მთავარი,სიახლეები

ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ სილქ როუდ ჯგუფმა გაყიდა და ორბი ჯგუფის მეწილემ იყიდა

11.12.2017 • 5116
ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ სილქ როუდ ჯგუფმა გაყიდა და ორბი ჯგუფის მეწილემ იყიდა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე აპარტოტელს, სავარაუდოდ, „ორბი ჯგუფი“ ააშენებს. ამ ტერიტორიის მომავალი მესაკუთრეა კომპანია, რომლის 100% წილს „ორბი ჯგუფის“ თანამესაკუთრე ზვიად ზოიძე ფლობს.

„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს მიმდინარე წლის იანვარში კომპანია „სილქ როუდ ჯგუფში“.

ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით 2006 წელს გადაეცა. 2016 წლის გაზაფხულზე კი აჭარის მთავრობასთან დადებული ახალი შეთანხმების საფუძველზე გადაცემული ქონების ნაწილი კომპანიამ უკან დააბრუნა.

„დარჩენილი გვაქვს 10 ობიექტი კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ამასთან, გვაქვს ამ ობიექტების გასხვისების უფლებაც,“ – განაცხადეს მაშინ „სილქ როუდ ჯგუფში“ .

ახალი, 2016 წლის შეთანხმებით, „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-მ [რომელთანაც დაკავშირებულია „სილქ როუდ ჯგუფი“] აიღო შემდეგი ვალდებულება: „არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, უზრუნველყოს სასტუმრო „მესხთის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება [ეს გულისხმობს მის მზაობას საცხოვრებლად] მათ შორის: 2018 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის მიღება, 2019 წლის 1 აპრილამდე მშენებლობის დაწყება, 2019 წლის 30 სექტემბრამდე მშენებლობის ნულოვანი ნიშნულის დასრულება და ამ მიზნით 2016 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება“.

რეესტრის ამონაწერით, 2017 წლის ივნისში, ტერიტორიის მესაკუთრე უკვე არის შპს „5მ ინშაათი“, რომელიც მიმდინარე წლის აპრილშია დარეგისტრირებული. ამ კომპანიის წილებს თანაბრად ფლობს თურქეთის ორი მოქალაქე. ამავე წლის სექტემბრის ბოლო ამონაწერით, ტერიტორიის მესაკუთრე კვლავ არის „5მ ინშაათი“, ხოლო მომავალ მესაკუთრედ მითითებულია შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „ბრიტიშ დეველოპმენტი“  2017 წლის აგვისტოში დააფუძნა ჯორჯი რურუამ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქემ. ამავე წლის 30 ოქტომბრის ამონაწერით კი, ამ კომპანიის 100%-ს უკვე ზვიად ზოიძე ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორია ირაკლი კვერღელიძე. ზვიად ზოიძე შპს „ორბი ჯგუფის“ 25% წილის მფლობელია, ხოლო ირაკლი კვერღელიძე „ორბი ჯგუფის“ დირექტორიცაა.

რეესტრის ამონაწერში, სადაც ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიის მომავალ მესაკუთრედ „ბრიტიშ დეველოპმენტია“ მითითებული, არ არის ასახული ვალდებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლოდ.

„ვინაიდან ტერიტორია თავის დროზე გასხვისდა ვალდებულებით, კანონით, ეს ვალდებულება ნებისმიერ მესაკუთრეზე გადადის და ის უნდა შესრულდეს. ალბათ, როცა საბოლოო მესაკუთრე დადგინდება, ეს ვალდებულებაც [100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით – ავტ.] აისახება რეესტრში“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიასთან დაკავშირებით მათ პირობები არ შეუცვლიათ. რაც შეეხება ტერიტორიის გასხვისებას, ეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებას არ საჭიროებდა.

ირაკლი კვერღელიძის ინფორმაციით, „ჯერჯერობით არ არის კონკრეტული პოზიცია რა, როგორ, რანაირად აშენდება. რაც არის სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით, ის ყველა შემთხვევაში შესრულდება და იმასთან ერთად რა იქნება, ჯერ ვადები არის და ჩამოყალიბების პროცესში ვართ.“

ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორია [8000კვ/მ] ბათუმში, ბულვარსა და რუსთაველის ქუჩებს შორის, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მდებარეობს.

ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორია ბათუმში / 9.12.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: