მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ შეარჩია ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკები – მინისტრის მოადგილის განმარტება

08.11.2019 • 3073
რატომ ვერ შეარჩია ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკები – მინისტრის მოადგილის განმარტება

ბათუმში სოცმუშაკის 6 ვაკანსიაა. ამ ვაკანსიების შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში ჯანდაცვის სამინისტრომ ვერავინ შეარჩია. ვაკანსიების რაოდენობა ამ სისტემაში გაფიცვების შემდეგ გაიზარდა, როცა რამდენიმე სოცმუშაკმა სამსახური დატოვა. სამინისტრო ხელახალი კონკურსის გამოცხადებამდე სოცმუშაკების „ტრეფიკინგის ფონდში“ გადაყვანას აპირებს.

„რომ ვერ აიყვანეს ახალი თანამშრომლები, ადასტურებს იმას, რომ რთული სამუშაო პირობებია და სოცმუშაკობა არავის სურს,“ – ამბობენ სოციალური მუშაკები, რომლებიც საყოველთაო გაფიცვების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდნენ. სოციალურად დაუცველ თუ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებთან, ბავშვებთან ამ ეტაპზე ბათუმში 13-ს ნაცვლად სულ 7 სოცმუშაკი მუშაობს. ერთ-ერთი მოთხოვნა, რის გამოც ისინი გაიფიცნენ, საქმეების სიმრავლე იყო – დაახლოებით 50 საქმე თითო სოცმუშაკს და „ზრუნვა ცარიელი ხელებით“, ანუ შესაბამისი სახელმწიფო სერვისების არქონა.

გაფიცვის შემდეგ ბათუმში სოცმუშაკის პოზიცია კონკრეტულად სამმა ადამიანმა დატოვა. სოცმუშაკების თქმით, მათ რეალობაში ახლა ის შეიცვალა, რომ სამსახურიდან წასული მუშაკების საქმეებიც მათ გადაუნაწილეს.

„დაახლოებით 15-20 საქმით მეტი საქმე აქვთ ახლა. ჩვენ ველოდებით რეორგანიზაციის დასრულებას, გვპირდებიან სოციალური სერვისების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებასაც. ჩვენ ველოდებით გასაუბრებას სამინისტროში…“ – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა სოცმუშაკმა, ნინო ცეცხლაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია ჯერ არ დაწყებულა. აქ დაგვიდასტურეს ის, რომ სამინისტრო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს, რომელიც ჯერ პარლამენტში შეტანილი არ არის, თუმცა მისი მიღების შემთხვევაში, სოცმუშაკები „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდში“ გადავლენ სამუშაოდ. ეს ფონდიც ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ამ დრომდე სოცმუშაკები სახელმწიფო მზრუნველობის და მეურვეობის დეპარტამენტში მუშაობენ, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ექვემდებარება. სააგენტოც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია.

„დაგეგმილია „ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ფონდის“ მანდატის გაზრდა, რადგან მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის და ამ ფონდის ფუნქციები იდენტურია… ეს სსიპ-ი ორიენტირებული იქნება სოციალური მუშაკების მხარდაჭერაზე, ასევე სოციალური სერვისების გაძლიერებაზე, მათ შორის, რეგიონებში“, – გვითხრა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

კონკრეტიკაზე მინისტრის მოადგილე ჯერ არ საუბრობს. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა.

რას გულისხმობს „სოცმუშაკების მხარდაჭერა“ და „სერვისების გაძლიერება“? – თამილა ბარკალაიამ აქცენტი სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობასა და მათ პროფესიულ გადამზადებაზე გააკეთა. მან აღნიშნა ისიც, რომ სოცმუშაკის შრომის ანაზღაურება მომავალი წლიდან 1200 ლარამდე გაიზრდება.

რატომ ვერ შეარჩია სამინისტრომ ახალი სოცმუშაკები იმ ვაკანსიებზე, რომლებიც, მაგალითად, ბათუმში არსებობს? – მინისტრის მოადგილის მტკიცებით, სოცმუშაკობის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ისინი „მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდნენ“.

„ყველა ის ვაკანსიაზე, რომელიც არსებობს დღეს, ხელახლა გამოცხადდება კონკურსი ამ გაერთიანების შემდეგ… გადაიხედება მოთხოვნები, რაც იყო გაწერილი ამ ვაკანსიებზე. ვაკანსიები დაიდება და აქტიურად დავიწყებთ შესაბამისი კადრების მოძიებას,“ – უთხრა თამილა ბარკალაიამ „ბათუმელებს“.

„ანუ მოთხოვნებს შეარბილებთ?“ – ვკითხეთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს.

„არა, კი არა შევარბილებთ, დავაკორექტირებთ,“ – გვიპასუხა მან.

თამილა ბარკალაია

თამილა ბარკალაია განმარტავს, რომ კანონი ჯერ კიდევ იძლევა შესაძლებლობას სოცმუშაკად იმუშაოს „მონათესავე პროფესიის“ ადამიანმა შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ და ამ ვაკანსიებზეც საკონკურსო მოთხოვნები შეიცვლება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჩვენ ასევე ვკითხეთ ფსიქოლოგიური სერვისის არქონაზე, მაგალითად, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. „ბათუმელები“ 2 ნოემბერს წერდა გოგოზე, რომელიც 8 წლის ასაკში გახდა ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფო კი, მას ფსიქოლოგთან რეაბილიტაციის კურსს ვერ სთავაზობს.

„უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური სერვისების სტანდარტი. განიხილება ასეთი სერვისების შექმნა ან დაკონტრაქტება. ჩვენ ვაპირებთ ფსიქოლოგების დამატებას, თუმცა სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, შესაძლებელი იქნება ამ სერვისების შესყიდვა,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ „ბათუმელებთან“.

მთავარი ფოტო: ბათუმელი სოციალური მუშაკების გაფიცვა, 2019 წლის მარტი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: