მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობს და იბრძვის 22 წლის იმედა მძიმე დიაგნოზით [ვიდეო]

25.12.2019 • 7429
როგორ ცხოვრობს და იბრძვის 22 წლის იმედა მძიმე დიაგნოზით [ვიდეო]

22 წლის იმედა ბოლქვაძე ხულოში, სოფელ განახლებაში ცხოვრობს. ის თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერი და ვებდეველოპერია.

„ბავშვობიდან ჩემი მეგობრები იყვნენ კოდები და  კომპიუტერი. სამი პროფესია მაქვს – ერთი მოქმედი  და ორი არამოქმედი. მოქმედია მარკეტინგის სპეციალისტი, არამოქმედი – ვებდეველოპერი და გრაფიკული დიზაინერი“, – ასე გვაცნობს იმედა საკუთარ თავს.

პროფესიები, რომლებსაც იმედასთვის მაღალი შემოსავალი მოჰქონდა, არაქმედითი მისი სამედიცინო დიაგნოზის გამო გახდა. 15 წლის ასაკში ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი – ALS დაუდგინეს. ბოლო ორი წელია იმედას ნელ-ნელა დაუქვეითდა ფიზიკური უნარები – უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება და საუბარი, ვეღარ კითხულობს მის საყვარელ წიგნებს, ვეღარ წერს კოდებს და ვეღარც რთულ გრაფიკულ ნამუშევრებს ეჭიდება.

იმედას იმედი მარკეტინგია, რაც დამოუკიდებლად ისწავლა და რა მიმართულებითაც მუშაობდა კიდეც ხულოს მუნიციპალიტეტის ააიპ „კურორტ ბეშუმში“, თუმცა სამი თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

იმედას ისტორიის სხვა თავიც აქედან იწყება.

იმედამ დაიწყო ბრძოლა სამსახურში აღსადგენად.

მისწერა ხულოს მერიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას. იმედა არ ითხოვს დახმარებას, ის ითხოვს აღადგინონ სამსახურში, რომ იმუშაოს.

რატომ დაკარგა სამსახური იმედამ

იმედა ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი მისი დამოკიდებულება გახდა:

„ბეშუმის“ პიარმენეჯერი ვიყავი, სამსახურიდან გამომიშვეს იმიტომ, რომ ვიღაცას თურმე არ მოვწონდი. რომ ვთქვა, პოლიტიკური ნიშნით გამომიშვეს-მეთქი, იმათ კიდევ ეს უარყონ და თქვან, ჩვენ მაგას როგორ ვიკადრებდითო, დამაჯერებელი უფრო იმათი არგუმენტი იქნება. იმიტომ, რომ შშმ პირს სამსახურიდან არ გაუშვებს ნორმალური ადამიანი.

ბავშვები მთხოვდნენ გაგვეკეთებინა კალათბურთის ფარები მოედანზე ბეშუმში. ვისაც ეხებოდა ეს ამბავი, ყველას დავურეკე, თავიდან ვთხოვე და არ გააკეთეს, მერე მოვთხოვე. მოთხოვნამაც რომ არ გაჭრა, მერე აგრესიაზე გადავედი, რაც არასწორი იყო და ვაღიარებ.

მაგრამ 14-15 წლის ბავშვები რომ გთხოვენ კალათბურთის ფარი დაგვიდგით, რომ კალათბურთი ვითამაშოთო, შენ გაქვს ბიუჯეტი, 100 ათას ლარზე მეტი, ხარ ადმინისტრაცია და ამ თხოვნას არ ასრულებ, ძალიან რთული მისაღებია ჩემთვის. ზუსტად ვიცი, ამ სტატიას რომ ნახავენ ან  დამირეკავენ მე, ან დაგირეკავენ თქვენ და გეტყვიან, რა სისულელეა, კალათბურთის ფარის გაკეთებაზე უარი არ გვითქვამსო. მაგრამ კალათბურთის ფარი აშკარად არ არის ბეშუმის მოედანზე,“ – ამბობს იმედა.

