რაც ქუჩაში დავრჩი – რამდენი ღამე გამითევია მშიერს და გაციებულს, ვინ იცის…

დედამ და მამამ როცა მიმატოვეს, 6 წლის ვიყავი. სალიბაურის ინტერნატში დამტოვეს. ერთი წელი ვიყავი იქ და დავდიოდი სკოლაშიც. მერე სკოლის დირექტორი გარდაიცვალა, ის შაბათ-კვირასაც იქ მტოვებდა… ახალი მოვიდა. მითხრეს, პარასკეობით უნდა წახვიდეო და სულ წამოვედი. ასე გამოვიდა. პირველი კლასის მერე სკოლაში აღარ მივლია საერთოდ.

ცოტა ხანი დედაჩემის ძმებთან ვცხოვრობდი, მაგრამ მალე წამოვედი… ქუჩაში ვათენებდი ღამეს, სადარბაზოებში, ვმათხოვრობდი, ხან ვმუშაობდი, ფანჯრებს ვწმენდდი… ქუჩაში ვისწავლე წერა და კითხვაც. მერე სამტრედიის კოლონიაში გამიშვეს, იქ ავარა ბავშვები იყვნენ. იქ ისე გცემდნენ… ქუჩაზე უარესი ამბავი ხდებოდა. გამოვიპარე.

თბილისშიც ვმუშაობდი ურიკაზე. ღამით იქ მეძინა, სადაც კარტოფილს ინახავდნენ, მუყაოს ქაღალდებს მოვაგროვებდი და საღამოობით ვედროში ვანთებდი ცეცხლს, ასე ვთბებოდი.

ერთხელ ფული მქონდა და ვიფიქრე, მოდი, ბინას ვიქირავებ-მეთქი. უარი მითხრეს, შენ მოგვატყუებო. სადღაც 13 ან 14 წლის ვიქნებოდი. მერე ერთი ბინა ვნახე ძლივს, წინასწარ გადავიხადე ფული.

მამა 6 წლის მერე აღარ მინახავს. დედას იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჩავაკითხე, 14 წლის ვიქნებოდი, ვუთხარი, უნდა მეპატრონო-მეთქი. დამიტოვეს, მაგრამ რამდენიმე დღეში იქიდანაც წამოვედი…

მერე მონასტერში წავედი. ორი წელი ვრჩებოდი მონასტერში. მამაომ მითხრა, ახალგაზრდა ხარ, აჯობებს ცოლი მოიყვანოო. გავიხადე მორჩილის კაბა და ცოლი მოვიყვანე. ორი ულამაზესი შვილი მყავს. გოგო უკვე ინგლისურად ლაპარაკობს, მათემატიკაც იცის… ხანდახან რომ რამეს მეკითხება, მრცხვენია, რა ვუპასუხო, არ ვიცი. ვეუბნები, ჩემს დროს ეს არ ისწავლებოდა-მეთქი.

ბოლო შვიდი წელია ნაქირავებში ვცხოვრობთ. სამსახურს ახლა ძირითადად რესტორნებში ვნახულობ მიმტანად და ზაფხულში კარგად ვართ, მაგრამ ახლა მეოთხე თვეა ბინის ქირას ვეღარ ვიხდი. სოციალური შემწეობა მხოლოდ 280 ლარია. კიდევ 60 ლარს გვაძლევენ ბავშვების კვებისთვის. სულ ესაა.

გასულ წელს მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი-მეთქი. ვისთან არ მივედი. ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროში მითხრეს, დანაშაულია ესო. ახლა რომც მოვინდომო, აღარ გამოვა – მეც ავად ვარ. ექიმთან ვიყავი და ისეთი მედიკამენტები დამინიშნეს, 450 ლარი უნდოდა ერთი კურსის გავლას. აღარც მივდივარ ექიმთან.

ამას წინათ დედას ვესაუბრე ინტერნეტით. თურქეთში წასულა და 7 წელი იქ ყოფილა. ვუთხარი, ჩამოდი, ყველაფერს გპატიობ-მეთქი… არ ჩამოსულა. ვიფიქრე, მე ჩავაკითხავ და დავილაპარაკებდით. მოვიკითხე და 150 ლირა ღირს ბილეთი… მინდა, რომ ჩამოვიდეს, ბავშვებს მიხედავს და ჩემი ცოლიც იმუშავებს, მაგრამ ბანკის იმედი არ მაქვს, რომ სესხს მომცემს. ამიტომ მინდა, ბინის ყიდვაში დამეხმაროს ვინმე.

რუსთაველის ქუჩის ბოლოში სატრანსპორტო მოძრაობა 45 დღით შეიზღუდება

ბათუმში  წყალარინების სისტემების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ კვირის ბოლოდან 45 დღის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით.

მიმდინარე სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა უკვე შეზღუდულია პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, ინასარიძის ქუჩის მონაკვეთზე (კობალაძის ქუჩის მიმდებარედ), ლეონიძის ქუჩაზე.

მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე. სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ძირითადი მონაკვეთების დასრულება ტურისტული სეზონისთვის უნდა მოესწროს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, დღეიდან, 28 იანვრიდან 45 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუბა პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე.

მიმდინარე სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა უკვე შეზღუდულია ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, ინასარიძის ქუჩის მონაკვეთზე (კობალაძის ქუჩის მიმდებარედ), ლეონიძის ქუჩაზე. მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულთან.

წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე (ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე).

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

ფოტორეპორტაჟი ჩინეთის 5-მილიონიანი ქალაქიდან – ცხოვრება ვირუსის შიშით

ფოტოები ჩინეთში, ჰენანის პროვინციის ქალაქ ანიანგში დღეს, 28 იანვარს, გადაიღო ირმა დიმიტრაძემ, რომელიც იქ ცხოვრობს. კორონავირუსმა ანიანგშიც შეაღწია, ბოლო მონაცემებით, ამ ქალაქში 11 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი.

ქალაქის ქუჩები, რომელშიც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ფაქტობრივად ცარიელია. ფართო ქუჩებზე კანტიკუნტად ჩანს ავტომანქანები, სხვა დროს სავსე სუპერმარკეტებში ხალხი ცოტაა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა, რეკომენდაციის თანახმად, სახლში რჩება. ქუჩებსა და მაღაზიებში ყველა ატარებს პირბადეს.

ქალაქის ერთ-ერთი მთავარი საავტომობილო გზა. ფოტო: ირმა დიმიტრაძე
აქ უნდა ყოფილიყო ქალაქ ანიანგის საახალწლო ბაზრობა. ტერიტორია თითქმის ცარიელია. ფოტო: ირმა დიმიტრაძე
წარწერა ჩინურ ენაზე აფრთხილებს ყველას, რომ დასახლებაში [ე.წ. სამეზობლოში] ვერ შევა ის, ვინც აქ არ ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ქალაქში ვირუსის არსებობა დადასტურდა, სამეზობლოები, რომლებიც ათობით კორპუსისგან შედგება და რამდენიმე ჭიშკარი აქვს, ჩაიკეტა.
სუპერმარკეტში შემსვლელებს სიცხეს უზომავენ. ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ქალაქ ანიანგში 26 იანვარს დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი. იმავე დღეს სუპერმარკეტებს უამრავი ადამიანი მიაწყდა და დახლები დაცარიელდა, თუმცა დღეს, 28 იანვარს, სუპერმარკეტებში მარაგი შევსებულია.
სუპერმარკეტებში არც ერთ პროდუქტზე არ შეინიშნება დეფიციტი. ფოტო: ირმა დიმიტრაძე
შევსებულია ხილ-ბოსტნეულის დახლებიც. ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ტანსაცმლის მაღაზიები ჯერ ისევ დაკეტილია, თუმცა ეს ჩინური ახალი წლის არდადეგებს უკავშირდება
საახალწლო ბაზრობის ცარიელი ტერიტორია. ფოტო: ირმა დიმიტრაძე

გაიგეთ უფრო მეტი: 

„ქუჩები თითქმის ცარიელია“ – ინტერვიუ ჩინეთში მცხოვრებ ქართველთან

 

მინისტრი ექთნების ხელფასების შემცირებაზე – მედდებს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავთ

„ეს არის 520-ე დადგენილებაზე ძალით მიბმული თემა. რატომ მაინცადამაინც მედდის ხარჯზე აკლდება? კლინიკებს იმ თემაზე გადააქვთ, ვინც უფრო სენსიტიურია, რომ მეტად იხმაუროს და გამოჩნდეს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მას ექთნების შესახებ ვკითხეთ, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის ახალი დადგენილების შემდეგ კლინიკებმა მათ ხელფასები შეუმცირეს. ექთნები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მათი გასამრჯელო ისედაც მიზერულია.

ზაალ მიქელაძე განმარტავს, რომ 520-ე დადგენილება მხოლოდ კარდიოქირურგიას შეეხება და როგორც წინა წლებში, ახლაც ტარიფი კლინიკებისგან მოწოდებული მონაცემების მიხედვით განისაზღვრა. მინისტრის თქმით, მისთვის ექთნებს ჯერ არ მიუმართავთ და შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმავს არ გამორიცხავს. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ ჩაერევა კლინიკებისა და მედდების შრომით ურთიერთობებში. მინისტრი ფიქრობს, რომ ექთნებისთვის ხელფასების შემცირება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე არ აისახება.

„არ უნდა აისახოს ხარისხზე… პოლიტიკა უნდა შეიქმნას ისეთი, რომ ასეთი დარტყმა არ მიიღოს საშუალო მედპერსონალმა. ჩვენ ცალკე ვერაფერს გავაკეთებთ, შესაბამის უწყებებთან ერთად შეიძლება სტრატეგიის დაგეგმვა… კონკურენცია მაღალია ამ მიმართულებით. არ არის ბევრი მედდა. ერთ ექიმზე უნდა მოდიოდეს სამი მედდა და ჩვენთან ეს ასე არ არის,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.

ექთნებისთვის ხელფასის შემცირებაზე დღეს, 28 იანვარს, მედიასთან კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. მან თქვა, რომ „520-ე დადგენილება მოიცავს სახელფასო ანაზღაურების იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომლებიც იყო 520-ე დადგენილების ჩაშვებამდე და დაწყებამდე, ანუ როცა მაისის თვიდან ჩვენ მოგვიწევს ანაზღაურების გადახდა პერსონალის ანაზღაურებაზე, ის ასახული არ უნდა იყოს. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების უფლებებს“, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

____

ექთნებს ხელფასებს უმცირებენ – მთავრობის 520-ე დადგენილების პირველი ეფექტი

„15 დღე საკმარისია ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად“ – რატომ გაჩერდა საბაგირო თაგოში

20 დღეა, რაც ხულო-თაგოს საბაგირო გაჩერებულია. ადგილობრივი ხათუნა ცეცხლაძე ამბობს, რომ ამ სოფლის მცხოვრებთ რვა კილომეტრის გავლა ან ფეხით უწევთ, ან პირადი ავტომანქანებით. დაზიანებულ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში არ არსებობს. სოფელ თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს.

„ხულო-თაგოს ბაგირგზის“ დირექტორი, ემზარ აბულაძე ამბობს, რომ დაზიანებულია ბაგირი და საბაგიროს მოძრაობა სწორედ ამის გამო შეაჩერეს. „წყვეტები აქვს გამწევ ტროსს და ის უნდა გამოიცვალოს. ტენდერს ვამზადებ და დაჩქარებული წესით გამოვაცხადებ. როცა გამარჯვებული ფირმა შეიძენს ტროსს, ამუშავდება“.

ემზარ აბულაძის თქმით, უახლოეს დღეებში ელიან საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება ტენდერი. „თუ, ზოგადად, ვთქვათ, ერთი თვე სჭირდება სატენდერო პროცედურებს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 15 დღე იქნება საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად“.

ემზარ აბულაძის თქმით, ბაგირის შესაძენად 125 ათასი ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, ბაგირის საგარანტიო ვადა 1-2 წელია.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 1985 წელს გაიხსნა. ხულო-თაგოს საბაგირო გზის სიგრძე 1719 მეტრია.

_____

ცაში გამოკიდებული სოფლის ამბავი

 

სკვერი და ტრენაჟორები გამწვანების გარეშე სოფელში [ფოტო]

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადაღებულ სოფლის სკვერის ამსახველ ფოტოებს ფეისბუქზე გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოები, რომლებზეც ჩანს ტრიალ მინდორზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილი პატარა სკვერი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანეთშია გადაღებული. ფოტოები გაავრცელა გვერდმა – „ჩემი ქალაქი მკლავს“.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის თქმით, ფოტო ისეთი რაკურსითაა გადაღებული, რომ სოფელი არ ჩანს, თუმცა დასახლება ამ ადგილიდან 50-60 მეტრშია. მუნიციპალიტეტიდან ამის დასადასტურებლად სკვერის სხვა ფოტოებიც მოგვაწოდეს.

ფოტო: გარდაბნის მერია
ფოტო: გარდაბნის მერია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ სკვერი სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოეწყო გასულ წელს და სამუშაო გამარტივებული ტენდერით, 10 940 ლარად შეისყიდეს.

„ამავე პროგრამის ფარგლებში წელს ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა, ასევე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დამატებით უნდა გაიღოს ხარჯები – აქ უნდა მოეწყოს საბავშვო სკვერი და ორი ტრენაჟორი“, – გვითხრეს მერიაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სკვერი სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით მოეწყო. მერიიდან ამის დასადასტურებლად ოქმის თავფურცელიც მოგვაწოდეს, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელში მცხოვრები 240 ამომრჩევლიდან კრებას 54 პირი ესწრებოდა და მათგან 46-მა ხმა მისცა სატრენაჟორო სივრცის მოწყობას.

„უჩიპო“ პირადობაში თვეში 20 ლარს გვახდევინებენ“ – საკონსტიტუციოში არსებითი განხილვა დაიწყო

„უჩიპო“ პირადობების მოწმობებზე“ დღეს, 28 იანვარს, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებული იქნება გასცეს პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის, ანუ „ჩიპის“ გარეშე.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 26 დეკემბერს სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა, ანუ ადამიანებს უკვე შეუძლიათ პირადობის მოწმობის აღება „ჩიპის“ გარეშე.

„პირადობა მომცეს, მაგრამ აქაც ბარიერს გვიქმნის სახელმწიფო იუსტიციის სამინისტროს სახით. ჩემს პირადობას ვადა აქვს 23 თებერვლამდე. შემდეგ ისევ უნდა მივმართო იუსტიციას და გადავიხადო ისევ 20 ლარი, როცა ელექტრონული პირადობა 10 წლით გაიცემა და 30 ლარი ღირს,“ – გვითხრა მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა, ვიდრე სასამართლო სხდომათა დარბაზში მოსამართლეები შემოვიდოდნენ.

ნანა სეფაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 147 ათასი მოქალაქეა პირადობის მოწმობის გარეშე და მათი დიდი ნაწილი რელიგიური მოტივით ამბობს უარს ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე.

ნანა სეფაშვილი პროფესიით ადვოკატია. იგი ამბობს, რომ საადვოკატო საქმიანობასაც ვერ ახორციელებს, რადგან ამ დრომდე პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. კიდევ ერთი მოსარჩელე ია რეხვიაშვილია, რომელიც ასევე ესწრება დღევანდელ სხდომას.

მოსარჩელეების მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

ამ მორწმუნეებს და ცალკეულ სასულიერო პირებს რომ დათანხმებოდა საპატრიარქო და ყოფილიყო სინოდის მოწოდება, გამართლებული იქნებოდა სადავო ნორმების შეჩერება?

„ჩიპიან“ პირადობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი არ ეწინააღმდეგება.

___

ამავე თემაზე:

პირადობები “ჩიპების” გარეშე – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თორნიკე რიჟვაძე რუსულ ინვესტიციებზე: „საფრთხე განსახილველია სხვა ფორმატში“

„მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ბიზნესის ხელშეწყობა… ჩვენ გვაქვს 43-პროცენტიანი ზრდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ციფრი უნდა გახდეს 6 მილიარდი. 6 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ….“ – აღნიშნა დღეს, 28 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. დღევანდელ სხდომაზე კურორტ „გოდერძიზე“ მომუშავე რამდენიმე კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები გადაუვადეს.

,,გასულ წელს, საინვესტიციო ხელშეწყობის წესის ფარგლებში,  აჭარაში განახლდა  45 პროექტზე მეტი, ერთი მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელით… გასულ წელს, ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში შეიქმნა 2000 სამუშაო ადგილი და წელს გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გვქონდეს არანაკლებ  6000 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას… რეგიონში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის გაზრდილი.  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილშიც  9 თვის მონაცემით გვაქვს 43 % ზრდა, საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდი ლარია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს“.

ხედავს თუ არა საფრთხეს მთავრობა, როცა უცხოური ინვესტიციების დაახლოებით ნახევარზე მეტი რუსულია? – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს ტრადიციულად დახურული სხდომის დასრულების შემდეგ.

„ეს არ არის სწორი. ამ ფორმატში გამიჭირდება გიპასუხოთ და გამოგყვეთ მსჯელობაში… რა თქმა უნდა, ნაწილი არის, მაგრამ იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე თქვენ დაასახელეთ. ჯამში ეს არის საკმაოდ დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი. ამაში ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეს ეროვნულ ინტერესებთან და ეკონომიკასთან ვერ ვხედავთ,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ დაგვისახელა კონკრეტული მონაცემი: რამდენია რუსული ინვესტიციების წილი აჭარაში შემოსულ ინვესტიციებში და რა ოდენობის შემთხვევაში დაინახავს საფრთხეს მთავრობა.

„საფრთხე ეს არის განსახილველი სხვა ფორმატში. მე არ მინდა, რომ რაიმე სპეკულაცია გაკეთდეს ამ კუთხით. ამოცანა ხომ ის არის, რომ ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები და ჩვენ გვქონდეს რეპუტაციული ინვესტორები აჭარის რეგიონში, ეს ყველაფერი არის სახეზე და გრძელდება,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძეს ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით დებატებში იწვევს გიორგი კირთაძე ენმ-დან, რომელიც სასაცილოს უწოდებს „მთავრობის წევრების დაჟინებულ განცხადებებს აჭარაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით“.

ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს დებატებში იწვევს

ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა გია აბულაძემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ენმ-დან.

აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს – ენმ რეგიონში უცხოურ ინვესტიციებზე

გია აბულაძის შეფასებით, „მთავრობა მორიგი ტყუილებით ცდილობს გადაფაროს არსებული მძიმე რეალობა, რაც რეგიონში მასშტაბური პროექტების გაჩერებას მოჰყვა“.

 

ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს წყალი შეუწყდათ – ავარიული დაზიანება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს ღამის 3 საათამდე შეუწყდებათ წყალმომარაგება.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 28-29 იანვარს, ბათუმში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა, უნალექო.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით:8-13 გრადუსი სითბო 
  • ღამით: -1 გრადუსი ყინვა, 4 გრადუსი სითბო

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3-8 გრადუსი სითბო
  • ღამით: -5-10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 30 იანვარს  მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს.

______________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

Exit mobile version