ააიპი „კურორტი ბეშუმის“ ადმინისტრაციამ იმედა ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლების  მიზეზად ხელშეკრულების ვადის  დასრულება და მის გასაგრძელებლად ბიუჯეტში საჭირო თანხის არარსებობა დაასახელა.

იმედამ წერილი მისწერა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

„მოვუყევი, რომ გამომიშვეს სამსახურიდან, მჭირდებოდა დასაქმება. მათთვის არ მითხოვია დამასაქმეთ ან რამე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იცოდეთ.წერილის  გაგზავნიდან ძალიან მალე, მესამე დღეს, დამირეკეს და მითხრეს – ჩვენ დავურეკავთ ხულოს მერიას, ასევე დასაქმების ცენტრს, რომელიც იზრუნებს ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში შენს დასაქმებაზეო. ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელიც იყო და მისაღებიც“, –  ამბობს იმედა.

მიუღებელი აღმოჩნდა ხელფასი, რომელიც იმედას შესთავაზეს – თვეში 200 ლარი.

„ძალიან „ბევრია“ 200 ლარი, ხომ ხვდებით,“ –  ამბობს იმედა.

იმედას თქმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს, სახლში ხულოს მერის წარმომადგენელი და ააიპ „კურორტ ბეშუმის“ დირექტორის მოადგილე ესტუმრნენ.

„აღგადგენთ სამსახურში, ოღონდ ჩვენ მხარეს თუ იქნებიო. ჭკუით თუ იქნებიო, ერთი სიტყვით. პირდაპირ ასე არ უთქვამთ, მაგრამ ასე გამოდიოდა მათი საუბრიდან. ჩვენს მხარეს თუ იქნებიო. თან მითხრეს,  უშტატოდ  აგიყვანთ სამი თვის განმავლობაშიო. მერე, თუ ყველაფერი კარგად იქნება, გაგრძელდება ჩვეულებრივადო. კარგად ყოფნაში რა იგულისხმება, ალბათ ხვდებით. მე ვუთხარი, ნორმალური ხელფასი დამინიშნეთ-მეთქი. თქვენს მხარდაჭერას რაც შეეხება, თანახმა ვართ-მეთქი. მე მხარდამჭერი ვიქნები იმის, ვინც საქმეს გააკეთებს და ვიღაც-ვიღაცები 14 წლის ბავშვებს არ ახვეწნინებენ კალათბურთის ფარის გაკეთებაზე,“ –  ამბობს იმედა ბოლქვაძე.

რას ამბობს ხულოს მერია 

ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ იმედა ბოლქვაძეს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან სამსახურში აღადგენენ.

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას აიპი „კურორტი ბეშუმის“ ადმინისტრაციასთან ერთად ჰქონდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი იანვრიდან აიყვანოს სპეციალისტი პიარის მიმართულებით. რეკომენდაცია გავეცით, რომ ამ შემთხვევაში აიყვანონ იმედა ბოლქვაძე. ჩასული იყვნენ მასთან თანამშრომლები ოჯახში, აღნიშნულის შესახებ მას აცნობეს. ასევე გავუგზავნეთ წერილი, თუ აქვს სურვილი ბეშუმში იმუშაოს, მოგვმართოს  წერილით. თუ ის მოგვმართავს პირველ იანვრამდე წერილით, პირველი იანვრიდან გაუფორმდება ხელშეკრულება,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ვადით გაუფორმდება იმედა ბოლქვაძეს ხელშეკრულება და რა იქნება მისი ანაზღაურება.

ხულოს მერი ამბობს, რომ დარიცხული ხელფასი დაახლოებით 320 ლარი იქნება, რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, წინასწარ არ იცის.

„იქნება ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი და საჭიროების მიხედვით გაგრძელდება მასთან მუშაობა,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: